Facebook Twitter

ბს-479-456(კ-07) 28 ნოემბერი, 2007 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ქადაგიძე, ლალი ლაზარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპსაუხე) – საქართველოს კონტროლის პალატა

მოწინააღმდეგე მხარე (მომოსარჩელე) – ჯ. ა-ე

დავის საგანი – ადმინისტრაციული აქტის ნაწილობრივ ბათილად ცნობა

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.02.07წ. განჩინება.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ჯ. ა-ემ 09.01.06წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს კონტროლის პალატის მიმართ და მოპასუხის 04.01.06წ. პ-1 ბრძანების მეორე პარაგრაფის მოქმედების შეჩერება და დაჩქარებული ადმინისტრაციული სამართალწარმოებით მისი ბათილად ცნობა მოითხოვა.

მოსარჩელემ მიუთითა, რომ საქართველოს კონტროლის პალატის 23.08.04წ. ¹გან-53 ბრძანებით უკანონოდ გაათავისუფლეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონტროლის პალატის “ ............... სამმართველოს” უფროსის თანამდებობიდან თითქოსდა შტატის შემცირების გამო. აღნიშნული ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნით ჯ. ა-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოს, რომლის 19.10.04წ. ¹3/347 გადაწყვეტილებით გაუქმდა საქართველოს კონტროლის პალატის 23.08.04წ. ¹გან-53 ბრძანება; ჯ. ა-ე აღდგენილ იქნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონტროლის პალატის “ ......... სამმართველოს” უფროსის შესაბამის თანამდებობაზე და სამსახურში იძულებით არყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში აუნაზღაურდა განაცდური ხელფასი. საქართველოს კოტროლის პალატის საჩივრები აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და ბოლოს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 04.05.05წ. განჩინებით ძალაში დარჩა. მოსარჩელის აღდგენის მიუხედავად, საქართველოს კონტროლის პალატა აჭიანურებდა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას. საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის მოადგილესთან, ხ. კ-თან, 24.10.05წ. ჩატარებული ოპერატიული თათბირის შესახებ ოქმში აღნიშნულია, რომ საქართველოს კონტროლის პალატის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსს _ ი. ზ-ეს და კადრების სამმართველოს უფროსს _ ც. თ-ს გამოთქმული აქვთ აზრი, რომ ჯ. ა-ის სამსახურში აღდგენის საკითხის გაჭიანურება დაკავშირებულია აჭარის ა/რ კონტროლის პალატაში მომხდარი რეორგანიზაციის შედეგად იმ სამმართველოს გაუქმებასთან, რომელსაც ხელმძღვანელობდა ჯ. ა-ე და მიმდინარეობდა მუშაობა სხვა შესაბამისი თანამდებობის ვაკანსიის გამოსავლენად, რის შედეგად უახლოეს დღეებში გადაწყდებოდა მისი აღდგენის საკითხი. საქართველოს კონტროლის პალატა სააპელაციო და საკასაციო საჩივრებში მიუთითებდა, რომ ჯ. ა-ე თანამდებობიდან გათავისუფლდა აჭარის ა/რ კონტროლის პალატის “......... სამმართველოს” გაუქმების გამო, მაგრამ, როგორც ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს, ისე თბილისის საოლქო და საქართველოს უზენაეს სასამართლოებს ვერ წარუდგინეს სათანადო მტკიცებულებები, რის გამოც არ დაკმაყოფილდა მათი მოთხოვნა. სასამართლოებმა მიიჩნიეს, რომ მოსარჩელის მიერ ადრე დაკავებული თანამდებობა არ გაუქმებულა და მან მხოლოდ სახელწოდება შეიცვალა, რაც არ წარმოადგენდა გათავისუფლების საფუძველს და აღადგინეს იმავე თანამდებობაზე აჭარის ა/რ კონტროლის პალატაში. საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის მოადგილესთან 