¹ბს-48-46(კ-07) 4 აპრილი, 2007 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე),
ნინო ქადაგიძე (მომხსენებელი), ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ქუთაისის საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 24 ოქტომბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2006 წლის 12 ივლისს ზ. ა-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ქ. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე ქ. ქუთაისის საგადასახადო ინსპექციის მიმართ სახელფასო დავალიანების გადახდის თაობაზე.
მოსარჩელე სასარჩელო განცხადებაში მიუთითებდა, რომ 2001 წლის 5 ნოემბრიდან 2004 წლის ივნისამდე მუშაობდა ზესტაფონის ზონალურ საგადასახადო ინსპექციაში მიწის გადასახადის ამკრები ინსპექტორის თანამდებობაზე, მისი ხელფასი შეადგენდა 38 ლარს.
ქუთაისის საგადასახადო ინსპექციის ადმინისტრაციის 2004 წლის ¹01-09/32 ბრძანების საფუძველზე მას შეუწყვიტეს შრომითი ხელშეკრულება, ხოლო ხელშეკრულების შეწყვეტისთანავე მოპასუხე ვალდებული იყო მოეხდინა მასთან საბოლოო ანგარიშსწორება და მიეცა სახელფასო დავალიანება, რაც მიუღებელი ჰქონდა 2003 წლის მარტიდან და შეადგენდა 380 ლარს.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვდა ქუთაისის საგადასახადო ინსპექციას მის სასარგებლოდ დაკისრებოდა სახელფასო დავალიანების _ 380 ლარის ანაზღაურება.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 4 აგვისტოს გადაწყვეტილებით ზ. ა-ის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ქუთაისის საგადასახადო ინსპექციას ზ. ა-ის სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო დავალიანების - 380 ლარის გადახდა.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ქუთაისის საგადასახადო ინსპექციამ.
აპელანტი სააპელაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემობანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებს და შესაგებელს, ხოლო ამავე კოდექსის 103-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუU მხარემ ამა თუ იმ მიზეზით ვერ შეძლო მტკიცებულებების უშუალოდ მიღება და სასამართლოში წარდგენა, მხარეთა შუამდგომლობით სასამართლოს შეუძლია თვითონ გამოითხოვოს მტკიცებულებები.
მოსარჩელეს კი არ წარმოუდგენია და არც საქმეში მოიპოვება მისი თანამდებობაზე დანიშვნისა და გათავისუფლების ბრძანებები, ამონაწერი მოხელის შრომის წიგნაკიდან, შესაბამისად დაუდგენელია, თუ დროის რა პერიოდში მუშაობდა იგი დაკავებულ თანამდებობაზე. ასევე დაუდგენელია, და საქმეში არ მოიპოვება არავითარი მტკიცებულება, თუ რამდენს შეადგენდა მოხელის თანამდებობრივი სარგო და რა პერიოდის მიუღებელი სახელფასო დავალიანება გააჩნია მოსარჩელეს.
აპელანტის განმარტებით, საქალაქო სასამართლომ საქმე ისე განიხილა და გადაწყვიტა მოსამზადებელ სხდომაზე, რომ საერთოდ არ დაუნიშნავს მთავრი სხდომა, რაც არსებითად ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით განმტკიცებულ პრინციპეპს.
სასამართლოს საერთოდ არ უმსჯელია იმ ფაქტობრივ გარემოებებზე, თუ რატომ იქნა დასახელებული ქუთაისის საგადასახადო ინსპექცია მოპასუხედ, მაშინ როცა საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო მიწით სარგებლობის გადასახადის შესახებ საქართველოს სახელმწიფო მეთაურის 1994 წლის 18 დეკემბრის ¹398 ბრძანებულების შესარულებლად მიწის სარგებლობისათვის გადასახადის გაწერისა და დროულად აკრეფის მიზნით, შემოღებულ იქნა ახალი საშტატო ერთეულები, რომლებიც თავის მხრივ, რეგულირდებოდა საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საგადასახადო სამსახურის 1995 წლის 31 იანვრის ¹9 ბრძანებით. ზემოაღნიშნული ბრძანების განმარტების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საგადასახადო სამსახურის მიერ 1995 წლის 18 ივლისს მომზადდა ¹4-2/17 მეთოდური მითითება, რომლის მიხედვითაც საგადასახადო ინსპექციებში მითითებული შტატის შენახვა ხდება ადგილობრივი ბიუჯეტის ხარჯზე, რომელსაც, თავის მხრივ, განკარგავენ ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის ორგანოები. აპელანტის მოსაზრებით, სასამართლო ვალდებული იყო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლის შესაბამისად, ქუთაისის საგადასახადო ინსპექცია, როგორც არასათანადო მოპასუხე, შეეცვალა სათანადო მოპასუხით, რომელსაც წარმოადგენს შესაბამისი ადგილობრივი მმართველობის ან თვითმმართველობის ორგანო, საიდანაც უნდა განხორციელებულიყო მიწის გადასახადის ამკრეფი ინსპექტორების სახელფასო დავალიანების დაფარვის უზრუნველყოფა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი ითხოვდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 4 აგვისტოს გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებითYმოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 24 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ქუთაისის საგადასახადო ინსპექციის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 4 აგვისტოს გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლო განჩინებაში მიუთითებდა, რომ ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 19 მარტის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ ზესტაფონის ზონალური საგადასახადო ინსპექციის 2001 წლის 5 ნოემბრის ბრძანებით ზ. ა-ე მიღებულ იქნა .... თემის საკრებულოს მიწის გადასახადის .... და მისთვის ხელფასის გადახდა შედიოდა საგადასახადო ორგანოს კომპეტენციაში.
