ბს-482-459(კ-07) 7 ნოემბერი, 2007 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე
ნუგზარ სხირტლაძე
სხდომის მდივანი _ ქეთევან მაღრაძე
კასატორი (მოსარჩელე, მესამე პირი ო. ხ-ის სარჩელზე) _ შპს ,,ჭ-ი”, წარმომადგენელი _ ა. ს-ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობა (ყოფილი ჭიათურის რაიონის გამგეობა), წარმომადგენელი _ თ. ტ-ე
მოსარჩელე, მესამე პირი შპს ,,ჭ-ის” სარჩელზე _ ო. ხ-ე, წარმომადგენელი _ ი. გ-ე
მესამე პირი ო. ხ-ის სარჩელზე _ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ჭიათურის სარეგისტრაციო სამსახური
მოპასუხეები ო. ხ-ის სარჩელზე: 1. რ. მ-ე; 2. თ. ხ-ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 19 მარტის გადაწყვეტილება
ო. ხ-ის სარჩელის საგანი _ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა და საჯარო რეესტრის ჩანაწერების ბათილად ცნობა, მიწის ნაკვეთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა, ხელშეშლის აღკვეთა
შპს ,,ჭ-ის” სარჩელის საგანი _ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2005 წლის 21 ივნისს ო. ხ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ჭიათურის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების _ რ. მ-ისა და თ. ხ-ის მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, ჭიათურის რაიონის გამგეობის 2000 წლის 21 აპრილის ¹65/2 დადგენილებით 2000 წლის 1 ნოემბერს მას, როგორც შესაბამის აუქციონში გამარჯვებულს, ქ. ჭიათურაში, .......... ქ. ¹50-ში, ჭ-ის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული 12 კვ.მ მიწის ნაკვეთი გადაეცა საკუთრებაში, რაც საჯარო რეესტრში იქნა რეგისტრირებული. ჭიათურის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს 2002 წლის 22 ოქტომბრის ¹111, ჭიათურის სარეგისტრაციო სამსახურის 2005 წლის 22 თებერვლისა და ჭიათურის სარეესტრო სამსახურის 2005 წლის 19 მაისის ¹84 ცნობებით დასტურდებოდა, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა მოსარჩელის საკუთრებას და იგი არ შედიოდა შპს ,,ჭ-ის” კუთვნილ ფართში. მოსარჩელეს დასახელებული მიწის ნაკვეთი გამოეყო კომერციული საქმიანობისათვის, კერძოდ, სავაჭრო პავილიონის მშენებლობისათვის, რომლის მშენებლობის ნებართვა და პროექტი დამტკიცებული იყო შესაბამისი სამსახურების მიერ, მაგრამ ვერ იწყებდა მშენებლობას, რადგან მის კუთვნილ 12 კვ.მ მიწის ნაკვეთზე უკანონოდ და უნებართვოდ იყო განლაგებული რ. მ-ისა და თ. ხ-ის სავაჭრო ჯიხურები. მოსარჩელემ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მოითხოვა კუთვნილი მიწის ნაკვეთის გამოთავისუფლება და ხელშეშლის აღკვეთა, თუმცა უშედეგოდ.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა მისი კუთვნილი მიწის ნაკვეთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა და რ. მ-ისა და თ. ხ-ის კუთვნილი სავაჭრო ჯიხურების აღნიშნული მიწის ნაკვეთიდან აღება.
თ. ხ-მა ჭიათურის რაიონულ სასამართლოში წარადგინა შესაგებელი, რომლითაც სარჩელი არ ცნო და აღნიშნა, რომ სარჩელში მითითებული ტერიტორია იმყოფებოდა შპს ,,ჭ-ის” ტერიტორიის გარეთ, იგი ახორციელებდა სამეწარმეო საქმიანობას შპს ,,ჭ-ის” კუთვნილ ტერიტორიაზე, რომელიც იჯარით ჰქონდა აღებული შპს ,,ჭ-ის” ადმინისტრაციასთან გაფორმებული ხელშეკრულებით. თ. ხ-ის განმარტებით, იგი იყო არასათანადო მოპასუხე და მოპასუხე უნდა ყოფილიყო შპს ,,ჭ-ის” ადმინისტრაცია, ვინაიდან იგი ახორციელებდა სამეწარმეო საქმიანობას მის კუთვნილ ტერიტორიაზე, მისივე თანხმობით.
