ბს-478-455(კ-07) 1 ოქტომბერი, 2007წ.
თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლალი ლაზარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი _ ნ. ა-ე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ საქართველოს გენერალური პროკურატურა, წარმომადგენელი ნ. გ-ე (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილება
დავის საგანი _ ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2005 წლის 10 მარტს ლაგოდეხის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა ნ. ა-ემ მოპასუხე საქართველოს გენერალური პროკურატურის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება (ს.ფ. 1-2).
ლაგოდეხის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 15 მარტის განჩინებით ნ. ა-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს (ს.ფ. 8).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებით ნ. ა-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა ხანდაზმულობის გამო (ს.ფ. 53-55).
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ა-ემ, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება (ს.ფ. 56-58).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 18 იანვრის განჩინებით ნ. ა-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება (ს.ფ. 85-91).
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. ა-ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით მისი სარჩელის დაკმაყოფილება (ს.ფ. 95-96).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 24 ოქტომბრის განჩინებით ნ. ა-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 18 იანვრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს (ს.ფ. 131-141).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილებით ნ. ა-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ნ. ა-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა (ს.ფ. 165-171).
სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. ა-ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით მისი სარჩელის დაკმაყოფილება, კერძოდ, საქართველოს გენერალური პროკურორის სადავო ბრძანების გაუქმება და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება (ს.ფ. 175-178).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 27 სექტემბრის სხდომაზე მხარეებმა წარმოადგინეს შემდეგი შინაარსის მორიგების აქტი:
1. ნ. ა-ე:
1.1. უარს ამბობს სარჩელზე (საკასაციო საჩივარზე) იმ ნაწილში, რომლითაც საქართველოს გენერალური პროკურატურისაგან ითხოვს საქართველოს გენერალური პროკურორის 2004 წლის 4 ნოემბრის ¹448 §279 ბრძანების ბათილად ცნობას;
1.2. უარს ამბობს სარჩელზე იმ ნაწილში, რომლითაც საქართველოს გენერალური პროკურატურისაგან ითხოვს სამუშაოზე აღდგენას, კერძოდ, რაიონული პროკურატურის კანცელარიის გამგის თანამდებობაზე აღდგენას;
1.3. უარს ამბობს სარჩელზე (საკასაციო საჩივარზე) იმ ნაწილში, რომლითაც საქართველოს გენერალური პროკურატურისაგან ითხოვს 2004 წლის ნოემბრიდან 2007 წლის მაისის თვის ჩათვლით იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურებას;
1.4. უარს ამბობს ზემოაღნიშნული ურთიერთობებიდან გამომდინარე ყველა არსებულ მოთხოვნაზე.
2. საქართველოს გენერალური პროკურატურა:
2.1. თანახმაა, ნ. ა-ეს აუნაზღაუროს ბავშვის მოვლასთან დაკავშირებული ხარჯები 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით;
2.2. საქართველოს გენერალური პროკურატურა აღნიშნავს, რომ მოქალაქე ნ. ა-ის სამუშაოდან გათავისუფლების მომენტისათვის, კერძოდ, 2004 წლის 4 ნოემბრისათვის, საქართველოს გენერალური პროკურატურის საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტისათვის ცნობილი არ იყო ნ. ა-ის ფეხმძიმობის ფაქტი, იგი არ იმყოფებოდა საავადმყოფო ფურცელზე და მას გენერალურ პროკურატურაში ფეხმძიმობის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი არ წარმოუდგენია;
2.3. საქართველოს გენერალური პროკურატურა თანახმაა, ნ. ა-ეს 2000 (ორი ათასი) ლარი აუნაზღაუროს 2007 წლის ოქტომბრის თვეში.
