Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

¹ბს-481-458(კ-07) 10 სექტემბერი, 2007 წელი

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა

კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობით:

თავმჯდომარე, მომხსენებელი _ ნათია წკეპლაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ს. ბ.-ის წარმომადგენლის მ. მ.-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 26 თებერვლის განჩინებაზე.

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საკასაციო სასამართლოში 2007 წლის 18 მაისს შემოვიდა ადმინისტრაციული საქმე ¹ბს-481-458(კ-07) ს. ბ.-ის წარმომადგენლის მ. მ.-ის საკასაციო საჩივრით განსახილველად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 26 თებერვლის განჩინებაზე.

საკასაციო სასამართლოს 2007 წლის 30 მაისის განჩინებით ს. ბ.-ის წარმომადგენლის მ. მ.-ის საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნა ხარვეზზე შემდეგი საფუძვლით: საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397.1 მუხლის მოთხოვნას, რადგან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების ასლი ს. ბ.-ს გაეგზავნა 2007 წლის 16 მარტს. საქმეში არსებული საფოსტო გზავნილის ჩანარების შესახებ შეტყობინებას ხელს აწერდა არა ს. ბ.-ი, არამედ ვინმე ნ. გ.-ე. შესაბამისად, კასატორს დაევალა დადასტურების (მტკიცებულების) წარმოდგენა იმის თაობაზე, თუ როდის ჩაჰბარდა მას სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების ასლი და როდის იქნა შეტანილი საკასაციო საჩივარი სასამართლოში.

საკასაციო საჩივარი ასევე არ აკმაყოფილებდა სსსკ-ის 396.2 მუხლის მოთხოვნას, რადგან წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს ხელს აწერდა კასატორის ს. ბ.-ის წარმომადგენელს მ. მ.-ი, საქმეში არსებული რწმუნებულება არ იყო წარმოდგენილი დედნის სახით და სათანადო წესით დამოწმებული. წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი ასევე არ აკმაყოფილებდა სსსკ-ის 396.1 მუხლის “ე” ქვეპუნქტის მოთხოვნას, კერძოდ, კასატორი საკასაციო საჩივარში არ უთითებდა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გასაჩივრების საფუძვლებს (კასაციის მიზეზს). აღნიშნული ხარვეზის გამოსასწორებლად კასატორს განესაზღვრა ვადა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღე /იხ.ს.ფ. 130-132/.

2007 წლის 21 ივნისს საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს ს. ბ.-ის წარმომადგენლის მ. მ.-მ და მოითხოვა საპროცესო ვადის გაგრძელება 45 დღით იმ მოტივით, რომ კასატორის ს. ბ.-ის საზღვარგარეთ ყოფნის გამო ვერ ხერხდებოდა ხარვეზის შევსება (იხ. ს.ფ. 143-144).

საკასაციო სასამართლოს 2007 წლის 28 ივნისის განჩინებით ს. ბ.-ის წარმომადგენლის მ. მ.-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და კასატორს გაუგრძელდა საპროცესო ვადა 25 დღით (იხ. ს.ფ. 145-148).

2007 წლის 4 სექტემბერს საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა ს. ბ.-ის წარმომადგენელმა მ. მ.-მ და მოითხოვა საპროცესო ვადის გაგრძელება მინიმუმ ორი კვირით იმ მოტივით, რომ სასამართლოს მიერ დანიშნული ვადაში ვერ იქნა შევსებული ხარვეზი (იხ. ს.ფ. 158-159).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო რა საქმის მასალებს, მიაჩნია, რომ ს. ბ.-ის წარმომადგენლის მ. მ.-ის შუამდგომლობა საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს და საკასაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად, შემდეგ გარემოებათა გამო:

კასატორს საკასაციო სასამართლოს 2007 წლის 30 მაისის განჩინებაში მითითებული ხარვეზის შესავსებად სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნის შესაბამისად, განუსაზღვრა გონივრული ვადა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღე, ხოლო ეს ვადა 2007 წლის 28 ივნისის განჩინებით გაუგრძელდა 25 დღით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია ვადები ამა თუ იმ მოქმედების შესრულებისათვის, როგორც სასამართლოსათვის, ასევე მხარეთათვის, ამასთან, დადგენილია სასამართლოს მიერ მხარეთათვის განსაზღვრულ საპროცესო ვადაში საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის შედეგები, კერძოდ: თუ მხარემ სასამართლოს მიერ დანიშნულ საპროცესო ვადაში არ შეასრულა საპროცესო მოქმედება, იგი კარგავს ამ მოქმედების შესრულების შესაძლებლობას.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59.1. მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის _ ს. ბ.-ის წარმომადგენლის მ მ.-ის შუამდგომლობას საპროცესო ვადის დამატებით ორი კვირით გაგრძელების შესახებ დაუსაბუთებლობისა და უსაფუძვლობის გამო და მიაჩნია, რომ საკასაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული საპროცესო ვადა საკმარისი იყო საკასაციო სასამართლოს მიერ მითითებული ხარვეზის შესავსებად, მით უფრო, იმ პირობებში, როცა რაიმე საპატიო ან ობიექტურ მიზეზზე შუამდგომლობის ავტორი ვერ უთითებს, ამასთან, მასვე არ წარმოუდგენია სათანადო რწმუნებულება, რომელიც მას აღჭურავდა ს. ბ.-ის ინტერესების დაცვის უფლებით.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ს. ბ.-ის წარმომადგენლის მ. მ.-ის შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს და საკასაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად, სსსკ-ის 396.3 მუხლის შესაბამისად, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო, რამდენადაც სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის პროცესუალური წინაპირობა.

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 390-ე, 396.3, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ს. ბ.-ის წარმომადგენლის მ. მ.-ის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდეს;

2. საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნეს განუხილველად;

3. წინამდებარე განჩინება გადაეგზავნოს მხარეებს;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.