Facebook Twitter

ბს-499-477(კ-08) 10 სექტემბერი, 2008 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა – მხარეთა დასწრების გარეშე

კასატორი - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

მოწინააღმდეგე მხარე – ჯ. ხ.-ი

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 19 მარტის განჩინება

დავის საგანი –დავალიანების ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2007 წლის 20 სექტემბერს ჯ. ხ.-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ, დავალიანების ანაზღაურების თაობაზე.

მოსარჩელე სასარჩელო განცხადებაში მიუთითებდა, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 1995 წლის 1 სექტემბრის ¹423 10 ბრძანებით დაინიშნა თავდაცვის სამინისტროს ... ჰოსპიტლის ...-ის განყოფილებაში ავადმყოფის მომვლელ უმცროს მედდად.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2001 წლის 4 ოქტომბრის ¹653 ბრძანებით გათავისუფლდა სამსახურიდან.

მოსარჩელის განმარტებით, სამსახურში მუშაობის დროს მიუღებელი დარჩა ხელფასი – 399,63 ლარი, კვების კომპენსაცია – 670,73 ლარი, მატერიალური დახმარება – 61,15 ლარი, ჯილდო – 207,06 ლარი, სულ –1338,47 ლარი, რაც დასტურდება აგრეთვე საქართველოს შეიარაღებული ძალების ლოგისტიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის მიერ გაცემული ¹3-11/6308 ცნობით.

Yზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მის სასარგებლოდ დაკისრებოდა ხელფასის – 399,63 ლარის, კვების კომპენსაციის – 670,73 ლარის, მატერიალური დახმარების – 61,15 ლარის, ჯილდოს – 207,06 ლარის, სულ –1338,47 ლარის ანაზღურება.

მოპასუხე – საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სასარჩელო განცხადება არ ცნო და მოითხოვა მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილებით ჯ. ხ.-ის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა; მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ჯ. ხ.-ის სასარგებლოდ დაეკისრა 1338,47 ლარის ანაზღაურება.

საქალაქო სასამართლო გადაწყვეტილებაში მიუთითებდა, რომ მოსარჩელე, მუშაობდა რა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში, იმყოფებოდა შრომით ურთიერთობაში ადმინისტრაციულ ორგანოსთან და ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის თანახმად წარმოადგენდა მოხელეს, ხოლო ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად – სამხედრო მოსამსახურეს.

,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის ,,თ” ქვეპუნქტის შესაბამისად, სამხედრო მოსამსახურეზე აღნიშნული კანონის მოთხოვნები ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს კონსტიტუციით, სპეციალური კანონმდებლობით ან მათ საფუძველზე სხვა რამ არ არის დადგენილი. ამავე კანონის 51-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით მოსამსახურეთათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს სხვა დამატებითი უფლებები და გარანტიები, ხოლო ასეთი ხასიათის ერთ-ერთი დამატებითი უფლება და გარანტია სამხედრო მოსამსახურეთათვის მოცემულია ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლში, რომლის შესაბამისად, შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, პრემიას, საჯარო სამსახურში წელთა ნამსახურობისათვის დაწესებულ და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა დანამატებს.

სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მოსაზრება სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულბასთან დაკავშირებით და მიუთითა, რომ საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 96-ე მუხლის შესაბამისად, მუშას ან მოსამსახურეს, მისი დათხოვნისას, საწარმოსგან, დაწესებულებისაგან, ორგნიზაციისაგან კუთვნილი მთელი თანხა ეძლევა დათხოვნის Dდღეს. თუ მუშაკი დათხოვნის დღეს არ მუშაობდა, მაშინ შესაბამისი თანხა გაცემულ უნდა იქნეს არა უგვიანეს შემდეგი დღისა, დათხოვნილი მუშაკის მიერ ანგარიშსწორების შესახებ მოთხოვნის წარდგენიდან. ,,საჯარო სამსახურის შესახებ” კანონი და ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” კანონი პირის გათავისუფლებისას საბოლოო ანგარიშსწორებისათვის განსხვავებულ წესებს არ ითვალისწინებს, რის გამოც ამ შემთხვევაშიც შრომის კანონთა კოდექსის ნორმა უნდა იქნეს გამოყენებული.