მხარეებმა მოითხოვეს მორიგების აქტის დამტკიცება და საქმეზე წარმოების შეწყვეტა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა მიერ წარმოდგენილი მორიგების აქტის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს და მოცემულ საქმეზე წარმოება შეწყდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლებამოსილებებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილი ითვალისწინებს, რომ მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს _ ცნოს სარჩელი. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილი აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მონაწილე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია საქმე მორიგებით დაამთავროს, უარი თქვას სარჩელზე ან ცნოს სარჩელი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას. ამდენად, ადმინისტრაციული სამართალურთიერთობის მონაწილენი, სამოქალაქო სამართალურთიერთობის მონაწილეთა მსგავსად, აღჭურვილნი არიან თავიანთ უფლებათა თავისუფლად განკარგვის სრული უფლებამოსილებით, გარდა კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილებათა მიღებისა. აქედან გამომდინარე, შესაბამისად, მხარეთა თავისუფალ განკარგულებაშია ყველა პროცესუალური საშუალება ამ უფლებამოსილების რეალიზებისათვის: მოსარჩელის ნებაზეა დამოკიდებული დაიწყოს საქმე, არ დაიწყოს ან შეწყვიტოს ნებისმიერ მომენტში, მოპასუხის გადასაწყვეტია, ცნოს ან არ ცნოს სარჩელი, მხარეთა მიერ გონივრული კომპრომისის მიღწევის უნარზეა დამოკიდებული, დაამთავრონ საქმე მორიგებით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი მორიგების აქტი არ შეიცავს კანონსაწინააღმდეგო დებულებებს, რის გამოც შესაძლებელია მისი დამტკიცება. მხარეთა მორიგების გამო უნდა გაუქმდეს ამ საქმეზე მიღებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილება და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის «დ» ქვეპუნქტის თანახმად, შეწყდეს საქმის წარმოება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის «დ» ქვეპუნქტით, 390-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
I. დაკმაყოფილდეს მხარეთა შუამდგომლობა და დამტკიცდეს მორიგება შემდეგი პირობებით:
1. ნ. ა-ე:
1.1. უარს ამბობს სარჩელზე (საკასაციო საჩივარზე) იმ ნაწილში, რომლითაც საქართველოს გენერალური პროკურატურისაგან ითხოვს საქართველოს გენერალური პროკურორის 2004 წლის 4 ნოემბრის ¹448 §279 ბრძანების ბათილად ცნობას;
1.2. უარს ამბობს სარჩელზე იმ ნაწილში, რომლითაც საქართველოს გენერალური პროკურატურისაგან ითხოვს სამუშაოზე აღდგენას, კერძოდ, რაიონული პროკურატურის კანცელარიის გამგის თანამდებობაზე აღდგენას;
1.3. უარს ამბობს სარჩელზე (საკასაციო საჩივარზე) იმ ნაწილში, რომლითაც საქართველოს გენერალური პროკურატურისაგან ითხოვს 2004 წლის ნოემბრიდან 2007 წლის მაისის თვის ჩათვლით იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურებას;
1.4. უარს ამბობს ზემოაღნიშნული ურთიერთობებიდან გამომდინარე ყველა არსებულ მოთხოვნაზე.
2. საქართველოს გენერალური პროკურატურა:
2.1. თანახმაა, ნ. ა-ეს აუნაზღაუროს ბავშვის მოვლასთან დაკავშირებული ხარჯები 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით;
2.2. საქართველოს გენერალური პროკურატურა აღნიშნავს, რომ მოქალაქე ნ. ა-ის სამუშაოდან გათავისუფლების მომენტისათვის, კერძოდ, 2004 წლის 4 ნოემბრისათვის, საქართველოს გენერალური პროკურატურის საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტისათვის ცნობილი არ იყო ნ. ა-ის ფეხმძიმობის ფაქტი, იგი არ იმყოფებოდა საავადმყოფო ფურცელზე და მას გენერალურ პროკურატურაში ფეხმძიმობის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი არ წარმოუდგენია;
2.3. საქართველოს გენერალური პროკურატურა თანახმაა, ნ. ა-ეს 2000 (ორი ათასი) ლარი აუნაზღაუროს 2007 წლის ოქტომბრის თვეში.
II. მხარეთა შორის მორიგების დამტკიცების გამო გაუქმდეს ამ საქმეზე მიღებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილება და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის «დ» პუნქტის თანახმად, შეწყდეს საქმის წარმოება.
III. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს განემარტოთ, რომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება. მორიგების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოხდება გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულება.
IV. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.