Facebook Twitter

¹ბს-500-477(კ-07) 25 ივლისი, 2007 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე

ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ო. ლ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 18 იანვრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2004 წლის 22 მარტს ო. ლ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების _ ქ. თბილისის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურისა და ქ. თბილისის საჯარო რეესტრის სამსახურის მიმართ და მესამე პირებად მიუთითა საქართველოს საზღვრის დაცვის დეპარტამენტსა და ქ. თბილისის სააღსრულებო ბიუროზე. მოსარჩელემ მოითხოვა საჯარო რეესტრის სამსახურის 2001 წლის 3 ოქტომბრის ჩანაწერში ცვლილებების შეტანა, პირველადი ჩანაწერის საფუძველზე სადავო ბინის მის საკუთრებად აღრიცხვა და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის ,,ზ” ქვეპუნქტის საფუძველზე თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება დავის საბოლოო გადაწყვეტამდე.

მოსარჩელის განმარტებით, იგი ოჯახთან ერთად ცხოვრობდა ქ. თბილისში, ... ქ. ¹7-ში მდებარე ¹47 ბინაში და აღნიშნული ბინა ირიცხებოდა მის სახელზე. 1992 წლის 19 ოქტომბერს ო. ლ-მა მოახდინა ხსენებული ბინის პრივატიზება, რაც რეგისტრირებულ იქნა ქ. თბილისის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის მიერ იმავე წლის 25 ოქტომბერს, რის შემდეგაც იგი გახდა აღნიშნული ბინის მესაკუთრე, რაც დასტურდებოდა ქ. თბილისის მერიის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის მიერ 2004 წლის 11 მარტს გაცემული ¹ნ-44 ცნობით.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ქ. თბილისში, ... ქ. ¹7-ში მდებარე ¹47 ბინის პრივატიზების ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და ო. ლ-ის ბინიდან გამოსახლების შესახებ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სარჩელი თბილისის საბურთალოს რაიონის სასამართლოს 1994 წლის 9 ივნისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა და აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა, მაგრამ აღსასრულებლად არ მიქცეულა, ხოლო იმჟამად მოქმედი სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსის (1964 წ.) 359-ე მუხლის საფუძველზე, იგი წარდგენილი უნდა ყოფილიყო იძულებითი აღსრულებისათვის სამი წლის განმავლობაში, რის გამოც აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, ხანდაზმულობის გამო დაკარგა ძალა. საქართველოს საზღვრის დაცვის დეპარტამენტმა 2001 წელს ხელმეორედ აღძრა სარჩელი თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოში ო. ლ-ის სადავო ბინიდან გამოსახლების მოთხოვნით, მაგრამ პრივატიზაციის ხელშეკრულების გაუქმება აღარ მოუთხოვია, რის გამოც ტექნიკური აღრიცხვის ჩანაწერებში ცვლილებების შეტანა არ მომხდარა და პრივატიზაციის ხელშეკრულება კვლავ ძალაში იყო. ო. ლ-ის მტკიცებით, იგი იყო სადავო ბინის მესაკუთრე. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილებით საქართველოს საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სარჩელი დაკმაყოფილდა, ხოლო აღნიშნული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002 წლის 14 მარტის განჩინებით.

მოსარჩელის მტკიცებით, საჯარო რეესტრის შესაბამისი ამონაწერიდან ირკვეოდა, რომ სადავო ბინის მესაკუთრე იყო სახელმწიფო, ხოლო საზღვრის დაცვის დეპარტამენტს აღნიშნული ბინა გადაცემული ჰქონდა უზუფრუქტით, რის გამოც სარჩელის წარდგენის დროისათვის სადავო ბინას ჰყავდა ორი მესაკუთრე, კერძოდ, სახელმწიფო და პრივატიზაციის ხელშეკრულების საფუძველზე _ ო. ლ-ი.

