ბს-487-464(კ-07) 22 ნოემბერი, 2007წ.
თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლალი ლაზარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) _ ქ. თბილისის მერია
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ პ. კ-ე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 12 მარტის განჩინება
დავის საგანი _ კომპენსაციის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2006 წლის 22 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სასარჩელო განცხადებით მიმართა პ. კ-ემ მოპასუხე ქ. თბილისის მერიის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ 1300 ლარის დაკისრება.
სარჩელის საფუძვლები მდგომარეობდა შემდეგში:
პ. კ-ე ქ. თბილისის პრემიერის 2005 წლის 24 იანვრის ¹43 განკარგულების საფუძველზე დაინიშნა ქ. თბილისის საკრებულოსა და მთავრობის აპარატის მთავრობის ........... სამსახურის უფროსის თანამდებობაზე. “ქ. თბილისის ადგილობრივი თვითმმართველობის დაწესებულებების მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთებისა და თანამდებობათა დასახელების დამტკიცების შესახებ” ქ. თბილისის საკრებულოს 2005 წლის 7 თებერვლის ¹2-3 გადაწყვეტილების თანახმად, მისი თანამდებობრივი სარგო შეადგენდა 650 ლარს. ქ. თბილისის პრემიერის 2005 წლის 12 აპრილის ¹268 განკარგულების საფუძველზე, “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 97-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მოსარჩელე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან შტატებით გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირებასთან დაკავშირებით. მოპასუხეს მის მიმართ არ შეუსრულებია “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 109-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სავალდებულო პირობა, რომლის თანახმად, დაწესებულების ლიკვიდაციის ან შტატების შემცირების გამო სამსახურიდან გათავისუფლებისას მოხელეს კომპენსაციის სახით ეძლევა ორი თვის თანამდებობრივი სარგო. აღნიშნული თანხის მოთხოვნით მოსარჩელემ 2006 წლის 7 მარტს განცხადებით მიმართა ქ. თბილისის მერიას, საიდანაც 2006 წლის 7 აპრილის ¹3122 წერილით ეცნობა, რომ ქ. თბილისის ბიუჯეტში უახლოეს მომავალში დაგეგმილი ცვლილებების გათვალისწინებით მას აუნაზღაურდებოდა კუთვნილი თანხა, მაგრამ, ამის მიუხედავად, მოპასუხეს ვალდებულება არ შეუსრულებია, რითაც დაირღვა “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 109-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნა და შეილახა მოსარჩელის კანონიერი უფლება. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისათვის 2 თვის თანამდებობრივი სარგოს _ 1300 ლარის ანაზღაურების დაკისრება (ს.ფ. 1-2).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 8 სექტემბრის გადაწყვეტილებით პ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხე ქ. თბილისის მერიას მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ორი თვის თანამდებობრივი სარგოს _ 1300 ლარის ანაზღაურება.
საქალაქო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია, რომ პ. კ-ე, “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, 2006 წლის 24 იანვრიდან დაინიშნა ქ. თბილისის საკრებულოსა და მთავრობის აპარატის მთავრობის ............. სამსახურის უფროსის თანამდებობაზე, ხოლო ქ. თბილისის პრემიერის 2005 წლის 13 აპრილის ¹268 განკარგულებით, “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 97-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, სხვა მოსამსახურეებთან ერთად გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.
საქალაქო სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ პ. კ-ეს ქ. თბილისის საკრებულოსა და მთავრობის აპარატის მთავრობის .......... სამსახურის უფროსის თანამდებობიდან 2005 წლის 13 აპრილს შტატებით გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირების გამო გათავისუფლებისას არ მიუღია კანონმდებლობით გათვალისწინებული ორი თვის თანამდებობრივი სარგო, რომელიც “ქ. თბილისის ადგილობრივი თვითმმართველობის დაწესებულებების მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთებისა და თანამდებობათა დასახელების დამტკიცების შესახებ” ქ. თბილისის საკრებულოს 2005 წლის 7 თებერვლის ¹2-3 გადაწყვეტილების შესაბამისად, შეადგენდა თვეში _ 650 ლარს, ორ თვეზე _ 1300 ლარს. საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 109-ე მუხლის თანახმად, მოპასუხე ქ. თბილისის მერია ვალდებული იყო აენაზღაურებინა მოსარჩელისათვის ორი თვის თანამდებობრივი სარგო 1300 ლარის ოდენობით.
საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის წარმომადგენლის მსჯელობა იმის შესახებ, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან მოსარჩელე გათავისუფლებიდან რამდენიმე დღეში გადაყვანილი იქნა სხვა თანამდებობაზე და, ფაქტობრივად, ქ. თბილისის მერიის სისტემიდან გათავისუფლებული არ ყოფილა. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ პ. კ-ე ქ. თბილისის საკრებულოსა და მთავრობის აპარატის მთავრობის .......... სამსახურის უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლდა “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 97-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე _ შტატების შემცირების გამო, რის შემდეგაც ქ. თბილისის მერია ვალდებული იყო აენაზღაურებინა მისთვის კანონის იმპერატიული ნორმით დადგენილი ორი თვის თანამდებობრივი სარგო, ხოლო ის ფაქტი, რომ მოსარჩელე 2005 წლის 22 აპრილის ქ. თბილისის მერის განკარგულებით კვლავ დაინიშნა სხვა თანამდებობაზე, კანონმდებლობის შესაბამისად, არ წარმოადგენდა ზემოხსენებული ვალდებულებისაგან გათავისუფლების საფუძველს (ს.ფ. 31-33).
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის მერიამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი მოტივებით:
საქმეში წარმოდგენილი იყო ქ. თბილისის მერიის განკარგულება, რომლის თანახმად პ. კ-ე 2005 წლის 15 აპრილიდან დაინიშნა ქ. თბილისის მერიის ............. ინსპექციის მოადგილის თანამდებობაზე. აღნიშნული ადასტურებდა იმას, რომ ქ. თბილისის მერიის მხრიდან, ფაქტობრივად, მოხდა მოსარჩელისათვის ახალი სამსახურის შეთავაზება და მისი თანხმობის შესაბამისად დაინიშნა ახალ თანამდებობაზე. ე.ი. ქ. თბილისის მერიის სისტემიდან გათავისუფლება არ მომხდარა და შესაბამისად, არ არსებობდა ორი თვის თანამდებობრივი სარგოს მოთხოვნის საფუძველი. ასევე მნიშვნელოვანი იყო ის გარემოებაც, რომ ქ. თბილისის მერიის სისტემიდან მოსარჩელე გათავისუფლდა ქ. თბილისის მერის 2005 წლის 12 ივლისის ¹1010 განკარგულებით, მოსარჩელის პირადი განცხადების საფუძველზე. აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა კანონი, რასაც საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა მოჰყვა (ს.ფ. 36-37).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 12 მარტის განჩინებით ქ. თბილისის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 8 სექტემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს. სააპელაციო სასამართლო სრულად დაეთანხმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და სამართლებრივ შეფასებებს. სასამართლოს მითითებით, შესაბამისად, არ არსებობდა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები (ს.ფ. 51-53).
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის მერიამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
კასატორის მითითებით, სარჩელის დაკმაყოფილებისას სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ პ. კ-ე ქ. თბილისის საკრებულოსა და მთავრობის აპარატის მთავრობის ............ სამსახურის უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლდა “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 97-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე _ შტატების შემცირების გამო, რის შემდეგაც ქ. თბილისის მერია ვალდებული იყო აენაზღაურებინა მისთვის კანონმდებლობის იმპერატიული ნორმით დადგენილი ორი თვის თანამდებობრივი სარგო.
საქმეში წარმოდგენილი იყო ქ. თბილისის მერიის განკარგულება, რომლითაც დგინდებოდა, რომ პ. კ-ე 2005 წლის 15 აპრილიდან დაინიშნა ქ. თბილისის მერიის .................. ინსპექციის მოადგილის თანამდებობაზე. აღნიშნული ადასტურებდა იმას, რომ ქ. თბილისის მერიის მხრიდან, ფაქტობრივად, მოხდა მოსარჩელისათვის ახალი სამსახურის შეთავაზება და მისი თანხმობით დაინიშნა ახალ თანამდებობაზე. ე.ი. ქ. თბილისის მერიის სისტემიდან მოსარჩელის გათავისუფლება არ მომხდარა და შესაბამისად, არ არსებობდა ორი თვის თანამდებობრივი სარგოს მოთხოვნის საფუძველი. ასევე მნიშვნელოვანი იყო ის გარემოებაც, რომ მოსარჩელის ქ. თბილისის მერიის სისტემიდან გათავისუფლება მოხდა ქ. თბილისის მერის 2005 წლის 12 ივლისის ¹1010 განკარგულებით და ისიც მისივე პირადი განცხადების საფუძველზე (ს.ფ. 57-58).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მერიის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 12 მარტის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, პ. კ-ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქ. თბილისის პრემიერის 2005 წლის 13 აპრილის ¹268 განკარგულებით მოსარჩელე პ. კ-ე გათავისუფლდა ქ. თბილისის საკრებულოსა და მთავრობის აპარატის მთავრობის ........... სამსახურის უფროსის თანამდებობიდან “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 97-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე.
