Facebook Twitter

¹ბს-489-466(კ-07) 18 ივნისი, 2007 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი

შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე),

ნინო ქადაგიძე (მომხსენებელი), ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა გ. ბ.-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 2 აპრილის განჩინებაზე.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 30 მაისის განჩინებით გ. ბ.-ის საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნა ხარვეზზე, შემდეგი საფუძვლით: საკასაციო საჩივარში არ იყო მითითებული, თუ რაში მდგომარეობდა გასაჩივრებული განჩინების საკასაციო წესით გასაჩივრების სამართლებრივი საფუძველი (კასაციის მიზეზი), შესაბამისად, გ. ბ.-ს დაევალა წარმოედგინა დასაბუთებული საკასაციო საჩივარი და განჩინებაში აღნიშნული ხარვეზის გამოსასწორებლად განესაზღვრა ვადა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღე.

2007 წლის 13 ივნისს კასატორის გ. ბ.-ის მიერ საკასაციო სასამართლოში ხარვეზის შევსების მიზნით წარმოდგენილი იქნა დაზუსტებული საკასაციო საჩივარი, რომელიც კვლავ არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396.1. “ე” პუნქტის მოთხოვნებს, რამდენადაც მითითებული დაზუსტებული საკასაციო საჩივარი არ შეიცავს მოტივაციას, თუ რაში მდგომარეობს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 2 აპრილის განჩინების საკასაციო წესით გასაჩივრების სამართლებრივი საფუძვლები (კასაციის მიზეზი), არ შეიცავს მითითებებს, თუ რაში მდგომარეობს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების უკანონობა, მითითებებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საპროცესო და მატერიალური ნორმების დარღვევებზე.

საპროცესო კოდექსის მოცემული ნორმა კასატორს ავალდებულებს საკასაციო სასამართლოს წარუდგინოს საკასაციო საჩივარი სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლების აღნიშვნით, მაშინ, როცა გ. ბ.-ის საკასაციო საჩივარი ზოგადად მიუთითებს გადაწყვეტილების უსწორობისა და უკანონობის თაობაზე.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არამხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ, საპროცესო მოვალეობები. ერთ-ერთი ძირითადი უფლება სასამართლო განჩინების გასაჩივრებისა შეიცავს საპროცესო ვალდებულებას გასაჩივრებული განჩინების თაობაზე დასაბუთებული საჩივრის წარდგენისა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გ. ბ.-ის საკასაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად, სსსკ-ის 396.3. მუხლის შესაბამისად, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო, რამდენადაც სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის პროცესუალური წინაპირობა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსოს 1.2; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 397-ე, 399-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ. ბ.-ის საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნეს განუხილველად;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.