ო. ლ-მა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოში წარადგინა დაზუსტებული სასარჩელო განცხადება, რომლითაც დააზუსტა სარჩელი და მოითხოვა სახელმწიფოსა და საზღვრის დაცვის დეპარტამენტს შორის დადებული შესაბამისი უზუფრუქტის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, საჯარო რეესტრში ცვლილებების შეტანა და პირველადი ჩანაწერის საფუძველზე ქ. თბილისში, ... ქ. ¹7-ში მდებარე ¹47 სადავო ბინის მის საკუთრებად აღრიცხვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 22 ივლისის განჩინებით მოცემულ საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ მესამე პირად ჩაება საჯარო სამართლის იურიდიული პირი _ სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილებით ო. ლ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ო. ლ-მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 16 ნოემბრის საოქმო განჩინებით საქართველოს საზღვრის დაცვის დეპარტამენტი შეიცვალა მისი უფლებამონაცვლე შინაგან საქმეთა სამინისტროს საქართველოს სასაზღვრო პოლიციით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 18 იანვრის განჩინებით ო. ლ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ მთლიანად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ გამოკვლეულ მტკიცებულებათა შედეგები და დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის საბურთალოს რაიონის სასამართლოს 1994 წლის 9 ივნისის გადაწყვეტილებით საქართველოს რესპუბლიკის სასაზღვრო ჯარების მთავარი სამმართველოს სარჩელი დაკმაყოფილდა. გაუქმდა ქ. თბილისში, ... ქ. ¹7-ში მდებარე ¹47 სამოთახიანი ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულება, დადებული 1992 წლის 15 ოქტომბერს ო. ლ-სა და ¹76 საბინაო-საექსპლუატაციო უბანს შორის. ო. ლ-ი და მისი ოჯახის წევრები გამოსახლებულ იქნენ სადავო ბინიდან. საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 2001 წლის 13 ივნისის ¹1-3/396 ბრძანებით საქართველოს საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტს უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაეცა საქართველოდან რუსეთის სასაზღვრო ჯარების გასვლის შემდეგ საქართველოსათვის რუსეთის სასაზღვრო ძალების მიერ გადაცემული საცხოვრებელი ბინები, მათ შორის, ქ. თბილისში, ... ქ. ¹7-ში მდებარე 46 კვ.მ ფართის ¹47 ბინა. 2001 წლის 23 ოქტომბერს სანოტარო წესით დადასტურდა სადავო ბინაზე. საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსა და საქართველოს საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტს შორის უსასყიდლო უზუფრუქტის ხელშეკრულება, აგრეთვე _ სადავო ბინის მიღება-ჩაბარების აქტი. სადავო ბინა უსასყიდლო უზუფრუქტით გადაეცა უვადოდ. საჯარო რეესტრის 2001 წლის 26 დეკემბრის ამონაწერის თანახმად, 2001 წლის 7 ნოემბრის განცხადების საფუძველზე რეგისტრირებულ იქნა ქ. თბილისში, ... ქ. ¹7-ში მდებარე ¹47 ბინა, როგორც სახელმწიფო საკუთრება და მასზე გაფორმებული უსასყიდლო უზუფრუქტის ხელშეკრულება. ქ. თბილისის მერიის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის 2004 წლის 11 თებერვლის ¹ნ-44 წერილის თანახმად, აღნიშნული სამსახურის ჩანაწერებიდან ირკვეოდა, რომ ქ. თბილისში, ... ქ. ¹7-ში მდებარე ¹47 ბინა ირიცხებოდა ო. ლ-ის სახელზე, ხოლო აღნიშნულის საფუძველს წარმოადგენდა ¹9-ნ-5254 პრივატიზაციის ხელშეკრულება. ქ. თბილისის მიწის მართვის დეპარტამენტის 2004 წლის 15 მარტის ¹წ-20 წერილის თანახმად, 2004 წლის 12 მარტს არსებული ჩანაწერების მიხედვით, ქ. თბილისში, ... ქ. ¹7-ში მდებარე ¹47 ბინა საჯარო რეესტრში რეგისტრირებული იყო, როგორც სახელმწიფო საკუთრება, ხოლო აღნიშნულის საფუძველს წარმოადგენდა 2001 წლის 23 ოქტომბერს გაფორმებული, ზემოაღნიშნული უსასყიდლო უზუფრუქტის ხელშეკრულება. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილებით საქართველოს საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის სარჩელი დაკმაყოფილდა: ო. ლ-ი და მასთან ერთად მცხოვრები პირები გამოსახლებულ იქნენ სადავო ბინიდან. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002 წლის 14 მარტის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ო. ლ-ის სააპელაციო საჩივარი და უცვლელად დარჩა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილება. შინაგან საქმეთა სამინისტროს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მართვისა და სასაზღვრო ტექნოლოგიების ცენტრის 2006 წლის 21 დეკემბრის ¹38-9/2-431 წერილის თანახმად, მათთან არსებული მონაცემთა ბაზის მიხედვით, რუსეთის მოქალაქე ო. ლ-ის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის ფაქტი 1998 წლიდან 2006 წლის 30 ნოემბრამდე არ დაფიქსირებულა.