Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

¹ბს-480-459(კ-08) 19 ივნისი, 2008წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის

საქმეთა პალატამ

შემადგენლობით:

მარიამ ცისკაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მაია ვაჩაძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა შპს ,,ქ”-ს დირექტორის ლ. გ.-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 9 თებერვლის განჩინებაზე, საქმეზე _ შპს ,,ქ-ს” გენერალური დირექტორის ლ. გ.-ის სარჩელისა გამო მოპასუხეების _ ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს, ქ. რუსთავის მიწის მართვის სამმართველოსა და მესამე პირების _ ვ. კ.-ის, ჯ. ბ.-ის, დ. ბ.-ისა და ი. ც.-ის მიმართ, კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების, საჯარო რეესტრში ცვლილებების შეტანისა და უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს ,,ქ”-ს გენერალურმა დირექტორმა ლ. გ.-მ 2002 წლის 12 აგვისტოს სასარჩელო განცხადებით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების _ ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროსა და ქ. რუსთავის მიწის მართვის სამმართველოს მიმართ და მოითხოვა კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება, საჯარო რეესტრში ცვლილებების შეტანა და უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2003 წლის 14 მარტის გადაწყვეტილებით შპს ,,ქ”-ს სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა; ქ. რუსთავის მიწის მართვის სამმართველოს დაევალა საჯარო რეესტრში ცვლილებების შეტანა, კერძოდ, მოეხდინა ქ. რუსთავში ...-ს ¹14-ში მდებარე ობიექტის ე.წ. ... მაღაზიის მოსარჩელე შპს ,,ქ”-ის გენ. დირექტორის ლ. გ.-ის სახელზე დარეგისტრირება ფართით 132 კვ.მ. მესაკუთრის უფლებებით და ქვ. ქართლის სააღსრულებო ბიუროს დაევალა 2001 წლის 4 ივლისს თბილისის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილებისა და 2003 წლის 20 ივნისის თბილისის საოლქო სასამართლოს მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის აღსრულება.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2003 წლის 14 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქ. რუსთავის მიწის მართვის სამმართველომ და ქვ. ქართლის სააღსრულებო ბიურომ.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 24 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2003 წლის 14 მარტის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა პირველი ინსტანციის სასამართლოს.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელე შპს ,,ქ”-ს სარჩელი მოპასუხეების ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროსა და ქ. რუსთავის მიწის მართვის სამმართველოს მიმართ, მესამე პირები დ. ბ.-ე, ჯ. ბ.-ი, ი. ც.-ე, ვ. კ.-ე, კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებისა, საჯარო რეესტრში ცვლილებების შეტანისა და უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ არ დაკმაყოფილდა.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს ,,ქ”-ს დირექტორმა ლ. გ.-მ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 9 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2003 წლის 14 მარტის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 9 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს ,,ქ”-ს დირექტორმა ლ. გ.-მ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განხილვის მიზნით იმავე სასამართლოში დაბრუნება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების შესაბამისად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით.

საკასაციო სასამართლომ შპს ,,ქ”-ს დირექტორ ლ. გ.-ის საკასაციო საჩივრის გაცნობის შედეგად მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59.1. მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო.

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ კასატორ შპს ,,ქ”-ს დირექტორ ლ. გ.-ს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 19 მაისის ხარვეზის შევსების შესახებ განჩინებით დაევალა უზენაეს სასამართლოში აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში წარმოედგინა დავის საგნის ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტი და შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟის სახით დავის საგნის ღირებულების 5%-ის, მაგრამ არანაკლებ 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 19 მაისის ხარვეზის შევსების შესახებ განჩინება შპს ,,ქ”-ს დირექტორ ლ. გ.-ს გაეგზავნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78 მუხლების მოთხოვნათა დაცვით. აღნიშნული განჩინება შპს ,,ქ”-ს დირექტორ ლ. გ.-ს ჩაბარდა პირადად 2008 წლის 27 მაისს (ტ.2, ს.ფ. 7). შესაბამისად, შპს ,,ქ”-ს დირექტორ ლ. გ.-თვის აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადის დინება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის შესაბამისად დაიწყო 2008 წლის 28 მაისს და ამოიწურა ამავე კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად 2008 წლის 3 ივნისს, რომელიც იყო სამუშაო დღე _ სამშაბათი, მაგრამ წინამდებარე განჩინების გამოტანის დროისათვის კასატორმა ხარვეზი არ შეავსო.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლი ითვალისწინებს საპროცესო ვადის გასვლის შედეგებს, კერძოდ, ადგენს, რომ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ, საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილი ასევე ადგენს, რომ, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ კასატორმა _ შპს ,,ქ”-ს დირექტორმა ლ. გ.-მ გაუშვა ხარვეზის შესავსებად დანიშნული ვადა, რის გამოც საკასაციო საჩივარი დაუშვებელია და განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 396-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. განუხილველად იქნეს დატოვებული შპს ,,ქ”-ს დირექტორ ლ. გ.-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 9 თებერვლის განჩინებაზე;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.