სასამართლოს განმარტებით, ვინაიდან ჯ. ხ.-ი სამსახურიდან გათავისუფლდა 2001 წელს, მაშინ ჯერ კიდევ მოქმედებდა ძველი შრომის კანონთა კოდექსი, რომლის 96-ე მუხლით იმპერატიულადაა დადგენილი დამქირავებლის ვალდებულება მუშაკის სამსახურიდან დათხოვნის დღესვე მოეხდინოს მასთან საბოლოო ანგარიშსწორება, რაც არ მოუხდენია, აღნიშნული ადმინისტრაციის, კონკრეტულ შემთხვევაში თავდაცვის სამინისტროს, კანონისმიერ ვალდებულებად უნდა იქნეს შერაცხული. შესაბამისად, მოცემულ დავაზე, როგორც კანონისმიერ ვალდებულებაზე, უნდა გავრცელდეს არა სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით გათვალისწინებული ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა, არამედ ამავე კოდექსის 128-ე მუხლით დადგენილი საერთო ხანდაზმულობის ვადა.

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.

აპელანტი სააპელაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ მოსარჩელე ითხოვდა 1998-1999-2000 წლების ხელფასს, მატერიალურ დახმარებას, ჯილდოსა და კვების კომპენსაციას.

,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლით საქართველოს შრომის კანონმდებლობა მოხელეებსა და დამხმარე მოსამსახურეებზე ვრცელდება ამ კანონით განსაზღვრულ თავისებურებათა გათვალისწინებით. საჯარო სამსახურთან დაკავშირებული ის ურთიერთობა, რაც ამ კანონით არ წესრიგდება, რეგულირდება შესაბამისი კანონმდებლობით.

შრომის კანონთა კოდექსის (2006 წლის) 31-ე მუხლის მე-2 ნაწილით, შრომის ანაზღაურება გაიცემა თვეში ერთხელ, სამუშაო ადგილზე, ხოლო იმ დროს მოქმედი ,,შრომის კანონთა კოდექსის” 81-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მოსამსახურეების შრომის ანაზღაურება ხდება დროებლივად, 94-ე მუხლის პირველი პუნქტით ხელფასი გაიცემა ყოველი ნახევარი თვის შემდეგ მაინც, თუ შრომის ხელშეკრულებით (კონტრაქტით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

ამდენად, უდავოა, რომ ხელფასის გაცემა წარმოადგენდა პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას, რომლის მოთხოვნაზე ვრცელდება სსკ-ის 129-ე მუხლით დადგენილი ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა, ხოლო ამ ვადის ათვლა, სსკ-ის 130-ე მუხლის შესაბამისად, იწყება იმ პერიოდიდან, როდესაც მოსარჩელეს უნდა მიეღო ხელფასი.

,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 127.1 მუხლით მოხელეს უფლება აქვს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ერთი თვის განმავლობაში გაასაჩივროს სასამართლოში სამსახურობრივ საკითხებზე გამოცემული ბრძანება, განკარგულება, გადაწყვეტილება, აგრეთვე მოქმედება.

აპელანტის მოსაზრებით, მოსარჩელეს სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაეყენებინა იმ დღიდან ერთ თვეში, რაც დადგენილია ხელფასის გაცემის დღედ, ხოლო უკიდურეს შემთხვევაში, სამ წელიწადში (როგორც პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულების).

