ბს-483-460(კ-07) 31 ოქტომბერი, 2007წ.
თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის
საქმეთა პალატამ
შემადგენლობით:
ლალი ლაზარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შუახევის სარეგისტრაციო სამსახურის საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 14 მარტის განჩინებაზე. საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
ჟ. დ-ემ 2006 წლის 29 მაისს სასარჩელო განცხადებით მიმართა შუახევის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე საჯარო რეესტრის სააგენტოს შუახევის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა სასამართლო აღმასრულებლის 2003 წლის 7 მარტის განკარგულებით მისი გარდაცვლილი მეუღლის, ი. დ-ვის, ნატურით საკუთრებაში გადაცემული უძრავი ქონების _ შენობის საკუთრების უფლებით რეგიტრაცია, რომელიც მდებარეობს დაბა ...., .... ქ. ¹7-ში (ს.ფ. 2).
შუახევის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 16 ივნისის განჩინებით საქმეში მესამე პირად იქნა ჩაბმული შუახევის რაიონის გამგეობა, ამავე სასამართლოს 2006 წლის 11 ივლისის განჩინებით _ .... სამომხმარებლო კოოპერატივი, ჟ. გ-ე, მ. კ-ე, მ. თ-ე, ა. მ-ე, დ. ფ-ე, ი. ფ-ე და ი. ფ-ე, ხოლო ამავე სასამართლოს 2007 წლის 15 იანვრის განჩინებით _ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო (ს.ფ. 32; 48; 163-164).
შუახევის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილებით ჟ. დ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შუახევის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა დაბა ..., .... ქ. ¹7-ში არსებული უძრავი ქონების _ შენობის, შესაბამისი მიწის ნაკვეთით, რომელზეც ეს შენობა მდებარეობს და რომელიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სააღსრულებო ბიუროს სასამართლო აღმასრულებლის 2003 წლის 7 მარტის განკარგულებით ნატურით საკუთრებაში გადაეცა მოსარჩელის აწგარდაცვლილი მეუღლეს _ ი. დ-ეს, ჟ. დ-ის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრაცია (ს.ფ. 77-80).
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შუახევის სარეგისტრაციო სამსახურის, შუახევის რაიონის გამგეობის, .... სამომხმარებლო კოოპერატივის, ჟ. გ-ის, მ. კ-ის, მ. თ-ის ა. მ-ის, დ. ფ-ის, ი. ფ-ისა და ი. ფ-ის წარმომადგენელმა, რ. ფ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა (ს.ფ. 83).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 14 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და შუახევის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად (ს.ფ. 240-245).
აღნიშნულ განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შუახევის სარეგისტრაციო სამსახურის, შუახევის რაიონის გამგეობის, ... სამომხმარებლო კოოპერატივის, ჟ. გ-ის, მ. კ-ის, მ. თ-ის ა. მ-ის, დ. ფ-ის, ი. ფ-ისა და ი. ფ-ის წარმომადგენელმა, რ. ფ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა (ს.ფ. 288).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 28 ივნისის განჩინებით კასატორს დაევალა საკასაციო საჩივრის ხარვეზის შევსება, კერძოდ: აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში ..... სამომხმარებლო კოოპერატივის მიერ 300 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის, ადვოკატთა ტესტირების გავლისა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში გაწევრიანების დამადასტურებელი საბუთის, .... სამომხმარებლო კოოპერატივისა და შუახევის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ მის სახელზე გაცემული მინდობილობებისა და დასაბუთებული საკასაციო საჩივრის სათანადო ასლების დართვით წარმოდგენა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2007 წლის 29 ივნისის განჩინებით ჟ. გ-ის, მ. კ-ის, მ. თ-ის, ა. მ-ის, დ. ფ-ის, ი. ფ-ის, ი. ფ-ის, .... სამომხმარებლო კოოპერატივისა და შუახევის რაიონის გამგეობის ნაწილში რ. ფ-ის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად, ხოლო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შუახევის სარეგისტრაციო სამსახურის საკასაციო საჩივრის ნაწილში რ. ფ-ეს გაუგრძელდა ხარვეზის შესავსებად მიცემული ვადა და დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ... სარეგისტრაციო სამსახურის მიერ მისთვის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების დამადასტურებელი დოკუმენტის ან უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ ხელმოწერილი საკასაციო საჩივრის წარმოდგენა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შუახევის სარეგისტრაციო სამსახურს 2007 წლის 6 ივლისს ჩაბარდა (ს.ფ. 331), ხოლო რ. ფ-ეს _ 9 ივლისს (ს.ფ. 332), თუმცა მათ ხარვეზის შევსების თაობაზე განცხადებით სასამართლოსათვის დღემდე არ მოუმართავთ და არც ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების თაობაზე შუამდგომლობა წარმოუდგენიათ. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ... სარეგისტრაციო სამსახურის საკასაციო საჩივარი, მითითებული ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო, დაუშვებლობის მოტივით, განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად.
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს .... სარეგისტრაციო სამსახურის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 14 მარტის განჩინებაზე განუხილველად იქნეს დატოვებული;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.