ბს-490-469(კ-08) 8 ივლისი, 2008 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ფოთის რეგიონალური ცენტრის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 21 თებერვლის განჩინებაზე /სს “....” დირექტორის ქ. ზ-ას სარჩელისა გამო, მოპასუხის - ფოთის საგადასახადო ინსპექციის მიმართ, 2006 წლის 30 ოქტომბრის ¹04/02/517 საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობის შესახებ/.
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
სს “.....” დირექტორმა ქ. ზ-ამ სარჩელი აღძრა ფოთის საქალაქო სასამართლოში, მოპასუხის - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო ინსპექციის ფოთის საგადასახადო ინსპექციის მიმართ, რომლითაც მოითხოვა 2006 წლის 30 ოქტომბრის ¹04/02/517 საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობა /იხ.ს.ფ. 2-6/.
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილებით სს “....” დირექტორის ქ. ზ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ფოთის საგადასახადო ინსპექციის საგადასახადო მოთხოვნა სს “.....” არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გადასახადში 15296,99 ლარის დარიცხვის ნაწილში /იხ.ს.ფ. 152-154/.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო ინსპექციის ფოთის საგადასახადო ინსპექციამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შემდეგი მოტივით:
გასაჩივრებული გადაწყვეტილება უკანონო და დაუსაბუთებელია. თბილისის საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას არასწორად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები, რის გამოც გასაჩივრებული გადაწყვეტილება ექვემდებარება გაუქმებას /იხ.ს.ფ. 158-159/.
სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 21 თებერვლის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო ინსპექციის ფოთის საგადასახადო ინსპექციის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, უცვლელად დარჩა საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება /იხ.ს.ფ. 180-186/.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ფოთის რეგიონალურმა ცენტრმა, რომელმაც მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შემდეგი მოტივით:
სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება საურავის გაუქმების ნაწილში იურიდიული თვალსაზრისით დაუსაბუთებელი და არასრულია. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 129.1 მუხლის თანახმად, თუ გადასახადის თანხა არ არის გადახდილი საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, გადასახადის გადამხდელი/საგადასახადო აგენტი ან სხვა ვალდებული პირი ვალდებულია, გადაიხადოს შესაბამისი საურავი, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საურავის დარიცხვა ხორციელდება საგადასახადო დავალიანების წარმოქმნის მომდევნო კალენდარული დღიდან თითოეული ვადაგადაცილებული დღისათვის “საგადასახადო მოთხოვნის” წარდგენის ან წარუდგენლობის მიუხედავად /იხ.ს.ფ. 196-203/.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 15 მაისის განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ფოთის რეგიონალური ცენტრის საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად, მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღით, საკასაციო საჩივრის ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებულ დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარსადგენად /იხ.ს.ფ. 207-208/.
საკასაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში მოსაზრება საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით მხარეებს არ წარმოუდგენიათ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ფოთის რეგიონალური ცენტრის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც იგი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო განმარტავს, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლის თანახმად საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნობას ექვემდებარება თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ, საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება _ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარდგენისა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის დასაბუთების ვალდებულება აკისრია თავად კასატორს, რომლის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს მითითება, თუ რომელ საფუძველზე დაყრდნობით მოითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.
მოცემულ შემთხვევაში კასატორის _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ფოთის რეგიონალური ცენტრის მიერ კომპეტენტურად არ იქნა რეალიზებული მისი საპროცესო უფლება, კერძოდ ვერ იქნა უზრუნველყოფილი მითითება იმ საფუძვლებზე, რომელიც გახდებოდა საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარში აღნიშნული კასაციის მოტივები (კასაციის მიზეზი) არ შეიცავს მოტივაციას ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების თაობაზე, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნებოდა მიჩნეული.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ფოთის რეგიონალური ცენტრის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ფოთის რეგიონალური ცენტრის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 34.3, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ფოთის რეგიონალური ცენტრის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. განჩინების ასლი გადაეგზავნოს მხარეებს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.