Facebook Twitter

ბს-484-463(კ-08) 5 ნოემბერი, 2008წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მარიამ ცისკაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე (მოსამართლეები)

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ რ. მ-ი (მოსარჩელე)

დავის საგანი – ჯანმრთელობისათვის ვნებით მიყენებული ზიანის ანაზღაურება

გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 4 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

რ. მ-მა 2006 წლის 17 თებერვალს სარჩელით მიმართა სასამართლოს, მოპასუხე საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს, მესამე პირების – საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის სალიკვიდაციო კომისიის მიმართ და მოითხოვა ჯანმრთელობისათვის ვნებით მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

მოსარჩელემ განმარტა, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 26 ივნისის ¹872 განკარგულებით „საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის სალიკვიდაციო კომისიის შექმნის შესახებ“ მე-3 მუხლის დებულებათა თანახმად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაევალა საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სისტემაში პროფდაავადებულ, დასახიჩრებულ და მარჩენალდაკარგულ პირთა მიმართ არსებული დავალიანებებისა და ამ კატეგორიისათვის სასამართლო გადაწყვეტილებით მიკუთვნილი თანხების დაფარვა სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის სალიკვიდაციო კომისიის წარდგენის საფუძველზე.

მოსარჩელემ ასევე განმარტა, რომ იგი 1958-1994 წლებში მუშაობდა საქართველოს სამოქალაქო ავიაციაში სხვადასხვა ტიპის საჰაერო ხომალდების ........ თანამდებობაზე, ხოლო 1992-1993 წლებში ასრულებდა თბილისის გაერთიანებული ავიარაზმის მე-2 ეკსკადრილიისა და სპეციალური სატრანსპორტო ავიაჯგუფის ......... მოვალეობებს. აქვს საერთო საფრენოსნო გამომუშავების 20568 საათი, წარჩინებული მუშაობისათვის დაჯილდოებულია სახელმწიფო ჯილდოებით. სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისათვის ბრძოლაში გამოყენილი მამაცობის, თავდადებისა და მაღალი პროფესიონალიზმისათვის საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 1 ნოემბრის ¹612 ბრძანებულებით დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის მე-3 ხარისხის ორდენით. საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის ცენტრალური ბიუროს 2005 წლის 20 სექტემბრის დასკვნის თანახმად, მას დაუდგინდა კოხლეარული ნევრიტის ტიპის პროფესიული ხასიათის დაავადება – სმენის დაქვეითებით 40%-ით. აღნიშნული დაავადების ნიშნული დაფიქსირებულია სამედიცინო საფრენოსნო კომისიის 1999 წლის 23 მარტის დათვალიერების ¹41 ოქმსა და შემდგომ წლებში გადაღებულ აუდიოგრამებში, ხოლო 2005 წლის 14 ივლისს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ....... სახელობის შრომის, მედიცინისა და ეკოლოგიის სამედიცინო-კვლევითი ინსტიტუტის ¹201 შეტყობინების თანახმად, მას დაუდგინდა – პროფესიული ხასიათის ორმხრივი კოხრეარული ნევრიტი, სმენის დაქვეითებით. იგივე დიაგნოზი დაუდგინდა 2005 წლის 18 მაისს თბილისის ........ რაიონის სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის ბიუროს მიერ და მიეკუთვნა მე-2 ჯგუფის ინვალიდობა უვადოდ, 40%-ით შრომისუნარიანობის დაქვეითებით.

„შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის ¹48 ბრძანებულების 33-ე მუხლის შესაბამისად, მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად გამოწვეული ზიანისათვის დაზარალებულს დამქირავებელმა უნდა გადაუხადოს ყოველთვიური სარჩო, ამავე ბრძანებულების მე-11 მუხლის თანახმად, რომელიც დაიანგარიშება აღნიშნული ბრძანებულების მე-2 თავით და 2003 წლის 11 ნოემბრის ¹443 ბრძანებულებით.

