Facebook Twitter

¹ბს-486-465(2კ-08) 9 ოქტომბერი, 2008 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე: მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ლევან მურუსიძე

მარიამ ცისკაძე

სხდომის მდივანი _ ქეთევან მაღრაძე

კასატორები (მოპასუხეები): 1. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების რაჭა-ლეჩხუმ-იმერეთის სამხარეო სამმართველო (სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ქუთაისის სამმართველოს უფლებამონაცვლე),

წარმომადგენელი _ მ. ე;

2. ქ. ქუთაისის მერია, წარმომადგენელი _ ვ. მ-ი

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ ქ. ქუთაისის შპს ტელერადიოკომპანია “....”, წარმომადგენელი _ ნ. ა-ე, გენერალური დირექტორი _ თ. ღ-ე

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება

სარჩელის საგანი _ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების არარად აღიარება, საიჯარო ხელშეკრულებების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2007 წლის 24 აპრილს ქ. ქუთაისის შპს ტელერადიოკომპანია “....” სასარჩელო განცხადებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხეების _ ქ. ქუთაისის მერიისა და სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ქუთაისის სამმართველოს მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, ქ. ქუთაისის მერის 1993 წლის 29 ივლისის ¹317 განკარგულებით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება კინოთეატრ “...." ყოფილი შენობის ქ. ქუთაისის მერიის ბალანსზე მთავრობის განკარგულების შესაბამისად აყვანისა და ამ შენობაში ტელეკომპანია “...." განთავსების შესახებ. სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ქუთაისის სამმართველომ 1996 წლის 29 იანვარს გააფორმა ¹271 ხელშეკრულება ტელეკომპანია “...”. ქ. ქუთაისის მერის 1998 წლის 12 თებერვლის ¹79 ბრძანებით ტელეკომპანია “...." ჩამოეწერა აღნიშნული შენობის ფლობისათვის დავალიანება 97105 აშშ დოლარის ოდენობით. ტელეკომპანია “...." 10-წლიანი საიჯარო ხელშეკრულების გაფორმება დაევალა სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ქუთაისის სამმართველოს, რომელმაც 1998 წლის 31 ივლისს გააფორმა ¹866 ხელშეკრულება.

მოსარჩელის მტკიცებით, ქ. ქუთაისის მერის 1993 წლის 29 ივლისის ¹317 განკარგულება და 1998 წლის 12 თებერვლის ¹79 ბრძანება წარმოადგენდა არარა ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, ხოლო სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ქუთაისის სამმართველოსა და ტელეკომპანია “...." შორის 1996 წლის 29 იანვარსა და 1998 წლის 31 ივლისს დადებული საიჯარო ხელშეკრულებები _ არარა გარიგებებს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მაშინვე ითვლებოდა არარად, თუ იგი გამოცემული იყო არაუფლებამოსილი ორგანოს ან არაუფლებამოსილი პირის მიერ. ქ. ქუთაისის მერის 1993 წლის 29 ივლისის ¹317 განკარგულებაში არ იყო მითითებული თუ მთავრობის რომელი განკარგულებით გადაეცა ქ. ქუთაისის მერიას კინოთეატრ “....." შენობა. ამასთან, მიუხედავად ქ. ქუთაისის მერის 1993 წლის 29 ივლისის ¹317 განკარგულების გამოცემისა, არ მომხდარა კინოთეატრ “...." შენობის აყვანა ადგილობრივი საბინაო სამმართველოს ბალანსზე და არ არსებობდა მიღება-ჩაბარების აქტი. აღნიშნულის პარალელურად, საქართველოს სახელმწიფო მეთაურის 1994 წლის 7 ივნისის ¹110 განკარგულებით, საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს კოლეგიის 1995 წლის 6 მარტის ¹07.04.55 დადგენილებისა და სს “...." 1995 წლის 6 სექტემბრის ¹54.3 ბრძანების საფუძველზე, 1995 წლის 20 სექტემბრის აქტის შესაბამისად, სს “....." ბალანსზე რიცხული ქონება, მათ შორის, კინოთეატრი “....." გადაეცა შპს “....". აქედან გამომდინარე, ქ. ქუთაისის მერის 1993 წლის 29 ივლისის ¹317 განკარგულებისა და 1998 წლის 12 თებერვლის ¹79 ბრძანების გამოცემისას კინოთეატრ “....." შენობა არ წარმოადგენდა ქ. ქუთაისის მერიის საკუთრებას და ქ. ქუთაისის მერიას არ ჰქონდა მისი განკარგვის უფლება. შესაბამისად, დასახელებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები _ ქ. ქუთაისის მერის 1993 წლის 29 ივლისის ¹317 განკარგულება და 1998 წლის 12 თებერვლის ¹79 ბრძანება გამოიცა არაუფლებამოსილი პირის მიერ, რის გამოც ისინი გამოცემისთანავე ითვლებოდა არარა ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებად.

მოსარჩელის განმარტებით, რადგან ქ. ქუთაისის მერიას არ ჰქონდა კინოთეატრ “...." განკარგვის უფლება და ამ კინოთეატრის ნაგებობა წარმოადგენდა სს “....." საკუთრებას, რომლის თანხმობა მის გაქირავებამდე სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ქუთაისის სამმართველოს არ გააჩნდა, ზემოხსენებული ¹271 და ¹866 საიჯარო ხელშეკრულებებიც დადებული იყო არაუფლებამოსილი პირის მიერ, რის გამოც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 61-ე მუხლის თანახმად, ისინი თავიდანვე ითვლებოდა არარა გარიგებებად.

მოსარჩელის მტკიცებით, ზემოაღნიშნული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების არარად ცნობის შესახებ განცხადებით მიმართა ქ. ქუთაისის მერიას, მაგრამ მისი განცხადება არ დაკმაყოფილდა ქ. ქუთაისის მერის 1994 წლის 13 ივლისის ¹513 განკარგულებასა და საქართველოს სახელმწიფო მეთაურის 1995 წლის 21 ივნისის ¹250 ბრძანებაზე მითითებით. დასახელებული აქტები არ შეიძლებოდა განხილულიყო ქ. ქუთაისის მერის 1993 წლის 29 ივლისის ¹317 განკარგულებისა და 1998 წლის 12 თებერვლის ¹79 ბრძანების სამართლებრივ საფუძვლად, რადგან ქ. ქუთაისის მერის 1993 წლის 29 ივლისის ¹317 განკარგულება გამოცემული იყო ქ. ქუთაისის მერის 1994 წლის 13 ივლისის ¹513 განკარგულებისა და საქართველოს სახელმწიფო მეთაურის 1995 წლის 21 ივნისის ¹250 ბრძანების ამოქმედებამდე, ხოლო საქართველოს სახელმწიფო მეთაურის 1995 წლის 21 ივნისის ¹250 ბრძანება ძალადაკარგულად გამოცხადდა საქართველოს 1997 წლის 5 მარტის ¹793 კანონით. ამასთან, კინოთეატრ “...." მესაკუთრის დადგენასთან მიმართებაში, ქ. ქუთაისის მერის 1994 წლის 13 ივლისის ¹513 განკარგულებას და საქართველოს სახელმწიფო მეთაურის 1995 წლის 21 ივნისის ¹250 ბრძანებას საერთო არაფერი ჰქონდა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა ქ. ქუთაისის მერის 1993 წლის 29 ივლისის ¹317 განკარგულებისა და 1998 წლის 12 თებერვლის ¹79 ბრძანების არარა ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებად ცნობა, ასევე 1996 წლის 29 აგვისტოს ¹271 და 1998 წლის 31 ივლისის ¹866 საიჯარო ხელშეკრულებების არარა გარიგებებად ცნობა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 4 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ქ. ქუთაისის შპს ტელერადიოკომპანია “....” სარჩელს უარი ეთქვა უსაფუძვლობის გამო.

საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ კინოთეატრ “....." შენობაში ტელეკომპანია “...." განთავსების თაობაზე" ქ. ქუთაისის მერის 1993 წლის 29 ივლისის ¹317 განკარგულებით კინოთეატრ “....” ყოფილი შენობა აყვანილ იქნა ქ. ქუთაისის მერიის ბალანსზე და საექსპლუატაციოდ გადაეცა ქ. ქუთაისის მერიის საბინაო მეურნეობის მართვის განყოფილებას. აღნიშნულ შენობაში განთავსდა ტელეკომპანია “რიონი" და ქ. ქუთაისის მერიის საბინაო მეურნეობის მართვის განყოფილებას დაევალა გაეფორმებინა საიჯარო ხელშეკრულება.

საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა სარჩელში მითითებული გარემოება იმის შესახებ, რომ კინოთეატრ “....." შენობა არ იქნა აყვანილი ქ. ქუთაისის მერიის საბინაო მეურნეობის მართვის განყოფილების ბალანსზე და აღნიშნა, რომ სასამართლოში წარმოდგენილი 1993 წლის 15 სექტემბრის აქტის თანახმად, კინო-ვიდეო გაერთიანების დირექტორმა, მისმა მოადგილემ, უფროსმა ბუღალტერმა და ტელეკომპანია “....." საკონცერტო დარბაზის ადმინისტრატორმა ხსენებული აქტი შეადგინეს იმის თაობაზე, რომ ქ. ქუთაისის მერის 1993 წლის 29 ივლისის ¹317 განკარგულებისა და ქუთაისის კინო-ვიდეო გაერთიანების 1993 წლის 28 აგვისტოს ¹22 ბრძანების საფუძველზე, მოახდინეს კინოთეატრ “....." გადაცემა ამ კინო-ვიდეო გაერთიანების ბალანსიდან ქ. ქუთაისის მერიის საბინაო მეურნეობის მართვის განყოფილების ბალანსზე. აღნიშნული დასტურდებოდა, აგრეთვე, სასამართლოში წარმოდგენილი ქუთაისის კინო-ვიდეო გაერთიანების დირექტორის 1993 წლის 28 აგვისტოს ¹22 ბრძანებით. საქმეში არსებული ქ. ქუთაისის მერის 1999 წლის 10 თებერვლის ¹83 წერილიდან ქ. ქუთაისის საკრებულოს მდივნისადმი, ირკვეოდა, რომ კინოთეატრ “....." შენობის ქ. ქუთაისის მერიის მუნიციპალურ დაქვემდებარებაში გადაცემა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოადგილის 1993 წლის 23 და 29 ივლისის ¹128/71 მიმართვების შესაბამისად, ანუ ბალანსიდან ბალანსზე გადაცემა უნდა განხორციელებულიყო სახელმწიფო კონცერნ “ქართულ ფილმსა" და ქ. ქუთაისის მერიას შორის ურთიერთშეთანხმების საფუძველზე. კონცერნ “....." შენობის გადაცემაზე თანხმობა აღნიშნული იყო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტისადმი 1993 წლის 16 ივლისის ¹04-01/18 მიმართვაში. ყოფილი კინოთეატრ “.....” შენობის ქ. ქუთაისის მერიის სამეურნეო-ადმინისტრაციული სამმართველოს ბალანსზე გადაცემა ასევე დაფიქსირებული იყო ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს მასალებში. ქ. ქუთაისის მერიის საბინაო მეურნეობის მართვის განყოფილების უფროსის 1999 წლის 8 იანვრის ¹1 ცნობის თანახმად, ქ. ქუთაისის მერის 1993 წლის 29 ივლისის ¹317 განკარგულების საფუძველზე, კინოთეატრ “....." შენობის საიჯარო ხელშეკრულების გაფორმება ტელეკომპანია “......" დაევალა საბინაო მეურნეობის სამმართველოს, რაც ვერ მოხერხდა ქ. ქუთაისში ლტოლვილების შესვლის გამო, ხოლო 1994 წლის დასაწყისში დაიწყო საიჯარო ხელშეკრულების გაფორმება, მაგრამ ქ. ქუთაისის მერიის საბინაო მეურნეობის მართვის განყოფილებას აღნიშნული ფუნქცია ჩამოერთვა იმავე წლის აპრილში და იგი გადაეცა სახელმწიფო ქონების მართვის ქუთაისის სამმართველოს, რომელმაც ტელეკომპანია “....." ხელშეკრულების გაფორმება ვერ განახორციელა ტელეკომპანია “....." მიზეზით.

საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ საქმეში არსებული 1996 წლის 29 იანვრის ¹271 ხელშეკრულების მიხედვით, ქ. ქუთაისის მერიის სამეურნეო-ადმინისტრაციულ სამმართველოსა (მეიჯარე) და ტელეკომპანია “რიონს" (მოიჯარე) შორის გაფორმდა იჯარა ზემოაღნიშნულ შენობაზე ერთი წლის ვადით. ხსენებული ხელშეკრულების 1.1 პუნქტში მითითებული იყო, რომ სახელმწიფო ქონების მართვის ქუთაისის სამმართველოს 1996 წლის 25 იანვრის ¹271 მოწმობის საფუძველზე, მეიჯარე გადასცემდა მოიჯარეს 3020,82 კვ.მ არასაცხოვრებელ ფართს. საიჯარო გადასახადის დაანგარიშებისას გამოყენებული იყო ტექნიკური აღრიცხვისა და ინვენტარიზაციის ბიუროს ტექნიკური პასპორტიდან 1996 წლის 17 იანვრის ¹271 ამონაწერი, რომელიც ამ ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილი იყო, რითაც კიდევ ერთხელ დასტურდებოდა, რომ ტექნიკური აღრიცხვისა და ინვენტარიზაციის ბიუროში კინოთეატრ “...." შენობა აღირიცხა ქ. ქუთაისის მერიის საკუთრებაში.

საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ 1998 წლის 31 ივლისს მხარეებს შორის დაიდო ¹866 საიჯარო ხელშეკრულება ზემოხსენებულ შენობაზე, რომლის მოქმედების ვადა განისაზღვრა 2005 წლის 25 იანვრამდე. საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა სარჩელში მითითებული გარემოება იმის შესახებ, რომ საქართველოს სახელმწიფო მეთაურის 1994 წლის 7 ივნისის ¹110 განკარგულებითა და საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს კოლეგიის 1995 წლის 6 მარტის ¹07.04.55 დადგენილებით სს “....." ბალანსზე რიცხული ქონება, მათ შორის, კინოთეატრი “...." გადაეცა შპს “....." და აქედან გამომდინარე, ქ. ქუთაისის მერის 1993 წლის 29 ივლისის ¹317 განკარგულების გამოცემის დროს აღნიშნული კინოთეატრი არ წარმოადგენდა ქ. ქუთაისის მერიის საკუთრებას და ქ. ქუთაისის მერიას არ ჰქონდა მისი განკარგვის უფლება.

