¹ბს-495-473(კ-08) 26 ივნისი, 2008წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მარიამ ცისკაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ლევან მურუსიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ მ. მ.-ი (მოსარჩელე)
დავის საგანი – სახელფასო დავალიანების ანაზღაურება
გასაჩივრებული სასამართლოს გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა _ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
მ. მ.-მ 2007 წლის 22 ოქტომბერს სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ და მოითხოვა სახელფასო დავალიანების სულ _ 1338.52 ლარის ანაზღაურება.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მუშაობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ... ჰოსპიტალში. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხეს მის მიმართ გააჩნია 1998-2000 წლების დავალიანება სულ _ 1338,52 ლარის ოდენობით. მათ შორის სახელფასო დავალიანება 383,54 ლარი, კვების კომპენსაცია _ 670,16 ლარი, ჯილდო _ 220,30 ლარი და მატერიალური დახმარება _ 64,52 ლარი. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა არსებული დავალიანების ანაზღაურება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე _ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსარჩელე მ. მ.-ის სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო დავალიანების 383.54 ლარის ოდენობით ანაზღაურება. მოსარჩელე მ. მ.-ს უარი ეთქვა კვების კომპენსაციის, ჯილდოსა და მატერიალური დახმარების ანაზღაურებაზე.
საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ საქმეში წარმოდგენილია საქართველოს შეიარაღებული ძალების ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის მიერ 2007 წლის 2 ნოემბერს გაცემული ¹3-11/8519 ცნობა, რომლის თანახმად, მ. მ.-დმი არსებული დავალიანება შეადგენს 1338,52 ლარს, კერძოდ: ხელფასი _ 383,54 ლარი, კვების კომპენსაცია _ 670,16 ლარი, ჯილდო _ 220,30 ლარი, მატერიალური დახმარება _ 64,52 ლარი.
საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის 37-ე მუხლის თანახმად, მოსამსახურეს უფლება აქვს სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიიღოს შრომის გასამრჯელო, თანამდებობრივი სარგო, საჯარო სამსახურში წელთა ნამსახურებისათვის დაწესებული და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დანამატებით. "საბიუჯეტო სისტემის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, საქართველოს საბიუჯეტო სისტემა ხელისუფლების ვალდებულებათა შესრულების მიზნით მარეგულირებელი საკანონმდებლო აქტია.
სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს 2007 წლის ,,სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” კანონის მე-9 მუხლის თანახმად, საბიუჯეტო ორგანიზაციაში წინა წლების წარმოქმნილი ფაქტობრივი დავალიანების დაფარვისათვის საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებებისა და ორგანიზაციებისათვის ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის შესაბამისი მუხლით დამტკიცებული ასიგნებანი. "ბიუჯეტის შესახებ" კანონის თანახმად, ბიუჯეტში თავს იყრის ფულადი სახსრები, რომელიც ხმარდება ქვეყნის ვალდებულებათა შესრულებას. ბიუჯეტით გათვალსიწინებულია ფისკალური წლის განმავლობაში საბიუჯეტო კლასიფიკაციით განსაზღვრული მიზნებისათვის დამტკიცებული ასიგნებათა მოცულობა. მოცემული კანონის თანახმად, ფინანსთა სამინისტრო ახდენს კანონით გათვალისწინებული თანხების გამოყოფას და შესაბამისად საბიუჯეტო ორგანიზაციების სახელფასო დავალიანების გასტუმრებას.
საქალაქო სასამართლომ მიუთითა, "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის 1341-ე მუხლზე, რომლის თანახმად, 2005 წლის 1 იანვრამდე სამსახურიდან გათავისუფლებულ საჯარო მოსამსახურეზე კუთვნილი თანხის გაცემა განხორციელდება წინა წლებში წარმოქმნილი საბიუჯეტო დავალიანების დაფარვის წესის შესაბამისად. "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის 37-ე მუხლის IV ნაწილის თანახმად, მოსამსახურეთა შრომითი გასამრჯელოს (ხელფასის) ფონდის ფორმირების წყაროა შესაბამისი ბიუჯეტი. საბიუჯეტო ასიგნებათა შემცირება არ შეიძლება იყოს მოსამსახურეთა შრომითი გასამრჯელოს (ხელფასის) და ამ კანონით გათვალისწინებული სხვა გარანტიების დაფინანსების შემცირების საფუძველი.