აპელანტის მითითებით, ,,სახედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი ნაწილით, სამხედრო მოსამსახურეს წლის განმავლობაში შეიძლება მიეცეს ფულადი ჯილდო და/ან მატერიალური დახმარება, ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სამხედრო მოსამსახურეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმით, სახელმწიფოს ხარჯზე ეძლევა სასურსათო ულუფა და ფორმის ტანსაცმელი ან შესაბამისი ფულადი კომპენსაცია, სასურსათო ულუფა გაიცემა ყოველთვე ფულად სარგოებთან ერთად, ხოლო ფორმის ტანსაცმელი წელიწადში ერთხელ.

ამდენად, აპელანტის განმარტებით, უდავოა, რომ ხელფასის, კვების კომპენსაციის, ჯილდოსა და სხვა მოთხოვნების გაცემა წარმოადგენდა პერიოდულ სახელშეკრულებო ვალდებულებას, რომელზეც ვრცელდება სსკ-ის 129-ე მუხლით დადგენილი ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა, ხოლო ამ ვადის ათვლა, სსკ-ის 130-ე მუხლის შესაბამისად, იწყება იმ პერიოდიდან, როდესაც მოსარჩელეს უნდა მიეღო ხელფასი.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი ითხოვდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 19 მარტის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატა სრულად დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებსა და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით.

აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.

კასატორი საკასაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის მე-11.2 "თ" ქვეპუნქტით სამხედრო მოსამსახურეებზე ამ კანონის მოქმედება ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევებში, თუ საქართველოს კონსტიტუციით, სპეციალური კანონმდებლობით ან მათ საფუძველზე სხვა რამ არ არის დადგენილი.

ამდენად, ხელფასის არსსა და მის შემადგენელ კომპონენტებზე მსჯელობისას გათვალისწინებული უნდა იქნეს 1998-2000 წლებში მოქმედი "სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ" კანონის მოთხოვნები, ხოლო ამ კანონმდებლობაში განსხვავებული დებულებების არარსებობის შემთხვევაში, სადავო ურთიერთობა უნდა მოგვარდეს "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის დებულებებით, კერძოდ, 37-ე მუხლით (1998-2000 წლების რედაქციით), მოსამსახურის შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, პრემიას და კანონით გათვალისწინებულ დანამატებს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ ამა თუ იმ ფინანსურ გასაცემელს მიეცეს ხელფასზე დანამატის სტატუსი და ჩაითვალოს ხელფასის შემადგენელ ელემენტად, საჭიროა, ამ ფულად გასაცემელს (კვარტალური პრემია, კვების კომპენსაცია), კანონმდებლობის მიხედვით, ჰქონდეს "დანამატის" სტატუსი.

კასატორის განმარტებით, "სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ" საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მეორე პუნქტით (2000 წლამდე რედაქციით) სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულების, სანიმუშო დისციპლინისა და საბრძოლო მომზადებაში წარჩინებული მაჩვენებლებისათვის სამხედრო მოსამსახურეს წლის განმავლობაში შეიძლება მიეცეს ფულადი ჯილდო და/ან მატერიალური დახმარება.

ამავე მუხლის მესამე პუნქტით _ სამხედრო მოსამსახურეს (სავალდებულო სამხედრო მოსამსახურის გარდა), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმით, სახელმწიფოს ხარჯზე ეძლევა სასურსათო ულუფა და ფორმის ტანსაცმელი ან შესაბამისი ფულადი კომპენსაცია.

ამავე მუხლის მესამე პუნქტით _ ოფიცერს თანამდებობაზე ნამსახური კალენდარული წლების (მათ შორის, ყოფილი სსრკ-ის და სხვა სახელმწიფოს შეიარაღებულ ძალებში) მიხედვით ეძლევა თანამდებობრივ და სამხედრო წოდებების ფულად სარგოებზე პროცენტული დანამატები ნამსახურობისათვის შემდეგი ოდენობით: 1-დან 2 წლამდე _ 5%; 2-დან 5 წლამდე _ 10%; 5-დან 10 წლამდე _ 20%; 10-დან 15 წლამდე _ 25%; 15-დან 20 წლამდე _ 40%; 30 წელზე მეტი _ 45%.