მოსარჩელემ მიიჩნია, რომ ზარალის ასანაზღაურებელი თანხა დაიანგარიშება სახელმწიფო ქონების ბაზაზე შექმნილი ავიაკომპანიის მიერ გაცემული ცნობის შესაბამისად და უნდა შეადგენდეს საჰაერო ხომალდის „ტუ-154-ის“ ....... ხელფასს, საშუალოდ 1046 ლარს, საიდანაც მას, როგორც პროფდაავადებულს, ეკუთვნის აღნიშნული თანხის 40%, ე.ი. 418,55 ლარი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მიმართა ავიაციის ადმინისტრაციის სალიკვიდაციო კომისიას განცხადებით – პროფდაავადებით მიყენებული ზიანის ანაზღაურებისათვის სარჩოს დანიშვნის მოთხოვნით, რაზეც ეთქვა უარი იმ მოტივით, რომ სალიკვიდაციო კომისიის უფლებამოსიელბა არ არის დანიშნოს პროფდაავადების ან ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანისათვის სარჩო და რეკომენდაცია მისცა მიემართა ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს სამართალმემკვიდრისათვის ან სასამართლოსთვის სარჩელით.

მოსარჩელემ მიუთითა, რომ მან პროფდაავადება მიიღო საბჭოთა კავშირის ავიაციის სისტემაში მუშაობისას, ხოლო დღეს მომუშავე ავიაკომპანიები არ არიან აეროფლოტის სისტემის სამართალმემკვიდრეები. ასეთ შემთხვევაში კი საქართველოს პრეზიდენტის 09.02.99 ¹48 ბრძანებულების ¹42 მუხლის დებულებათა თანახმად, ეს მოვალეობა ეკისრება უფლებამონაცვლეს “საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის და საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ივლისის ¹225 ბრძანებულების თანახმად განხორციელდა ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს ლიკვიდაცია, იგი სტრუქტურული ერთეულის სახით შევიდა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროში და შესაბამისად, ამ სამინისტროზე გადავიდა ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს სამართალმემკვიდრეობის უფლებამონაცვლეობა, ე.ი. უფლებამონაცვლეს წარმოადგენს მოპასუხე – საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო. მოსარჩელემ მოითხოვა საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის ¹48 ბრძანებულებისა და 2002 წლის 26 თებერვლის ¹872 განკარგულების დებულებათა საფუძველზე დაეკისროს მოპასუხე – საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს, როგორც საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის სამართალმემკვიდრეს, მის სასარგებლოდ ყოველთვიურად ჯანმრთელობისთვის ვნებით მიყენებული ზიანის ანაზღაურება 2005 წლის 18 მაისიდან უვადოდ, 418.55 ლარის ოდენობით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 22 მაისის გადაწყვეტილებით რ. მ-ის სარჩელი მოპასუხე საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს, მესამე პირების – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის სალიკვიდაციო კომისიის მიმართ დაკმაყოფილდა; მოპასუხე საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დაევალა მოსარჩელე რ. მ-ის მიმართ პროფდაავადებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მიზნით, 2005 წლის 18 მაისიდან 418 ლარისა და 55 თეთრის ყოველთვიურად გადახდა.

პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ რ. მ-ი 1958-1994 წლებში მუშაობდა საქართველოს სამოქალაქო ავიაციაში სხვადასხვა ტიპის საჰაერო ხომალდების ........ თანამდებობაზე, ხოლო 1992-1993 წლებში ასრულებდა თბილისის გაერთიანებული ავიარაზმის მე-2 ესკადრილიისა და სპეციალური სატრანსპორტო ავიაჯგუფის ....... მოვალეობებს, აქვს საფრენოსნო გამომუშავების 20568 საათი. საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის სამედიცინო სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის ცენტრალური ბიუროს 2005 წლის 20 სექტემბრის დასკვნის თანახმად, მოსარჩელეს დაუდგინდა კოხრეალური ნევრიტის ტიპის პროფესიული ხასიათის დაავადება – სმენის ორმხრივი დაქვეითებით, უვადოდ, პროფესიული შრომისუნარიანობის 40%-ის დაქვეითებით. 2005 წლის 14 ივლისს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისათვის და სოციალური დაცვის სამინისტროს მახვილაძის სახელობის შრომის მედიცინისა და ეკოლოგიის სამედიცინო-კვლევითი ინსტიტუტის ¹201 შეტყობინების თანახმად, მას დაუდგინდა პროფესიული ხასიათის ორმხრივი კოხრეარული ნევრიტი, სმენის დაქვეითებით. იგივე დიაგნოზი დაუდგინდა 2005 წლის 18 მაისს თბილისის ........ რაიონის სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის ბიუროს მიერ. მოსარჩელეს მიეკუთვნა მე-2 ჯგუფის ინვალიდობა უვადოდ, 40%-ით შრომისუნარიანობის დაქვეითებით.

„შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის ¹48 ბრძანებულების მე-2 მუხლის საფუძველზე, დამქირავებელი მატერიალურად პასუხისმგებელია მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანისათვის, აგრეთვე იმ საწარმოო ტრავმისათვის, რომელიც მოხდა შრომითი მოვალეობის შესრულებისას ორგანიზაციის ტერიტორიაზე ან მის ფარგლებს გარეთ, აგრეთვე სამუშაოზე, ან სამუშაოს შემდეგ მგზავრობისას დამქირავებლის მიერ გამოყოფილ ტრანსპორტზე. ამავე ბრძანებულების მე-3 მუხლის თანახმად, სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად დაზარალებულს ყოველთვიური სარჩოს გადახდით ზიანი უნდა აუნაზღაუროს დამქირავებელმა, რომელთანაც იგი ზიანის მიყენების დროს შრომის ურთიერთობაში იმყოფებოდა ამ უკანასკნელის ბრალის არსებობის შემთხვევაში. პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელეს პროფდაავადება დაუდგინდა 1999 წელს. ამავე წლის ¹48 ბრძანებულების 42-ე მუხლის შესაბამისად, საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის რეორგანიზაციის (შერწყმა, შეერთება, გაყოფა, გამოყოფა, გარდაქმნა) შემთხვევაში განცხადება უნდა იქნეს შეტანილი მის უფლებამონაცვლე ორგანიზაციაში, რომელიც ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი. სასამართლომ მიუთითა, რ. მ-ი მუშაობდა საქართველოს სამოქალაქო ავიაციაში სხვადასხვა ტიპის საჰაერო ხომალდების ........ თანამდებობაზე, რომლის დამქირავებელი საბოლოოდ იყო ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაცია (როგორც საბჭოთა კავშირის სამოქალაქო ავიაციის სამმართველოს სამართალმემკვიდრე).

პირველი ინსტანციის სასამართლომ ჩათვალა, რომ „ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროს სახელმწიფო მართვისა და რეგულირების წესის შესახებ“ საქართველოს 2001 წლის 20 ივლისის 1012-რს კანონის მე-9 მუხლის საფუძველზე, ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტროს 2001 წლის 28 დეკემბრის ¹10 ბრძანების შესაბამისად შეიქმნა „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაცია“, რომლის დებულების პირველი პუნქტის თანახმად, ახლად შექმნილი ადმინისტრაცია არ წარმოადგენს საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 29 ივნისის ¹279 ბრძანებულების შესაბამისად ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს სისტემის სტრუქტურული ერთეულის – სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის სამართალმემკვიდრეს.

სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 26 ივნისის ¹872 განკარგულებით შეიქმნა ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის სალიკვიდაციო კომისია და ამავე განკარგულების მე-3 მუხლის „ბ“ პუნქტის თანახმად, ფინანსთა სამინისტრომ უზრუნველყო საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის პროფდაავადებულ და ამ კატეგორიის მუშაკთა მიმართ სასამართლო გადაწყვეტილებებით მიკუთვნებული თანხების დაფარვა. სასამართლომ ჩათვალა, რომ ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის ლიკვიდაციის მიმდინარეობის პერიოდში „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ 2004 წლის 1 თებერვლის ¹3277-ის საქართველოს კანონის 35-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე შეიქმნა ინფრასტრუქტურისა და განვითარების სამინისტრო და მისი მმართველობის სფეროში გაერთიანდა ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტრო. ამავე კანონის 35-ე მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, ამ მუხლის (ე.ი. 35-ე მუხლის) საფუძველზე შექმნილი სამინისტროები ჩაითვალა ლიკვიდირებული დაწესებულებების უფლებამონაცვლედ, ამასთანავე, მე-9 პუნქტის თანახმად, ლიკვიდაციას დაქვემდებარებული დაწესებულებების ხელმძღვანელთა მიერ გამოცემულ აქტებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის, აგრეთვე, მათი გაუქმების უფლებამოსილება მიენიჭა მათ უფლებამონაცვლე სამინისტროებს. გარდა აღნიშნულისა „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 6 მარტის ¹81 ბრძანებულების პირველი პუნქტის თანახმად, განხორციელდა საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს ლიკვიდაცია, მე-2 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდა სალიკვიდაციო კომისია, მე-14 პუნქტმა კი განსაზღვრა საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს უფლებამონაცვლე-ინფრასტრუქტურისა და განვითარების სამინისტრო. ასევე „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს 2004 წლის 11 თებერვლის ¹3277-ის კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის (195) კანონის მე-2 მუხლით საქართველოს მთავრობას დაევალა 2 თვის ვადაში უზრუნველყოს: ა) საქართველოს ინფრასტრუქტურისა და განვითარების სამინისტროს ლიკვიდაციასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება და ქონების საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსათვის გადაცემა, ასევე საქართველოს ინფრასტრუქტურისა და განვითარების სამინისტროს სისტემის უფლებამოსილების შესაბამისი გათვალისწინება საქართველოს ეკონომიკური სამინისტროს დებულებაში.

პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებით „საქართველოს ინფრასტრუქტურისა და განვითარების სამინისტროს სალიკვიდაციო ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების თაობაზე საქართველოს მთავრობამ 2004 წლის 22 ივნისს გამოსცა ¹80 განკარგულება, შესაბამისად, კანონში შეტანილ ზემოაღნიშნულ ცვლილებებს გავლენა არ მოუხდენია და არც შეუცვლია 35-ე მუხლის მე-8 და მე-9 პუნქტების დებულებები, რაც, სასამართლოს მითითებით, იმას ნიშნავს, რომ 35-ე მუხლის საფუძველზე შექმნილი სამინისტროები ისევ ჩაითვალა ლიკვიდირებული დაწესებულებების უფლებამონაცვლედ.

სასამართლომ მიუთითა ასევე, რომ ¹48 ბრძანებულების მე-11 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დაზარალებულს ზიანი უნაზღაურდება ყოველთვიური სარჩოს გადახდით, იმ ვადით, რა ვადითაც დადგენილი აქვს შრომის უნარის ხარისხის დაკარგვა, მიუხედავად იმისა, მინიჭებული აქვს თუ არა ინვალიდობის ჯგუფი. ამავე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ზიანი ანაზღაურდება იგივე ან იმავე თანრიგის ნებისმიერი სპეციალობის მუშაკის ბოლო 3 თვის სრულად ნამუშევარი ფაქტობრივად მიუღებელი საშუალო ხელფასიდან იმ ოდენობით, რამდენი პროცენტითაც დაკარგული აქვს შრომის უნარის ხარისხი. მოსარჩელეს შრომის უნარის ხარისხის დაკარგვა 2005 წლის 20 სექტემბრიდან დაუდგინდა 40% საჰაერო ხომალდ „ტუ-154-ის“ მფრინავის ....... შემადგენლობის საშუალო ხელფასი შეადგენს 1046 ლარს, რომლის 40% 418.55 ლარია.