გადამხდელთა მომსახურების სამმართველოს ზესტაფონის განყოფილების უფროსის 2005 წლის 2 მარტის ¹47/318 ცნობით დასტურდება, რომ ზ. ა-ე სოფელ ... საკრებულოში მიწის გადასახადის .... მუშაობდა 2001 წლის 5 ნოემბრიდან 2004 წლის 1 ივნისამდე და მისი თვიური ხელფასი შეადგენდა 38 ლარს.
საქართველოს სახელმწიფო საგადასახადო სამსახურის 1995 წლის 18 ივლისის ¹2.17 წერილით დასტურდება, რომ მიწის .... საშტატო ერთეულები ეძლევა რაიონის საგადასახადო ინსპექციებს, რომლებსაც ამ მიზნით ადგილობრივი მმართველობის ორგანოებთან შეთანხმებით უმტკიცდებათ დამატებითი საშტატო ერთეულები.
მიწის გადასახადის ამკრეფი ინსპექტორების შენახვა ხდება ადგილობრივი ბიუჯეტების ხარჯზე, რისთვისაც საგადასახადო ინსპექტორები ადგენენ გაანგარიშებას და სათანადო ხარჯთაღრიცხვას დასამტკიცებლად წარუდგენენ შესაბამის ადგილობრივ მმართველობით ორგანოს, რომელიც დამტკიცებული ხარჯთაღრიცხვისა და რაიონული ინსპექციებიდან მიღებული განცხადების საფუძველზე, აწარმოებს ინსპექციების დაფინანსებას.
სააპელაციო პალატამ, მართალია, დადგენილად მიიჩნია, რომ მიწის გადასახადის .... შენახვა ხდებოდა ადგილობრივი ბიუჯეტების ხარჯზე, მაგრამ აქვე მიუთითა, რომ შესაბამისი ხარჯთაღრიცხვის წარდგენის ვალდებულება ეკისრებოდათ საგადასახადო ინსპექციებს, რომლებიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან მიღებული თანხების (ფინანსების) შესაბამისად გასცემდნენ ხელფასს.
ამდენად, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მტკიცება იმის თაობაზე, რომ მოცემულ დავაში საგადასახადო ინსპექცია არ წარმოადგენდა სათანადო მოპასუხეს და მიიჩნია, რომ სახელფასო დავალიანების გადახდა უნდა დაკისრებოდა სწორად მითითებულ ორგანოს.
ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ქუთაისის საგადასახადო ინსპექციამ.
კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 24 ოქტომბრის განჩინების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
კასატორი საკასაციო საჩივარს ძირითადად აფუძნებდა იმავე გარემოებებზე, რაზეც მიუთითებდა სააპელაციო საჩივარში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 5 თებერვლის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ქუთაისის საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2007 წლის 5 თებერვლის განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით.
2007 წლის 23 თებერვალს ქუთაისის საგადასახადო ინსპექციამ მოსაზრებით მიმართა საქართველოს უზენეს სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა მისი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა, იმ მოტივით, რომ მისი საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებდა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო გასაჩივრებულ განჩინებას, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ქუთაისის საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივარს, შეამოწმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მოცემულ საქმესთან მიმართებაში და მიაჩნია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ქუთაისის საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან და სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა პროცესუალური დარღვევის გარეშე.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე (კონკრეტულთან ერთად) სახელმძღვანელოსა და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ქუთაისის საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც აღნიშნულ საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განსახილველად დაშვებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. უარი ეთქვას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ქუთაისის საგადასახადო ინსპექციას საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვებაზე;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.