Facebook Twitter

¹ბს-500-478(კ-08) 16 ოქტომბერი, 2008წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მარიამ ცისკაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე (მოსამართლეები)

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ ნ. ჭ-ე M(მოსარჩელე)

დავის საგანი _ სახელფასო დავალიანების ანაზღაურება

გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 19 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ნ. ჭ-ემ 2007 წლის 10 ოქტომბერს სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ და მოითხოვა სახელფასო დავალიანების _ 501,35 ლარის ანაზღაურება.

მოსარჩელემ თავისი მოთხოვნა იმით დაასაბუთა, რომ იგი 1999 წლიდან მუშაობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცენტრალური კლინიკური ჰოსპიტალის ..... განყოფილების .....; რეორგანიზაციასთან დაკავშირებით 2007 წლის 20 მარტიდან გაათავისუფლეს დაკავებული თანამდებობიდან; თავდაცვის სამინისტროს გააჩნია მის მიმართ სახელფასო დავალიანება 501,35 ლარის ოდენობით, მიუხედავად არაერთი მიმართვისა, მოპასუხე არ უნაზღაურებს კუთვნილ სახელფასო დავალიანებას.

მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სარჩელი არ ცნო და იგი მიიჩნია ხანდაზმულად.

ს.ფ. 4-ზე წარმოდგენილია საქართველოს შეიარაღებული ძალების ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსისა და საფინანსო განყოფილების უფროსის მიერ 2007 წლის 18 სექტემბერს გაცემული ¹3-11/6876 ცნობა, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცენტრალური სამხედრო კლინიკური ჰოსპიტალის ყოფილი თანამშრომლის ნ. ჭ-ის 1998-2000 წლების კუთვნილი ხელზე გასაცემი დავალიანება შეადგენს 501,35 ლარს; კერძოდ, ხელფასი _ 168,6 ლარი, კვების კომპენსაცია _ 251,15 ლარი და ჯილდო _ 82,14.

ს.ფ. 12-ზე წამოდგენილია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტის საფინანსო სამმართველოს უფროსის 2007 წლის 1 ოქტომბრის ¹9/3020 პასუხი ნ. ჭ-ის მიმართ, სადაც მითითებულია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტში განხილული იქნა ნ. ჭ-ის მიმდინარე წლის 25 სექტემბრის ¹9-7183 წერილი. იქვე აღნიშნულია, რომ მიუღებელი სახელფასო დავალიანების ანაზღაურება განხორციელდება ამ მიზნებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში; საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ამ ეტაპზე მოკლებულია შესაძლებლობას დააკმაყოფილოს მისი თხოვნა, მაგრამ შესაბამისი წყაროს არსებობის შემთხვევაში კვლავ დაუბრუნდება დავალიანების ანაზღაურების საკითხის განხილვას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნ. ჭ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ნ. ჭ-ის სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო დავალიანების 501,35 ლარის ანაზღაურება.

საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის მიერ გაცემული ცნობით ნ. ჭ-ის გასაცემი დავალიანება შეადგენს 501 ლარს და 35 თეთრს.

საქალაქო სასამართლომ “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლის I ნაწილის საფუძველზე დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ნ. ჭ-ის მიმართ გააჩნია დავალიანება 501 ლარის და 35 თეთრის ოდენობით.