24.10.05წ. ოპერატიულ თათბირზე აჭარის ა/რ კონტროლის პალატის თავმჯდომარე ბ. ზ-ემ გამოთქვა აზრი, რომ ჯ. ა-თან მას დაძაბული ურთიერთობები ჰქონდა და ამ ურთიერთობების გამოსწორებისა და აღდგენის გზებს ვერ ხედავდა, რის გამოც ის წარადგენდა შესაბამის მოხსენებით ბარათს კონტროლის პალატის თავმჯდომარესთან, ამასთან აღნიშნა რომ მომზადებული ჰქონდა მასალები ჯ. ა-ის მიმართ, რომლებიც გადაეგზავნებოდა შემდგომი რეაგირებისათვის საქართველოს კონტროლის პალატის გენერალურ ინსპექციას. აღნიშნულიდან გამომდინარე, მას შეუძლებლად მიაჩნდა ჯ. ა-ის აღდგენის შემთხვევაში მასთან ერთობლივი საქმიანობა. მოსარჩელემ განმარტა, რომ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული 19.10.04წ. გადაწყვეტილებით იგი აღადგინეს აჭარის ა/რ კონტროლის პალატის .............. სამმართველოს უფროსის შესაბამის თანამდებობაზე. აღნიშნულ სამმართველოს შემდგომ დაერქვა აჭარის ა/რ კონტროლის პალატის ადგილობრივი ბიუჯეტის, საფინანსო-ეკონომიკური, პრივატიზაციისა და სოციალური სექტორის სამმართველო. სასამართლოს გადაწყვეტილებით ჯ. ა-ე აღადგინეს აჭარის ა/რ კონტროლის პალატაში, რომელიც მდებარეობს ქ. ბათუმში, ხოლო საქართველოს კონტროლის პალატის აპარატის ახლად შექმნილი “ ................ სამმართველო” მდებარეობს ქ. თბილისში. ჯ. ა-ე ოჯახით ცხოვრობს ქ. ბათუმში, ორი შვილი სტუდენტია, ერთი სკოლის მოსწავლე, ჰყავს მოხუცებული მშობლები. ამასთან, მის კმაყოფაზეა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული მისი ძმის ოჯახი. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული გარემოებები საქართველოს კონტროლის პალატისათვის ცნობილი იყო, კანონიერ ძალაში შესული ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 19.10.04წ. ¹3/347 გადაწყვეტილების მე-3 პუნქტისა და “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე და 127.5 მუხლების დარღვევით, ჯ. ა-ის თანხმობის გარეშე, გამოიცა ბრძანება მისი სხვა ადგილმდებარეობის სამუშაოზე დანიშვნის შესახებ, როდესაც იგი აღდგენილ იქნა აჭარის ა/რ კონტროლის პალატის ............ სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე, რომლის შესაბამისია აჭარის ა/რ კონტროლის პალატის ადგილობრივი ბიუჯეტის, საფინანსო-ეკონომიკური, პრივატიზაციისა და სოციალური სექტორის სამმართველოს უფროსის თანამდებობა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის მოსაზრებით, მის აღდგენას ახალი შტატის შექმნა არ სჭირდებოდა და ისიც სხვა ადგილმდებარეობის მიხედვით. ის საკითხი, რომ აღნიშნული სამმართველოები ერთი და იგივეა, მხოლოდ შეეცვალა სახელწოდება, ჯ. ა-ის მიერ დაყენებული იყო სასარჩელო განცხადებაში, რომელიც სრულად დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 01.03.06წ. გადაწყვეტილებით ჯ. ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა: საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 04.01.06წ. ბრძანების მეორე პუნქტი ბათილად იქნა ცნობილი მისი ძალაში შესვლის დღიდან; საქართველოს კონტროლის პალატას დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის გადახდა 30 (ოცდაათი) ლარის ოდენობით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 01.03.06წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს კონტროლის პალატამ, რომელმაც აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.02.07წ. განჩინებით საქართველოს კონტროლის პალატის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 01.03.06წ. გადაწყვეტილება დატოვებულ იქნა უცვლელად.

