Facebook Twitter

ბს-496-473(კ-07) 12 ივლისი, 2007წ.

თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის

საქმეთა პალატამ

შემადგენლობით:

ლალი ლაზარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, შეამოწმა ა. ი-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 22 თებერვლის განჩინებაზე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2005 წლის 9 დეკემბერს ა. ი-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თიანეთის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე თიანეთის რაიონის გამგეობის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა თიანეთის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის 2005 წლის 9 ნოემბრის ¹70 ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.

მოსარჩელის მითითებით, იგი 1975 წლის 10 სექტემბრიდან 1991 წლის 31 ივლისამდე მსახურობდა თიანეთის რაიაღმასკომის ...ად. 1975 წლის სექტემბრიდან არის საქართველოს საჯარო მოსამსახურეთა და საზოგადოებრივი გაერთიანებების მუშაკთა პროფკავშირის ... კომიტეტის თავმჯდომარე. თიანეთის რაიონის ყოფილმა გამგებელმა 2004 წლის 28 აპრილის ¹31 ბრძანებით, “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 50.1 და 101-ე მუხლების საფუძველზე ზღვრული ასაკის მიღწევის გამო გაათავისუფლა თიანეთის რაიონის გამგეობის ...ის თანამდებობიდან, მაგრამ თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილებით, რომელიც საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2005 წლის 3 ივნისის განჩინებით უცვლელად დარჩა, აღდგენილ იქნა თანამდებობაზე. თიანეთის რაიონის ყოფილი გამგებლის 2005 წლის 30 ივნისის ¹29 ბრძანებით აღდგენილ იქნა სამსახურში, საიდანაც თიანეთის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის 2005 წლის 9 ნოემბრის ¹70 ბრძანებით ,,საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის 50.1. და 101-ე მუხლების საფუძველზე გაათავისუფლეს.

მოსარჩელის მითითებით, ზღვრული ასაკის მიღწევა ავტომატურად არ იწვევს მოხელის სამსახურიდან დათხოვნას, მას ჯერ კიდევ აქვს გონებრივი შრომის უნარი. ამასთან, ჰყავს წნევით დაინვალიდებული მეუღლე, რომლის მკურნალობა მისი პენსიით შეუძლებელია. ადმინისტრაციული აქტი მისი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ კანონსაწინააღმდეგოა, რადგან უხეშადაა დარღვეული საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლის, საქართველოს პროფესიულ კავშირების შესახებ კანონის 23.3. მუხლის მოთხოვნები და საქართველოს კონსტიტუციის პრინციპული მოთხოვნები ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა შესახებ (ს.ფ. 1-3).

2005 წლის 20 დეკემბერს თიანეთის რაიონის გამგეობამ სასამართლოს წარუდგინა შესაგებელი, რომლითაც სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ა. ი-ის 1991 წლისა და 2004 წლის სამსახურიდან გათავისუფლება-აღდენის ფაქტს სასარჩელო მოთხოვნასთან კავშირი არ აქვს და დავის საგანი არ არის. 2005 წლის 9 ნოემბერს ა. ი-ი გათავისუფლდა ... სამსახურის ...ის (...) თანამდებობიდან გამგებლის ¹70 ბრძანებით ,,საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 101-ე მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენებით სამსახურში ზღვრული ასაკს მიღწევის გამო, ვინაიდან იგი არის სამსახურში ზღვრულ, 70 წლის ასაკს მიღწეული მოხელე, არის ... საჯარო მოსამსახურეთა საზოგადოებრივი გაერთიანების მუშაკთა პროფესიული კავშირის ... . ამასთან, ,,საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის 108-ე მუხლის შესაბამისად, ერთი თვით ადრე გაფრთხილებულ იქნა მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ. შრომის კანონთა კოდექსის 36-ე, 37-ე, 371.“ა” მუხლების, ,,პროფესიული კავშირის შესახებ" კანონის 23.3. მუხლის თანახმად კი გათავისუფლება წინასწარ იქნა შეთანხმებული საქართველოს საჯარო მოსამსახურეთა საზოგადოებრივი გაერთიანების პროფესიული კავშირის თავმჯდომარესთან. ამასთან, გარდა მეუღლისა, მოსარჩელეს ჰყავს სამი სრულწლოვანი შვილი (ს.ფ. 14-15).

თიანეთის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 5 იანვრის გადაწყვეტილებით ა. ი-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა (ს.ფ. 31-32).

