¹ბს-493-469(კ-06) 24 იანვარი, 2007 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე),
ნინო ქადაგიძე (მომხსენებელი), ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა – მხარეთა დასწრების გარეშე
კასატორი - ჭიათურის რაიონის გამგეობა
მოწინააღმდეგე მხარე – ვ. ხ-ე
მესამე პირი – საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილება
დავის საგანი – ზარალის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2005 წლის 5 ივლისს ვ. ხ-ემ სარჩელით მიმართა ჭიათურის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ჭიათურის რაიონის გამგეობის მიმართ 1991 წლის 29 აპრილს საქართველოში მომხდარი მიწისძვრის შედეგად მიყენებული ზარალის - 49655 მანეთის შესაბამისი თანხის კონვენტირებადი ვალუტით (აშშ დოლარი) ანაზღაურების თაობაზე.
მოსარჩელე მიუთითებდა, რომ 1991 წლის 29 აპრილს მიწისძვრის შედეგად მთლიანად დაენგრა საცხოვრებელი სახლი. ჭიათურის რაიონის გამგეობა ვერ ახერხებდა თანხის გამოყოფას ზარალის ასანაზღაურებლად, რის გამოც საცხოვრებელი სახლი ნასესხები ფულით ააგო.
მოსარჩელემ დაზუსტებული სარჩელით მოითხოვა ჭიათურის რაიონის გამგეობისათვის დაკისრებული თანხის - 49655 საბჭოთა მანეთის ექსპერტთა მონაწილეობით გადაანგარიშება.
ჭიათურის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ვ. ხ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ვ. ხ-ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილებით ვ. ხ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ჭიათურის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ვ. ხ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ჭიათურის რაიონის გამგეობას ვ. ხ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 13896 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა.
სააპელაციო სასამართლომ უდავოდ დადასტურებულად მიიჩნია ის გარემოება, რომ მოსარჩელის სახლი დაინგრა სტიქიური მოვლენის _ მიწისძვრის შედეგად და მის აღსადგენად (ახალი სახლის ასაშენებლად) გამოყოფილი თანხა 49655 მანეთი დაიტაცეს დაუდგენელმა პირებმა, რომლებმაც შექმნეს ყალბი დოკუმენტი, თითქოს გამოყოფილი თანხა დაიხარჯა ხ-ების სახლის მშენებლობაზე.
სტიქიით დაზარალებული ხ-ები წლების განმავლობაში ჭიათურის რაიონის გამგეობიდან ითხოვდნენ დახმარებას, საიდანაც ღებულობდნენ დაპირებას, რომ თანხის არსებობის შემთხვევაში გამოუყოფდნენ საჭირო თანხას სახლის აშენებისათვის.
ჭიათურის რაიონის მთავარი არქიტექტორის - მ. გ-ის მიერ 2005 წლის 23 დეკემბერს გაცემული ¹525 ცნობით დასტურდება, რომ ნ. ხ-ის მიწისძვრით დანგრეული სახლის მშენებლობა დაიწყო იმავე წელს და მასზე დაიხარჯა 49655 მანეთი (რაც შემდგომში, როგორც გამოძიებით დადასტურდა, მიტაცებულია), თუმცა სახლის მშენებლობა არ დამთავრებულა.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის ფაქტობრივი გარემოებები, რომ ჭიათურის რაიონის გამგეობამ მოსარჩელეს შესთავაზა თანხის ნაწილი, ჯერ 1200 ლარი, შემდეგ კი 500 ლარი, მაგრამ მოსარჩელემ, თანხის სიმცირის გამო, მის მიღებაზე უარი განაცხადა.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად: “ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას". ამავე კოდექსის 341-ე მუხლის II ნაწილით: “თუ ვალის არსებობა აღიარებულია ანგარიშსწორების (გადახდის) საფუძველზე, მაშინ ფორმის დაცვა არ არის აუცილებელი".
სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ ჭიათურის რაიონის გამგეობამ მოსარჩელის მიმართ მიწისძვრის შედეგად დანგრეული სახლის ასაშენებლად თანხების გამოყოფის დაპირებითა და თანხის გარკვეული ნაწილის შეთავაზებით აღიარა ვალის არსებობა, რის გამოც უნდა დაეკისროს მოსარჩელის სახლის აშენებისათვის გამოყოფილი და შემდგომში უკანონოდ დატაცებული თანხის, 49655 რუსული მანეთის შესაბამისი ეკვივალენტის გადახდა ლარებში.
სააპელაციო სასამართლომ ჭიათურის რაიონის გამგეობისათვის მიწისძვრის შედეგად დანგრეული სახლის ღირებულების დაკისრების სამართლებრივ საფუძვლად ასევე მიიჩნია საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1991 წლის 8 მაისის ¹352 დადგენილება “საქართველოს რესპუბლიკაში მიწისძვრის შედეგების ლიკვიდაციის პირველი რიგის გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ".