როგორც "სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ" საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მეორე პუნქტიდან ირკვევა, "დანამატის" სტატუსი მინიჭებული აქვს მხოლოდ იმ ფულად თანხებს, რომლებიც დაიანგარიშება ნამსახური წლების მიხედვით. რაც შეეხება კვების კომპენსაციას, ჯილდოსა და მატერიალურ დახმარებას "სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ" საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მეორე და მესამე პუნქტებიდან გამომდინარე, "დანამატის" სტატუსი არ აქვს მინიჭებული.

აქედან გამომდინარე, ცალსახაა, რომ კვების კომპენსაციის, ჯილდოს და მატერიალური დახმარების თანხები არ წარმოადგენს "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 37.1 მუხლით გათვალისწინებულ ხელფასში შემავალ დანამატებს და ისინი ხელფასისაგან დამოუკიდებელ ფულად გასაცემელს წარმოადგენს.

კასატორის განმარტებით, სასარჩელო მოთხოვნა კვების კომპენსაციის, ჯილდოსა და მატერიალური დახმარების ნაწილში ხანდაზმულია, რადგან ამგვარ მოთხოვნებზე ვრცელდება სსკ-ის 129-ე მუხლით დადგენილი სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა.

,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლით _ საქართველოს შრომის კანონმდებლობა მოხელეებსა და დამხმარე მოსამსახურეებზე ვრცელდება ამ კანონით განსაზღვრულ თავისებურებათა გათვალისწინებით. საჯარო სამსახურთან დაკავშირებული ის ურთიერთობა, რაც ამ კანონით არ წესრიგდება, რეგულირდება შესაბამისი კანონმდებლობით.

აქედან გამომდინარე, კანონიერია საჯარო შრომითი სახელშეკრულებო ურთიერთობისას წარმოშობილი დავის დროს გამოყენებულ იქნეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლი.

კასატორის განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი კერძო სამართლებრივი ურთიერთობის მარეგულირებელი ძირითადი საკანონმდებლო აქტია, მაგრამ მისი ნორმები ხშირ შემთხვევაში იმ ურთიერთობების მარეგულირებელ ნორმებადაც გვევლინება, რომლებიც თავისი შინაარსით წარმოადგენს ადმინისტრაციულ (საჯარო) ურთიერთობებს.

საყურადღებოა, განისაზღვროს, მოსარჩელესა და თავდაცვის სამინისტროს შორის არსებული ურთიერთობა წარმოადგენდა თუ არა სახელშეკრულებო ურთიერთობას. აღნიშნული ურთიერთობა სახელშეკრულებო ურთიერთობა იყო იმ მარტივი გარემოებიდან გამომდინარე, რომ მოსარჩელის განცხადება _ ნების გამოვლენა _ თავდაცვის სამინისტროს სისტემაში სამსახურის დაწყების შესახებ (ოფერტი) და სამინისტროს თანხმობა (აქცეფტი _ ბრძანების სახით), მასთან შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ, ასევე ამ ორ სუბიექტს შორის ურთიერთობის და მათი უფლება-მოვალეობების განმსაზღვრელი სამართლებრივი აქტები ერთობლიობაში წარმოადგენს მოსარჩელესა და სამინისტროს შორის ფაქტობრივი საჯარო შრომითი სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობის ფაქტს და ამის დასადასტურებლად სრულიად არ არის საჭირო ერთიანი, გარკვეულ სისტემაში მოყვანილი ან გარკვეული ფორმის მქონე დოკუმენტის _ ხელშეკრულების არსებობა.

აქედან გამომდინარე, კანონმდებლობა არ ავალდებულებს მხარეებს კონკრეტული შინაარსისა და სტილის მქონე დოკუმენტის გაფორმებას ხელშეკრულების დადებისას. ხელშეკრულებათა ფორმები და სტილი შეიძლება იყოს განსხვავებული და შესაბამისად, წერილობითი განცხადება და ბრძანება თანამდებობაზე დანიშნვის შესახებ, ერთობლიობაში წარმოადგენს წერილობითი შრომითი ხელშეკრულების არსებობის დამადასტურებელ დოკუმენტებს.