ამასთან, საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ სასამართლოში წარმოდგენილი მიწის (უძრავი ქონების) შესახებ საჯარო რეესტრის ამონაწერით, კინოთეატრ “...." შენობა სს “....." საკუთრებად რეგისტრირებული იყო 2006 წლის 12 ივლისიდან და ამ უფლების დამადასტურებელი იურიდიული დოკუმენტი იყო 2005 წლის 2 დეკემბერს შედგენილი აქტი, დამოწმებული ნოტარიუსის მიერ. მოცემულ სარჩელზე დართული და საქმეში არსებული 1995 წლის 20 სექტემბრის აქტი სს “...." ბალანსზე რიცხული ქონების, მათ შორის, კინოთეატრ “...." შპს “...." გადაცემის შესახებ, ხელმოუწერელი იყო და არ იყო დამოწმებული სათანადო წესით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის თანახმად კი, საჯარო რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებდა უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ანუ რეესტრის ჩანაწერები ითვლებოდა სწორად, ვიდრე არ დამტკიცდებოდა მათი უზუსტობა. აქედან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა სარჩელში მითითებული გარემოება იმის თაობაზე, რომ ზემოაღნიშნული განკარგულება და ბრძანება გამოცემული და საიჯარო ხელშეკრულებები დადებული იყო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის მოთხოვნათა დარღვევით.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 4 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. ქუთაისის შპს ტელერადიოკომპანია “....”, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილებით ქ. ქუთაისის შპს ტელერადიოკომპანია “....” სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 4 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ქ. ქუთაისის შპს ტელერადიოკომპანია “.....” სარჩელი დაკმაყოფილდა; არარა ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებად იქნა ცნობილი ქ. ქუთაისის მერის 1993 წლის 29 ივლისის ¹317 განკარგულება და 1998 წლის 12 თებერვლის ¹79 ბრძანება; ბათილად იქნა ცნობილი 1996 წლის 29 აგვისტოს ¹271 და 1998 წლის 31 ივლისის ¹866 საიჯარო ხელშეკრულებები.

სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალების მიხედვით, დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. ქუთაისის მერის 1993 წლის 29 ივლისის ¹317 განკარგულებით კინოთეატრ “.....” შენობა გადაეცა ქ. ქუთაისის მერიას. აღნიშნული შენობა აყვანილი უნდა ყოფილიყო ქ. ქუთაისის მერიის ბალანსზე და საექსპლუატაციოდ გადასცემოდა ამავე მერიის საბინაო მეურნეობის მართვის განყოფილებას, ხოლო შენობაში უნდა განთავსებულიყო ტელეკომპანია “....", რომელთანაც ქ. ქუთაისის მერიის საბინაო განყოფილების მიერ უნდა მომხდარიყო საიჯარო ხელშეკრულების გაფორმება. ქ. ქუთაისის მერის 1998 წლის 12 თებერვლის ¹79 ბრძანებით ტელეკომპანია “...." ჩამოეწერა იმავე შენობის ფლობისათვის არსებული დავალიანება 97105 აშშ დოლარის ოდენობით და სახელმწიფო ქონების მართვის ქუთაისის სამმართველოს დაევალა ტელერადიოკომპანია “....." 10 წლის ვადით საიჯარო ხელშეკრულების გაფორმება. აპელანტთან საიჯარო ხელშეკრულებების დადება განხორციელდა 1996 წლის 29 იანვარს _ 1 წლის ვადით და 1998 წლის 31 ივლისს _ 10 წლის ვადით. საქართველოს სახელმწიფო მეთაურის 1994 წლის 7 ივნისის ¹110 განკარგულებით მოწონებულ იქნა კონცერნ “...." რეორგანიზაციის პროექტი და კონცერნის თანამშრომლებს შეღავათიანი პირობებით გადაეცათ კონცერნ “....." მფლობელობაში არსებული ქონების 2/3, ასევე ცნობად იქნა მიღებული, რომ ამ კონცერნის თანამშრომლები აპირებდნენ დახურული ტიპის სააქციო საზოგადოების შექმნას 1994 წლის 1 ივლისისათვის, კონცერნ “...." მფლობელობაში არსებული ქონების შენატანით.

სააპელაციო სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ, როგორც ქონების გადაცემის შესახებ 1995 წლის 20 სექტემბრის აქტიდან ირკვეოდა, სს “ქართული ფილმის" ბალანსზე არსებული ქონება სს “ქართული ფილმისგან" გადაეცა შპს “...." და მითითებულ აქტში რიგით 74-ე ნომრად მითითებული იყო კინოთეატრ “....." შენობა. აქედან გამომდინარე, აღნიშნული შენობა ქ. ქუთაისის მერის 1998 წლის 12 თებერვლის ¹79 ბრძანების გამოცემის დროისათვის წარმოადგენდა შპს “...." საკუთრებას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ, ვინაიდან ქ. ქუთაისის მერია არ წარმოადგენდა კინოთეატრ “...." შენობის მესაკუთრეს, იგი იყო არაუფლებამოსილი ორგანო, განეკარგა ხსენებული უძრავი ქონება და ამასთან დაკავშირებით, გამოეცა 1993 წლის 29 ივლისის ¹317 განკარგულება და 1998 წლის 12 თებერვლის ¹79 ბრძანება. საქმეში ასევე მოიპოვებოდა ქ. ქუთაისის მერის 2006 წლის 5 დეკემბრის მიმართვაზე პასუხი, რომელშიც მითითებული იყო, რომ სს “...." მიერ არ იქნა გაზიარებული ხსენებული კინოთეატრის შენობის ქ. ქუთაისის მერიისათვის გადაცემის შესახებ არაერთი მიმართვა და დამოუკიდებლად მოხდა საიჯარო ხელშეკრულების გაფორმება ტელეკომპანია “...." და სს “...." შორის.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემისთანავე ითვლებოდა არარად, თუ გამოცემული იყო არაუფლებამოსილი ორგანოს ან არაუფლებამოსილი პირის მიერ.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ზემოთ მითითებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების არარა ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებად აღიარებასთან ერთად, ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი სახელმწიფო ქონების მართვის ქუთაისის სამმართველოსა და ტელერადიოკომპანია “...." შორის 1996 წლის 29 იანვარსა და 1998 წლის 31 ივლისს გაფორმებული ¹271 და ¹866 ხელშეკრულებები იმ საფუძვლით, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეეძლო, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში, განეკარგა მის საკუთრებაში არსებული ქონება. ამდენად, ვინაიდან კინოთეატრ “....” შენობა არ წარმოადგენდა სახელმწიფო საკუთრებას, სახელმწიფო ქონების მართვის ქუთაისის სამმართველოს არ ჰქონდა უფლება, იჯარით გადაეცა შენობა ტელერადიოკომპანია “.....”. მითითებული საიჯარო ხელშეკრულებები წარმოადგენდა ადმინისტრაციულ ხელშეკრულებებს, რადგან ისინი გაფორმებული იყო ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით, ხოლო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 70-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადებული ხელშეკრულება ბათილი იყო იმ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადების შემთხვევაში, რომლის საფუძველზედაც დაიდო ხელშეკრულება. ამდენად, ვინაიდან არარა ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებად იქნა ცნობილი ქ. ქუთაისის მერის 1993 წლის 29 ივლისის ¹317 განკარგულება და 1998 წლის 12 თებერვლის ¹79 ბრძანება, რომელთა საფუძველზედაც მოხდა სადავო საიჯარო ხელშეკრულებების გაფორმება, ამიტომ დასახელებული ხელშეკრულებები ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების რაჭა-ლეჩხუმ-იმერეთის სამხარეო სამმართველომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

კასატორის განმარტებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება სამართლებრივად დაუსაბუთებელია, კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, რის შედეგადაც საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის საფუძველია.