საქალაქო სასამართლოს გდაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 19 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეული საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მათი სამართლებრივი შეფასება; ჩათვალა, რომ სააპელაციო საჩივარში დასახელებული გარემოებები ვერ აბათილებენ სასამართლოს დასკვნებს. სააპელაციო პალატამ ასევე აღნიშნა, რომ მოცემულ დავათა ამგვარი გადაწყვეტა დადგენილია არსებული სასამართლო პრაქტიკით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 19 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. კასატორი მიუთითებს, რომ “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მეოთხე პუნქტის თანახმად “დანამატის” სტატუსი მინიჭებული აქვს მხოლოდ ფულად თანხებს, რომელიც გაიანგარიშება ნამსახურობის წლების მიხედვით. რაც შეეხება ჯილდოს და მატერიალურ დახმარებას, “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მეორე და მესამე პუნქტიდან გამომდინარე, “დანამატის” სტატუსი არ აქვს მინიჭებული. აქედან გამომდინარე, კასატორს მიაჩნია, რომ ჯილდო და მატერიალური დახმარების თანხები არ წარმოადგენენ “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 37.1 მუხლით გათვალისწინებულ ხელფასში შემავალ დანამატებს და ისინი ხელფასოსგან დამოუკიდებელ ფულად გასაცემელს წარმოადგენს. ლასატორი თვლის, რომ სასარჩელო მოთხოვნები კვების კომპენსაციისა და ჯილდოს ნაწილში ხანდაზმულია, რადგან ამგვარ მოთხოვნებზე ვრცელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით დადგენილი სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა. კასატორს მიაჩნია, რომ “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 127-ე მუხლით გათვალისწინებული ერთთვიანი ხანდაზმულობის ვადის ათვლა დაიწყო იმ დღიდან, როდესაც მოსარჩელეს უნდა მიეღო თითოეული თვის ან პერიოდის ჯილდო ან მატერიალური დახმარება. სარჩელი სასამართლოში შეტანილია 2007 წელს, ამდენად, სარჩელის შეტანის დროს მოსარჩელეს გაშვებული ჰქონდა, როგორც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით გათვალისწინებული სამწლიანი ხანდაზმულობის, ისე “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 127-ე მუხლით გათვალისწინებული ერთთვიანი ხანდაზმულობის ვადები. ამდენად, კასატორი თვლის, რომ მოსარჩელის მოთხოვნა 1998-1999-2000 წლების ხელფასის, კვების კომპენსაციის, ჯილდოს ანაზღაურების ნაწილში ორივე მსჯელობის მიხედვით ხანდაზმულია.

კასატორი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეში არსებული ცნობა ვალდებულების აღიარებად. აღნიშნული დოკუმენტი არ შეიძლება ჩაითვალოს ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტის საფუძვლად საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლის მიხედვით, რადგან დასახელებული დოკუმენტით მისი გამცემი ორგანო არ აღიარებს მოსარჩელის მოთხოვნის არსებობას და მისი შეფასება სამინისტროს მიერ ვალდებულების აღიარების დამადასტურებელ დოკუმენტად, კანონსაწინააღმდეგოა. კასატორს მიაჩნია, რომ აღნიშნული ცნობა მხოლოდ ინფორმაციული ხასიათისაა, რომელიც მოსარჩელეს (განმცხადებელს) მიეცა სამინისტროში დაცული საჯარო ინფორმაცია მისი მოთხოვნის შესაბამისად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლოს საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიაჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს; მოცემულ საქმეზე უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 19 მარტის განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის ნ. ჭ-ის სასარგებლოდ კვების კომპენსაციის 251,15 ლარის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება; ნ. ჭ-ის სარჩელი საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის მის სასარგებლოდ კვების კომპენსაციის 251,15 ლარის დაკისრების ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს; თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 19 მარტის განჩინება დანარჩენ ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელი შემდეგი გარემოებების გამო:

როგორც საქმის მასალებით ირკვევა, ნ. ჭ-ეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსაგან მისაღები აქვს 1999 წლის ხელფასი 54,38 ლარი, კვების კომპენსაცია 55,86 ლარი და ჯილდო 28,23 ლარი; ხოლო 2000 წლის ხელფასი 113,68 ლარი; კვების კომპენსაცია 195,29 ლარი და ჯილდო 53,91 ლარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 3 ივლისის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი ნ. ჭ-ის ხელფასის, ჯილდოსა და მატერიალური დახმარების ანაზღაურების ნაწილში მიჩნეულ იქნა დაუშვებლად, ხოლო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი ნ. ჭ-ის კვების კომპენსაციის _ 251,15 ლარის ანაზღაურების ნაწილში მიჩნეულ იქნა დასაშვებად;