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. ი-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა (ს.ფ. 35-37).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 10 აპრილის განჩინებით ა. ი-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თიანეთის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 5 იანვრის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად (ს.ფ. 68-73).

აღნიშნულ განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ა. ი-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა (ს.ფ. 88-89).

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით ა. ი-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული განჩინება გაუქმდა და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს (ს.ფ. 98-106).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 22 თებერვლის განჩინებით ა. ი-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ თიანეთის რაიონის გამგებლის 2005 წლის 9 ნოემბრის ¹70 ბრძანებით ა. ი-ი თიანეთის რაიონის გამგეობის ... სამსახურის ...ის (...) თანამდებობიდან “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 50.1 და 101-ე მუხლების საფუძველზე გაათავისუფლეს. “ადგილობრივი მმართველობის ორგანოს _ რაიონის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ” თიანეთის რაიონის გამგებლის 2005 წლის 8 სექტემბრის ¹25 ბრძანებით “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 108-ე მუხლის შესაბამისად, ა. ი-ი გაფრთხილებულ იქნა მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ. საქართველოს საჯარო და საზოგადოებრივი სამსახურების მუშაკთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარის 2005 წლის 8 ნოემბრის ¹34/02 წერილით საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 26 აგვისტოს ¹726 ბრძანებულების, შრომის კანონთა კოდექსის 37.2, 31.1“ე” მუხლების, საქართველოს კანონების პროფესიული კავშირების შესახებ” 23.3 და “საჯარო სამსახურის შესახებ” 101-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, მიცემულ იქნა თანხმობა ა. ი-ის გათავისუფლებაზე თიანეთის რაიონის გამგეობის ... სამსახურის ...ის (...) თანამდებობიდან. მოსარჩელე გათავისუფლების მომენტისათვის იყო 70 წლის.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 50.1 მუხლის თანახმად, სამსახურში ყოფნის ზღვრული ასაკი მამაკაცისათვის 65 წელია. მოსამსახურე პენსიაში გადის კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამავე კანონის 108.1 მუხლის თანახმად, მოხელეს ერთი თვით ადრე უნდა ეცნობოს დაწესებულების ლიკვიდაციის, თანამდებობის შემცირების, ატესტაციის არადამაკმაყოფილებელი შედეგების ან ასაკის გამო სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ. ხანგრძლივი შრომისუუნარობის პერიოდში განთავისუფლების შესახებ მოხელეს წერილობით უნდა ეცნობოს გათავისუფლებამდე 2 კვირით ადრე მაინც. “პროფესიული კავშირების შესახებ” საქართველოს კანონის 23.3 მუხლის თანახმად, დაუშვებელია შესაბამისი პროფკავშირული ორგანოს წინასწარი თანხმობის გარეშე, ძირითად სამუშაოზე დასაქმებული არჩევითი პროფკავშირული ორგანოს თავმჯდომარის, წევრის, პროფორგანიზატორისა და პროფჯგუფორგის სამუშაოდან დათხოვნა, სხვა სამუშაოზე გადაყვანა ან დისციპლინური წესით დასჯა, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, 2005 წლის 9 ნოემბერს მოქმედებდა 1998 წელის 7 აგვისტოს დაფუძნებული საქართველოს საჯარო მოსამსახურეთა და საზოგადოებრივი გაერთიანებების მუშაკთა პროფესიული კავშირი, რომელსაც 2005 წლის 25 ნოემბრიდან განხორციელებული ცვლილებების თანახმად, 2005 წლის 25 ნოემბრიდან ეწოდა “საქართველოს საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული კავშირი.” სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოთხოვილი საქართველოს საჯარო მოსამსახურეთა და საზოგადოებრივი გაერთიანებების მუშაკთა პროფესიული კავშირის 2005 წლის 25 ნოემბრამდე მოქმედი წესდების მე-19 მუხლის თანახმად, პროფკავშირების უმაღლესი ორგანოა კონგრესი, რომლის გადაწყვეტილებები სავალდებულოა შესასრულებლად პროფკავშირის სტრუქტურული ქვედანაყოფებისათვის. 20.1 მუხლის მიხედვით, პროფკავშირის მუდმივმოქმედი წარმომადგენლობითი (არჩევითი) ხელმძღვანელი ორგანოებია: ა) პროფკავშირის აღმასრულებელი კომიტეტი, ბ) პროფკავშირის გამგეობა, გ) პროფკავშირის სამდივნო, ხოლო 21-ე მუხლის თანახმად, პროფკავშირის და მისი სტრუქტურული ქვედანაყოფების უმაღლესი მაკონტროლებელი ორგანოა საკონტროლო-სარევიზიო კომისია, წესდების 23-ე, 24-ე, 25-ე მუხლებით დადგენილია პროფკავშირის კონგრესის, აღმასრულებელი კომიტეტის, პროფკავშირის გამგეობის არჩევის წესი და უფლებამოსილება, ხოლო 26-ე მუხლით განსაზღვრულია პროფკავშირის სამდივნოს შექმნის წესი. მითითებული არცერთი ნორმა არ ითვალისწინებს ძირითად სამუშაოზე დასაქმებული არჩევითი პროფკავშირული ორგანოს თავმჯდომარის თანამდებობიდან განთავისუფლებისას თანხმობის გაცემის ვალდებულებას. ამავე წესდების 27-ე მუხლით დადგენილია საქართველოს საჯარო მოსამსახურეთა და საზოგადოებრივი გაერთიანებების მუშაკთა პროფესიული თავმჯდომარის უფლებამოსილება. პროფკავშირის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს პროფკავშირის პრაქტიკულ საქმიანობას ამ წესდების და აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებების შესაბამისად, წარმოადგენს პროფკავშირს და იცავს მის ინტერესებს სახელმწიფო ხელისუფლების და ადგილობრივი მმართველობის ორგანოებში, დამსაქმებელთა, მოქალაქეთა საზოგადოებრივ გაერთიანებებში, საერთაშორისო პროფკავშირულ ორგანიზაციებში, ხელს აწერს პროფკავშირის კონგრესის, აღმასრულებელი კომიტეტის, გამგეობის და სამდივნოს დადგენილებებს, შეთანხმებებს, ხელშეკრულებებს, წერილებს, განცხადებებს, მიმართვებს, კორესპოდენციებს, საფინანსო და სხვა დოკუმენტებს. ამავე წესდების 31-ე მუხლის თანახმად, საქართველოს საჯარო და საზოგადოებრივი სამსახურების მუშაკთა პროფესიული კავშირის სტრუქტურულ ერთეულს წარმოადგენდა საქართველოს საჯარო და საზოგადოებრივი სამსახურების მუშაკთა პროფესიული კავშირის თიანეთის რაიონული კომიტეტი და ამდენად, სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს საჯარო და საზოგადოებრივი სამსახურების მუშაკთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარე უფლებამოსილი იყო, თანხმობა გაეცა დამსაქმებლის, თიანეთის გამგეობისათვის, აპელანტის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე.