კასატორის მტკიცებით, ქ. ქუთაისის მერის 1993 წლის 29 ივლისის ¹317 განკარგულებით, კინოთეატრ “....” შენობაში ტელერადიოკომპანია “რიონის” განთავსების მიზნით, კინოთეატრ “....” შენობა აყვანილ იქნა ქ. ქუთაისის მერიის ბალანსზე და საექსპლუატაციოდ გადაეცა ამავე მერიის საბინაო მეურნეობის მართვის განყოფილებას. თავის მხრივ, კინოთეატრ “...." ქ. ქუთაისის მერიის მუნიციპალურ დაქვემდებარებაში ბალანსიდან ბალანსზე გადაცემაზე კონცერნ “....." თანხმობა დაფიქსირებული აქვს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტისადმი 1993 წლის 16 ივლისის ¹04-01/18 მიმართვით. ქ. ქუთაისის მერის 1994 წლის 13 ივლისის ¹513 განკარგულების პირველი მუხლით დაწესებულ იქნა, რომ ქ. ქუთაისის სახელმწიფო-მუნიციპალურ არასაცხოვრებელ ფონდს, საკუთრების უფლების გამიჯვნის თაობაზე სამთავრობო გადაწყვეტილების მიღებამდე, განეკუთვნება ყველა არასაცხოვრებელი, ცალკე მდგომი (სოციალურ-კულტურული და საყოფაცხოვრებო-კომუნალური დანიშნულების) შენობები, ნაგებობები და საცხოვრებელ სახლებში არსებული, ჩაშენებული ან მიშენებული არასაცხოვრებელი სათავსები, მათი უწყებრივი (ბალანსმფლობელის) დაქვემდებარების მიუხედავად. ამავე განკარგულების მე-3 მუხლით დაწესებულ იქნა, რომ ქალაქის სახელმწიფო-მუნიციპალური საკუთრების შენობების, ნაგებობებისა და არასაცხოვრებელი ფართობის (ორგანიზაციების, მათი სტრუქტურული ერთეულების, ფილიალებისა და სხვა საწარმოთა განკერძოებული ქვედანაყოფების) გამქირავებლის უფლებამოსილებებით აღჭურვილ ორგანოს წარმოადგენდა სახელმწიფო ქონების მართვის ქუთაისის სამმართველო, რომელიც თავის საქმიანობას ახორციელებდა საქართველოში მოქმედი კანონმდებლობისა და დებულების შესაბამისად. 1996 წლის 29 იანვარს ამ სამმართველოსა და ტელერადიოკომპანია “...." შორის გაფორმებულ იქნა ¹271 საიჯარო ხელშეკრულება, რომელსაც საფუძვლად უდევს ქ. ქუთაისის მერის 1993 წლის 29 ივლისის ¹317 განკარგულება, რომელიც დაფუძნებულია ქ. ქუთაისის მერის 1994 წლის 13 ივლისის ¹513 განკარგულების მე-6 მუხლზე. ზემოაღნიშნული განკარგულების კანონიერება დადასტურებულია საქართველოს სახელმწიფო მეთაურის 1995 წლის 21 ივლისის ¹250 ბრძანებით, რომლის მე-2 მუხლის თანახმად, რესპუბლიკის სამინისტროებმა, დეპარტამენტებმა, უწყებებმა და გაერთიანებებმა, რომელთა საწარმოები და ორგანიზაციები დისლოცირებულნი არიან ქუთაისის ტერიტორიაზე, მათ ბალანსზე რიცხული ქონების განკარგვა, ბალანსიდან ბალანსზე ან იჯარით გადაცემა უნდა განახორციელონ ქალაქში მოქმედი უძრავი ქონების მართვის ერთიანი წესის სრული დაცვით. ხსენებული ხელშეკრულება “იჯარის შესახებ" საქართველოს კანონისა და საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 20 სექტემბრის ¹555-1ს დადგენილების მიხედვით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ძალაში შესვლასთან დაკავშირებით (1997 წლის 25 ნოემბერი), გაუქმებულ იქნა. 1998 წლის 31 ივლისს იმავე სამმართველოსა და შპს ტელერადიოკომპანია “....” შორის ქ. ქუთაისის მერის 1998 წლის 12 თებერვლის ¹79 ბრძანებისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 581-ე და 559-ე მუხლების საფუძველზე, გაფორმებულ იქნა ¹866 საიჯარო ხელშეკრულება, რომლის მოქმედების ვადა განისაზღვრა 2005 წლის 25 იანვრამდე პერიოდით. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს 1996 წლის 29 იანვრის ¹271 და 1998 წლის 31 ივლისის ¹866 საიჯარო ხელშეკრულებების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლები.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ასევე ქ. ქუთაისის მერიამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

კასატორის განმარტებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უსაფუძვლოა და მიღებულია კანონის დარღვევით, რადგან სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივრის საფუძველია. გარდა ამისა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება იურიდიულად დაუსაბუთებელია, რის გამოც ხსენებული კოდექსის 394-ე მუხლის “ე" ქვეპუნქტის თანახმად, იგი ექვემდებარება გაუქმებას.

კასატორის მტკიცებით, კინოთეატრ “..." შენობაში ტელეკომპანია “...." განთავსების თაობაზე" ქ. ქუთაისის მერის 1993 წლის 29 ივლისის ¹317 განკარგულებით კინოთეატრ “...." ყოფილი შენობა აყვანილ იქნა ამავე მერიის ბალანსზე და საექსპლუატაციოდ გადაეცა ქ. ქუთაისის მერიის საბინაო მეურნეობის მართვის განყოფილებას. აღნიშნული დასტურდება, აგრეთვე, ქუთაისის კინო-ვიდეო გაერთიანების დირექტორის 1993 წლის 28 აგვისტოს ¹22 ბრძანებით. ქ. ქუთაისის მერის 1999 წლის 10 თებერვლის ¹83 წერილიდან ქალაქის საკრებულოს მდივნისადმი ირკვევა, რომ კინოთეატრ “...." ამავე მერიის მუნიციპალურ დაქვემდებარებაში გადაცემა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოადგილის 1993 წლის 23 და 29 ივლისის ¹128/71 მიმართვების შესაბამისად, ანუ შენობის ბალანსიდან ბალანსზე გადაცემა უნდა განხორციელებულიყო სახელმწიფო კონცერნ “...." და ქ. ქუთაისის მერიას შორის ურთიერთშეთანხმების საფუძველზე. კონცერნ “....” შენობის გადაცემაზე თანხმობა დაფიქსირებულია საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტისადმი 1993 წლის 16 ივლისის ¹04-01/18 მიმართვაში, ასევე აღნიშნული შენობის ქ. ქუთაისის მერიის ბალანსზე გადაცემა დაფიქსირებულია ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს შესაბამის მასალებში. ხსენებულ შენობაში განთავსდა ტელეკომპანია “....". ამავე მერიის საბინაო მართვის განყოფილებას დაევალა გაეფორმებინა საიჯარო ხელშეკრულება ტელეკომპანია “რიონის" ხელმძღვანელობასთან კონოთეატრ “....." ყოფილ შენობაში ტელეკომპანია “...." განთავსებასთან დაკავშირებით. ზემოაღნიშნული განკარგულება ძალაში შევიდა 1993 წლის 28 ივლისიდან. 1996 წლის 29 იანვრის ¹271 ხელშეკრულებით სახელმწიფო ქონების მართვის ქუთაისის სამმართველოს შესაბამისი დებულების საფუძველზე, ბალანსმფლობელ ქ. ქუთაისის მერიასა (მეიჯარე) და ტელეკომპანია “...." (მოიჯარე) შორის გაფორმდა იჯარა ხსენებულ შენობაზე ერთი წლის ვადით. საიჯარო გადასახადის გაანგარიშებისას გამოყენებულ იქნა ტექნიკური აღრიცხვისა და ინვენტარიზაციის ბიუროს ტექნიკური პასპორტიდან 1996 წლის 17 იანვრის ¹271 ამონაწერი, რომელიც ამ ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილია, რითაც კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ ტექნიკური აღრიცხვისა და ინვენტარიზაციის ბიუროში კინოთეატრ “...." შენობა აღირიცხა ქ. ქუთაისის მერიის საკუთრებაში.