2005 წლის 18 აგვისტოს ო. ხ-ძემ ჭიათურის რაიონულ სასამართლოში წარადგინა დამატებითი სასარჩელო განცხადება მოპასუხე ჭიათურის რაიონის გამგეობის მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, მან მიმართა ჭიათურის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა შპს ,,ჭ-ის” საკუთრებაში არსებული მიწის საზღვრების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, რის შედეგადაც მისთვის ცნობილი გახდა, რომ შპს ,,ჭ-ის” საკუთრებაში ირიცხებოდა 6200 კვ.მ მიწის ნაკვეთი, ჭიათურის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველომ, სხვა ქონებასთან ერთად, გაუმიჯნავად გაყიდა 5700 კვ.მ მიწის ნაკვეთი. ჭიათურის რაიონის გამგეობის 1999 წლის 9 დეკემბრის ¹108/4 დადგენილებით შპს ,,ჭ-ის” მიმდებარე ტერიტორიაზე გამოიყო 50 კვ.მ მიწის ნაკვეთი კომერციული საქმიანობისათვის. აქედან 24 კვ.მ-ის ორ ობიექტზე აუქციონი ჩატარდა 2000 წლის 17 თებერვალს და 12-12 კვ.მ აღირიცხა ო. ხ-ისა და კ. მ-ის სახელზე და დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში 2000 წლის 1 ნოემბერს, ხოლო რეგისტრაციის ნომრად მიეთითა _ ¹192/00, რის შემდეგაც ო. ხ-ის სახელზე შედგა მაღაზიის მშენებლობის პროექტი. ჭიათურის სარეგისტრაციო სამსახურიდან მოსარჩელემ მიიღო ჭიათურის რაიონის გამგეობის 2002 წლის 30 იანვრის ¹6/4 დადგენილება, რომლის საფუძველზეც შპს ,,ჭ-ს” დაუმაგრდა 6200 კვ.მ მიწის ნაკვეთი. აღნიშნული საჯარო რეესტრში გატარდა და შემუშავდა გეგმა, რომლის მიხედვითაც, მოსარჩელის საკუთრებაში არსებული, მის მიერ 2000 წელს აუქციონზე შეძენილი 12 კვ.მ მიწის ნაკვეთი შედიოდა შპს ,,ჭ-ის” 6200 კვ.მ მიწის ნაკვეთში, რაც იყო უკანონო, რადგან არ იყო დადგენილი, თუ რა ფორმით დაუმაგრდა შპს ,,ჭ-ს” 6200 კვ.მ მიწის ნაკვეთი, ვინაიდან არ ჩატარებულა კონკურსი, “სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად კი, სახელმწიფო მიწა საკუთრებაში განიკარგებოდა კონკურსის, აუქციონის ან არაპირდაპირი განკარგვის წესით, ხოლო იმავე მუხლის მე-8 პუნქტის მიხედვით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის არაპირდაპირი წესით განკარგვის საკითხს წყვეტდა საქართველოს პრეზიდენტი. მოსარჩელის მტკიცებით, შპს “ჭ-ზე” 6200 კვ.მ მიწის ნაკვეთის დამაგრება მოხდა ზემოაღნიშნული ნორმების დარღვევით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ დამატებით მოითხოვა ჭიათურის რაიონის გამგეობის 2002 წლის 30 იანვრის ¹6/4 დადგენილებისა და საჯარო რეესტრის შესაბამისი ჩანაწერების ბათილად ცნობა.
ჭიათურის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 18 აგვისტოს განჩინებით მოცემულ საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ ჭიათურის რაიონის გამგეობა, შპს ,,ჭ-ი” და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ჭიათურის სარეგისტრაციო სამსახური.
2005 წლის 31 აგვისტოს შპს ,,ჭ-მა” სასარჩელო განცხადებით მიმართა ჭიათურის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ჭიათურის რაიონის გამგეობის მიმართ და მესამე პირად მიუთითა ო. ხ-ზე.