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მითითება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1507-ე მუხლის მე-3 ნაწილზე და აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსის 359-ე მუხლით განსაზღვრული იყო სასამართლო გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულებისათვის წარდგენის სამწლიანი ვადა გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან. ამასთან, იმავე კოდექსით არ იყო აკრძალული კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების ნებაყოფლობით, ყოველგვარი იძულებითი აღსრულების გარეშე აღსრულება. ის გარემოება, რომ თბილისის საბურთალოს რაიონის სასამართლოს 1994 წლის 9 ივნისის გადაწყვეტილება აღსრულდა და აღდგა პირვანდელი მდგომარეობა, დასტურდებოდა იმით, რომ 2001 წელს საქართველოდან რუსეთის სასაზღვრო ჯარების გასვლის შემდეგ, საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს მიღება-ჩაბარების აქტით გადაეცა სადავო საცხოვრებელი ბინა, როგორც სახელმწიფო ქონება, ხოლო ის ფაქტი, რომ ტექბიუროს ჩანაწერში შეტანილი არ ყოფილა სათანადო ცვლილება, არ ადასტურებდა იმ გარემოებას, რომ არ მომხდარა აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულება, ვინაიდან 2001 წლისათვის მოქმედი ,,მიწის რეგისტრაციის შესახებ” საქართველოს კანონით იმპერატიულად იყო დადგენილი მიწისა და მასთან უძრავად დაკავშირებული უძრავი ქონების სავალდებულო რეგისტრაცია საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის საჯარო რეესტრის სამსახურში და არა ტექნიკური ინვენტარიზაციის სამსახურში, ხოლო აღნიშნული კანონის მიღების შემდეგ _ 1996 წლიდან უძრავ ქონებასთან დაკავშირებით წარმოშობილი უფლებები იურიდიულ ძალას იძენდა მხოლოდ საჯარო რეესტრში სახელმწიფო რეგისტრაციის შემდეგ. მხარეები სადავოდ არ ხდიდნენ იმ გარემოებას, რომ სადავო ბინის საკუთრების უფლებით რეგისტრაცია ო. ლ-ის სახელზე საჯარო რეესტრში არ მომხდარა. მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 2001 წლის 13 ივნისის ¹1-3/396 ბრძანება, რომლითაც საქართველოს საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტს უსასყიდლო უზუფრუქტით გადაეცა საქართველოდან რუსეთის სასაზღვრო ჯარების გასვლის შემდეგ საქართველოს სასაზღვრო ძალებისთვის გადაცემული სადავო საცხოვრებელი ბინა. ო. ლ-ს სადავოდ არ გაუხდია, აგრეთვე, რუსეთის სასაზღვრო ჯარების მიერ ქ. თბილისში, ... ქ. ¹7-ში მდებარე ¹47 ბინის საქართველოს სასაზღვრო ძალებისთვის გადაცემა.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მოცემულ ადმინისტრაციულ საქმეზე დართული ¹2/1018 სამოქალაქო საქმის მასალებით, კერძოდ, თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილებითა და თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002 წლის 14 მარტის განჩინებით დასტურდებოდა, რომ იმ დროისათვის საქმის სასამართლო წესით განხილვისას ო. ლ-ს სადავოდ არ გაუხდია საჯარო რეესტრის ჩანაწერი, რომლის თანახმადაც, 2001 წლის 7 ნოემბრის განცხადების საფუძველზე სახელმწიფო საკუთრებად იქნა რეგისტრირებული ქ. თბილისში, ... ქ. ¹7-ში მდებარე ¹47 ბინა, რომელზეც 2001 წლის 23 ოქტომბერს გაფორმდა უსასყიდლო უზუფრუქტის ხელშეკრულება. დადგენილი იყო, რომ ო. ლ-ის სააპელაციო საჩივარი თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილებაზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002 წლის 14 მარტის განჩინებით არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ საჯარო რეესტრის შესაბამისი ამონაწერის მიხედვით, 2001 წლის 7 ნოემბრიდან სადავო ბინა ირიცხებოდა სახელმწიფო საკუთრებად და თბილისის საბურთალოს რაიონის 1994 წლის 9 ივნისის გადაწყვეტილებით გაუქმდა ხსენებულ ბინაზე დადებული პრივატიზაციის ხელშეკრულება ო. ლ-სა და ¹76 საბინაო-საექსპლუატაციო უბანს შორის. აღნიშნული განჩინება მხარეს ჩაჰბარდა 2002 წლის 4 აპრილს. ამრიგად, ო. ლ-ისათვის ხსენებული მომენტიდან გახდა ცნობილი საჯარო რეესტრში შესაბამისი ჩანაწერის არსებობა და მისი შინაარსი, ხოლო სარჩელი უზუფრუქტის ხელშეკრულების ბათილად ცნობის, საჯარო რეესტრში ცვლილებების შეტანისა და პირველადი ჩანაწერის საფუძველზე ქ. თბილისში, ... ქ. ¹7-ში მდებარე ¹47 ბინის მოსარჩელის საკუთრებად აღრიცხვის მოთხოვნით შეტანილ იქნა 2004 წლის 22 მარტს.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ხსენებული სარჩელის შეტანის მომენტისათვის მოქმედი ,,მიწის რეგისტრაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, საჯარო რეესტრის სამსახურის ქმედება შეიძლებოდა გასაჩივრებულიყო პრეტენზიის წარმოშობიდან ორი წლის განმავლობაში ან იმ მომენტიდან, როდესაც მომჩივანს ყველა შემთხვევაში უნდა სცოდნოდა პრეტენზიის საფუძველი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 18 იანვრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ო. ლ-მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