საქალაქო სასამართლომ 1998-2000 წლების კვების კომპენსაციის, ჯილდოს და მატერიალური დახმარების ანაზღაურებაზე უარის თქმასთან დაკავშირებით განმარტა, რომ "სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ" საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტით, სამხედრო მოსამსახურე იმყოფება სახელმწიფო კმაყოფაზე. ამავე მუხლის მესამე პუნქტის შესაბამისად, სამხედრო მოსამსახურეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმით სახელმწიფო ხარჯზე ეძლევა სასურსათო ულუფა და ფორმის ტანსაცმელი ან შესაბამისი ფულადი კომპენსაცია. ასევე სამხედრო მოსამსახურეს წლის განმავლობაში შეიძლება მიეცეს ფულადი ჯილდო და/ან მატერიალური დახმარება. მითითებული ვალდებულებები პერიოდულად შესასრულებელია და მათ მიმართ უნდა გავრცელდეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით განსაზღვრული ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა. ამავე კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დენა იწყება იმ დღეს, როდესაც წარმოიშვა მოთხოვნის უფლება. მოთხოვნის უფლება წარმოიშობა იმ დღეს, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო მისი უფლების დარღვევის შესახებ. ივარაუდება, რომ პირმა უნდა იცოდეს ან უნდა გაეგო მისი უფლების დარღვევის შესახებ. სწორედ ამ მომენტიდან იწყება ხანდაზმულობის ვადის დაწყება. სამოქალაქო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, თუ მოთხოვნის წარმოშობა დამოკიდებულია კრედიტორის მოქმედებაზე, ხანდაზმულობა იწყება იმ დღიდან, როცა კრედიტორს შეეძლო განეხორციელებინა ეს მოქმედება. სასამართლომ აღნიშნა, რომ მ. მ.-თვის ცნობილი იყო, რომ მოპასუხე არ უნაზღაურებდა კვების, ჯილდოს და მატერიალური დახმარების თანხებს, აღნიშნულიდან გამომდინარე მას წარმოეშვა მოთხოვნის უფლება მოპასუხის მიმართ თანხის ანაზღაურების მოთხოვნით, უნდა მიემართა სასამართლოსათვის, რაც არ განუხორციელებია 2007 წლის 22 ოქტომბრამდე. სასამართლოს განმარტებით, 2007 წლის 2 ნოემბერს გაცემულ ¹3-11/8519 ცნობაში მოცემულია მხოლოდ ფაქტის კონსტატაცია, თუ რამდენს შეადგენს მოსარჩელის მიმართ დავალიანება. აღნიშნული ცნობა არ შეიცავს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაპირებას, რომ აღნიშნული თანხები მოსარჩელეს აუნაზღაურდება, რის გამოც ეს ცნობა შეიძლება მხოლოდ ინფორმაციული ხასიათის მტკიცებულებად იქნეს განხილული.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მ. მ.-მა და საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; მ. მ.-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილების შეცვლით სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება; მ. მ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მ. მ.-ის სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო დავალიანების სულ _ 678 (ექვსას სამოცდათვრამეტი) ლარისა და 36 თეთრის გადახდა. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მ. მ.-ი მუშაობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ... ჰოსპიტალში, საიდანაც გათავისუფლდა 2001 წლის 24 სექტემბრის ბრძანებით. საქმეში წარმოდგენილი ცნობებით დასტურდება, რომ მ. მ.-ის 1998, 1999, 2000 წლების ხელზე გაუცემელი დავალიანება შეადგენს: ხელფასი _ 383,54, ჯილდო _ 220,30, მატერიალური დახმარება _ 64,52, კვების კომპენსაცია _ 670,16, სულ _ 1338,52 ლარს. მოსარჩელემ სასამართლოს სარჩელით მიმართა 2007 წლის 22 ოქტომბერს, საქართველოს სამოქალაო კოდექსის 129-ე მუხლით დადგენილი სამწლიანი ვადის გასვლის შემდეგ.
სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის მე-11 მუხლის თანახმად, ამ კანონის მოქმედება სამხედრო მოსამსახურეებზე ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს კონსტიტუციით, სპეციალური კანონმდებლობით ან მათ საფუძველზე სხვა რამ არ არის დადგენილი. ამავე კანონის 37-ე მუხლის თანახმად, ამ კანონის საფუძველზე მოსამსახურეს უფლება აქვს, სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან განთავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო (ხელფასი), რომელიც მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, პრემიას და კანონით გათვალისწინებულ სხვა დანამატებს; აღნიშნული ნორმის განმარტებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსამსახურის შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) მოიცავს რა თანამდებობრივ სარგოს, პრემიას და კანონით გათვალისწინებულ სხვა დანამატებს, მ. მ.-ის შრომით გასამრჯელოში 383,54 ლართან ერთად მოიაზრება ჯილდო 220.30 ლარი და მატერიალური დახმარება 64,52 ლარი.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქმეში წარმოდგენილია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტის 2007 წლის 9 ოქტომბრის წერილი, სადაც მითითებულია, რომ მიუღებელი სახელფასო დავალიანების ანაზღაურება განხორციელდება ამ მიზნებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. ამ ეტაპზე საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მოკლებულია შესაძლებლობას, დააკმაყოფილოს მ. მ.-ის თხოვნა, მაგრამ შესაბამისი წყაროს არსებობის შემთხვევაში კვლავ დაუბრუნდება დავალიანების ანაზღაურების საკითხს. აქედან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მითითება იმის თაობაზე, რომ მოპასუხის მხრიდან ადგილი არ ჰქონია სახელფასო (თანამდებობრივი სარგო, ჯილდო, მატერიალური დახმარება) დავალიანების აღიარებას და მათი გადახდის დაპირებას, აღნიშნული წერილი მხოლოდ საინფორმაციო ხასიათისაა და სარჩელი ხელფასის ანაზღაურების ნაწილში ხანდაზმულია. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად კი, თუ ვალდებულმა პირმა მოვალეობა შეასრულა ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ, მას არა აქვს უფლება, მოითხოვოს შესრულების უკან დაბრუნება, თუნდაც მოვალეობის შესრულების მომენტში მას არ სცოდნოდა, რომ ხანდაზმულობის ვადა გასული იყო. იგივე წესი გამოიყენება ვალდებული პირის აღიარების მიმართაც. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მ. მ.-ის სარჩელი სახელფასო დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში, რაც შეადგენს: ხელფასი (წოდებრივი, თანამდებობრივი და პროცენტული) _ 383,54 ლარი, ჯილდო _ 220,30 ლარი და მატერიალური დახმარება _ 64,52 ლარი, ანუ, სულ _ 678,36 ლარი, საფუძვლიანია და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა.
სასურსათო ულუფის კომპენსაციის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ "სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ" საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მესამე პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურეს (სავალდებულო სამხედრო მოსამსახურის გარდა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმით სახელმწიფოს ხარჯზე ეძლევა სასურსათო ულუფა ან შესაბამისი ფულადი კომპენსაცია. ანუ, სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, სამხედრო მოსამსახურე სამხედრო სამსახურისას უზრუნველყოფს სასურსათო ულუფით; აღნიშნული ულუფის ნატურით გაუცემლობის შემთხვევაში კი, მისცეს შესაბამისი კომპენსაცია, მისი ღირებულება აანაზღაუროს ფულით. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ სასურსათო ულუფის, როგორც სახელმწიფოს მიერ ნატურით გასაწევი ხარჯის, სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე, სასურსათო ულუფის კომპენსაცია არ შეიძლება ჩაითვალოს კანონით გათვალისწინებულ იმ დანამატად, რასაც "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 37-ე მუხლით გათვალისწინებული, მოსამსახურის შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) მოიცავს; ამასთან, სასურსათო ულუფის ან შესაბამისი კომპენსაციის ანაზღაურება წარმოადგენს რა პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას, მის მიმართ გამოყენებული უნდა იქნას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სასარჩელო ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა, რაც მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ გაშვებულია, აღნიშნული გარემოება კი ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის დამოუკიდებელ საფუძველს წარმოადგენს, ვინაიდან სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია, უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე; სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ ამავე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ გარემოებას (ვალდებული პირის დაპირებას) კი სასურსათო ულუფის მიმართებით განსახილველ შემთხვევაში ადგილი არა აქვს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ უკანონოდ არ დააკმაყოფილა თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი და ასევე უკანონოდ ნაწილობრივ დააკმაყოფილა მ. მ.-ის სააპელაციო საჩივარი. კასატორი მიუთითებს, რომ "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის მე-11.2 "თ" მუხლით სამხედრო მოსამსახურეებზე ამ კანონის მოქმედება ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევებში, თუ საქართველოს კონსტიტუციით, სპეციალური კანონმდებლობით ან მათ საფუძველზე სხვა რამ არ არის დადგენილი. კასატორის მოსაზრებით ხელფასის არსზე და მის შემადგენელ კომპონენტებზე მსჯელობისას უპირატესად გათვალისწინებული უნდა იქნას 1999-2000 წლებში მოქმედი სამხედრო კანონმდებლობის მოთხოვნები, ხოლო ამ კანონმდებლობაში განსხვავებული დებულებების არ არსებობის შემთხვევაში, სადავო ურთიერთობა მოგვარებული უნდა იქნას "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის დებულებებით, კერძოდ, მისი 37-ე მუხლით (1998-2000 წლების რედაქციით), მოსამსახურის შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, პრემიას და კანონით გათვალისწინებულ დანამატებს. იმისათვის, რომ ამა თუ იმ ფინანსურ გასაცემელს მიეცეს ხელფასზე დანამატის სტატუსი და ჩაითვალოს ხელფასის შემადგენელ ელემენტად, საჭიროა ამ ფულად გასაცემელს (ჯილდო, კვების კომპენსაცია, მატერიალური დახმარება) კანონმდებლობია მიხედვით ჰქონდეს "დანამატის" სტატუსი. "სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ" საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მეორე პუნქტით (2000 წლამდე რედაქციით) სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულების, სანიმუშო დისციპლინისა და საბრძოლო მომზადებაში წარჩინებული მაჩვენებლებისათვის სამხედრო მოსამსახურეს წლის განმავლობაში შეიძლება მიეცეს ფულადი ჯილდო და/ან მატერიალური დახმარება. ამავე მუხლის მესამე პუნქტით, სამხედრო მოსამსახურეს (სავალდებულო სამხედრო მოსამსახურის გარდა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმით, სახელმწიფოს ხარჯზე ეძლევა სასურსათო ულუფა და ფორმის ტანსაცმელი ან შესაბამისი ფულადი კომპენსაცია, ოფიცერს თანამდებობაზე ნამსახურევი კალენდარული წლების (მათ შორის, ყოფილი სსრკ-ის და სხვა სახელმწიფოს შეიარაღებულ ძალებში) მიხედვით ეძლევა თანამდებობრივ და სამხედრო წოდებების ფულად სარგოებზე პროცენტული დანამატები ნამსახურობისათვის შემდეგი ოდენობით;
1-დან 2 წლამდე _ 5%; 2-დან 5 წლამდე _ 10%; 5-დან 10 წლამდე _ 20%; 10-დან 15 წლამდე _ 25%; 15-დან 20 წლამდე _ 30%; 20-დან 25 წლამდე _ 35%; 25-დან 30 წლამდე _ 40%; 30 წელზე მეტი _ 45%.