მოსარჩელის განმარტებით, მან 1999 წლის 31 აგვისტოს ღია აუქციონზე შეიძინა ჯერ 5700 კვ.მ მიწის ნაკვეთი, შემდეგ კი დამატებით _ 572 კვ.მ მიწის ნაკვეთი. ჭიათურის რაიონის გამგეობის 2002 წლის 30 იანვრის ¹6/4 დადგენილებით შპს “ჭ-ს” დაუმაგრდა 6200 კვ.მ მიწის ნაკვეთი, ხოლო 2003 წლის 10 იანვარს იგი გატარდა საჯარო რეესტრში და შედგენილ იქნა საკადასტრო რუკა. 2005 წლის 18 აგვისტოს მისთვის ცნობილი გახდა, ხოლო იმავე წლის 22 აგვისტოს ოფიციალურად გაეცნო ჭიათურის რაიონის გამგეობის 2000 წლის 21 აპრილის ¹65/2 დადგენილებას, რომლითაც ო. ხ-ეს ჭ-ის ტერიტორიაზე სავაჭრო ობიექტის მშენებლობისათვის გამოეყო 12 კვ.მ მიწის ნაკვეთი, 2000 წლის 1 ნოემბერს მასზე გაიცა მიწის საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობა, ხოლო 2001 წლის 6 სექტემბერს _ მშენებლობის დაწყების ნებართვა. ჭიათურის რაიონის გამგეობის აღნიშნული გადაწყვეტილება იყო უკანონო და დაუსაბუთებელი და არღვევდა მის უფლებებს, რის გამოც ო. ხ-თვის ჭ-ის ტერიტორიაზე სავაჭრო ობიექტის მშენებლობისათვის 12 კვ.მ მიწის ნაკვეთის გამოყოფისა და მისთვის მუდმივ სარგებლობაში დამაგრების ნაწილში იგი ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი.
მოსარჩელის მტკიცებით, ჭიათურის რაიონის გამგეობის 2000 წლის 21 აპრილის ¹65/2 დადგენილების მიღებისას დაირღვა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-13, 52-ე, 53-ე, 96-ე, 97-ე და 98-ე მუხლები, კერძოდ: მას არ აცნობეს სადავო მიწის ნაკვეთის ო. ხ-ზე დამაგრების შესახებ, არ იყო მითითებული ორგანო, სადაც შეიძლებოდა გასაჩივრება, მისი მისამართი და საჩივრის წარდგენის ვადა, ასევე – საკანონმდებლო აქტი ან ნორმა, რის საფუძველზეც გამოიცა სადავო აქტი. სადავო ტერიტორია 1986 წლიდან შედიოდა ჭ-ის მიწის ნაკვეთის საზღვრებში და ამ ტერიტორიის გამოყოფა რაიმე სამართლებრივი აქტით არ მომხდარა, რაც იმაზე მიანიშნებდა, რომ ჭიათურის რაიონის გამგეობამ სადავო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების დროს არ გამოიკვლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და სადავო გადაწყვეტილება მიიღო ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების გარეშე. მოსარჩელე მიუთითებდა, რომ სადავო მიწის ნაკვეთის ო. ხ-თვის გადაცემისას დაირღვა “სამშენებლო საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონი და ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის 2001 წლის 18 სექტემბრის ¹57 ბრძანებით დამტკიცებული “ნაკვეთების საზღვარზე, საზღვართან საცხოვრებელი სახლების, დამხმარე ნაგებობების მშენებლობის წესი”, რომლის თანახმად, საცხოვრებელი სახლი ან სხვა ნაგებობა შესაძლებელი იყო აგებულიყო მომიჯნავე ნაკვეთიდან 5 მეტრის მანძილზე.
2005 წლის 31 აგვისტოსვე შპს ,,ჭ-ის” დირექტორმა თ. გ-მა ჭიათურის რაიონულ სასამართლოში წარადგინა განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ და მოითხოვა საქმის წარმოების შეჩერება ო. ხ-ის სარჩელზე მანამ, სანამ არ იქნებოდა მიღებული გადაწყვეტილება მის სარჩელზე მოპასუხე ჭიათურის რაიონის გამგეობის მიმართ ო. ხ-თვის ჭ-ის ტერიტორიაზე კანონმდებლობის დარღვევით 12 კვ.მ მიწის ნაკვეთის გამოყოფის თაობაზე ჭიათურის რაიონის გამგეობის 2000 წლის 21 აპრილის ¹65/2 დადგენილების ბათილად ცნობის შესახებ, მისგან გამომდინარე სამართლებრივ შედეგებთან ერთად.