სააპელაციო სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის 2005 წლის 20 სექტემბრის ¹2175/28.04 მიმართვის საფუძველზე, 1991 წლის მაისის მონაცემებით, 100 აშშ დოლარის კონვერტირებადი კურსი შეადგენდა 178 რუსულ რუბლს. შესაბამისად, 49655 რუსული რუბლი იქნებოდა 27896 აშშ დოლარი.
ზიანის ანაზღაურების მოცულობის განსაზღვრის დროს სააპელაციო პალატამ ასევე გაითვალისწინა საჯარო და კერძო ინტერესების თანაფარდობა (პროპორციულობა) და ჩათვალა, რომ მოსარჩელე ვ. ხ-ზე ასანაზღაურებელი თანხის ოდენობა უნდა განახევრებულიყო და საბოლოოდ განისაზღვრა 13896 აშშ დოლარის შესაბამისი ეკვივალენტი ლარებში.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა ჭიათურის რაიონის გამგეობამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება.
კასატორი მიუთითებდა, რომ საქართველოს მთავრობის 1991 წლის 3 მაისის ¹352 დადგენილების მე-13 მუხლის თანახმად, მიწისძვრით დაზარალებულ მოსახლეობასთან ანგარიშსწორების ვალდებულება თავის თავზე აიღო საქართველოს მთავრობამ და უშუალოდ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაევალა საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის წინაშე წარედგინა მიწისძვრით დაზიანებული შენობების რემონტისათვის საჭირო სახსრების გამოყოფა რესპუბლიკის სამინისტრებისა და უწყებებიდან, რაიონის პრეფექტურიდან მიღებული გაანგარიშების განზოგადების საფუძველზე.
კასატორის მითითებით, სააპელაციო ინსტანციაში საქმის განხილვის სტადიაზე ჭიათურის რაიონის გამგეობამ წარადგინა დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება ის ფაქტი, რომ აწ გარდაცვლილ ნ. ხ-ის საცხოვრებელი სახლის მშენებლობისათვის გაიხარჯა 49655 მანეთი, რაც დამოწმებულია ნ. ხ-ის ხელმოწერით. სასამართლო პროცესზე აპელანტმა ეჭვქვეშ დააყენა დოკუმენტზე არსებული, აწ გარდაცვლილი ნ. ხ-ის ხელმოწერა და მოითხოვა ექსპერტიზის დანიშვნა. ამავე დროს მან განუმარტა სასამართლოს, რომ დოკუმენტზე ხელმოწერის ფაქტის ნამდვილობის დასადგენად განცხადება შეიტანა ჭიათურის რაიონულ პროკურატურაში.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჭიათურის რაიონული პროკურატურიდან გამოითხოვა დადგენილება, რომელშიც აღნიშნულია, რომ ვ. ხ-ეს უარი ეთქვა სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო, ამავე დროს პროკურატურამ, ისე რომ არ ჩაატარა ექსპერტიზა და სათანადო მოკვლევა, დადგენილებაში მიუთითა, რომ 1991 წელს დაუდგენელი პირების მიერ ადგილი ჰქონდა თაღლითობის ფაქტს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ, კასატორის აზრით, იხელმძღვანელა ჭიათურის რაიონული პროკურატურის 2005 წლის 8 ივლისის დადგენილებით და გადაწყვეტილება გამოიტანა მასზე დაყრდნობით, რაც იმაზე მიუთითებს, რომ გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია და მოკლებულია ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს.
კასატორი ასევე აღნიშნავდა, რომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ გამოკვლევას, რის შემდეგაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ, აგრეთვე მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ჭიათურის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, უნდა გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
1991 წლის 29 აპრილს საქართველოში მომხდარი მიწისძვრის შედეგად მთლიანად დაინგრა ჭიათურის რაიონის სოფელ .... მცხოვრები ნ. ხ-ის საცხოვრებელი სახლი, რომლის მემკვიდრეს და ამჟამინდელ მეპატრონეს წარმოადგენს ვ. ხ-ე.
ზემოაღნიშნული მიწისძვრის შედეგების ლიკვიდაციის მიზნით შექმნილი კომისიის მიერ ვ. ხ-ის სახლი შეტანილ იქნა ახლად ასაშენებელი სახლების სიაში.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მიწისძვრით დანგრეული სახლის ასაშენებლად სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი იყო 49 655 მანეთი, რომელიც მიიტაცეს დაუდგენელმა პირებმა და სასამართლომ ზემოაღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით და სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლზე მითითებით (ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას), სარჩელი მიიჩნია საფუძვლიანად.
