Facebook Twitter

ბს-489-468(კ-08) 24 ივლისი, 2008წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მარიამ ცისკაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობა (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ რ. გ-ე, ო., მ. და ნ. ბ-ები (მოსარჩელეები)

მესამე პირი _ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულო

დავის საგანი – გარანტიის შეუსრულებლობის გამო თანხის დაკისრება

გასაჩივრებული სასამართლოს გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 20 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

რ. გ-ემ, ო., მ. და ნ. ბ-ებმა 2007 წლის 19 ოქტომბერს სასარჩელო განცხადებით მიმართეს ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ და მოითხოვეს საცხოვრებელი ბინით დაუკმაყოფილებლობით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.

სარჩელის საფუძვლები მდგომარეობდა შემდეგში:

მოსარჩელეები 1973 წლიდან ცხოვრობდნენ ქ. ზესტაფონში, ...... ქ. ¹22-ში სამოთახიან ბინაში. 1989 წლის სტიქიურმა მოვლენებმა, მიწისძვრამ და დიდთოვლობამ დააზიანა და საცხოვრებლად უვარგისი გახადა სახლმმართველობის ბალანსზე მყოფი საცხოვრებელი სახლი ზაქარიაძის ქ. ¹22-ში. ზესტაფონის რაიაღმასკომის გადაწყვეტილებით იგი დაინგრა 1989 წლის 30 ნოემბერს. აღმასკომმმა გასცა საგარანტიო წერილი, რომლის მიხედვითაც იმავე ადგილზე აშენებულ 9 სართულიან, 36 ბინიან სახლში მათთვის სულადობის გათვალისწინებით, უნდა მიეცათ სამოთახიანი ბინა. აღნიშნული ბინის მშენებლობა დაიწყო 1990 წელს, მაგრამ მალევე შეწყდა და აღარ გაგრძელებულა. სახელმწიფო კაპდაბანდებით დაწყებული საცხოვრებელი სახლების დაუმთავრებლობით წარმოქმნილი დავალიანება (გარდა კოოპერატიული ბინათმშენებლობებისა) სახელმწიფო ვალად არ აღიარებულა. აღნიშნულ საკითხს საქართველოს კანონი "სახელმწიფო ვალის შესახებ" არ არეგულირებს. ქ. ზესტაფონში, ..... ქ. ¹22-ში არსებული, სტიქიის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი სახლის ნაცვლად გათვალისწინებული იყო ცხრასართულიანი 36 ბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა, რომლის სახარჯთაღრიცხვო ღირებულება (1984 წლის ფასებში) შეადგენდა 605.0 ათას მანეთს. ზესტაფონის მთავარი არქიტექტორის 2004 წლის 29 აგვისტოს ¹57 წერილით, .... ქ. ¹22-ში მშენებარე 9 სართულიანი 36 ბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის გაგრძელების შემთხვევაში, აღნიშნული სახლის მშენებლობის სახარჯთაღრიცხვო ღირებულება შეადგენდა 605.0 ათას მანეთს. შესაბამისად, სამოთახიანი ბინის სახარჯთაღრიცხვო ღირებულება იქნებოდა 18285 (თვრამეტი ათას ორას ოთხმოცდახუთი) მანეთი.

