ბს-49-49(კ-08) 30 აპრილი, 2008 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა გ. ა-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 5 ნოემბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2006 წლის 6 იანვარს გ. ა-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ სამუშაოზე აღდგენის, წოდების მინიჭებისა და განაცდური ხელფასის ანაზღაურების თაობაზე.
მოსარჩელე სასარჩელო განცხადებით ითხოვდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 15.11.2005 წლის ¹8120 პ/შ ბრძანების მე-2 და მე-3 პუნქტების ბათილად ცნობას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დავალდებულებას, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მისი შსს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის .... სამმართველოს .... განყოფილებაში ოპერატიულ თანამშრომლად დანიშვნის, კაპიტნის სამხედრო წოდების მინიჭების თაობაზე, 2004 წლის 9 აგვისტოს მდგომარეობით იძულებით გაცდენილი დროის წელთა ნამსახურობაში ჩათვლასა და 2004 წლის 9 აგვისტოდან აღდგენამდე იძულებით განაცდური ხელფასის ანაზღაურებას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 16 მაისის გადაწყვეტილებით გ. ა-ის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის დირექტორის 23.01.06 წლის ¹10/3-74 ადმინისტრაციული აქტი და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა არსებულ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოეცა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი; გ. ა-ს უარი ეთქვა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 15 ნოემბრის ¹8120 პ/შ ბრძანების მე-3 პუნქტის ბათილად ცნობაზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის .... სამმართველოს ..... განყოფილებაში ოპერატიულ თანამშრომლად დანიშვნასა და 2005 წლის 15 ნოემბრიდან იძულებით განაცდური ხელფასის ანაზღაურებაზე.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. ა-მა.
აპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 16 მაისის გადაწყვეტილების 1-ლი, მე-3 პუნქტების და მე-2 პუნქტის იმ ნაწილის გაუქმებას, რომლითაც შსს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტის გამოცემა კაპიტნის წოდების მინიჭებასთან დაკავშირებით და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილებას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 5 ნოემბრის განჩინებით გიორგი ა-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 16 მაისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლო განჩინებაში მიუთითებდა, რომ აპელანტი გ. ა-ი სადავოდ ხდიდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ
საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 16 მაისის გადაწყვეტილების პირველ, მესამე პუნქტებს და მეორე პუნქტის იმ ნაწილს, რომლითაც შსს დაევალა ახალი ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტის გამოცემა კაპიტნის წოდების მინიჭებასთან დაკავშირებით, ხოლო გადაწყვეტილების მეორე პუნქტის ის ნაწილი, რომლითაც სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის დირექტორის 23.01.06 წლის ¹10/3-74 ადმინისტრაციული აქტი _ მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და სააპელაციო პალატის მიერ გადაწყვეტილების გამოტანის მომენტისათვის შესულია კანონიერ ძალაში. შესაბამისად, სააპელაციო პალატა მოკლებული იყო პროცესუალური უფლებამოსილებას შეემოწმებინა ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 16 მაისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მეორე პუნქტი აღნიშნულ ნაწილში. კერძოდ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკადრო და ორგანიზიული უზრუნველყოფის დეპარტამენტის დირექტორის 23.01.06 წლის ¹10/3-74 ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესაბამისობა მოქმედ კანონმდებლობასთან. აპელანტი მხარე სადავოდ არ ხდის ასევე იმ გარემოებას, რომ აღნიშნული აქტი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის საფუძველზე ბათილად იქნა ცნობილი სადავო საკითხის გადაუწყვეტლად და ამ ნაწილშიც გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული. ამდენად, ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძველსაა მოკლებული აპელანტის მოთხოვნა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალოს გამოსცეს ახალი ადმინისტრაციული აქტი, რომლითაც მიენიჭება კაპიტნის მორიგი სამხედრო წოდება 2004 წლის 9 აგვისტოს მდგომარეობით.
სააპელაციო პალატის განმარტებით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 15.11.2005 წლის ¹8130 ბრძანების სადავო ნაწილი, გამოცემული იყო კანონიერ ძალაში შესული თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილების (საქმეზე ¹3ბ/981-05) აღსრულების მიზნით და ამდენად, სააპელაციო პალატა უსაფუძვლობის გამო არ იზიარებდა აპელანტის მოსაზრებას და მიიჩნევდა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 2.1 მუხლის "ლ" პუნქტის, "საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" საქართველოს კანონის 20.2 "დ" მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 მუხლის, "პოლიციის შესახებ" საქართველოს კანონის დებულებებიდან გამომდინარე, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი უფლებამოსილი იყო გამოეცა მითითებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სადავო ნაწილი.
მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. ა-მა.
კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 5 ნოემბრის განჩინების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო განცხადების სრულად დაკმაყოფილებას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 28 იანვრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული გ. ა-ის საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2008 წლის 28 იანვრის განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად გ. ა-ის საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით.
2008 წლის 1 თებერვალს გ. ა-მა მოსაზრებით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა მისი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო გასაჩივრებულ განჩინებას, გ. ა-ის საკასაციო საჩივარს, შეამოწმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მოცემულ საქმესთან მიმართებაში და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან და სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა პროცესუალური დარღვევის გარეშე.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე (კონკრეტულთან ერთად) სახელმძღვანელოსა და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს გ. ა-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც აღნიშნულ საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განსახილველად დაშვებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 34.3, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. უარი ეთქვას გ. ა-ს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვებაზე;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.