აღნიშნული მიდგომა სახელმწიფოს მიერ ასევე ფაქტობრივად აღიარებულია "შრომის კოდექსის" მე-6 მუხლის მე-3 ნაწილითაც _ პირის განცხადება და მის საფუძველზე დამსაქმებლის მიერ გამოცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება დამსაქმებლის ნება პირის სამუშაოზე მიღების თაობაზე, უთანაბრდება შრომითი ხელშეკრულების დადებას.

ის ფაქტი, რომ საჯარო სამსახურზე ვრცელდება შრომითი კანონმდებლობა, უდავოა, უფრო მეტიც, "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტით საჯარო სამსახურთან დაკავშირებული ის ურთიერთობა, რაც "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონით არ წესრიგდება, რეგულირდება შესაბამისი კანონმდებლობით. ამდენად, სახელფასო დავალიანებების ხანდაზმულობის საკითხზე, რომელიც არ წესრიგდება მითითებული კანონით, უნდა გავრცელდეს შესაბამისი კანონმდებლობა, ანუ: ა) იმ შემთხვევაში, თუ ხელფასის ვალდებულებას მიეცა სახელშეკრულებო ვალდებულების კვალიფიკაცია ვრცელდება სამოქალაქო კოდექსით დადგენილი სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა; ბ) იმ შემთხვევაში, თუ ხელფასის გაცემის ვალდებულებას მიეცემა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სამსახურებრივ საკითხზე მოქმედების განხორციელების ვალდებულების კვალიფიკაცია, ვრცელდება "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 127-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ერთთვიანი ხანდაზმულობის ვადა.

სსკ-ის 130-ე მუხლის მიხედვით, როგორც სსკ-ის 129-ე მუხლით გათვალისწინებული სამწლიანი ხანდაზმულობის, ისე "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 127-ე მუხლით განსაზღვრული ერთთვიანი ხანდაზმულობის ვადის ათვლა იწყება იმ დღიდან, როდესაც მოსარჩელეს უნდა მიეღო თითოეული თვის ან პერიოდის ჯილდო და კვების კომპენსაციის გაცემისათვის დაწესებული დღის მეორე დღიდან.

როგორც ცნობილია, სარჩელი სასამართლოში შეტანილია 2007 წლის სექტემბერში.

ამდენად, სარჩელის შეტანის დროს მოსარჩელეს გაშვებული ჰქონდა როგორც სსკ-ის 129-ე მუხლით გათვალისწინებული სამწლიანი ხანდაზმულობის, ისე "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 127-ე მუხლით განსაზღვრული ერთთვიანი ხანდაზმულობის ვადები.

სსკ-ის 129-ე მუხლის გამოყენების უპირობო კანონიერებაზე მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 326-ე მუხლიც, სადაც განმარტებულია, რომ წესები სახელშეკრულებო ვალდებულების შესახებ, გამოიყენება ასევე სხვა არასახელშეკრულებო ვალდებულებათა მიმართაც.

კასატორის განმარტებით, იმ დროს მოქმედი "შრომის კანონთა კოდექსის" 81-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოსამსახურეების შრომის ანაზღაურება ხდებოდა ეტაპობრივად, 94-ე მუხლის პირველი პუნქტით ხელფასი გაიცემოდა ყოველი ნახევარი თვის შემდეგ მაინც, თუ შრომის ხელშეკრულებით (კონტრაქტით) სხვა რამ არ იყო გათვალისწინებული.

ამდენად, უდავოა, რომ ხელფასის გაცემა წარმოადგენდა პერიოდულ ვალდებულებას, რომლის მოთხოვნაზე ვრცელდება "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 127-ე მუხლით დადგენილი ერთთვიანი ხანდაზმულობის ვადა, ხოლო უკიდურეს შემთხვევაში, სსკ-ის 129-ე მუხლით დადგენილი ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის თითოეული თვის სახელფასო მოთხოვნის ხანდაზმულობაზე დამოუკიდებლად უნდა წარიმართოს მსჯელობა.