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ, გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ 1993 წლის 29 ივლისის ¹317 განკარგულების გამოცემის დროს კინოთეატრი “....." არ წარმოადგენდა ქ. ქუთაისის მერიის საკუთრებას და ქ. ქუთაისის მერიას არ ჰქონდა მისი განკარგვის უფლება. ქ. ქუთაისის მერის 1993 წლის 29 ივლისის ¹317 განკარგულება გამოცემულ იქნა უფრო ადრე, ვიდრე საქართველოს სახელმწიფო მეთაურის 1994 წლის 7 ივნისის ¹110 განკარგულება, საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს კოლეგიის 1995 წლის 6 მარტის ¹07.04.55 დადგენილება, სს “...." 1995 წლის 6 სექტემბრის ¹543 ბრძანება და 1995 წლის 20 სექტემბრის აქტი ქონების გადაცემის შესახებ, რომლებზეც აპელანტი ამყარებდა თავის მოთხოვნებს, მით უმეტეს, რომ მიწის (უძრავი ქონების) შესახებ საჯარო რეესტრის შესაბამისი ამონაწერის მიხედვით, კინოთეატრ “...." შენობა სს “....." საკუთრებად რეგისტრირებულია 2006 წლის 12 ივლისიდან და ამ უფლების დამადასტურებელი იურიდიული დოკუმენტი _ შესაბამისი აქტი 2005 წლის 2 დეკემბერს არის დამოწმებული ნოტარიუსის მიერ, ხოლო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის თანახმად, საჯარო რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ანუ ისინი ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. სააპელაციო სასამართლომ შეფასება არ მისცა საქმეში არსებულ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის უფროსის 2007 წლის 10 ოქტომბრის ¹22/34-3824 მიმართვას, რომლიდანაც ირკვევა, რომ ქ. ქუთაისში, ..... ქ. ¹14-ში მდებარე უძრავი ქონება ნამდვილად იყო აღრიცხული ქ. ქუთაისის მერიის ბალანსზე და საექსპლუატაციოდ ჰქონდა გადაცემული ამავე მერიის საბინაო მეურნეობის მართვის განყოფილებას.

კასატორის მტკიცებით, ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით და იქედან გამომდინარე, რომ არ არის დარღვეული საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის მოთხოვნები, სადავო აქტები ვერ ჩაითვლება არარა ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებად. ამიტომ ფაქტია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ე1" ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 13 და 29 მაისის განჩინებებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების რაჭა-ლეჩხუმ-იმერეთის სამხარეო სამმართველოსა და ქ. ქუთაისის მერიის საკასაციო საჩივრები; მხარეებს მიეცათ უფლება, 2008 წლის 13 და 29 მაისის განჩინებების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივრები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2008 წლის 3 ივლისამდე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 3 ივლისის განჩინებით საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების რაჭა-ლეჩხუმ-იმერეთის სამხარეო სამმართველოსა და ქ. ქუთაისის მერიის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნა დასაშვებად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და მათი განხილვა დაინიშნა 2008 წლის 18 სექტემბერს, 11.00 საათზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: ქ. ქუთაისის მერის 1993 წლის 29 ივლისის ¹317 განკარგულებაში მიეთითა, რომ კინოთეატრ “....” შენობა გადაეცა ქ. ქუთაისის მერიას, აღნიშნული შენობა აყვანილი უნდა ყოფილიყო ქ. ქუთაისის მერიის ბალანსზე და საექსპლუატაციოდ გადასცემოდა ამავე მერიის საბინაო მეურნეობის მართვის განყოფილებას, ხოლო შენობაში განთავსებულიყო ტელეკომპანია “....", რომელთანაც ქ. ქუთაისის მერიის საბინაო მეურნეობის მართვის განყოფილების მიერ უნდა მომხდარიყო საიჯარო ხელშეკრულების გაფორმება (ტ. 1, ს.ფ. 4). ქ. ქუთაისის მერის 1998 წლის 12 თებერვლის ¹79 ბრძანებით ტელეკომპანია “...." ჩამოეწერა იმავე შენობის ფლობისათვის არსებული დავალიანება 97105 აშშ დოლარის ოდენობით და სახელმწიფო ქონების მართვის ქუთაისის სამმართველოს დაევალა შპს ტელერადიოკომპანია “...." 10 წლის ვადით საიჯარო ხელშეკრულების გაფორმება (ტ. 1, ს.ფ. 5-6). სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქუთაისის სამმართველოსა და ტელეკომპანია “....” შორის საიჯარო ხელშეკრულებები დაიდო 1996 წლის 29 იანვარს _ ¹271 ხელშეკრულება 1 წლის ვადით და 1998 წლის 31 ივლისს _ ¹866 ხელშეკრულება 10 წლის ვადით (ტ. 1, ს.ფ. 7-9). ქ. ქუთაისის მერიის საბინაო მეურნეობის მართვის განყოფილების უფროსის 1999 წლის 8 იანვრის ¹1 ცნობის თანახმად, ქ. ქუთაისის მერის 1993 წლის 29 ივლისის ¹317 განკარგულების საფუძველზე, კინოთეატრ “...." შენობის საიჯარო ხელშეკრულების გაფორმება ტელეკომპანია “...." დაევალა საბინაო მეურნეობის მართვის განყოფილებას, რაც ვერ მოხერხდა ქ. ქუთაისში ლტოლვილების შესვლის გამო, ხოლო 1994 წლის დასაწყისში დაიწყო საიჯარო ხელშეკრულების გაფორმება, მაგრამ ქ. ქუთაისის მერიის საბინაო მეურნეობის მართვის განყოფილებას აღნიშნული ფუნქცია ჩამოერთვა იმავე წლის აპრილში და იგი გადაეცა სახელმწიფო ქონების მართვის ქუთაისის სამმართველოს, რომელმაც ტელეკომპანია “...." ხელშეკრულების გაფორმება ვერ განახორციელა ტელეკომპანია “...." მიზეზით _ მისი მოუმზადებლობის გამო (ტ. 1, ს.ფ. 10). ქ. ქუთაისის საკრებულოს მდივნისადმი ქ. ქუთაისის მერის 1999 წლის 10 თებერვლის ¹83 წერილის თანახმად, კინოთეატრ “....." შენობის ქ. ქუთაისის მერიის მუნიციპალურ დაქვემდებარებაში გადაცემა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოადგილის 1993 წლის 23 და 29 ივლისის ¹128/71 მიმართვების შესაბამისად, ანუ მისი ბალანსიდან ბალანსზე გადაცემა უნდა განხორციელებულიყო სახელმწიფო კონცერნ “...." და ქ. ქუთაისის მერიას შორის ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, ხოლო კონცერნ “....." შენობის გადაცემაზე თანხმობა აღნიშნული იყო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტისადმი 1993 წლის 16 ივლისის ¹04-01/18 მიმართვაში, ყოფილი კინოთეატრ “....” შენობის ქ. ქუთაისის მერიის სამეურნეო-ადმინისტრაციული სამმართველოს ბალანსზე გადაცემა კი ასევე დაფიქსირებული იყო ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს მასალებში (ტ. 1, ს.ფ. 11-12).

