Facebook Twitter

ბს-477-456(კ-08) 8 ოქტომბერი, 2008 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მარიამ ცისკაძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

20.09.05წ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სასარჩელო განცხადებით მიმართეს ა. ო-ემ, ი. ხ-ემ, მ. გ-ემ, რ. მ-ემ და სხვებმა და 31865 ლარის სახელფასო დავალიანების ანაზღაურება მოითხოვეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 14.11.07წ. გადაწყვეტილებით ი. ჯ-ისა და ვ. თ-ის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ი. ჯ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 2311.54 ლარის, ხოლო ვ. თ-ის სასარგებლოდ - 1297.17 ლარის ანაზღაურება. ა. ო-ის, ი. ხ-ის, მ. გ-ის, რ. მ-ის, ნ. ა-ას, მ. ს-ას, ნ. კ-ის, მ. ქ-ას, რ. ბ-ის, ა. თ-ის, ო. ფ-ის, ჯ. თ-ის, ა. შ-ის, ი. ო-ისა და რ. ჯ-ის სასარჩელო მოთხოვნები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეს დაეკისრა ა. ო-ის სასარგებლოდ 1252.96 ლარის, ი. ხ-ის სასარგებლოდ - 377.80 ლარის, მ. გ-ის სასარგებლოდ - 1553.40 ლარის, რ. მ-ის სასარგებლოდ -1364.15 ლარის, მ. ს-ას სასარგებლოდ - 1224.37 ლარის, ნ. კ-ის სასარგებლოდ - 1268.02 ლარის, მ. ქ-ას სასარგებლოდ -1468.07 ლარის, რ. ბ-ის სასარგებლოდ -280.85 ლარის, ა. თ-ის სასარგებლოდ 1325.97 ლარის, ო. ფ-ის სასარგებლოდ -1406.38 ლარის, ჯ. თ-ის სასარგებლოდ - 1410.53 ლარის, ა. შ-ის სასარგებლოდ - 1454.70 ლარის, ი. ო-ის სასარგებლოდ - 1344.49 ლარის და რ. ჯ-ის სასარგებლოდ - 1477.65 ლარის გადახდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 14.11.07წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით იმ ნაწილში გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომლითაც ი. ჯ-ისა და ვ. თ-ის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ი. ჯ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 2311.54 ლარის, ხოლო ვ. თ-ის სასარგებლოდ - 1297.17 ლარის ანაზღაურება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.03.07წ. გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 14.11.07წ. გადაწყვეტილება ი. ჯ-ისა და ვ. თ-ის სანივთე ქონების კომპენსაციის, შესაბამისად 961.56 და 1000.54 ლარის, ანაზღაურების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად. ი. ჯ-ისა და ვ. თ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაეკისრა ი. ჯ-ის სასარგებლოდ 2002 წლის სანივთე ქონების კომპენსაციის, ხოლო ვ. თ-ის 2002-2003წწ. სანივთე ქონების კომპენსაციის ანაზღაურება. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ უსაფუძვლოდ დააკმაყოფილა ი. ჯ-ისა და ვ. თ-ის სასარჩელო მოთხოვნა სანივთე ქონების კომპენსაციის ანაზღაურების შესახებ. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ხელფასი თავისი სამართლებრივი ბუნებით განსხვავდება სანივთე ქონების კომპენსაციისაგან, რომელიც კანონმდებლის მიერ სხვა სამართლებრივ რეჟიმშია მოქცეული და “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 1341 მუხლით რეგულირებულ სფეროს არ განეკუთვნება. აღნიშნული წარმოადგენს სოციალური უზრუნველყოფის პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას და მის მიმართ გამოყენებული უნდა იქნეს სამოქალაქო კოდექსის 129.2 მუხლით დადგენილი მოთხოვნის ხანდაზმულობის 3 წლიანი ვადა. ი. ჯ-ი და ვ. თ-ემ სასამართლოს სანივთე ქონების კომპენსაციის ანაზღაურების მოთხოვნით მიმართეს 20.09.05წ., შესაბამისად, ი. ჯ-ს უნდა ანაზღაურებოდა მიუღებელი სანივთე ქონების კომპენსაცია 2002 წლის, ხოლო ვ. თ-ეს 2002-2003წწ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.03.07წ. გადაწყვეტილება თანხის დაკისრების ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ. კასატორმა აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და საქმეზე დაუსაბუთებელი განჩინება იქნა მიღებული. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო მოთხოვნას შეადგენდა ი. ჯ-ის 2000-2002წწ., ხოლო ვ. თ-ის 2001-2003წწ. სანივთე ქონების საკომპენსაციო თანხის დაკისრებაზე უარის თქმა. კასატორის განმარტებით, “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტით სამხედრო მოსამსახურეს სანივთე ქონება ან შესაბამისი ფულადი კომპენსაცია ეძლევა მსახურობის პერიოდში, როდესაც ისინი მოქმედი სამხედრო მოსამსახურეები არიან და უკანონოა ხსენებული ნორმის გავრცელება ი. ჯ-ისა და ვ. თ-ის მიმართ. კასატორის განცხადებით, სააპელაციო სასამართლოს სანივთე ქონების კომპენსაციის მოთხოვნის ხანდაზმულობის 3 წლიანი ვადის გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლოს 2002 წლის სანივთე ქონების კომპენსაციის ანაზღაურების მოთხოვნა არ უნდა დაეკმაყოფილებინა, ვინაიდან სანივთე ქონება სამხედრო მოსამსახურეებს ეძლევათ წლის დასაწყისში და მოთხოვნის უფლებაც მაშინ წარმოიშვა, სარჩელი კი სასამართლოში სექტემბერში იქნა შეტანილი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.