აპელანტის მოსაზრება, რომ სახელმწიფო დაწესებულებების მუშაკთა პროფკავშირების უმაღლესი ორგანოა კონფერენცია, რომელსაც უნდა გაეცა თანხმობა მის გათავისუფლებაზე, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა და დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ კონფერენცია არ წარმოადგენდა საქართველოს საჯარო მოსამსახურეთა და საზოგადოებრივი გაერთიანებების მუშაკთა პროფესიული კავშირის უმაღლეს ორგანოს.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქართველოს საჯარო და საზოგადოებრივი სამსახურების მუშაკთა პრიოფესიული კავშირის თიანეთის რაიონული კომიტეტის თავმჯდომარემ 2005 წლის 1 ნოემბრის ¹14 წერილით თიანეთის რაიონის გამგეობას აცნობა, რომ საქართველოს საჯარო და საზოგადოებრივი სამსახურების მუშაკთა პროფესიული კავშირის თიანეთის რაიონულმა კომიტეტმა განიხილა საკითხი რაიონის გამგეობის სამსახურების შტატების შემცირების, რიცხოვნობის შემცირების და სტრუქტურული ცვლილებების შესახებ და რომ პროფკავშირების რაიონული კომიტეტი ეთანხმებოდა აღნიშნული საკითხის კანონიერი გადაწყვეტილების მიღებას. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოსარჩელის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლება მოხდა “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 50.1, 101-ე, 108-ე მუხლების, საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 36-ე, 37-ე, 371“ა” მუხლების და “პროფესიული კავშირების შესახებ” საქართველოს კანონის 23.3 მუხლის დებულებათა დაცვით. სამსახურში ყოფნის ზღვრული ასაკის მიღწევის გამო მუშაკის სამსახურიდან გათავისუფლება წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას და თიანეთის რაიონის გამგებელს გააჩნდა თიანეთის რაიონის გამგეობის ... სამსახურის ...ის (...) თანამდებობიდან გათავისუფლების უფლება. რის გამოც, არ არსებობს თიანეთის გამგეობის 2005 წლის 9 ნოემბრის ¹70 ბრძანების ბათილად ცნობისა და მისი თანმდევი შედეგის _ მოსარჩელის თანამდებობაზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების საფუძველი (ს.ფ. 148-153).