საკასაციო სასამართლომ კასატორის _ ჭიათურის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივრის საფუძველზე შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიაჩნია, რომ არსებობს გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის ,,ე” პუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
საკასაციო სასამართლო სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ ვ. ხ-ე წარმოადგენს მიწისძვრით დაზარალებულ პირს, რომლის მიმართაც სახელმწიფომ იკისრა გარკვეული მატერიალური ვალდებულებები, მაგრამ იმავდროულად დაუსაბუთებლად მიიჩნევს გადაწყვეტილებას ვალდებულების ოდენობის დადგენის ნაწილში და თვლის, რომ მითითებულ ნაწილში საქმე საჭიროებს დამატებით შესწავლას.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას 49 655 ლარის მიტაცების ნაწილში და მიიჩნევს, რომ დადგენილება წინასწარი გამოძიების შეწყვეტის შესახებ არ წარმოადგენს საკმარის მტკიცებულებას და მარტოოდენ მითითებული დადგენილების არსებობა სასამართლოს არ აძლევს შესაბამისი დასკვნის გაკეთების საფუძველს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის ,,გ” პუნქტის შესაბამისად, მხარეები თავისუფლდებიან მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან ისეთი ფაქტების დასადასტურებლად, რომლებსაც თუმცა ემყარება მათი მოთხოვნები, თუ შესაგებელი, მაგრამ დამტკიცებას არ საჭიროებს, ესენია ფაქტები იმის შესახებ, ჰქონდა თუ არა მოქმედებას ადგილი და ჩაიდინა თუ არა ეს მოქმედება იმ პირმა, რაც დადგენილია სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენით, როდესაც საქმეს იხილავს სასამართლო იმ პირის მოქმედების სამოქალაქო-სამართლებრივი შედეგების შესახებ, ვის მიმართაც გამოტანილია განაჩენი.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს მითითებული მუხლის შინააარსს და განმარტავს, აღნიშნული მუხლის შემადგენლობისათვის არსებითი მნიშვნელობა ენიჭება კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენის არსებობის ფაქტს, რასაც ადგილი არა აქვს წინამდებარე შემთხვევაში და რაც სასამართლოს ართმევს მითითებული მტკიცებულების უპირობოდ გაზიარების პროცესუალურ შესაძლებლობას.
საკასაციო სასამართლო ასევე დაუსაბუთებლად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მითითებას საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1991 წლის მაისის დადგენილებით ნ. ხ-ის 49 655 რუსული მანეთის გამოყოფის შესახებ. საგულისხმოა, რომ საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1991 წლის 3 მაისის ¹352 დადგენილება მოიცავს 1991 წლის 29 აპრილს საქართველოში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგების ლიკვიდაციის, მოსახლეობის შემდგომი უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და პირველი რიგის სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტების აღდგენის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა ჩამონათვალს და განსაზღვრავს კონკრეტული ზარალის დამდგენი სამუშაო ჯგუფების შემადგენლობას. მითითებული დადგენილების მე-14 პუნქტის შესაბამისად, მიწისძვრის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისათვის ფულადი დახმარების აღმოჩენა უნდა მომხდარიყო შემდეგი გაანგარიშებით, ოჯახებს, რომელთაც დაენგრათ საცხოვრებელი სახლი და სხვა ნაგებობები, გაუნადგურდათ ავეჯი და სხვა ქონება _ ერთ ოჯახზე 4 ათასი მანეთი და ოჯახის ყველა წევრზე დამატებით _ 500 მანეთი.
ამდენად, მითითებული დადგენილება, როგორც აღნიშნული დადგენილების შინაარსი ცხადყოფს, განსაზღვრავდა მხოლოდ გასაცემი საკომპენსაციო თანხის ოდენობას. იმ შემთხვევაში, თუ სააპელაციო სასამართლო ზემოაღნიშნულ დადგენილებას მიიჩნევს მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძვლად, ვალდებულია მითითებულ დადგენილებაზე დაყრდნობით დაასაბუთოს დაკისრებული თანხის ოდენობა.
საკასაციო სასამართლო არსებითად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლომ დაადგინოს და გამოიკვლიოს სახელმწიფომ რა ნაწილში და რა ოდენობით აღიარა ვალდებულება და აღიარებული იყო თუ არა ვალდებულება 49 655 მანეთის ოდენობით.
აქვე საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ,,საქართველოში 1991 წელს მიწისძვრის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი მოსახლეობისათვის ფინანსური დახმარების გაწევის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 23 ივნისის ¹264 დადგენილებაზე და თუ სააპელაციო სასამართლო მივა დასკვნამდე, რომ წინამდებარე შემთხვევაში სახელმწიფოს მხრიდან არ მომხდარა საკომპენსაციო თანხის კონკრეტული ოდენობის აღიარება, საჭიროდ მიიჩნევს ვ. ხ-თან მიმართებაში სააპელაციო სასამართლომ იმსჯელოს ზემოაღნიშნული დადგენილების გამოყენების შესაძლებლობაზე.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საქმე შემდგომი გამოკვლევის მიზნით უნდა დაუბრუნდეს იმავე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ჭიათურის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.