ზემოაღნიშნულ განჩინებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 4 მარტის განჩინებით საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 22 მაისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს და სრულად დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებსა და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 4 მარტის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:

კასატორმა მიუთითა, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 29 ივნისის ¹279 ბრძანებულებით დამტკიცებულ იქნა საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს დებულება. აღნიშნული დებულების თანახმად, სამინისტროს სისტემაში შემავალ სტრუქტურულ ერთეულს წარმოადგენდა სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაცია, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 4 იანვრის ¹1 ბრძანებულების მე-2 პუნქტის შესაბამისად ლიკვიდირებულ იქნა და “საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის სალიკვიდაციო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 26 ივნისის ¹872 განკარგულების საფუძველზე შეიქმნა საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციის სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის სალიკვიდაციო კომისია.

აღნიშნული განკარგულების საფუძველზე საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაევალა დაეფარა საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის პროფდაავადებულ, დასახიჩრებულ, მარჩენალდაკარგულ პირთა მიმართ არსებული დავალიანებებისა და ამ კატეგორიისათვის სასამართლო გადაწყვეტილებით მიკუთვნებული თანხების გადახდა. ამასთან, აღნიშნული ზიანის ანაზღაურება უნდა განხორციელდეს შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის ¹48 ბრძანებულების თანახმად.

აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორს მიაჩნია, რომ იმ შემთხვევაში, თუ იარსებებს ზემოხსენებული გარემოებები, მხოლოდ საქართველოს ფინანსთა სამინისტროა ვალდებული, უზრუნველყოს ამ სახის ზიანის ანაზღაურება.

კასატორს საყურადღებოდ მიაჩნია ის გარემოებაც, რომ საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის 2001 წლის 28 დეკემბრის ¹110 ბრძანებით, დამტკიცებულ იქნა საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის დებულება, რომლის თანახმადაც, ავიაციის ფუნქციები გადაეცა სსიპ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციას.

კასატორის მითითებით, აღნიშნულ დებულებაში ცალსახად არის აღნიშნული, რომ სსიპ საქართველოს სამოქალაქო ავიათციის ადმინისტრაცია არ წარმოადგენს საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს სისტემის სტრუქტურული ერთეულის სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის სამართალმემკვიდრეს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორს მიაჩნია რომ საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის სამართალმემკვიდრე დაწესებულება აღარ არსებობს. ასევე, არც საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროა საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს სამართალმემკვიდრე, რადგან საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 29 ივნისის ¹279 ბრძანებულების საფუძველზე დამტკიცებული „საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს დებულება“ გაუქმდა საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 4 იანვრის ¹1 ბრძანებულებით „საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს დებულებისა და სტრუქტურის შესახებ“.

კასატორის მითითებით „საქართველოს მთავრობის, სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის მე-3 პუნქტის, საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 6 მარტის ¹81 ბრძანებულების „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებისთვის განსახორციელებელ ღონისძიებათა თაობაზე საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 6 მარტის ¹81 ბრძანებულების პირველი პუნქტის თანახმად, განხორციელდა საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს ლიკვიდაცია, ხოლო „საქართველოს მთავრობის, სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე, საქართველოს კანონის თანახმად კი, საქართველოს ინფრასტრუქტურისა და განვითარების სამინისტროს ლიკვიდაცია.

ყოველივე ზემოხსენებულიდან გამომდინარე, შეუძლებლად მიაჩნია კასატორს, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო წარმოადგენდეს საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის უფლებამონაცვლეს და სამართალმემკვიდრეს. კასატორი ყურადღებას ამახვილებს ასევე იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის ¹48 ბრძანებულებით დამტკიცებული შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის მე-2 მუხლით, მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად მიყენებული ზიანისათვის მატერიალურად პასუხისგებელია დამქირავებელი, ხოლო 41-ე მუხლის მიხედვით კი, განცხადება შეიტანება დამქირავებლის სახელზე.