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქმის მასალებში მოყვანილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: ქ. ქუთაისის მერისადმი 2003 წლის 8 სექტემბრის ¹1720 წერილის თანახმად, შენობა, რომელშიც განთავსებული იყო ტელეკომპანია “....”, იმ დროისათვის წარმოადგენდა სს “....” საკუთრებას და ამ შენობის იჯარის უფლებით აღების თაობაზე ხელშეკრულება გაფორმებული იყო ტელეკომპანია “....” და სს “....” შორის, რის გამოც მხოლოდ მესაკუთრეს გააჩნდა კანონიერი უფლება იმავე შენობაზე იჯარის ხელშეკრულების პირობების შეცვლაზე (ტ. 1, ს.ფ. 14). საქართველოს სახელმწიფო მეთაურის 1994 წლის 7 ივნისის ¹110 განკარგულებით მოწონებულ იქნა კონცერნ “...." რეორგანიზაციის პროექტი და ამ კონცერნის თანამშრომლებს შეღავათიანი პირობებით გადაეცათ კონცერნ “....." მფლობელობაში არსებული ქონების 2/3, ასევე ცნობად იქნა მიღებული, რომ ამ კონცერნის თანამშრომლები აპირებდნენ დახურული ტიპის სააქციო საზოგადოების შექმნას, რომლის კაპიტალი იქმნებოდა 1994 წლის 1 ივლისისათვის კონცერნ “...." მფლობელობაში არსებული ქონების შენატანით (ტ. 1, ს.ფ. 15-16). 2000 წლის 1 აგვისტოს შპს “....” და ტელერადიოკომპანია “....” შორის 5 წლის ვადით დაიდო საიჯარო ხელშეკრულება კინოთეატრ “.....” შენობის ფართზე (ტ. 1, ს.ფ. 25-27). 2004 წლის 2 სექტემბრის აქტის თანახმად, ტელეკომპანია “.....” ჩაიბარა შპს “....”, ქ. ქუთაისში, ..... ¹14-ში მდებარე კინოთეატრ “....” შენობის სრული ფართი (ტ. 1, ს.ფ. 33). ტელეკომპანია “....” ქ. ქუთაისის მერიის 2007 წლის 4 აპრილის ¹01-468 წერილის თანახმად, სახელმწიფო ქონების მართვის ქუთაისის სამმართველოსა და ტელეკომპანია “.....” შორის გაფორმებული საიჯარო ხელშეკრულება ეყრდნობოდა ქ. ქუთაისის მერის 1994 წლის 13 ივლისის ¹513 განკარგულებას, რომლის კანონიერება დადასტურებული იყო საქართველოს სახელმწიფო მეთაურის 1995 წლის 21 ივნისის ¹250 ბრძანებულებით, რის გამოც არ არსებობდა ქ. ქუთაისის მერის 1993 წლის 29 ივლისის ¹317 განკარგულებისა და ქ. ქუთაისის მერის 1998 წლის 12 თებერვლის ¹79 ბრძანების არარა აქტებად ცნობის სამართლებრივი საფუძვლები (ტ. 1, ს.ფ. 38-40).

საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, მხარეთა შორის სადავოა და ამ საქმისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონეა შემდეგი გარემოება _ შესაბამის პერიოდში წარმოადგენდა თუ არა კინოთეატრ “....." შენობა ქ. ქუთაისის მერიის საკუთრებას და ჰქონდა თუ არა ქ. ქუთაისის მერიას მისი განკარგვის უფლება და რამდენად კანონიერია გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები _ ქ. ქუთაისის მერის 1993 წლის 29 ივლისის ¹317 განკარგულება და 1998 წლის 12 თებერვლის ¹79 ბრძანება, ასევე _ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქუთაისის სამმართველოსა და ტელეკომპანია “....” შორის 1996 წლის 29 იანვრის, 1998 წლის 31 ივლისის ¹271 და ¹866 საიჯარო ხელშეკრულებები დადებულ იქნა თუ არა არაუფლებამოსილი პირის მიერ.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კინოთეატრ “...." შენობა არასოდეს ყოფილა ქ. ქუთაისის მერიის საკუთრება, იგი არ ყოფილა აყვანილი ქ. ქუთაისის მერიის ბალანსზე და მოცემულ საქმეში წარმოდგენილი მთელი რიგი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ხსენებული შენობა ჯერ იყო სს “...." ბალანსზე რიცხული ქონება, ხოლო 1995 წლის 20 სექტემბრის აქტის გაფორმების შემდეგ _ შპს “....." საკუთრება. “.....” 1999 წლის 6 იანვრის ¹115 ცნობის მიხედვით, კონოთეატრ “.....” შენობა არასოდეს არ ირიცხებოდა ქ. ქუთაისის მერიის სამეურნეო ადმინისტრაციის ბალანსზე (ტ. 1, ს.ფ. 13). საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსადმი სს “....” დირექტორის 2001 წლის 23 ოქტომბრის ¹61-828/7-1 წერილის მიხედვით, ქონების გადაცემის შესახებ 1995 წლის 20 სექტემბრის ¹54-3 აქტის შესაბამისად, შპს “....” გადაეცა სს “ქართული ფილმის” ბალანსზე რიცხული უძრავი ქონება, მათ შორის, ამავე აქტში 74-ე ნომრად მითითებული კინოთეატრი “....” (ტ. 1, ს.ფ. 17-24). ტელეკომპანია “....” ქ. ქუთაისის მერის 2006 წლის 5 დეკემბრის ¹02-1987 წერილის თანახმად, ქ. ქუთაისის მერის 1998 წლის 12 თებერვლის ¹79 ბრძანებით ტელეკომპანია “....” ჩამოეწერა საიჯარო ქირის დავალიანება, იმის გათვალისწინებით, რომ იგი სატელევიზიო მომსახურებას უწევდა სამხარეო ადმინისტრაციას და ქალაქის მერიას, ხოლო შემდეგში სს “....” არ გაიზიარა ქალაქის ხელმძღვანელობის არაერთი მიმართვა შესაბამისი შენობის ქალაქის საკუთრებაში გადაცემის თაობაზე და დამოუკიდებლად გააფორმა საიჯარო ხელშეკრულება ტელეკომპანია “....” (ტ. 1, ს.ფ. 35). მიწის (უძრავი ქონების) შესახებ საჯარო რეესტრიდან 2006 წლის 12 ივლისის ამონაწერის მიხედვით, ქ. ქუთაისში, .... ქ. ¹14-ში მდებარე კინოთეატრ “.....” შენობა-ნაგებობის მესაკუთრეა სს “.....” (ტ. 1, ს.ფ. 75). ტელერადიოკომპანია “....” სს “.....” 2007 წლის 26 ოქტომბრის ¹01/311 წერილის მიხედვით, კინოთეატრი “.....” ექსპლუატაციაში შევიდა 1978 წელს და ამ წლიდან ირიცხებოდა ქართული ფილმის ბალანსზე, ხოლო კინოთეატრი “.....” სს “....” მიერ გასხვისებულ იქნა 2006 წელს (ტ. 1, ს.ფ. 132).