სააპელაციო პალატა მთლიანად დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. ამასთან, აღნიშნა, რომ საქმის მასალების თანახმად, თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 19.10.04წ. გადაწყვეტილებით, რომელიც შევიდა კანონიერ ძალაში, ჯ. ა-ე აღდგენილ იქნა აჭარის ა/რ კონტროლის პალატის ............ სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე. “საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის თანახმად: “კონტროლის პალატა არის ერთიანი, ცენტრალიზებული სისტემა, რომელშიც შედიან კონტროლის პალატის ცენტრალური აპარატი, კონტროლის პალატები აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში და კონტროლის პალატის ბიუროები საქართველოს სხვა ტერიტორიულ ერთეულებში”. საქართველოს კონტროლის პალატის პრეზიდიუმის 23.08.04წ. ¹5/3-გამ დადგენილებით გაუქმდა ძველი და დამტკიცდა სწორედ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონტროლის პალატის ახალი სტრუქტურა. აქედან გამომდინარე, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საფუძველსაა მოკლებული სააპელაციო საჩივრის მითითება, რომ ბრძანების სადავო მეორე პარაგრაფი არ ეწინააღმდეგებოდაAსასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის აღსრულების მიზნითაც იქნა იგი გამოცემული და რომ მისი ბათილად ცნობის საფუძველი არ არსებობდა. სააპელაციო პალატამ აღნიშნა აგრეთვე, რომ “საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ” საქართველოს კანონის მე-80 მუხლის თანახმად: “საქართველოს კონტროლის პალატა ყველა სახის სასამართლოში საკითხის განხილვისას თავისუფლდება სახელმწიფო საბაჟო გადასახადისაგან. საერთაშორისო არბიტრაჟში საქმის განხილვისას სასამართლო ხარჯები ანაზღაურდება საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტიდან”. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აღნიშნული სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში არ შეიძლება გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი გახდეს, რადგან “საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, საქართველოს კონტროლის პალატა არის სახელმწიფო საფინანსო-ეკონომიკური კონტროლის უმაღლესი ორგანო, რომელიც ზედამხედველობს სახელმწიფო სახსრებისა და სახელმწიფოს სხვა მატერიალურ ფასეულობათა გამოყენებასა და ხარჯვას, ემსახურება ეროვნული სიმდიდრის და სახელმწიფო ქონების დაცვას, აკონტროლებს და აანალიზებს სახელმწიფოს მატერიალური და ფულადი რესურსების გამოყენების კანონიერებას, მიზნობრიობასა და ეფექტიანობას”. მითითებული კანონის სხვა ნორმები კი წარმოადგენს აღნიშნული მიზნის განხორციელების რეგლამენტირებას. ამდენად, “საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ” საქართველოს კანონის მე-80 მუხლის განმარტებიდან გამომდინარე, აღნიშნული ნორმა საქართველოს კონტროლის პალატას სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სასამართლოში ათავისუფლებს მის იმ საქმიანობასთან დაკავშირებით წარმოშობილ დავებზე, რომლებიც კანონის პირველი მუხლით განსაზღვრული მიზნის განხორციელებას ემსახურება და არა იმ კატეგორიის საქმეზე, რომელსაც მოცემული საქმე წარმოადგენს. სააპელაციო პალატის აზრით, აღნიშნული კატეგორიის საქმეზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან საქართველოს კონტროლის პალატას ათავისუფლებს “სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის “უ” ქვეპუნქტი, რომლის თანახმადაც საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან დაწესებულებები (ორგანიზაციები), რომელთა ხარჯები ფინანსდება მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან – ყველა საქმეზე, მაგრამ, იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნული ნორმა ამ შინაარსით 25.07.06წ. ¹3519 კანონის საფუძველზე ჩამოყალიბდა, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება კი გამოტანილ იქნა 01.03.06წ., როდესაც “სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონი ასეთ შეღავათს არ ითვალისწინებდა, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით საქართველოს კონტროლის პალატისათვის სახელმწიფო ბაჟის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაკისრება არ ეწინააღმდეგებოდა დავის გადაწყვეტის დროისათვის მოქმედ კანონს. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერი და დასაბუთებულია და არ არსებობდა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.