კასატორის განმარტებით, დადგენილია, რომ ო. ლ-ი თავისი ოჯახით ცხოვრობდა ქ. თბილისში, ... ქ. ¹7-ში მდებარე ¹47 სამოთახიან ბინაში, რომელიც ეკუთვნოდა ყოფილი საბჭოთა კავშირის ა/კ სასაზღვრო ოლქს. 1992 წელს ო. ლ-მა მოახდინა აღნიშნული ბინის პრივატიზება და აღრიცხა თავის საკუთრებად ქ. თბილისის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურში. 1994 წელს საქართველოს რესპუბლიკის სასაზღვრო ჯარების მთავარმა სამმართველომ თბილისის საბურთალოს რაიონის სასამართლოში აღძრა სარჩელი ო. ლ-ის მიმართ ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულების გაუქმებისა და ბინიდან გამოსახლების თაობაზე, ხოლო 1994 წლის 9 ივნისის გადაწყვეტილებით თბილისის საბურთალოს რაიონის სასამართლომ სარჩელი დააკმაყოფილა. აღნიშნული გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში, მაგრამ არ აღსრულებულა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ გადაწყვეტილების საფუძველზე არ გაუქმებულა და არ მომხდარა შესწორება თბილისის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის მიერ 1992 წლის პრივატიზაციის ხელშეკრულების საფუძველზე განხორციელებულ ჩანაწერებში, რომელიც, სამოქალაქო კოდექსის 1515-ე მუხლის თანახმად, უზრუნველყოფდა რეესტრის მონაცემების საჯაროობას საჯარო რეესტრის ერთიანი სამსახურის ჩამოყალიბებამდე, საჯარო რეესტრის ერთიანი სამსახური კი ჩამოყალიბდა 2004 წლის ოქტომბერში საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.