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. ი-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორის მითითებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ საქმე განიხილა ცალმხრივად, მოწინააღმდეგე მხარის სასარგებლოდ. სასამართლომ არ გაიზიარა საქართველოს პროფესიული კავშირების ორგანული კანონის 23-ე მუხლის მესამე პუნქტის მოთხოვნა, რომ დაუშვებელია დამსაქმებელთა ინიციატივით შესაბამისი პროფკავშირული ორგანოს წინასწარი თანხმობის გარეშე ძირითად სამუშაოზე დასაქმებული არჩევითი პროფკავშირული ორგანოს თავმჯდომარის, წევრის, პროფორგანიზატორისა და პროფჯგუფორგის სამუშაოდან დათხოვნა, სხვა სამუშაოზე გადაყვანა ან დისციპლინარული წესით დასჯა. საქართველოს საჯარო მოსამსახურეთა და საზოგადოებრივი გაერთიანებების პროფესიული კავშირის თავმჯდომარის თანხმობა მისი ძირითადი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ კანონსაწინააღმდეგო და ყოველგვარ საფუძველს მოკლებული იყო. სამსახურიდან გათავისუფლების წინასწარი თანხმობის საკითხს იხილავს და გადაწყვტილებას იღებს შესაბამისი პროფკავშირული ორგანო, კონფერენცია, რომელმაც იგი აირჩია და ვისთანაც ანგარიშვალდებული იყო, და არა ზემდგომი პროფკავშირული ორგანო, რაც კანონში ცალსახად არის განმარტებული. ზემდგომი პროფკავშირის თავმჯდომარემ იგნორირება გაუკეთა რაიონულ პროფკავშირულ ორგანოს და მიითვისა მისი კანონიერ ფუნქციები.

კასატორის მითითებით, საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, იმ საწარმოში, დაწესებულებასა და ორგანიზაციაში, სადაც არსებობს პროფკავშირი, დაუშვებელია ადმინისტრაციის ინიციატივით შრომის ხელშეკრულების (კონტრაქტის) მოშლა პროფკავშირის თანხმობის გარეშე. ადმინისტრაციის ინიციატივით მუშაკის გათავისუფლება სამსახურიდან დაწესებულების შესაბამისი პროფკავშირის ორგანოს წინასწარი თანხმობის გარეშე უკანონოა და მისი სამსახურიდან დათხოვნა მოხდა აღნიშნულის დარღვევით, რაც იმაში გამოიხატა, რომ ნაცვლად დაწესებულების პროფკავშირის ორგანოს თანხმობისა, თიანეთის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა ზემდგომი პროფკავშირის თავმჯდომარის თანხმობის საფუძველზე გაათავისუფლა, სასამართლომ კი კანონს არ მისცა სწორი სამართლებრივი შეფასება.

კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს მტკიცება, რომ რაიონული პროფკავშირის უმაღლესი ორგანოა კონგრესი და არა კონფერენცია, მცდარი და კანონიერ საფუძველს მოკლებულია. საქართველოს საჯარო მოსამსახურეთა და საზოგადოებრივი გაერთიანებების მუშაკთა პროფესიული კავშირის საბჭოს 2001 წლის 30 მარტის ¹7/10 დებულების მე-4-ე მუხლის მე-14-ე პარაგრაფის თანახმად, პროფკავშირის რაიონული კომიტეტი თავის საქმიანობაში ანგარიშვალდებულია კონფერენციის წინაშე. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება, რომ ზემდგომი პროფკავშირის თავმჯდომარის თანხმობა კანონიერია, სიმართლეს არ შეესაბამება. ადმინისტრაციული აქტი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ კანონსაწინააღმდეგოა და უხეშადაა დარღვეული საქართველოს პროფესიული კავშირების შესახებ კანონის 23-ე მუხლის მესამე პუნქტისა და საქართველოს კონსტიტუციის პრინციპული მოთხოვნები ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა შესახებ (ს.ფ. 157-160).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. ი-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ პირობებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის შედეგზე და განაპირობა არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც მოცემული კატეგორიის დავებზე სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ა. ი-ის საკასაციო საჩივარი არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა. ი-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 22 თებერვლის განჩინებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.