მოსარჩელის განმარტებით, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სტატისტიკის დეპარტამენტის 2007 წლის 26 სექტემბრის ¹03-06/469 წერილის მიხედვით, ინფლაციის გათვალისწინებით, მანეთის და ლარის გაუფასურებიდან გამომდინარე 2007 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით 1984 წლის 18285 მანეთი შეადგენს 18514 (თვრამეტი ათას ხუთას თოთხმეტი) ლარს.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 1989 წლის 30 ნოემბერს აღმასკომმა იკისრა ვალდებულება სახლის აშენების შემდგომ მათი ბინით დაკმაყოფილების თაობაზე (ამ გარანტიით დატოვეს მოსარჩელეებმა ბინა და გადავიდნენ დროებით საცხოვრებლად სხვაგან), აღნიშნული ვალდებულება არ სრულდება დღემდე რაიონის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხრიდან, რომელიც წარმოადგენს ზესტაფონის სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს აღმასკომის უფლებამონაცვლეს, რადგან რაისაბჭოს აღმასკომმა და მუნიციპალიტეტის გამგეობამ ვერ დააკმაყოფილეს მოსარჩელეები საგარანტიო წერილით გათვალისწინებული საცხოვრებელი ბინით, მათ განიცადეს ზიანი, რაც გამოიხატა იმ საცხოვრებელი სადგომის ფაქტობრივი დაკარგვით, რომელშიც ისინი მის დანგრევამდე ცხოვრობდნენ, რის გამოც მოსარჩელეები მოითხოვენ საცხოვრებელი ბინით დაუკმაყოფილებლობით გამოწვეული ზიანის 18514 (თვრამეტი ათას ხუთას თოთხმეტი) ლარის მოპასუხეზე დაკისრებას.

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 21 ნოემბრის საოქმო განჩინებით საქმეში მე-3 პირად ჩაბმულ იქნა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულო.

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილებით რუსუდან გ-ის, ო. ბ-ის, მ. ბ-ის და ნ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობას მოსარჩელეების სასარგებლოდ დაეკისრა სამოთახიანი ბინის ღირებულების _ 18514 ლარის ანაზღაურება.

რაიონულმა სასამართლომ საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნია, რომ ზესტაფონის სახალხო დეპუტატთა რაისაბჭოს აღმასკომის 1989 წლის 30 ნოემბრის ¹416 გადაწყვეტილებით ქ. ზესტაფონში, ...... ქუჩა ¹22-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი დაანგრიეს. სახლი სახლმმართველობის ბალანსზე იმყოფებოდა. აღნიშნულ სახლში მცხოვრებ მოქალაქეებს მიეცათ გარანტია, რომ ისინი ბინებს მიიღებდნენ 9 სართულიან 36 ბინიან საცხოვრებელ სახლში, რომელიც უნდა აშენებულიყო იმავე ადგილზე. ამორტიზირებული საცხოვრებელი სახლის მობინადრე იყო რ. გ-ის ოთხსულიანი ოჯახი. აღმასკომის გადაწყვეტილებით გაიცა გარანტია რ. გ-ის სახელზე კეთილმოწყობილი ბინით უზრუნველყოფის შესახებ, რაც არ შესრულებულა. მშენებლობა 1990 წელს დაფინანსების შეწყვეტის გამო დაკონსერვდა, ხოლო ვალდებულების შეუსრულებლობის გამო საცხოვრებელი ბინის გარეშე დარჩნენ ქ. ზესტაფონში, ..... ქუჩა ¹22-ში მდებარე ამორტიზირებულ ბინაში მცხოვრები მოქალაქეები, მათ შორის მოსარჩელის ოჯახიც.

სასამართლომ ვერ გაიზიარა მოპასუხე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და მესამე პირის ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმომადგენლების არგუმენტაცია, რომ მათ მოსარჩელეთათვის ზიანი არ მიუყენებიათ, რადგან ხელშეკრულების მხარედ არ გამოდიოდნენ, რომ გამგეობაზე და საკრებულოზე ვალდებულების დაკისრება არ მომხდარა. ასევე, აღნიშნეს რომ სარჩელი არის ხანდაზმული და სარჩელს უარყოფენ იმ გარემოებით, რომ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 15 ნოემბრის ¹108 დადგენილებით შექმნილია სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემათა შემსწავლელი სახელმწიფო კომისია.

სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო კოდექსის 212-ე მუხლის თანახმად, თუ მოვალემ არ შეასრულა ან არაჯეროვნად შეასრულა ვალდებულება, იგი მოვალეა, აუნაზღაუროს კრედიტორს ამით მიყენებული ზიანი. ზარალად ითვლება კრედიტორის მიერ გაწეული ხარჯები, მისი ქონების დაკარგვა ან გაფუჭება, აგრეთვე შემოსავალი, რომელიც არ მიუღია და რასაც იგი მიიღებდა, თუკი მოვალე ვალდებულებას შეასრულებდა. სამოქალაქო კოდექსის 165-ე მუხლის თანახმად, ვალებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად და დაწესებულ ვადაში, ხოლო 166-ე მუხლის მიხედვით, კანონით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა, ცალმხრივი უარი ვალდებულების შესრულებაზე და ხელშეკრულების პირობების ცალმხრივი შეცვლა არ დაიშვება. აღნიშნულ შემთხვევაში გარიგების ერთ-ერთმა მხარემ _ რაიაღმასკომმა (ამჟამად ზესტაფონის გამგეობამ) _ უარი თქვა ვალდებულების შესრულებაზე, რაც დაუშვებელია. სასამართლო თვლის, რომ "სახელმწიფო ვალის შესახებ" საქართველოს კანონი არ არეგულირებს ურთიერთობას, რომელიც წარმოქმნილია მხარეთა შორის. ასევე სარჩელი არ არის ხანდაზმული, რადგან მხარეთა შორის გარიგება დადებულია განუსაზღვრელი ვადით. 1989 წლის 30 ნოემბერს ზესტაფონის რაისაბჭოს აღმასკომის ¹416 გადაწყვეტილების შესაბამისად, მოსარჩელეები ბინით უნდა დაკმაყოფილებულიყვნენ მშენებლობის დამთავრების შემდეგ. მოსარჩელეს მოთხოვნის უფლება წარმოეშობოდა საცხოვრებელი ბინის მშენებლობის დამთავრების შემდეგ, რა ვალდებულებაც არ შეასრულა მოპასუხემ, რადგან მოპასუხის მხრიდან გარანტიით ნაკისრი ვალდებულების შესრულება მოსარჩელეების, სამოთახიანი ბინით დაკმაყოფილება, შეუძლებელია. მოპასუხემ აღნიშნულის საკომპენსაციოდ უნდა აანაზღაუროს ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანი. ზიანის ოდენობა დადგენილია საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სტატისტიკის დეპარტამენტის 2007 წლის 26 სექტემბრის ცნობით, რომლის შესაბამისად 1984 წლის 18285 (თვრამეტიათას ორას ოთხმოცდახუთი) მანეთი 2007 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით შეადგენს 18514 (თვრამეტიათას ხუთას თოთხმეტი) ლარს.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობამ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 20 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ზესტაფონის სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს უფლებამონაცვლეობა ნათელია და დავას არ იწვევს. იგი წარმოადგენდა რაიონული საბჭოს აღმასრულებელ ორგანოს, რომლის სამართალმემკვიდრე იყო ჯერ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო _ ზესტაფონის გამგეობა, ხოლო 2005 წლის 16 დეკემბრის "ადგილობრივი თვითმართველობის შესახებ" ორგანული კანონით _ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობა. ვინაიდან ვალდებულება რ. გ-ის მიმართ იკისრა აღმასრულებელმა ორგანომ, ამ ვალდებულებაზე პასუხისმგებელი ზესტაფონის სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს აღმასკომის სამართალმემკვიდრე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობაა.

პალატამ არ გაიზიარა მოპასუხის მითითება სარჩელის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით, რადგან სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლით ხანდაზმულობის ვადის დენა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. კერძოდ, როცა პირი შეიტყობდა ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის თაობაზე. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოპასუხეს ვალდებულების შესრულებაზე უარი არ განუცხადებია, მოპასუხის წარმომადგენელი მიუთითებს, რომ რ. გ-ეს ¹416 გადაწყვეტილებით ბინა უნდა გადასცემოდა მშენებლობის დასრულების შემდეგ. ამ გადაწყვეტილებით წარმოშობილი სამართალურთიერთობის თანახმად, მოპასუხის მიერ ვალდებულების შესრულების კონკრეტული ვადა მითითებული არ არის. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 365-ე მუხლით კი თუ ვალდებულების შესრულებისათვის არ არის განსაზღვრული დრო და იგი სხვა გარემოებებიდანაც არ ირკვევა, მაშინ კრედიტორს ნებისმიერ დროს შეუძლია მოითხოვოს მისი შესრულება. ¹416 გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ რ. გ-ეს უნდა გადასცემოდა ბინა მშენებლობის დამთავრების შემდეგ. ამდენად, ვალდებულების შესრულება დამოკიდებული იყო საცხოვრებელი სახლის აშენებაზე, რომელიც დღემდე აშენებული არ არის.