კასატორის მტკიცებით, საბურთალოს რაიონის სასამართლოს 1994 წლის 9 ივნისის გადაწყვეტილება არ აღსრულებულა, რაც დასტურდებოდა იმითაც, რომ საზღვრის დაცვის დეპარტამენტმა 2001 წელს განმეორებით აღძრა სარჩელი თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოში სადავო ბინიდან ო. ლ-ის გამოსახლების შესახებ და ხსენებული ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულების ბათილად ცნობა არ მოუთხოვია, რის გამოც აღნიშნული ხელშეკრულება დღესაც ძალაშია.

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსის 359-ე მუხლით განსაზღვრული იყო სასამართლო გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულებისათვის წარდგენის სამწლიანი ვადა გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან და მიუთითა, რომ იმავე კოდექსით არ იყო აკრძალული კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ნებაყოფლობით, ყოველგვარი იძულების გარეშე აღსრულება. კასატორის მტკიცებით, სააპელაციო სასამართლოს ამგვარი მსჯელობა არასწორია, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსის 359-ე მუხლი შეეხებოდა სააღსრულებო საბუთების აღსასრულებლად წარდგენის ვადებს, ხოლო იმავე კოდექსის 352-ე მუხლით იმპერატიულად იყო განსაზღვრული, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებები უნდა აღსრულებულიყო ხსენებულ კოდექსში მითითებული წესებით და ნებაყოფლობითი აღსრულების შესახებ მასში არ იყო მითითება. იმავე კოდექსის 353-ე მუხლით განსაზღვრული იყო, რომ სააღსრულებო საბუთს წარმოადგენდა სააღსრულებო ფურცელი. ამდენად, აღსრულებისათვის სააღსრულებო ფურცლის გაცემა კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებებზე, იყო სავალდებულო.

კასატორის მტკიცებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის გამოყენებით სააპელაციო სასამართლომ აღიარა რეესტრის მონაცემების უტყუარობა და სისრულის პრეზუმფცია 2003 წლის 7 ნოემბრის საჯარო რეესტრის ჩანაწერის მიმართ, რომლის მიხედვითაც, სადავო ბინის მესაკუთრედ რეგისტრირებულია სახელმწიფო, ხოლო სააპელაციო სასამართლოს რეესტრის მონაცემების უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია უნდა ეღიარებინა ყოფილი ტექბიუროს ჩანაწერების მიმართაც, რომელიც, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1515-ე მუხლის თანახმად, უზრუნველყოფდა რეესტრის მონაცემების საჯაროობას საჯარო რეესტრის ერთიანი სამსახურის ჩამოყალიბებამდე _ 2004 წლის ოქტომბრამდე, საზღვრის დაცვის დეპარტამენტს კი სადავოდ არ გაუხდია ქ. თბილისის მერიის ყოფილი ტექბიუროს მიერ ო. ლ-ის მიმართ განხორციელებული შესაბამისი ჩანაწერი, რის გამოც ამჟამად სადავო ბინას ჰყავს ორი მესაკუთრე _ სახელმწიფო და ო. ლ-ი. კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სხდომა ჩაატარა საპროცესო კანონმდებლობის დარღვევით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 4 ივნისის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ო. ლ-ის საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2007 წლის 4 ივნისის განჩინების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით; ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2007 წლის 25 ივლისამდე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ო. ლ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ პირობებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რაც არსებითად იმოქმედებდა საქმის განხილვის შედეგზე და განაპირობებდა არასწორი განჩინების მიღებას. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ო. ლ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 18 იანვრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.