ჭიათურის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 31 აგვისტოს განჩინებით შეჩერდა საქმის წარმოება ო. ხ-ის სარჩელის გამო მოპასუხეების _ რ. მ-ისა და თ. ხ-ის მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვისა და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ, სანამ არ იქნებოდა განხილული საქმე შპს “ჭ-ის” სარჩელის გამო მოპასუხე ჭიათურის რაიონის გამგეობის მიმართ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და მის საფუძველზე წარმოშობილი სამართლებრივი შედეგების გაუქმების შესახებ.
ჭიათურის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 27 სექტემბრის განჩინებით დაკმაყოფილდა ო. ხ-ის კერძო საჩივარი ჭიათურის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 31 აგვისტოს განჩინებაზე და განახლდა ო. ხ-ის სარჩელის განხილვა.
ჭიათურის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 27 სექტემბრის განჩინებით იმავე სასამართლოს წარმოებაში არსებული ორი საქმე, კერძოდ, საქმე ო. ხ-ის სარჩელის გამო მოპასუხეების _ რ. მ-ისა და თ. ხ-ის მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვისა და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ და საქმე შპს “ჭ-ის” სარჩელის გამო მოპასუხე ჭიათურის რაიონის გამგეობის მიმართ ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობისა და მის საფუძველზე წარმოშობილი სამართლებრივი შედეგების გაუქმების შესახებ, ერთ წარმოებად გაერთიანდა.
ჭიათურის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს ,,ჭ-ის” სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ჭიათურის რაიონის გამგეობის 2000 წლის 21 აპრილის ¹65/2 დადგენილება ო. ხ-თვის 12 კვ.მ მიწის ნაკვეთის საკუთრებაში დამაგრების ნაწილში მისი ძალაში შესვლის დღიდან, მისგან წარმოშობილი იურიდიული შედეგებით; ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ო. ხ-ის სარჩელი; ბათილად იქნა ცნობილი ჭიათურის რაიონის გამგეობის 2000 წლის 7 ივლისის ¹109/7 დადგენილება შპს ,,ჭ-თვის” 572 კვ.მ მიწის ნაკვეთის დამაგრების შესახებ; ბათილად იქნა ცნობილი ჭიათურის რაიონის გამგეობის 2002 წლის 30 იანვრის ¹6/4 დადგენილება ჭ-თვის 572 კვ.მ მიწის ნაკვეთის დამაგრების ნაწილში; სხვა ნაწილში ო. ხ-ის სარჩელს უარი ეთქვა; ჭიათურის რაიონის გამგეობას დაევალა აღნიშნული საკითხის გამოკვლევის, შეფასებისა და საფუძვლიანი შესწავლის შემდეგ ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემა.
ჭიათურის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ო. ხ-ემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების იმ ნაწილში გაუქმება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მისი სარჩელი და ახალი გადაწყვეტილებით მისივე სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ხოლო შპს “ჭ-ის” სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ჭიათურის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს ,,ჭ-მაც”, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების იმ ნაწილში გაუქმება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მისი სარჩელი და ახალი გადაწყვეტილებით მისივე სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ხოლო ო. ხ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 19 მარტის გადაწყვეტილებით შპს ,,ჭ-ის” სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო ო. ხ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ჭიათურის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ო. ხ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ჭიათურის რაიონის გამგეობის 2002 წლის 30 იანვრის ¹6/4 დადგენილება 12 კვ.მ მიწის ნაკვეთის შპს “ჭ-თვის” დამაგრების ნაწილში; რ. მ-ესა და თ. ხ-ს დაევალათ ო. ხ-ის კუთვნილი 12 კვ.მ მიწის ნაკვეთიდან თავიანთი სავაჭრო ჯიხურების აღება და აღნიშნული ნაკვეთის ო. ხ-თვის თავისუფალ მდგომარეობაში ჩაბარება; შპს “ჭ-ის” სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ, საქმის მასალების მიხედვით, დადგენილად მიიჩნია, რომ ო. ხ-ემ აუქციონის წესით შეიძინა 12 კვ.