Facebook Twitter

ბს-484-461(კ-07) 11 ოქტომბერი, 2007 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე, (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ლალი ლაზარაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ნ. კ-ემ 25.04.06წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ და თავდაცვის ეროვნული აკადემიიდან ცნობის გამოთხოვა მასზე კუთვნილი 2005 წლის სანივთე ქონების ფულადი კომპენსაციის შესახებ და მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ, 2002-2005 წ.წ. სანივთე ქონების ფულადი კომპენსაციის დავალიანების _ 993 ლარისა და 15 თეთრის (აღნიშნულ თანხას უნდა დამატებოდა 2005 წლის ფულადი კომპენსაციის რაოდენობა) გადახდა მოითხოვა.

მოსარჩელემ მიუთითა, რომ მსახურობს თავდაცვის სამინისტროს ეროვნულ აკადემიაში, სამედიცინო სამსახურის მორიგე მედდად. სამსახურის გავლის პერიოდში მიუღებელი აქვს 2002-2005 წლების სანივთე ქონების ფულადი კომპენსაცია. თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებულმა «თავდაცვის ეროვნულმა აკადემიამ», აღიარა ზემოაღნიშნული ვალის არსებობა, დაიანგარიშა თანხობრივად და ცნობის სახით გასცა მოსარჩელეზე ოფიციალური საბუთი (2005 წლის გარდა). თავდაცვის ეროვნულმა აკადემიამ მოსარჩელეს სასამართლოს მოთხოვნის გარეშე 2005 წლის ცნობის გაცემაზე უარი უთხრა. ამასთან, მოსარჩელემ მიუთითა, რომ მოპასუხემ 2002-2003 წლების სანივთე ქონების კომპენსაციის შესახებ ცნობა გასცა მისი მოთხოვნის საფუძველზე 16.12.04წ. ამიტომ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 137-ე და 141-ე მუხლების თანახმად, ხანდაზმულობის ვადა შეწყვეტილად უნდა ჩათვლოდა და მისი ათვლა ხელმეორედ უნდა დაწყებულიყო ზემოაღნიშნული თარიღიდან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 24.08.06წ. გადაწყვეტილებით ნ. კ-ის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაეკისრა 2003-2005 წლების მიუღებელი ნორმით გათვალისწინებული სანივთე ქონების კომპენსაციის _ 811 ლარის გადახდა ნ. კ-ის სასარგებლოდ, მოსარჩელეს უარი ეთქვა 2002 წლის მიუღებელი ნორმით გათვალისწინებული სანივთე ქონების კომპენსაციის _ 385 ლარის ანაზღაურებაზე.

საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ, ვინაიდან მოპასუხე მხარის მიერ სადავოდ არ არის გამხდარი მოსარჩელის მიმართ დავალიანების არსებობა, ხოლო ის გარემოება, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს არ მიუღია ასიგნება არ წარმოადგენს მოპასუხის მიმართ მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს. ამასთან, საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2003-2005 წლების მიუღებელი სანივთე ქონების კომპენსაციის ანაზღაურების ნაწილში მოსარჩელე ნ. კ-ეს გაშვებული არ ჰქონდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა, რის გამოც სასამართლომ მიიჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა აღნიშნულ ნაწილში საფუძვლიანი იყო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 24.08.06წ. გადაწყვეტილება 06.09.06წ. სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომლითაც აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.04.07წ. განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 24.08.06წ. გადაწყვეტილება.

განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს. სააპელაციო პალატა სრულად დაეთანხმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს სამართლებრივ შეფასებებს და მიაჩნია, რომ ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება კანონიერია და შესაბამისად, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ 07.05.07წ. საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, რომლითაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.04.07წ. განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ნ. კ-თვის სანივთე ქონების კომპენსაციის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ განჩინების გამოტანისას არასწორად განმარტა კანონი, ვინაიდან სამხედრო მოსამსახურე სრულ სახელმწიფო კმაყოფაზე იმყოფება და მას «სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ» საქართველოს კანონის 12.3 მუხლის შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სახელმწიფოს ხარჯზე, ეძლევა ფორმის ტანსაცმელი და შესაბამისი ფულადი კომპენსაცია. ეს დათქმა მხოლოდ მოქმედ სამხედრო მოსამსახურეებს ეხება და არ შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს ყოფილ სამხედრო პირებზე, რომლებსაც არ ესაჭიროებათ ფორმის ტანსაცმელი და შესაბამისად, კომპენსაციის მოთხოვნაც მათი მხრიდან უსაფუძვლოა. «სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ» საქართველოს კანონი ფორმის ტანსაცმლის პირადი სახსრებით შეძენისა და გამოყენების დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენის ვალდებულებას არ ითვალისწინებს, რადგან ცალსახად, მოქმედ სამხედრო მოსამსახურეთათვის არც არის სავალდებულო სამსახურის პერიოდში ზემოხსენებული მტკიცებულებების წარდგენა. სამსახური სამხედრო პირებს, ბიუჯეტისა და შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყოფს ფორმითა და აღჭურვილობით. ამასთან, კასატორმა აღნიშნა, რომ სასამართლომ არ გაითვალისწინა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მწირი შესაძლებლობები და სახელმწიფო ბიუჯეტში სანივთე ქონების კომპენსაციის არარსებობა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიაჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.