ამდენად, მოსარჩელის მოთხოვნა 1998-2000 წლების სახელფასო დავალიანების, კვარტალური პრემიისა და კვების კომპენსაციის ანაზღაურების ნაწილში, ორივე მსჯელობის მიხედვით, ხანდაზმულია.

კასატორის განამარტებით, სასამართლომ არასწორად მიიჩნია საქმეში არსებული ცნობა ვალის აღიარებად, ვინაიდან, აღნიშნულიEარ შეიძლება ჩაითვალოს ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტის საფუძვლად სსკ-ის 137-ე მუხლის მიხედვით, რადგან დასახელებული დოკუმენტით მისი გამცემი ორგანო არ აღიარებს მოსარჩელის მოთხოვნის არსებობას და მისი შეფასება სამინისტროს მიერ ვალდებულების აღიარების დამადასტურებელ დოკუმენტად, კანონსაწინააღმდეგოა, ვინაიდან მას ინფორმაციული ხასიათი აქვს, კერძოდ, მოსარჩელეს (განმცხადებელს) მიეცა სამინისტროში დაცული საჯარო ინფორმაცია მისი მოთხოვნის შესაბამისად.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი საკასაციო საჩივრითY ითხოვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 19 მარტის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონირება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს დადგენილად მიაჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ჯ. ხ.-ი მუშაობდა თავადაცვის სამინისტროს ... ჰოსპიტალის ...-ის განყოფილებაში ავადმყოფის მომვლელ უმცროს მედდად, საოპერაციო ბლოკის სანიტრად. საქართველოს შეარაღებული ძალების ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის ¹3-11/6308 ცნობის თანახმად, მოსარჩელის მიმართ მოპასუხის დავალიანება შეადგენს: ხელფასი – 399,63 ლარს, კვების კომპენსაცია – 670,73 ლარს, მატერიალური დახმარება – 61,15 ლარს, ჯილდო – 207,06 ლარს, სულ –1338,47 ლარი.

"სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ" საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სამხედრო მოსამსახურეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმით, სახელმწიფოს ხარჯზე ეძლევა სასურსათო ულუფა და ფორმის ტანსაცმელი ან შესაბამისი ფულადი კომპენსაცია.

“საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის მეორე წინადადებაში მოცემულია მოსამსახურის ხელფასის ცნება, რომლის თანახმად, მოსამსახურის შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, პრემიას და კანონით გათვალისწინებულ დანამატებს.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, თანამდებობრივი სარგოს გარდა, შრომით გასამრჯელოს (ხელფასს) მიეკუთვნება ასევე პრემია და ის დანამატები, რომლებიც კანონითაა გათვალისწინებული. კვების კომპენსაცია წარმოადგენს “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ" საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტით რეგლამენტირებულ სასურსათო ულუფას. აღნიშნული კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის (2007 წლის 11 მაისამდე მოქმედი რედაქცია) მიხედვით, სამხედრო მოსამსახურეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმით სახელმწიფოს ხარჯზე ეძლეოდა სასურსათო ულუფა და ფორმის ტანსაცმელი ან შესაბამისი ფულადი კომპენსაცია. ამდენად, სამხედრო მოსამსახურე სამხედრო სამსახურის პერიოდში “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლით გათვალისწინებულ შრომით გასამრჯელოსთან (ხელფასთან) ერთად, ღებულობს კომპენსაციას სასურსათო უზრუნველყოფის _ ულუფის სახით. “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის გარდამავალი ნორმის შემცველი 1341-ე მუხლის (ანგარიშსწორების წესი სამსახურიდან გათავისუფლებისას) თანახმად, 2005 წლის 1 იანვრამდე სამსახურიდან გათავისუფლებულ საჯარო მოსამსახურეზე კუთვნილი თანხის (გარდა ამ კანონით განსაზღვრული კომპენსაციისა) გაცემა უნდა განხორციელდეს წინა წლებში წარმოქმნილი საბიუჯეტო დავალიანების დაფარვის წესის შესაბამისად. ამდენად, აღნიშნული მუხლით რეგლამენტირებულია საჯარო მოსამსახურეზე წინა წლებში წარმოშობილი დავალიანების ანაზღაურება, მაგრამ იგი არ ეხება საჯარო მოსამსახურისათვის კომპენსაციის ანაზღაურებას ამ მუხლით დადგენილი წესით. სასურსათო ულუფა წარმოადგენს სამხედრო მოსამსახურის უზრუნველყოფის სახეს და ამავდროულად, პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას. ამასთან, ხელფასი განსხვავდება უზრუნველყოფის სახისაგან _ სასურსათო ულუფისაგან, რაც განსხვავებულადაა მოწესრიგებული “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 1341-ე მუხლში. ამდენად, ვინაიდან სასურსათო ულუფა წარმოადგენს სამხედრო მოსამსახურის მიერ მისაღები კომპენსაციის სახეს, ზემოაღნიშნული გარდამავალი ნორმა (“საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 1341-ე მუხლი) აღნიშნულ კომპენსაციაზე არ ვრცელდება. შესაბამისად, თუ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საფინანსო სამმართველოს (ან სამხედრო ნაწილის) მიერ გაცემულ საინფორმაციო ხასიათის ცნობაში სახელფასო დავალიანებასთან ერთად, მითითებულია კვების ულუფის დავალიანებაზე, ხელფასისაგან განსხვავებით, კვების ულუფის დავალიანების მიმართ გამოყენებულ უნდა იქნეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული სასარჩელო ხანდაზმულობის 3-წლიანი ვადა, აღნიშნული ვადა კი ათვლილ უნდა იქნეს სასამართლოში სარჩელის წარდგენის თარიღიდან უკუსვლით.

საკასაციო სასამართლო დაუსაბუთებლად მიიჩნევს, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას საქართველოს შეარაღებული ძალების ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის ¹3-11/6308 (ს.ფ.4) ცნობის ნაწილში და მიიჩნევს, რომ აღნიშნული ცნობა ატარებს ინფორმაციულ ხასიათს, ვინაიდან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული ოფიციალური დოკუმენტი, მათ შორის, ამა თუ იმ პირზე გაცემული ცნობა, რომელიც შეიცავს პირის მიმართ ამ ორგანოს დავალიანების შესახებ ინფორმაციას, წარმოადგენს ამავე ორგანოში დაცულ და მის მიერ ინფორმაციის თავისუფლების ფარგლებში კანონით დადგენილი წესით გაცემულ საჯარო ინფორმაციას.

ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელისათვის კვების კომპენსაციის თანხის ანაზღაურების ნაწილში არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომლითაც გათვალისწინებულია სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა. რის გამოც საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 19 მარტის განჩინება კვების კომპენსაციის თანხის _ 670,73 ლარის ჯ. ხ.-ის სასარგებლოდ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის დაკისრების ნაწილში უნდა გაუქმდეს და ამ ნაწილში ჯ. ხ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს მოთხოვნის ხანდაზმულობის გამო.

რაც შეეხება გასაჩივრებულ განჩინებას დანარჩენ ნაწილში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ ნაწილში განჩინება მიღებულია კანონის სწორი გამოყენებისა და განმარტების საფუძველზე, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ ექვემდებარება გაზიარებას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I მუხლის II ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 19 მარტის განჩინება კვების კომპენსაციის ანაზღაურების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. ჯ. ხ.-ის მოთხოვნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის კვების კომპენსაციის – 670,73 ლარის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 19 მარტის განჩინება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის სახელფასო დავლიანების – 667,84 ლარის დაკისრების ნაწილში დარჩეს უცვლელად;

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.