პალატამ კანონიერად მიიჩნია ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 21 ნოემბრის ადგილზე თათბირით მიღებული განჩინება საქმეში მოპასუხედ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ჩაბმაზე უარის თქმის შესახებ, რადგან სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, მოპასუხეს ასახელებს მოსარჩელე (ამ შემთხვევაში მოსარჩელე არ იწვევს მოპასუხედ ფინანსთა სამინისტროს). სარჩელი არ არის მიმართული ფინანსთა სამინისტროს წინააღმდეგ და 1989 წლის 30 ნოემბრის ¹416 გადაწყვეტილების, როგორც ვალდებულების წარმომშობი ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის, გამომტანი ორგანოს უფლებამონაცვლე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობაა, სასამართლომ კანონიერად თქვა უარი საქმეში ფინანსთა სამინისტროს მოპასუხედ ჩართვაზე.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 20 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობამ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. კასატორმა აღნიშნა, რომ სასამართლომ ყურადღება არ მიაქცია იმ გარემოებას, რომ ზესტაფონის სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს აღმასკომის 1989 წლის 30 ნოემბრის ¹416 გადაწყვეტილება ითვალისწინებდა მოსარჩელეთა ოჯახის დაკმაყოფილებას საცხოვრებელი ფართით მხოლოდ ცხრასართულიანი 36 ბინიანი სახლის მშენებლობის დამთავრების შემდეგ. ზემოაღნიშნული ბინის მშენებლობა დაიწყო საქართველოს მინისტრთა საბჭოს დადგენილებით. მუნიციპალიტეტს მოსარჩელის ბინით დაკმაყოფილების ვალდებულებითი ტვირთი არ უკისრია. გარანტია გაცემული ჰქონდა აღმასკომს და არა მუნიციპალიტეტს, რომელზედაც არ მომხდარა ამ ვალდებულების გადაკისრება შესაბამისი ფინანსური და მატერიალური რესურსების გადმოცემით. კასატორის მოსაზრებით სარჩელის დაუკმაყოფილებლობის მნიშვნელოვან გარემოებას წარმოადგენს ასევე ის ფაქტიც, რომ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 15 ნოემბრის ¹108 დადგენილებით შექმნილია სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემების შემსწავლელი კომისია, რომელიც დღესაც მოქმედებს და ხდება სახელმწიფო საშინაო ვალის დადგენა. კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლომ არ იხელმძღვანელა საქართველოს მთავრობის 2007 წლის 28 დეკემბრის ¹300 დადგენილებით ("საქართველოს მთავრობის საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის შედგენის მიზნით განსახორციელებულ ღონისძიებათა, ძირითად მონაცემთა და მიმართულებათა შემმუშავებელი სამთავრობო კომისიის შესახებ"). ასევე თვლის, რომ მოსარჩელეთა მოთხოვნა სასამართლოს უნდა ჩაეთვალა ხანდაზმულად, რადგან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობის ვადა, ხოლო ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ხანდაზმულობის საერთო ვადა შეადგენს ათ წელს. მოსარჩელისათვის ბინის მშენებლობის შეწყვეტის შესახებ ცნობილი იყო 1991 წელს, როცა შეწყდა ბინის მშენებლობა. მოსარჩელემ კი სასამართლოს მიმართა 17 წლის შემდეგ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ არის დასაშვები, შემდეგ გარემოებათა გამო:

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ პირობებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთმითითებული საფუძვლით.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის განხილვის შედეგზე და განაპირობა არასწორი განჩინების გამოტანა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს მიჩნეული ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 20 მარტის განჩინებაზე;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.