Facebook Twitter

ბს-498-476(კ-08) 5 ნოემბერი, 2008წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მარიამ ცისკაძე, ლევან მურუსიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – ნ. შ-ე

დავის საგანი – კვების და სანივთე ქონების კომპენსაცია

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.03.08წ. განჩინება.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ნ. შ-ემ 07.06.07წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ, რომლითაც მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ 1998-1999-2000 წლების ხელფასის, ჯილდოს, კვების, მატერიალური დახმარების სახით ხელზე გასაცემი 1326,76 ლარისა და სანივთე ქონების კომპენსაციის _ 439,88 ლარის, სულ 1766,64 ლარის გადახდის დაკისრება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 22.06.07წ. გადაწყვეტილებით სარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაეკისრა მოსარჩელე ნ. შ-თვის მიუღებელი სახელფასო დავალიანების _ 1326,76 ლარისა და სანივთე ქონების კომპენსაციის – 439,88 ლარის, სულ – 1766 (ათას შვიდას სამოცდაექვსი) ლარისა და 64 თეთრის ანაზღაურება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 22.06.07წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სანივთე ქონების კომპენსაციის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.03.08წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 22.06.07წ. გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა სასამართლო კოლეგიის მიერ დადგენილად მიჩნეული საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მათი სამართლებრივი შეფასებები.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.03.08წ. განჩინება 24.04.08წ. საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც აღნიშნული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორმა მიუთითა, რომ ნ. შ-ე სასარჩელო განცხადებით მოითხოვდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის 1998-2000 წლების სახელფასო დავალიანების ანაზღაურების დაკისრებას. კასატორის მოსაზრებით, სასარჩელო მოთხოვნა ხელფასის, კვების კომპენსაციის, მატერიალური დახმარებისა და ჯილდოს ნაწილში ხანდაზმულია, რადგან ამგვარ მოთხოვნებზე ვრცელდება სსკ-ის 129-ე მუხლით დადგენილი სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა, თუმცა სასამართლოს კანონის ეს ნორმა არ გამოუყენებია. სასამართლომ არ გაითვალისწინა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსაზრება იმის თაობაზე, რომ საქმეში არსებული სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ გაცემული 20.11.07წ. ¹3-11/9079 ცნობა ვერ ჩაითვლებოდა მოპასუხის მხრიდან ვალის აღიარებად, რადგან მასში არ არის მითითებული ჯილდოს, კვების კომპენსაციის, მატერიალური დახმარების ვალის აღიარებისა და მისი გადახდის დაპირებაზე. აღნიშნული ცნობა ინფორმაციული ხასიათისაა და გაცემულია სზაკ-ით დადგენილი ინფორმაციის თავისუფლების ფარგლებში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაცულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 08.10.08წ. განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი კვებისა და სანივთე ქონების კომპენსაციების დაკმაყოფილების ნაწილში მიჩნეულ იქნა დასაშვებად. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი ნ. შ-ის სასარგებლოდ ხელფასის, მატერიალური დახმარებისა და ჯილდოს ანაზღაურების ნაწილში მიჩნეულ იქნა დაუშვებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.03.08წ. განჩინება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის კვების კომპენსაციის _ 669,38 ლარის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის კვების კომპენსაციის _ 669,38 ლარის დაკისრების ნაწილში ნ. შ-ის სასარჩელო მოთხოვნას უარი უნდა ეთქვას შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას მიუღებელი სახელფასო დავალიანების, ჯილდოსა და მატერიალური დახმარების ანაზღაურების თაობაზე ნ. შ-ის სარჩელის ხანდაზმულობის შესახებ. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სახელფასო დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნის მიმართ ვერ გავრცელდება “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 127-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სასარჩელო ხანდაზმულობის ერთთვიანი ვადა. “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის მე-9 მუხლის საფუძველზე, მოსამსახურეს უფლება აქვს სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო (ხელფასი). შესაბამისად, მის მიმართ არსებული სახელფასო დავალიანების ანაზღაურება უნდა მოხდეს საბიუჯეტო დავალიანების დაფარვის წესის შესაბამისად. შესაბამისი წლების სახელმწიფო ბიუჯეტების შესახებ კანონებით აღიარებულია წინა წლებში წარმოქმნილი სახელმწიფო დავალიანების ანაზღაურება.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ¹....... სამხედრო ნაწილის მეთაურის მიერ გაცემული ცნობები არ ადასტურებს ვალის აღიარებას, ვინაიდან ინფორმაციულ ხასიათს ატარებენ და ადასტურებენ არა მოპასუხის მიერ დავალიანების აღიარებას, არამედ იმას, თუ რა თანხა ერგებოდა მოსარჩელეს. ფაქტის და სარჩელის აღიარება არ წარმოადგენს იდენტურ ცნებებს, ფაქტის აღიარება არის მტკიცებულება, ხოლო სარჩელის აღიარება არის დისპოზიციური პრინციპიდან გამომდინარე განკარგვითი აქტი, ფაქტის აღიარება არ ნიშნავს სარჩელის აღიარებას. ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტას არ იწვევს დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნით თავდაცვის სამინისტროსადმი მოსარჩელის განცხადებებით არაერთი მიმართვის ფაქტი, სამოქალაქო კოდექსის 138-ე მუხლი ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტის საფუძვლად ითვალისწინებს იმ სახელმწიფო ორგანოსათვის მოთხოვნის არსებობის შესახებ განცხადებით მიმართვას, რომელსაც აქვს დავის გადაწყვეტის იურისდიქცია, ხსენებული მუხლი ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტის საფუძვლად არ ითვალისწინებს პირის მოვალისადმი, მოპასუხისადმი განცხადებით მიმართვას. რაც შეეხება საქმეში დაცულ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის 17.05.07წ. ¹9/1403 წერილს, რომლის თანახმად, მოპასუხე მხარე ჰპირდება ნ. შ-ეს, რომ ხელფასის ანაზღაურება განხორციელდება სახელმწიფოს ბიუჯეტიდან დამატებით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, აღნიშნული წარმოადგენს ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტის საფუძველს სახელფასო დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში.

“საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 37-ე მუხლის თანახმად, შრომით გასამრჯელოს (ხელფასს) თანამდებობრივი სარგოს გარდა მიეკუთვნება ასევე პრემია და ის დანამატები, რომლებიც კანონითაა გათვალისწინებული. კვების კომპენსაცია წარმოადგენს “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” კანონის 12.3 მუხლით რეგლამენტირებულ სასურსათო ულუფას. სამხედრო მოსამსახურე სამხედრო სამსახურის პერიოდში “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 37-ე მუხლით გათვალისწინებულ შრომით გასამრჯელოსთან (ხელფასთან) ერთად, ღებულობს კომპენსაციას სასურსათო უზრუნველყოფის _ ულუფის სახით. “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 1341 მუხლით რეგლამენტირებულია საჯარო მოსამსახურეზე წინა წლებში წარმოშობილი დავალიანების ანაზღაურება, მაგრამ იგი არ ეხება საჯარო მოსამსახურისათვის კომპენსაციის ანაზღაურებას ამ მუხლით დადგენილი წესით. სასურსათო ულუფა წარმოადგენს სამხედრო მოსამსახურის უზრუნველყოფის სახეს და ამავდროულად პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას. ამასთან, ხელფასი განსხვავდება უზრუნველყოფის სახისაგან _ სასურსათო ულუფისაგან. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ვინაიდან სასურსათო ულუფა წარმოადგენს სამხედრო მოსამსახურის მიერ მისაღები კომპენსაციის სახეს, “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 1341 მუხლი აღნიშნულ კომპენსაციაზე ვერ გავრცელდება. სამხედრო მოსამსახურისათვის სასურსათო ულუფის და ფორმის ტანსაცმლის ან შესაბამისი ფულადი კომპენსაციის მიცემის ვალდებულება პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებაა და ამ ვალდებულების შესრულების მოთხოვნის მიმართ ვრცელდება სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის II ნაწილით გათვალისწინებული სასარჩელო ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა. შესაბამისად, კვების და სანივთე ქონების კომპენსაციაზე ვრცელდება ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა. ვინაიდან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტის 17.05.07წ. ¹9/1403 ცნობა სახელფასო დავალიანებასთან ერთად არ შეიცავს კვების ულუფის აღიარებას, ხელფასისაგან განსხვავებით, კვების ულუფის დავალიანების მიმართ გამოყენებულ უნდა იქნეს სამოქალაქო კოდექსის 129.2 მუხლით გათვალისწინებული ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა, აღნიშნული ვადა ათვლილ უნდა იქნეს სასამართლოში სარჩელის წარდგენის თარიღიდან უკუსვლით. შესაბამისად, საქმის მასალების თანახმად, მოსარჩელეს მისაღები აქვს 1998-2000 წლების კვების კომპენსაცია 669,38 ლარი (1998წ. _ 188.8ლ., 285.59 ლ., 194.99ლ.), რომლებზეც ვრცელდება ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა. ვინაიდან სარჩელის აღძვრის მომენტისათვის გასული იყო ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა, მისი მოთხოვნა ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ნ. შ-ზე გასაცემი სანივთე ქონების კომპენსაცია (439.88 ლ.) შეეხება 2004-2006 წლების დავალიანებას (ს.ფ.45), ხოლო სარჩელი სასამართლოში 07.06.07წ. არის შეტანილი. შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის გათვალისწინებით, სანივთე ქონების კომპენსაცია ექვემდებარება ანაზღაურებას. 2004-2006 წ.წ. კუთვნილ სანივთე ქონების ანაზღაურების მოთხოვნა ემყარება იმჟამად მოქმედი ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” კანონის 12.3 მუხლის, აგრეთვე ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 05.11.04წ. ¹493 ბრძანებულების მე-8 პუნქტის, ¹3 დანართის დებულებებს. მოსარჩელე ითხოვს სანივთე ქონების შესაბამის ფულად კომპენსაციას იმ პერიოდისათვის (2004-2006წ.წ.), რომლის განმავლობაშიც ის გადიოდა სამხედრო სამსახურს. ამდენად, საკასაციო საჩივარში მოყვანილი მოსაზრება იმის შესახებ, რომ სარჩელის შეტანის დროისათვის მოსარჩელე არ იყო სამხედრო მოსამსახურე არ ქმნის საკასაციო საჩივრის მოთხოვნის ამ ნაწილის დაკმაყოფილების საფუძველს. ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” კანონის 12.3 მუხლში 11.05.07წ. კანონით შეტანილი ცვლილებები არ ვრცელდება სადავო პერიოდზე, 12.3 მუხლში 11.05.07წ. კანონით შეტანილ ცვლილებებს არ აქვთ უკუქცევითი ძალა. კასატორის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ სანივთე უზრუნველყოფა წლის დასაწყისში უნდა მომხდარიყო არ ემყარება რაიმე საკანონმდებლო საფუძველს და ვერ იქნება გაზიარებული საკასაციო სასამართლოს მიერ.

ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელისათვის კვების კომპენსაციების თანხის ანაზღაურების ნაწილში არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომლითაც გათვალისწინებულია სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა, რის გამო საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილება კვების კომპენსაციის თანხის _ 669,38 ლარის ნ. შ-ის სასარგებლოდ დაკისრების ნაწილში უნდა გაუქმდეს და ამ ნაწილში ნ. შ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს მოთხოვნის ხანდაზმულობის გამო. სააპელაციო სასამართლოს 12.03.08წ. განჩინება ნ. შ-ის სასარგებლოდ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის 1097.26 ლარის ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო პალატის მიერ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის ნაწილობრივი დაკმაყოფილებით, მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება, ვინაიდან არ არსებობს ფაქტობრივი გარემოებების ხელახალი გამოკვლევისათვის საქმის დაბრუნების საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე, 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.03.08წ. განჩინება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის კვების კომპენსაციის _ 669,38 ლარის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება. ნ. შ-ის სარჩელი საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის კვების კომპენსაციის 669,38 ლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მოსარჩელის სასარგებლოდ სანივთე ქონების კომპენსაციის დაკისრების ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.03.08წ.. განჩინების გაუქმების შესახებ არ დაკმაყოფილდეს;

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.03.08წ. განჩინება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის სახელფასო დავალიანების და სანივთე ქონების კომპენსაციის _ 1097.26 ლარის (ათას ოთხმოცდაჩვიდმეტი ლარის და ოცდაექვსი თეთრის) დაკისრების ნაწილში დარჩეს უცვლელად;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.