ყოველივე ზემოხსენებულიდან გამომდინარე, კასატორს საფუძველს მოკლებულად მიაჩნია მოსარჩელის მოთხოვნა სამინისტროსათვის, როგორც საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის სამართალმემკვდრისათვის, ყოველთვიურად ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ.

ასევე არასწორად მიაჩნია კასატორს მოსარჩელის მითითება საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის ¹48 ბრძანებულებით დამტკიცებულ „შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის“ 42-ე მუხლზე, რადგან აღნიშნულ მუხლში საუბარია საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის რეორგანიზაციაზე (შერწყმა, შეერთება, გაყოფა, გამოყოფა, გარდაქმნა) და არა ლიკვიდაციაზე. მოცემულ შემთხვევაში როგორც უკვე აღინიშნა, განხორციელდა საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის ლიკვიდაცია და არა რეორგანიზაცია და შესაბამისად, მას სამართალმემკვიდრე ორგანიზაცია არ დარჩენია.

ამასთან, საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 მარტის ¹53 დადგენილებით „შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ“ მე-2 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დამსაქმებლის (მათ შორის სამინისტროს, საქვეუწყებო დაწესებულების, სტრუქტურული ერთეულის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის) გაკოტრების ან ლიკვიდაციის შემთხვევაში წყდება დანიშნული „ზიანის ანაზღაურების ყოველთვიური სარჩოს“ გაცემის ვალდებულება, ე.ი. ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, ფაქტობრივად, ისპობა. ამავე დადგენილების პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ზიანი ანაზღაურდება, თუ იგი გამოწვეულია დამსაქმებლის ბრალეული მოქმედებით და შრომის კოდექსი და სამოქალაქო კოდექსი ითვალისწინებს ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას ასეთი მოქმედებისათვის. სამოქალაქო-სამრთლებრივი პასუხისმგებლობის დადგომის საფუძველს წარმოადგენს ზიანის მიმყენებლის არამართლზომიერი მოქმედება ან უმოქმედობა, არამართლზომიერ მოქმედებასა და ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირი და ზიანის მიმყენებლის ბრალი. მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის ზიანის ფორმალური შემადგენლობის არც ერთი ჩამონათვალი. კასატორი თვლის, რომ მოსარჩელე არ შეიძლება ჩაითვალოს პირად, რომელიც რაიმე სამართლებრივ ურთიერთობაში იმყოფებოდა სამინისტროსთან.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაბუთებულობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს; მოცემულ საქმეზე გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 4 მარტის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ რ. მ-ი 1958-1994 წლებში მუშაობდა საქართველოს სამოქალაქო ავიაციაში სხვადასხვა ტიპის საჰაერო ხომალდების ....... თანამდებობაზე, ხოლო 1992-1993 წლებში ასრულებდა თბილისის გაერთიანებული ავიარაზმის მე-2 ესკადრილიისა და სპეციალური სატრანსპორტო ავიაჯგუფის ....... მოვალეობებს, აქვს საფრენოსნო გამომუშავების 20568 საათი. საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ცენტრალური ბიუროს 2005 წლის 20 სექტემბრის დასკვნის თანახმად, მოსარჩელეს დაუდგინდა კოხრეალური ნევრიტის ტიპის პროფესიული ხასიათის დაავადება – სმენის ორმხრივი დაქვეითებით, უვადოდ, პროფესიული შრომისუნარიანობის 40%-ის დაქვეითებით. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისათვის და სოციალური დაცვის სამინისტროს ს/ს ........ სახელობის შრომის მედიცინისა და ეკოლოგიის სამცნიერო კვლევითი ინსტიტუტის 2005 წლის 14 ივლისის ¹201 შეტყობინების თანახმად, მას დაუდგინდა პროფესიული ხასიათის ორმხრივი კოხლეარული ნევრიტი, სმენის დაქვეითებით; ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატამ სწორად ჩათვალა, რომ რ. მ-ს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების გამო გააჩნია ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.

