ბს-480-457(კ-07) 18 ივლისი, 2007 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს კონტროლის პალატის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 13 აპრილის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2006 წლის 6 ნოემბერს მოსარჩელე თ. ს-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს კონტროლის პალატის მიმართ დავალიანების ანაზღაურების თაობაზე.
სარჩელში აღნიშნული იყო, რომ 1994 წლის ნოემბრიდან 2002 წლის მარტამდე მოსარჩელე მუშაობდა საქართველოს კონტროლის პალატის შიდა ქართლის რეგიონულ ბიუროში მრჩევლად. ქვეყანაში არსებული მძიმე ეკონომიკური პირობების გამო, როდესაც ვერ ხერხდებოდა საბიუჯეტო დაწესებულებების თანამშრომელთა ხელფასებით უზრუნველყოფა, არ მოხდა მასზე დარიცხული შრომის ანაზღაურების გადახდა, რამაც შეადგინა 1063.50 ლარი და საიდანაც ხელზე მისაღები იყო 847.42 ლარი.
მოსარჩელის მითითებით, მდგომარეობის გაუმჯობესების მიუხედავად, აღნიშნული დავალიანება არ ანაზღაურებია, რის გამოც არაერთხელ მიმართა საქართველოს კონტროლის პალატას შრომის ანაზღაურების მოთხოვნით, მაგრამ უშედეგოდ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვდა საქართველოს კონტროლის პალატისათვის სახელფასო დავალიანების - 847.42 ლარის ანაზღაურების დაკისრებას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 22 დეკემბრის საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაება საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 10 იანვრის გადაწყვეტილებით თ. ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; საქართველოს კონტროლის პალატას დაეკისრა სახელფასო დავალიანების ანაზღაურება 847.42 ლარის ოდენობით.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს კონტროლის პალატამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და მოსარჩელის სახელფასო დავალიანების საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის დაკისრება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა სააპელაციო პალატის 2007 წლის 13 აპრილის განჩინებით საქართველოს კონტროლის პალატის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 10 იანვრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის მოადგილის 2006 წლის 24 ოქტომბრის ¹1091/17 წერილის თანახმად, მოსარჩელეზე დარიცხული გადავადებული შრომის ანაზღაურება შეადგენს 1063.50 ლარს, საიდანაც ხელზე მისაღებია 847.42 ლარი. ვინაიდან, მოსარჩელე მუშაობდა საქართველოს კონტროლის პალატაში, მასთან იმყოფებოდა შრომით ურთიერთობაში, მისგან იღებდა ხელფასსა და სამივლინებო თანხებს, სააპელაციო სასამართლოს აღნიშვნით, 1973 წლის 28 ივნისის საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის მე-16 მუხლის საფუძველზე, სწორედ იგია ვალდებული, მოსარჩელეს აუნაზღაუროს აღნიშნული თანხა. ამასთან, ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, მოსამსახურეთა შრომითი გასამრჯელოს (ხელფასის) ფორმირების წყაროა შესაბამისი ბიუჯეტი, საბიუჯეტო ასიგნებათა შემცირება არ შეიძლება იყოს მოსამსახურეთა შრომითი გასამრჯელოს დაფინანსების შემცირების საფუძველი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ თ. ს-ის სარჩელი საფუძვლიანი იყო და პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მართებულად იქნა დაკმაყოფილებული.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს კონტროლის პალატამ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სახელფასო დავალიანების დაკისრება საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის.
კასატორი აღნიშნავდა, რომ მოსარჩელის მიმართ სახელფასო დავალიანება გამოიწვია 1998-2000 წლებში ქვეყანაში შექმნილმა მძიმე ეკონომიკურმა მდგომარეობამ, რის გამოც არ მოხდა კონტროლის პალატის შენახვის ხარჯებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული დაცული მუხლების სრულად დაფინანსება. არც შემდგომ პერიოდში იქნა გათვალისწინებული საქართველოს კონტროლის პალატისათვის თანხის გამოყოფა გაუცემელი ხელფასებისა და სამივლინებო დავალიანებათა დასაფ-დ.
კასატორის მითითებით, ,,საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ” საქართველოს კანონის 78-ე მუხლის თანახმად, საქართველოს კონტროლის პალატა წარმოადგენს საბიუჯეტო დაწესებულებას და დაფინანსების წყარო არ გააჩნია. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, რომელიც გამოდის სახელმწიფოს სახელით, წარმოადგენს სოლიდარულ მოვალეს კონტროლის პალატასთან ერთად და კასატორის განმარტებით, 464-ე მუხლის შესაბამისად, მისი სოლიდარული ვალდებულება წარმოშობილია კონტროლის პალატასთან ერთად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 25 მაისის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს კონტროლის პალატის საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2007 წლის 25 მაისის განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საქართველოს კონტროლის პალატის საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით.
მხარეთა მიერ მოსაზრებები წარმოდგენილი არ იქნა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო გასაჩივრებულ განჩინებას, საქართველოს კონტროლის პალატის საკასაციო საჩივარს, შეამოწმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მოცემულ საქმესთან მიმართებაში და მიაჩნია, რომ საქართველოს კონტროლის პალატის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, რის გამოც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან და ამდენად, სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა პროცესუალური დარღვევის გარეშე.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე (კონკრეტულთან ერთად) სახელმძღვანელოსა და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საქართველოს კონტროლის პალატის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც აღნიშნულ საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განსახილველად დაშვებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. უარი ეთქვას საქართველოს კონტროლის პალატის საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვებაზე;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.