კასატორი აღნიშნავს, რომ "სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ" საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მეოთხე პუნქტიდან ირკვევა, დანამატის სტატუსი მინიჭებული აქვს მხოლოდ ფულად თანხებს, რომელიც გაიანგარიშება ნამსახურების წლების მიხედვით. რაც შეეხება ჯილდოს, კვების კომპენსაციას და მატერიალურ დახმარებას, "სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ" საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მეორე და მესამე პუნქტებიდან გამომდინარე, დანამატის სტატუსი არ აქვს მინიჭებული. ამდენად, კასატორს მიაჩნია რომ კვების კომპენსაცია, ჯილდო და მატერუალური დახმარების თანხები არ წარმოადგენენ "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 37.1 მუხლით გათვალისწინებულ ხელფასში შემავალ დანამატებს და ისინი ხელფასისაგან დამოუკიდებელ ფულად გასაცემელს წარმოადგენს. კასატორი თვლის, რომ სასარჩელო მოთხოვნები კვების კომპენსაციის, ჯილდოს და მატერიალური დახმარების ნაწილში ხანდაზმულია, რადგან ამგვარ მოთხოვნებზე ვრცელდება სსკ-ის 129-ე მუხლით დადგენილი სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა. "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის მე-14 მუხლით, საქართველოს შრომის კანონმდებლობა მოხელეებსა და დამხმარე მოსამსახურეებზე ვრცელდება ამ კანონით განსაზღვრული თავისებურებათა გათვალისწინებით. საჯარო სამსახურთან დაკავშირებული ის ურთიერთობა, რაც ამ კანონით არ წესრიგდება, რეგულირდება შესაბამისი კანონმდებლობით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი კერძო სამართლებრივი ურთიერთობის მარეგულირებელი ძირითადი საკანონმდებლო აქტია, მაგრამ მისი ნორმები ხშირ შემთხვევაში იმ ურთიერთობების მარეგულირებელ ნორმებადაც გვევლინებიან, რომლებიც თავისი შინაარსით წარმოადგენენ ადმინისტრაციულ (საჯარო) ურთიერთობებს.
კასატორი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ უნდა განისაზღვროს მოსარჩელესა და თავდაცვის სამინისტროს შორის არსებული ურთიერთობა წარმოადგენდა თუ არა სახელშეკრულებო ურთიერთობას. მას მიაჩნია, რომ ეს ურთიერთობა სახელშეკრულებო ურთიერთობაა, მოსარჩელის განცხადება, ნების გამოვლენა თავდაცვის სამინისტროს სისტემაში სამსახურის დაწყების შესახებ (ოფერტი) და სამინისტროს თანხმობა (აქცეფტი _ ბრძანების სახით), მასთან შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ, ასევე ამ ორ სუბიექტს შორის ურთიერთობის და მათი უფლებამოვალეობების განმსაზღვრელი სამართლებრივი აქტები ერთობლიობაში წარმოადგენენ მოსარჩელესა და სამინისტროს შორის ფაქტობრივი საჯარო შრომითი სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობის ფაქტს და ამის დასადასტურებლად სრულიად არ არის საჭირო ერთიანი, გარკვეულ სისტემაში მოყვანილი ან გარკვეული ფორმის მქონე დოკუმენტის _ ხელშეკრულების არსებობა. კასატორს მიაჩნია, რომ კანონმდებლობა არ ავალდებულებს მხარეებს კონკრეტული შინაარსისა და სტილის მქონე დოკუმენტის გაფორმებას ხელშეკრულების გაფორმებისას. ხელშეკრულებათა ფორმები და სტილი შეიძლება იყოს განსხვავებული და შესაბამისად წერილობითი განცხადება და ბრძანება თანამდებობაზე დანიშვნაზე ერთობლიობაში წარმოადგენს წერილობითი შრომითი ხელშეკრულების არსებობის დამადასტურებელ დოკუმენტებს.
კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლომ არ გაითვალისწინა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსაზრება იმის თაობაზე, რომ საქმეში არსებული სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ გაცემული ცნობები ვერ ჩაითვლება მოპასუხის მხრიდან ვალის აღიარებად, რადგან მასში არ არის მითითებული ჯილდოს, კვების კომპენსაციის და მატერიალური დახმარების ვალის აღიარებისა და მისი გადახდის დაპირებაზე. აღნიშნული ცნობა ინფორმაციული ხასიათისაა და გაცემულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ინფორმაციის თავისუფლების ფარგლებში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ დამკვიდრებული პრაქტიკა გაზიარებულია სააპელაციო სასამართლოს მიერ.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარი ამ საფუძვლით დასაშვები არ არის.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.