მ მიწის ნაკვეთი ჭ-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ჭიათურის რაიონის გამგეობის 2000 წლის 21 აპრილის ¹65/2 დადგენილებით და მიიღო ამ ტერიტორიაზე სავაჭრო ობიექტის მშენებლობის ნებართვა. აღნიშნული 12 კვ.მ მიწის ნაკვეთი ჭ-გან იჯარით აიღეს თ. ხ-მა და რ. მ-ემ სავაჭრო ჯიხურის ჩასადგმელად.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ, რამდენადაც 12 კვ.მ მიწის ნაკვეთი იყო ო. ხ-ის საკუთრება, აღნიშნული ფართის იჯარით გაცემის უფლება ჭ-ს არ ჰქონდა. ო. ხ-ის მიერ სასარჩელო განცხადების შეტანის დროისათვის მოქმედი სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდებოდა ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეეძლო ხელის შემშლელისათვის მოეთხოვა ამ მოქმედების აღკვეთა, ხოლო, თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავაც გრძელდებოდა, მესაკუთრეს შეეძლო მოეთხოვა მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმის მასალებით არ დასტურდებოდა, რომ 12 კვ.მ მიწის ნაკვეთი ჭ-ს ეკუთვნოდა. ჭიათურის რაიონის გამგეობის 2001 წლის 9 აგვისტოს ¹97/5 დადგენილებით 24 კვ.მ მიწის ნაკვეთზე ჩატარდა აუქციონი და იგი გაიყიდა.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ჭიათურის რაიონის გამგეობის 2000 წლის 7 ივლისის ¹109/7 დადგენილებით ჭ-ს დამატებით დაუმაგრდა კიდევ 572 კვ.მ მიწის ნაკვეთი, ამდენად მას სულ გაუხდა 6200 კვ.მ მიწის ნაკვეთი.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა საქმეზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა იმის შესახებ, რომ, თითქოს, ჭ-ის ტერიტორიის საზღვრები არ იყო შემოფარგლული და ამიტომ, შეუძლებელი იყო დადგენილიყო, თუ სად მდებარეობდა 12 კვ.მ მიწის ნაკვეთი. დამატებით 572 კვ.მ მიწის ნაკვეთის მიღების შემდეგ ჭ-მა განცხადებით მიმართა ჭიათურის რაიონის გამგეობას მიწის ნაკვეთების გამიჯვნის თაობაზე, რის საფუძველზეც ჭიათურის რაიონის გამგეობის 2001 წლის 9 აგვისტოს ¹97/5 დადგენილებით დამტკიცდა ჭიათურის რაიონის გამგეობის კომისიის მიერ წარდგენილი ტერიტორიის გეგმა.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ, რამდენადაც ჭ-ის დამატებით მიღებულ 572 კვ.მ მიწის ნაკვეთში მდებარეობდა სადავო 12 კვ.მ მიწის ნაკვეთი, სწორედ ამ ნაწილში უნდა ყოფილიყო ბათილად ცნობილი ჭიათურის რაიონის გამგეობის 2002 წლის 30 იანვრის ¹6/4 დადგენილება, რომელიც პირდაპირ აყენებდა ინდივიდუალურ ზიანს ო. ხ-ეს, ხოლო ჭიათურის რაიონის გამგეობის 2000 წლის 21 აპრილის ¹65/2 დადგენილების მიღებისას, რომლითაც ო. ხ-ეს დაუმაგრდა 12 კვ.მ მიწის ნაკვეთი, არ დარღვეულა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-13 და 95-ე მუხლების მოთხოვნები, რადგან ჭ-ი ამ შემთხვევაში ვერ ჩაითვლებოდა დაინტერესებულ პირად. ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთი იყო ო. ხ-ის, რომელიც სწორად იქნა აღრიცხული საჯარო რეესტრში მის სახელზე. აქედან გამომდინარე, არ არსებობდა ო. ხ-ზე გაცემული მშენებლობის ნებართვის ბათილად ცნობის საფუძველი.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 19 მარტის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს ,,ჭ-მა”, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით შპს ,,ჭ-ის” სარჩელის დაკმაყოფილება, ხოლო ო. ხ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
კასატორი მიუთითებს სარჩელში მოყვანილ გარემოებებზე და დამატებით აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნულმა ექსპერტიზამ ვერ დაადგინა, თუ სად მდებარეობდა სადავო 12 კვ.მ მიწის ნაკვეთი. სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ ო. ხ-ის სადავო მიწის ნაკვეთი მდებარეობდა შპს ,,ჭ-თვის" დამატებით გამოყოფილ 572 კვ.მ მიწის ნაკვეთში და არა იმავე ავტოსადგურის იმ 5700 კვ.მ მიწის ნაკვეთში, რომელიც შპს ,,ჭ-ის" საკუთრება ჯერ კიდევ 1999 წლის 31 აგვისტოდან იყო. სააპელაციო სასამართლომ არ გამოიკვლია, დაირღვა თუ არა ო. ხ-თვის მიწის დამაგრების დროს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-13, 52-ე, 53-ე, 96-ე და 98-ე მუხლების მოთხოვნები, რითაც ზიანი მიადგა შპს ,,ჭ-ს".