როგორც საქმის მასალებით ირკვევა, რ. მ-მა სარჩელით მოითხოვა “შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის ¹48 ბრძანებულების საფუძველზე საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსათვის მის სასარგებლოდ ყოველთვიურად ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება 2005 წლის 18 მაისიდან უვადოდ-418,55 ლარის ოდენობით. სააპელაციო სასამართლომ ამ ბრძანებულების 42-ე პუნქტზე მითითებით სარჩელი საფუძვლიანად მიიჩნია, მაგრამ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 6 თებერვლის ¹93 ბრძანებულებით ძალადაკარგულად გამოცხადდა “შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის ¹48 ბრძანებულება; საქართველოს მთავრობას დაევალა 2007 წლის 1 მარტამდე შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ ნორმატიული აქტის მიღება; ბრძანებულების პირველი პუნქტი ამოქმედდა 2007 წლის პირველი მარტიდან. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 მარტის ¹53 დადგენილებით დამტკიცებული “შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესის” მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, დამსაქმებლის (მათ შორის სამინისტროს, საქვეუწყებო დაწესებულების, სტრუქტურული ერთეულის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის) გაკოტრების ან ლიკვიდაციის შემთხვევაში წყდება დანიშნული ზიანის ანაზღაურების ყოველთვიური სარჩოს გაცემის ვალდებულება. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სააპელაციო სასამართლომ საერთოდ არ გამოიყენა “შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 მარტის ¹53 დადგენილება და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა არ შეამოწმა ამ დადგენილებით დამტკიცებული წესის საფუძველზე, რის გამოც საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რის გამოც იგი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის ,,ე1” პუნქტის თანახმად, კანონის დარღვევით მიღებულად უნდა ჩაითვალოს.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ თუ მოცემული საქმის ხელახალი განხილვისას სააპელაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 მარტის ¹53 დადგენილებით დამტკიცებული “შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესის” თანახმად რ. მ-ს არ აქვს სარჩოს მიღების უფლება, მაშინ სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს ის გარემოება, რომ სამოქალაქო ავიაციის იმ თანამშრომლების სოციალური უფლებები, რომელთა ჯანმრთელობასაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიადგია ზიანი, სპეციალურადაა დაცული “სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონით. ამ კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის გამო კომპენსაცია ენიშნებათ ამ კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის “ა”, “დ1”, “ე”, “ვ” და “ლ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ პირებს, რომელთა შესაძლებლობების შეზღუდვა დაკავშირებულია სამსახურებრივი უფლებამოსილების პერიოდთან; ამავე კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის “ლ” ქვეპუნქტის თანახმად კი ამ კანონის შესაბამისად კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების უფლება აქვთ სამოქალაქო ავიაციის მოსამსახურეებს. აღნიშნული კანონის მე-17 მუხლის მე-4 პუნქტი კი ადგენს სამოქალაქო ავიაციის მოსამსახურეების შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის დადგენის გამო კომპენსაციის გაანგარიშების წესს; ზემოხსენებულ ნორმაში მითითებულია, რომ ამ კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის “ლ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირთათვის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის გამო კომპენსაციის ოდენობაა: ა) მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის შემთხვევაში_ამ კანონის 151 მუხლით განსაზღვრული შესაბამისი კატეგორიებისათვის დადგენილი სახელმწიფო კომპენსაციის 70 %; ბ) მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის შემთხვევაში _ამ კანონის 151 მუხლით განსაზღვრული შესაბამისი კატეგორიებისათვის დადგენილი სახელმწიფო კომპენსაციის 80 %. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ მოცემული საქმის ხელახალი განხილვისას ასევე უნდა შეამოწმოს “სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად რ. მ-ის სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი;

2. გაუქმდეს მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 4 მარტის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.