Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

¹ ბს-497-475(კ-08) 13 მაისი, 2008 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მურუსიძე, მარიამ ცისკაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა მ. კ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 10 მაისის განჩინებაზე მოწინააღმდეგე მხარეების _ ქ. თბილისის მერიისა და თმ. და თნ. ჯ-ების მიმართ.

2004 წლის 13 ივლისს მ. კ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების _ ქ. თბილისის მერიისა და ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობის მიმართ და საბინაო სამმართველოს მიერ 1938 წლის 21 სექტემბერს ა. ჯ-ზე გაცემული ¹..... ორდერის ბათილად ცნობა და ქ. თბილისში, ...... ქუჩის ¹9-ში მდებარე 60 კვ.მ ფართზე მისი, როგორც კანონიერი მემკვიდრის, უფლების ცნობა მოითხოვა.

თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რიონული სასამართლოს 2004 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით მოცემულ საქმეში მოპასუხეებად თმ. და თნ. ჯ-ები ჩაებნენ, ხოლო ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობა ამოირიცხა მოპასუხეთა სიიდან.

თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილებით მ. კ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება მ. კ-ემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 10 მაისის განჩინებით მ. კ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილება.

აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. კ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

საკასაციო სასამართლო გაეცნო მ. კ-ის საკასაციო საჩივარს და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველი უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლზე, რომლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 1 თვე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მ. კ-ეს საკასაციო საჩივრით გასაჩივრებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 10 მაისის განჩინების ასლი გაეგზავნა 2007 წლის 9 ივლისს, რომელიც ადრესატს არ ჩაჰბარდა იმ მოტივით, რომ იგი გასული იყო დასასვენებლად (ს.ფ. 61-63). 2007 წლის 18 დეკემბერს მ. კ-ეს განმეორებით გაეგზავნა საქმეში მითითებულ ერთადერთ მისამართზე საკასაციო საჩივრით გასაჩივრებული განჩინების ასლი (ს.ფ. 65). აღნიშნულის თაობაზე 2007 წლის 28 დეკემბერს შედგენილ იქნა აქტი, რომლის თანახმადაც ადრესატი _ მ. კ-ე გადასული იყო სააპელაციო საჩივარში მითითებული მისამართიდან.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლზე, რომლის თანახმად, მხარეები და მათი წარმომადგენლები მოვალენი არიან აცნობონ სასამართლოს საქმის წარმოების განმავლობაში თავიანთი მისამართის შეცვლის შესახებ. ასეთი ცნობის უქონლობისას უწყება გაიგზავნება სასამართლოსათვის ცნობილ უკანასკნელ მისამართზე და ჩაბარებულად ითვლება, თუნდაც ადრესატი ამ მისამართზე აღარ ცხოვრობდეს.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მ. კ-ე ვალდებული იყო სასამართლოსათვის ეცნობებინა თავისი მისამართის შეცვლის შესახებ, რაც მას არ გაუკეთებია, რის გამოც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო წესით გასაჩივრებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 10 მაისის განჩინება კასატორისათვის ჩაბარებულად ითვლება 2007 წლის 28 დეკემბრიდან. თბილისის სააპელაციო სასამართლოში კი საკასაციო საჩივარი 2008 წლის 21 აპრილს წარადგინა, ესე იგი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველ ნაწილში მითითებული ერთთვიანი ვადის დარღვევით, რადგან ხსენებული განჩინების საკასაციო წესით გასაჩივრების ვადა მისთვის 2007 წლის 28 იანვარს ამოიწურა. ამასთან, მართალია, კასატორი საკასაციო საჩივარში მიუთითებს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 10 მაისის განჩინება გადაეცა 2008 წლის 20 მარტს, თუმცა მ. კ-თვის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ერთთვიანი ვადის ათვლა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის საფუძველზე დაიწყო აქტის შედგენის _ 2007 წლის 28 დეკემბრიდან.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მ. კ-ემ დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველ ნაწილში მითითებული საკასაციო საჩივრის შეტანის ერთთვიანი ვადა, რის გამოც მ. კ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 76-ე მუხლით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 397-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. განუხილველი დარჩეს მ. კ-ის საკასაციო საჩივარი;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.