ასევე დადგენილია, რომ ქ. თბილისის მერის 2005 წლის 22 აპრილის ¹89 განკარგულებით პ. კ-ე დაინიშნა ქ. თბილისის მერიის საქალაქო სამსახურის _ ............ ინსპექციის უფროსის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლად 2005 წლის 15 აპრილიდან.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე სადავოდ ხდის იმ გარემოებას, რომ ქ. თბილისის პრემიერის 2005 წლის 12 აპრილის ¹268 განკარგულებით დაკავებული თანამდებობიდან “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 97-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე მისი გათავისუფლებისას, მოპასუხეს არ შეუსრულებია ამავე კანონის 109-ე მუხლის პირველი პუნქტი და მისთვის არ აუნაზღაურებია დაწესებულების შტატების შემცირების გამო სამსახურიდან გათავისუფლებული მოხელეებისათვის გათვალისწინებული კომპენსაცია _ 2 თვის თანამდებობრივი სარგო.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 109-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კომპენსაციის გაცემის პირობების მოსარჩელესთან მიმართებაში არსებობის შესახებ. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული საკითხი გადაწყვეტას ექვემდებარება არა მხოლოდ ქ. თბილისის პრემიერის 2005 წლის 13 აპრილის ¹268 განკარგულების განყენებულად შეფასების, არამედ ქ. თბილისის პრემიერის 2005 წლის 13 აპრილის ¹268 განკარგულებისა და ქ. თბილისის მერის 2005 წლის 22 აპრილის ¹89 განკარგულების ერთობლიობაში შეფასების გზით.
სააპელაციო სასამართლომ ყურადღება არ მიაქცია იმ გარემოებას, რომ, მართალია, 2005 წლის 13 აპრილს გამოიცა ¹268 განკარგულება, სადაც საუბარია შტატების შემცირების გამო პ. კ-ის თანამდებობიდან გათავისუფლებაზე, თუმცა აღნიშნული ბრძანების გამოცემიდან 2 დღეში _ 2005 წლის 15 აპრილიდან, პ. კ-ე კვლავ დაინიშნა თანამდებობაზე მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოში ქ. თბილისის მერის 2005 წლის 22 აპრილის ¹89 განკარგულებით.
“საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 109-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დაწესებულების ლიკვიდაციის ან შტატების შემცირების გამო სამსახურიდან გათავისუფლებისას მოხელეს კომპენსაციის სახით ეძლევა 2 თვის თანამდებობრივი სარგო.
აღნიშნული ნორმის სწორად გამოყენებისათვის ნიშანდობლივია ის გარემოება, რომ მითითებული ნორმით გათვალისწინებული გამოსასვლელი დახმარების გაცემის მიზანია სამუშაოდან გათავისუფლებული პირისათვის სხვა სამუშაოს პოვნამდე არსებობის შენარჩუნების მინიმალური ფინანსური უზრუნველყოფა. აღნიშნული დახმარება უმუშევრად დარჩენილი მოხელის მიმართ სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობის ერთ-ერთი პირველადი ღონისძიებაა. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო შემთხვევაში არ არსებობდა “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 109-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გამოსასვლელი დახმარების ანაზღაურების საფუძველი, რამდენადაც 2005 წლის 13 აპრილის განკარგულებას შედეგად არ მოჰყოლია სისტემიდან მოსარჩელის გათავისუფლება და მისი უმუშევრად დარჩენა, რეალურად, ადგილი ჰქონდა მოსარჩელისათვის ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემაში ახალი თანამდებობის შეთავაზებას და მისივე თანხმობით აღნიშნულ ახალ თანამდებობაზე გადაყვანას. “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 109-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული კომპენსაციის დანიშნულებას კი, როგორც უკვე აღინიშნა, წარმოადგენს სისტემიდან გათავისუფლებული, სამსახურის გარეშე დარჩენილი მოხელის დახმარება, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ქ. თბილისის მერიის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 12 მარტის განჩინება და საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. პ. კ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
4. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.