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში, განკარგოს მის საკუთრებაში არსებული ქონება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 70-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადებული ხელშეკრულება ბათილია იმ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადების შემთხვევაში, რომლის საფუძველზედაც დაიდო ხელშეკრულება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემისთანავე ითვლება არარად, თუ იგი გამოცემულია არაუფლებამოსილი ორგანოს ან არაუფლებამოსილი პირის მიერ.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ამა თუ იმ ქონების განკარგვის, მათ შორის, ქონებაზე საიჯარო ხელშეკრულების გაფორმების უფლებამოსილება გააჩნია იმ სუბიექტს, რომელიც არის ამ ქონების მესაკუთრე, ხოლო თუ ქონება განკარგა არაუფლებამოსილმა პირმა _ არამესაკუთრემ, აღნიშნული წარმოადგენს შესაბამისი აქტის ან/და ხელშეკრულების არარად აღიარების/ბათილად ცნობის სამართლებრივ საფუძველს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ კინოთეატრ “...." შენობა ქ. ქუთაისის მერის 1998 წლის 12 თებერვლის ¹79 ბრძანების გამოცემის დროისათვის წარმოადგენდა შპს “...." საკუთრებას, ხოლო, ვინაიდან ქ. ქუთაისის მერია არ იყო კინოთეატრ “....." შენობის მესაკუთრე, იგი იყო არაუფლებამოსილი ორგანო, განეკარგა ხსენებული უძრავი ქონება და ამასთან დაკავშირებით, გამოეცა 1993 წლის 29 ივლისის ¹317 განკარგულება და 1998 წლის 12 თებერვლის ¹79 ბრძანება. სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ ზემოთ მითითებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების არარა ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებად აღიარებასთან ერთად, ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი სახელმწიფო ქონების მართვის ქუთაისის სამმართველოსა და ტელერადიოკომპანია “...." შორის 1996 წლის 29 იანვარსა და 1998 წლის 31 ივლისს გაფორმებული ¹271 და ¹866 ხელშეკრულებები, ხოლო, ვინაიდან კინოთეატრ “....” შენობა არ წარმოადგენდა სახელმწიფო საკუთრებას, სახელმწიფო ქონების მართვის ქუთაისის სამმართველოს არ ჰქონდა უფლება, იჯარით გადაეცა შენობა ტელერადიოკომპანია “.....” და არარა ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებად იქნა ცნობილი რა ქ. ქუთაისის მერის 1993 წლის 29 ივლისის ¹317 განკარგულება და 1998 წლის 12 თებერვლის ¹79 ბრძანება, რომელთა საფუძველზედაც მოხდა სადავო საიჯარო ხელშეკრულებების გაფორმება, ამიტომ დასახელებული ხელშეკრულებები ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საკასაციო სასამართლოში ამ საქმის განხილვისას ნათლად გამოიკვეთა მოსარჩელის იურიდიული ინტერესი და სარჩელის საფუძვლიანობა, კერძოდ, იურიდიულ ინტერესთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლოს 2008 წლის 18 სექტემბრის სხდომაზე მოწინააღმდეგე მხარემ დამატებით მიუთითა საქართველოს კონტროლის პალატის შესაბამის აქტზე და განმარტა, რომ 1993 წლიდან 2004 წლის აგვისტოს ჩათვლით მან ნამდვილ, კანონიერ მესაკუთრეს _ სს “.....” გადაუხადა საიჯარო ქირა _ 93000 ლარი, ხოლო ამჟამად შესაბამისი საგადასახადო და პრივატიზაციის ორგანოები მას სთხოვენ 101000 აშშ დოლარის, ასევე მასზე დამატებულ 101000 აშშ დოლარი საურავის დღგ-ში გადახდას, რომელიც მოსარჩელეს საქართველოს კონტროლის პალატამ დაარიცხა, კერძოდ, საქართველოს კონტროლის პალატამ 2000 წელს მოსარჩელეს 101000 აშშ დოლარი (იმჟამად არსებული კურსით _ 202000 ლარი), თითქოსდა მომსახურებისთვის ქ. ქუთაისის მერიის მიერ მოსარჩელისთვის გადახდილი თანხა ჩაუთვალა მიღებულ შემოსავალში, საიჯარო ქირა კი _ გადასახდელ თანხად და უკანონოდ დაარიცხა დღგ-ში 101000 აშშ დოლარი, ანუ მოსარჩელეს მიადგა მატერიალური ზიანი, რაც განსაზღვრავს სწორედ მოცემული სარჩელის აღძვრისათვის მოსარჩელის იურიდიულ ინტერესს _ მისთვის დაკისრებული საგადასახადო ვალდებულებების _ შესაბამისი თანხის ხელმეორედ გადახდის გამორიცხვას, რასაც იგი ვერ გადაიხდის, ამასთან, მოსარჩელეს ამჟამად აქვს სასამართლო დავა შესაბამის საგადასახადო ორგანოსა და საქართველოს კონტროლის პალატასთან, რომლის განხილვაც შეჩერებულია ამ საქმის წარმოების დამთავრებამდე. ამასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეში წარმოდგენილ საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარისადმი საქართველოს კონტროლის პალატის 2006 წლის 26 ივლისის ¹568/16 წერილზე, რომლის მიხედვითაც, ქუთაისის საგადასახადო ინსპექციაში ჩატარებული საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის კომპლექსური რევიზიის პროგრამის შესაბამისად, შემოწმდა ტელეკომპანია “....” მიერ ბიუჯეტთან ანგარიშსწორების მდგომარეობა, ხოლო რევიზიის შედეგებზე 2000 წლის 31 აგვისტოს გაფორმდა აქტი, რომლის თანახმად, ტელეკომპანია “.....” გადასახდელად გამოუვლინდა 202010 ლარი წინა წლებში კუთვნილი საიჯარო ქირის გადაუხდელობისათვის, საქართველოს კონტროლის პალატამ კი არასწორად მიიჩნია გადაუხდელი საიჯარო ქირის ტელეკომპანია “.....” ჩამოწერა (ტ. 1, ს.ფ. 72-74). გარდა ამისა, მოსარჩელის იურიდიულ ინტერესზე ხაზს უსვამს ის გარემოებაც, რომ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქუთაისის სამმართველოსა და ტელეკომპანია “....” შორის ¹866 საიჯარო ხელშეკრულება დაიდო 1998 წლის 31 ივლისს 10 წლის ვადით, ასევე 2000 წლის 1 აგვისტოს შპს “.....” და ტელერადიოკომპანია “.....” შორის 5 წლის ვადით დაიდო საიჯარო ხელშეკრულება იმავე, ანუ კინოთეატრ “....” შენობის ფართზე. ამდენად, შეიძლება ითქვას, რომ ერთი და იმავე _ შენობის ფართზე ერთმანეთის პარალელურად იქნა დადებული აღნიშნული ხელშეკრულებები.