საქართველოს კონტროლის პალატამ 11.05.07წ. საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, რომლითაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.02.07წ. განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელეთათვის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორმა მიუთითა, რომ, მართალია, გასაჩივრებული სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, ჯ. ა-ე უნდა აღდგენილიყო ............. სამმართველოს უფროსად აჭარის კონტროლის პალატაში, მაგრამ, ვინაიდან ეს თანამდებობა აღარ არსებობდა და ამასთან, საქართველოს კონტროლის პალატა კანონის შესაბამისად არის ერთიანი სისტემა, მოსარჩელე დაინიშნა შესაბამის (ტოლფას) თანამდებობაზე, კერძოდ, საქართველოს კონტროლის პალატის აპარატის .......... სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე, რომელიც მდებარეობს თბილისში, შესაბამისი სტრუქტურული დანაყოფების რანგისა და შრომის ანაზღაურების გათვალისწნებით. ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით, კასატორს მიაჩნია, რომ მოსამართლემ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა. სსსკ-ის 382-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილი იყო და არა ვალდებული, გაეზიარებინა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები. სააპელაციო სასამართლოს ხელახლა უნდა გამოეკვლია საქმის მასალები, შეეფასებინა საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი მხარეები და ამის შემდეგ მიეღო შეჯერებული გადაწყვეტილება, მით უმეტეს, რომ მას ამის უფლება ჰქონდა. სასამართლოს სათანადოდ რომ ემსჯელა კონტროლის პალატის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებზე, მიხვდებოდა, რომ ჯ. ა-ის აღდგენა საქართველოს კონტროლის პალატის აპარატის ......... სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე განპირობებული იყო მოსარჩელის ყოფილი თანამდებობის შემცირებით (რისი დამადასტურებელი საბუთიც საქმეშია). კონტროლის პალატის თავმჯდომარის 04.01.06წ. ბრძანების მეორე პუნქტში პირდაპირაა მითითებული, რომ აჭარის ა/რ კონტროლის პალატის .............. სამმართველოს გაუქმების გამო, ჯ. ა-ე 09.01.06წ. აღდგენილ იქნა აღნიშნული სამმართველოს უფროსის შესაბამის (ტოლფას) თანამდებობაზე, სტრუქტურული დანაყოფისა და შრომის ანაზღაურების გათვალისწინებით, საქართველოს კონტროლის პალატის აპარატის ............... სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე. გარდა ამისა, ორივე სამმართველოს უფროსის სახელფასო განაკვეთი იდენტურია, რაც დადასტურებელია საფინანსო სამმართველოს მიერ გაცემული ცნობით. კასატორის აზრით, სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა დაყრდნობოდა იმ ფაქტს, რომ აჭარის ა/რ კონტროლის პალატის ............. სამმართველო გაუქმდა და შეიქმნა სრულიად ახალი სამმართველო, ხოლო ჯ. ა-ე დანიშნულ იქნა ტოლფას საქართველოს კონტროლის პალატის ........... სამმართველოს უფროსად. აქედან გამომდინარე, სასამართლოს მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ ჯ. ა-ის დანიშვნის ბრძანების მომზადებისას დარღვეულ იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები მცდარია და არ არსებობს საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 04.01.06წ. პ-1 ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველი. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, აგრეთვე ძალაში დარჩა ადმინისტრაციული კოლეგიის გადაწყვეტილების ის ნაწილი, რომლითაც საქართველოს კონტროლის პალატას დაეკისრა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის წარმოებისათვის სახელმწიფო ბაჟის გადახდა 30 ლარის ოდენობით. კასატორი დაეთანხმა სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას “სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის “უ” ქვეპუნქტთან დაკავშირებით, მაგრამ მიუთითა, რომ ამ მუხლის პირველ პუნქტში აგრეთვე არსებობს “ლ” ქვეპუნქტი, რომელიც სასამართლოს მიერ არ იქნა გამოყენებული და სათანადოდ შეფასებული. ამ ქვეპუნქტის მიხედვით მაკონტროლებელი ორგანოები თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟისაგან, საქართველოს კონტროლის პალატა კი კანონის მიხედვით წარმოადგენს უმაღლეს მაკონტროლებელ ორგანოს. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, კასატორის მოსაზრებით, “საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ” საქართველოს კანონის მე-80 მუხლი აბსოლუტურად ამომწურავად და კონკრეტულად მიუთითებს იმის თაობაზე, რომ კონტროლის პალატა ყველა სახის სასამართლოში საქმის განხილვისას თავისუფლდება სახელმწიფო საბაჟო გადასახადისაგან. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან აღნიშნულ საქმეში არსებული საკითხების გადაწყვეტა და ამ გადაწყვეტილებით გარკვეული სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბება მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისათვის, კასატორის აზრით, საკასაციო საჩივარი სრულად შეესაბამება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 08.11.07წ. განჩინებით საქართველოს კონტროლის პალატის საკასაციო საჩივარი სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში მიჩნეულ იქნა დასაშვებად და განსახილელად დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე, ხოლო დანარჩენ ნაწილში საქართველოს კონტროლის პალატის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს კონტროლის პალატის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, ნაწილობრივ უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.02.07წ. განჩინება და საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება:

საკასაციო პალატა იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ “სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის 5.1 მუხლის “ლ” ქვეპუნქტის თანახმად, ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს კონტროლის პალატა გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ვინაიდან აღნიშნული მუხლი აწესებს, რომ საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან: “სახელმწიფო საფინანსო-საკრედიტო, საგადასახადო, საბაჟო და სხვა მაკონტროლებელი ორგანოები, როგორც მოსარჩელეები ან მოპასუხეები – სარჩელებზე გადასახადების, მოსაკრებლების, სახელმწიფო ბაჟისა და სხვა აუცილებელი გადასახდელების ბიუჯეტში გადახდისა და ბიუჯეტიდან თანხების დაბრუნების შესახებ, აგრეთვე განსაკუთრებული წარმოების საქმეებზე”. “საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ” კანონის 1-ლი მუხლის შესაბამისად, საქართველოს კონტროლის პალატა არის სახელმწიფო საფინანსო-ეკონომიკური კონტროლის უმაღლესი ორგანო, რომელიც ზედამხედველობს სახელმწიფო სახსრებისა და სახელმწიფოს სხვა მატერიალურ ფასეულობათა გამოყენებასა და ხარჯვას, ემსახურება ეროვნული სიმდიდრისა და სახელმწიფო ქონების დაცვას, აკონტროლებს და აანალიზებს სახელმწიფო მატერიალური და ფულადი რესურსების გამოყენების კანონიერებას, მიზნობრიობასა და ეფექტიანობას. საკასაციო პალატა თვლის, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს აქვს თავისი სამართლებრივი სტატუსის, განსაკუთრებული საკონტროლო ადმინისტრაციული უფლებაუნარიანობის რეალიზაციის საშუალება არა მხოლოდ საკონტროლო, არამედ ადმინისტრაციულ პროცესში. საკასაციო პალატა არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ “საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ” საქართველოს კანონის მე-80 მუხლი არ ითვალისწინებს მოცემულ საქმეზე სახელმწიფო კონტროლის პალატის სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებას, ვინაიდან აღნიშნული ნორმის თანახმად საქართველოს კონტროლის პალატა ყველა სახის სასამართლოში საკითხის განხილვისას თავისუფლდება სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, რაც გულისხმობს იმას, რომ საქართველოს კონტროლის პალატა თავისი სპეციალური უფლებამოსილების განხორციელების პროცესში წარმოშობილ ყველა სახის დავაზე სასამართლოში საკითხის განხილვისას თავისუფლდება სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ საქმე განხილულია არსებითი საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის განხილვის შედეგზე და საქართველოს კონტროლის პალატას დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის გადახდა 30 (ოცდაათი) ლარის ოდენობით, რის გამოც ნაწილობრივ უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-411-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. საქართველოს კონტროლის პალატის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. საქართველოს კონტროლის პალატისათვის სახელმწიფო ბაჟის 30 (ოცდაათი) ლარის დაკისრების ნაწილში გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.02.07წ. განჩინება და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. საქართველოს კონტროლის პალატა გათავისუფლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 01.03.06წ. გადაწყვეტილებით დაკისრებული სახელმწიფო ბაჟის 30 (ოცდაათი) ლარის გადახდისაგან;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.