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატის მსჯელობის საგანს წარმოადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ ნ. ჭ-ის 1999-2000 წლების კვების კომპენსაციის _ 251,15 ლარის ანაზღაურება. აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” კანონის მე-12 მუხლის მესამე პუნქტის შესაბამისად, სამხედრო მოსამსახურეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმით, სახელმწიფოს ხარჯზე ეძლევა სასურსათო ულუფა და ფორმის თანსაცმელი ან შესაბამისი ფულადი კომპენსაცია. “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 37-ე მუხლის თანახმად, შრომით გასამრჯელოს (ხელფასს) თანამდებობრივი სარგოს გარდა მიეკუთვნება აგრეთვე პრემია და ის დანამატები, რომლებიც კანონითაა გათვალისწინებული. კვების კომპენსაცია წარმოადგენს “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” კანონის 12.3 მუხლით რეგლამენტირებულ სასურსათო ულუფას. სამხედრო მოსამსახურე სამხედრო სამსახურის პერიოდში “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 37-ე გათვალისწინებულ შრომით გასამრჯელოსთან (ხელფასთან) ერთად, ღებულობს კომპენსაციას სასურსათო უზრუნველყოფის _ ულუფის სახით. “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 1341 მუხლით რეგლამენტირებულია საჯარო მოსამსახურეზე წინა წლებში წარმოშობილი დავალიანების ანაზღაურება, მაგრამ იგი არ ეხება საჯარო მოსამსახურისათვის კომპენსაციის ანაზღაურებას ამ მუხლით დადგენილი წესით. სასურსათო ულუფა წარმოადგენს სამხედრო მოსამსახურის უზრუნველყოფის სახეს და ამავდროულად პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას. ამასთან, ხელფასი განსხვავდება უზრუნველყოფის სახისაგან _ სასურსათო ულუფისაგან. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ვინაიდან სასურსათო ულუფა წარმოადგენს სამხედრო მოსამსახურის მიერ მისაღები კომპენსაციის სახეს, ამიტომ იგი პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებაა და ამ ვალდებულების შესრულების მოთხოვნის მიმართ ვრცელდება სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის II ნაწილით გათვალისწინებული სასარჩელო ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა. საკასაციო პალატა აქვე განმარტავს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტის საფინანსო სამმართველოს უფროსის 2007 წლის 1 ოქტომბრის ¹9/3020 წერილი სახელფასო დავალიანებასთან ერთად არ შეიცავს კვების ულუფის დავალიანების აღიარებას; ამ ნაწილში მითითებულია, რომ მიუღებელი სახელფასო დავალიანების ანაზღაურება განხორციელდებოდა ამ მიზნებისათვის, სახელმწიფოს ბიუჯეტიდან დამატებით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. ამ ეტაპზე საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მოკლებული იყო შესაძლებლობას დაეკმაყოფილებინა მოთხოვნა, მაგრამ შესაბამისი წყაროს არსებობის შემთხვევაში კვლავ დაუბრუნდებოდა დავალიანების ანაზღაურების საკითხის განხილვას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატის განჩინება ამ ნაწილში უნდა გაუქმდეს და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი. ეს მუხლი განსაზღვრავს პირობას, რომლის არსებობის შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს თვითონ შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე, ისე, რომ არ დააბრუნოს იგი ხელახლა განსახილველად უკან. ამგვარი პირობაა საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულად და სწორად დადგენა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლოს მიერ და ამ ფაქტების დადგენა საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე. ეს ისეთი შემთხვევაა, როდესაც საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები დადგენილია სრულად და სწორად, ე.ი. ფაქტობრივი თვალსაზრისით საქმე მზადაა გადასაწყვეტად, მაგრამ არასწორადაა შეფარდებული (გამოყენებული) კანონი.

ვინაიდან ნ. ჭ-ემ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის 1999-2000 წლების კვების კომპენსაციის დაკისრების მოთხოვნით სასამართლოში სარჩელი აღძრა 2007 წლის 10 ოქტომბერს, საკასაციო პალატა თვლის, რომ მისი სარჩელი ამ ნაწილში ხანდაზმულია, რის გამოც იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 19 მარტის განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის ნ. ჭ-ის სასარგებლოდ კვების კომპენსაციის 251,15 ლარის დაკისრების ნაწილი და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. არ დაკმაყოფილდეს ნ. ჭ-ის სარჩელი საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის მის სასარგებლოდ კვების კომპენსაციის 251,15 ლარის დაკისრების ნაწილში.

4. უცვლელი დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 19 მარტის განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტი;ება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის ნ. ჭ-ის სასარგებლოდ ხელფასისა და ჯილდოს _ 250,20 ლარის დაკისრების ნაწილში.

5. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.