რაც შეეხება სარჩელის საფუძვლიანობასა და შესაბამის სასარჩელო მოთხოვნას, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, როგორც საკასაციო სასამართლოს 2008 წლის 18 სექტემბრის სხდომაზე მოწინააღმდეგე მხარემ განმარტა, იგი არ დავობს კინოთეატრ “....” შენობაზე _ ამის შესახებ იგი არ ედავება ქ. ქუთაისის მერიას ან სს “.....”, არამედ იგი სადავოდ ხდის ქ. ქუთაისის მერიის შესაბამის, გასაჩივრებულ დოკუმენტებს, ხოლო სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველია ის, რომ კინოთეატრ “....” შენობის მესაკუთრე იყო სს “.....” და არა ქ. ქუთაისის მერია, რომელიც სს “....” გაასხვისა მხოლოდ 2006 წელს და ნასყიდობის ხელშეკრულება ძალაშია _ ხსენებული შენობა შეიძინა კერძო მესაკუთრემ, რომელსაც ქ. ქუთაისის მერია ამ შენობის საკუთრების უფლებაზე არ ედავება, სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქუთაისის სამმართველოსა და ტელეკომპანია “....” შორის 1998 წლის 31 ივლისს დადებული ¹866 საიჯარო ხელშეკრულება ამჟამად მოშლილია, ამ საქმის სასამართლო განხილვის დროს კი, კერძოდ, სააპელაციო სასამართლოში მოხდა 1996 წლის 29 აგვისტოს ¹271 და 1998 წლის 31 ივლისის ¹866 საიჯარო ხელშეკრულებების არარა გარიგებებად ცნობის თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის კორექტირება მათი ბათილად ცნობის მოთხოვნით.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის _ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების რაჭა-ლეჩხუმ-იმერეთის სამხარეო სამმართველოს მოსაზრებას, რომ კინოთეატრ “...." ქ. ქუთაისის მერიის მუნიციპალურ დაქვემდებარებაში ბალანსიდან ბალანსზე გადაცემაზე კონცერნ “...." თანხმობა დაფიქსირებული აქვს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტისადმი 1993 წლის 16 ივლისის ¹04-01/18 მიმართვით. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტისადმი 1993 წლის 16 ივლისის ¹04-01/18 მიმართვა ამ საქმეში არ არის წარმოდგენილი და ამდენად, უსაფუძვლოა კონცერნ “...." თანხმობის დამტკიცებულად მიჩნევა ქ. ქუთაისის საკრებულოს მდივნისადმი ქ. ქუთაისის მერის 1999 წლის 10 თებერვლის ¹83 წერილზე დაყრდნობით.

საკასაციო სასამართლო ასევე ვერ დაეთანხმება კასატორის _ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების რაჭა-ლეჩხუმ-იმერეთის სამხარეო სამმართველოს მტკიცებას იმის შესახებ, რომ ქ. ქუთაისის მერის 1993 წლის 29 ივლისის ¹317 განკარგულების კანონიერება დადასტურებულია საქართველოს სახელმწიფო მეთაურის 1995 წლის 21 ივლისის ¹250 ბრძანებულებით. საკასაციო სასამართლო მიუთითებს “ქუთაისში არასაცხოვრებელი ფართობების პრივატიზაციის პროცესის დაჩქარებისა და უძრავი ქონების მართვის მოწესრიგების შესახებ” საქართველოს სახელმწიფო მეთაურის 1995 წლის 21 ივნისის ¹250 ბრძანებულების (ძალადაკარგულია საქართველოს 1997 წლის 30 ივნისის ¹743 კანონით) მე-2 მუხლზე, რომლის თანახმად, რესპუბლიკის სამინისტროებს, დეპარტამენტებს, უწყებებსა და გაერთიანებებს, რომელთა საწარმოები და ორგანიზაციები დისლოცირებულნი იყვნენ ქუთაისის ტერიტორიაზე, მათ ბალანსზე რიცხული ქონების განკარგვა, ბალანსიდან ბალანსზე ან იჯარით გადაცემა უნდა განეხორციელებინათ ქალაქში მოქმედი უძრავი ქონების მართვის ერთიანი წესის სრული დაცვით (ტ. 1, ს.ფ. 46). საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნულ ბრძანებულებაზე მითითება ვერ დააფუძნებს წარმოდგენილი საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობას, რადგან ამ ბრძანებულების დასახელებული, ბლანკეტური ხასიათის ხსენებული ნორმა მხოლოდ ზოგადად მიუთითებს შესაბამისი წესის დაცვაზე.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის _ ქ. ქუთაისის მერიის მიერ კასაციის საფუძვლად იმ გარემოებაზე მითითებას, რომ 1996 წლის 29 იანვრის ¹271 ხელშეკრულებით საიჯარო გადასახადის გაანგარიშებისას გამოყენებულ იქნა ტექნიკური აღრიცხვისა და ინვენტარიზაციის ბიუროს ტექნიკური პასპორტიდან 1996 წლის 17 იანვრის ¹271 ამონაწერი, რომელიც ამ ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილია, რითაც კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ ტექნიკური აღრიცხვისა და ინვენტარიზაციის ბიუროში კინოთეატრ “....." შენობა აღირიცხა ქ. ქუთაისის მერიის საკუთრებაში. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ტექნიკური აღრიცხვისა და ინვენტარიზაციის ბიუროს ტექნიკური პასპორტიდან 1996 წლის 17 იანვრის ¹271 ამონაწერის შესახებ მითითებულია 1996 წლის 29 იანვრის ¹271 ხელშეკრულების 1.1 პუნქტში და ხსენებული ამონაწერი არ არის საქმეში წარმოდგენილი, რის გამოც უსაფუძვლოა ამავე ამონაწერზე დაყრდნობით იმის მტკიცება, რომ კინოთეატრ “...." შენობა იყო ქ. ქუთაისის მერიის საკუთრებაში.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ასევე უსაფუძვლოა კასატორის _ ქ. ქუთაისის მერიის მიერ საკასაციო საჩივრის დასასაბუთებლად იმ გარემოებაზე მითითება, რომ ქ. ქუთაისის მერის 1993 წლის 29 ივლისის ¹317 განკარგულება გამოცემულ იქნა უფრო ადრე, ვიდრე საქართველოს სახელმწიფო მეთაურის 1994 წლის 7 ივნისის ¹110 განკარგულება, საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს კოლეგიის 1995 წლის 6 მარტის ¹07.04.55 დადგენილება, სს “...." 1995 წლის 6 სექტემბრის ¹543 ბრძანება და 1995 წლის 20 სექტემბრის აქტი ქონების გადაცემის შესახებ. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ქ. ქუთაისის მერის 1993 წლის 29 ივლისის ¹317 განკარგულების დასახელებულ აქტებზე ადრე გამოცემაც ვერ დააფუძნებს ქ. ქუთაისის მერიის საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობას, რადგან აღნიშნულით არ მტკიცდება ქ. ქუთაისის მერიის საკუთრება კონოთეატრ “.....” შენობაზე.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ, როგორც საკასაციო სასამართლოს 2008 წლის 18 სექტემბრის სხდომაზე კასატორის _ ქ. ქუთაისის მერიის წარმომადგენელმა აღნიშნა, კონოთეატრ “....” შენობა განკარგა სს “....”, ტელეკომპანია “....” მისი გადაცემით და არა ტელეკომპანია “....” ან ქ. ქუთაისის მერიამ, ხოლო მოგვიანებით, კონოთეატრ “....” შენობა შეისყიდა არა ტელეკომპანია “....”, არამედ კონკრეტულმა კერძო მეწარმემ, ქ. ქუთაისის მერიასა და სს “....” შორის კი კინოთეატრ “.....” შენობის თაობაზე დავა არასოდეს ყოფილა.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები დაუსაბუთებელია _ კასატორები ვერ ამტკიცებენ შესაბამის პერიოდში კინოთეატრ “.....” შენობაზე ქ. ქუთაისის მერიის საკუთრებას.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმის განხილვისას სააპელაციო სასამართლოს არ დაურღვევია საქართველოს კანონმდებლობა და საქმეზე მიიღო დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების რაჭა-ლეჩხუმ-იმერეთის სამხარეო სამმართველოსა და ქ. ქუთაისის მერიის საკასაციო საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი, რის გამოც გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების რაჭა-ლეჩხუმ-იმერეთის სამხარეო სამმართველოსა და ქ. ქუთაისის მერიის საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.