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიკვლია თუ როდის გახდა ცნობილი ო. ხ-თვის ჭიათურის რაიონის გამგეობის 2002 წლის 30 იანვრის ¹6/4 დადგენილების შესახებ და როდის ჩაჰბარდა იგი მას. კასატორის მტკიცებით, სააპელაციო სასამართლომ დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 172-ე მუხლის მოთხოვნები.
კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 173-ე მუხლი და არ დანიშნა დამატებითი ან განმეორებითი ექსპერტიზა, დაარღვია იმავე კოდექსის 105-ე მუხლის მოთხოვნა _ საერთოდ არ შეაფასა მტკიცებულებები _ ჭიათურის რიონის გამგეობისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლების მიერ მისთვის მიცემული ჩვენებები, ხოლო საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს _ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 8 ივნისის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული შპს ,,ჭ-ის” საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2007 წლის 8 ივნისის განჩინების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით; ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2007 წლის 25 ივლისამდე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 25 ივლისის განჩინებით შპს ,,ჭ-ის” საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და მისი განხილვა დაინიშნა 2007 წლის 3 ოქტომბერს, მხარეთა დასწრების გარეშე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 3 ოქტომბრის განჩინებით შპს ,,ჭ-ის” საკასაციო საჩივრის განხილვა დაინიშნა ზეპირი მოსმენით 2007 წლის 24 ოქტომბერს, 11.00 საათზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ შპს ,,ჭ-ის” საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს მოცემული საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: ჭიათურის რაიონის გამგეობის 1999 წლის 9 დეკემბრის ¹108/4 დადგენილებით შპს ,,ჭ-ის” მიმდებარე ტერიტორიაზე გამოიყო 50 კვ.მ მიწის ნაკვეთი სავაჭრო ობიექტების მშენებლობისათვის და დადგინდა აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე აუქციონის მოწყობა (ს.ფ. 9). ჭიათურის რაიონის გამგეობის 2000 წლის 21 აპრილის ¹65/2 დადგენილებით დამტკიცდა 2000 წლის 17 თებერვლის აუქციონის სხდომის ოქმი, რომლის შესაბამისადაც, ო. ხ-ესა და კ. მ-ეს დაუმაგრდათ აუქციონის წესით შეძენილი ქ. ჭიათურაში, ......... ქუჩაზე, ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე 24 კვ.მ, თითოეულ მათგანს 12-12 კვ.მ მიწის ნაკვეთი მუდმივ სარგებლობაში, სავაჭრო ობიექტის მშენებლობისათვის (ს.ფ. 7). აღნიშნულის შემდეგ ო. ხ-თვის გადაცემულ 12 კვ.მ მიწის ნაკვეთზე გაიცა მიწის (უძრავი ქონების) საკუთრების (იჯარის) სარეგისტრაციო მოწმობა (ს.ფ. 28). ჭიათურის რაიონის გამგეობის 2000 წლის 7 ივლისის ¹109/7 დადგენილებით დაკმაყოფილდა შპს “ჭ-ის” მოთხოვნა და მას დამატებით დაუმაგრდა 572 კვ.მ მიწის ნაკვეთი და არქიტექტურისა და მიწის მართვის სამსახურს დაევალა აღნიშნული ტერიტორიის გამიჯვნისა და სათანადო აქტით მიწათმოსარგებლეზე ჩაბარების უზრუნველყოფა. ჭიათურის რაიონის გამგეობის 2001 წლის 9 აგვისტოს ¹97/5 დადგენილების მიხედვით, ამავე გამგეობის მიერ შექმნილმა კომისიამ სპეციალისტებთან ერთად მოახდინა ტოპოგეგმის შედგენა. ამასთან, გათვალისწინებულ იქნა ხსენებული კომისიის წინადადება და დამტკიცდა წარმოდგენილი ტერიტორიის გეგმა (ს.ფ. 171). ჭიათურის რაიონის გამგეობის 2002 წლის 30 იანვრის ¹6/4 დადგენილების საფუძველზე შპს ,,ჭ-ს” სულ დაუმაგრდა 6200 კვ.მ მიწის ნაკვეთი თავდაპირველად გადაცემულ 5700 კვ.მ-ს დამატებით გადაცემული 572 კვ.მ მიწის ნაკვეთის გათვალისწინებით (ს.ფ. 22).
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, როგორც სააპელაციო სასამართლომ მართებულად აღნიშნა, საქმის მასალებით არ დასტურდება ზემოაღნიშნული 12 კვ.მ მიწის ნაკვეთის ჭ-დმი კუთვნილება, რადგან ჭიათურის რაიონის გამგეობის მიერ მისი გასხვისება მოხდა მანამ, სანამ იგი ჭ-ს დამატებით გამოყოფილ 572 კვ.მ მიწის ნაკვეთთან ერთად გადაეცემოდა.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ ო. ხ-ის სარჩელი არ იყო ხანდაზმული, რადგან საქმის მასალებით არ დასტურდებოდა ჭიათურის რაიონის გამგეობის 2002 წლის 30 იანვრის ¹6/4 დადგენილების ო. ხ-თვის ჩაბარების ფაქტი.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 172-ე მუხლის მოთხოვნები, ვინაიდან საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ ობიექტურად და სრულყოფილად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და შესაბამისად, არ დაურღვევია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მოთხოვნები.
საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ, რამდენადაც 12 კვ.მ მიწის ნაკვეთი იყო ო. ხ-ის საკუთრება, აღნიშნული ფართის იჯარით გაცემის უფლება ჭ-ს არ ჰქონდა, ხოლო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდებოდა ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეეძლო ხელის შემშლელისათვის მოეთხოვა ამ მოქმედების აღკვეთა, ხოლო, თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავაც გრძელდებოდა, მესაკუთრეს შეეძლო მოეთხოვა მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით.
საკასაციო სასამართლოს 2007 წლის 7 ნოემბრის სხდომაზე ო. ხ-ის წარმომადგენელმა ი. გ-ემ განმარტა, რომ კასატორს არ წარმოუდგენია დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომელიც გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს გააბათილებდა. ამასთან, ჭიათურის რაიონის გამგეობის 2001 წლის 9 აგვისტოს ¹97/2 დადგენილება სადავოდ არ გამხდარა და კანონიერ ძალაშია შესული. საკასაციო სასამართლო იზიარებს ო. ხ-ის წარმომადგენლის ხსენებულ განმარტებას და მიიჩნევს, რომ კასატორს არ წამოუყენებია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ო. ხ-ის სარჩელი არის საფუძვლიანი, რის გამოც სააპელაციო სასამართლომ მართებულად დააკმაყოფილა ო. ხ-ის სარჩელი ნაწილობრივ და სწორად ცნო ბათილად ჭიათურის რაიონის გამგეობის 2002 წლის 30 იანვრის ¹6/4 დადგენილება 12 კვ.მ მიწის ნაკვეთის შპს “ჭ-თვის” დამაგრების ნაწილში და რ. მ-ესა და თ. ხ-ს დაავალა ო. ხ-ის კუთვნილი 12 კვ.მ მიწის ნაკვეთიდან თავიანთი სავაჭრო ჯიხურების აღება და აღნიშნული ნაკვეთის ო. ხ-თვის თავისუფალ მდგომარეობაში ჩაბარება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი, რის გამოც გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს ,,ჭ-ის” საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 19 მარტის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.