ბს-502-479(კ-07) 4 ივნისი, 2007 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ქადაგიძე, ლალი ლაზარაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს 01.06.07წ. განცხადება საკასაციო საჩივარზე უარის თქმისა და საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ზ. ქ.-მ სარჩელი აღძრა ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო კოლეგიაში მოპასუხე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართ და მოითხოვა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მისი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ 28.11.05წ. ¹338/2-29 ბრძანების ბათილად ცნობა, თანამდებობაზე აღდგენა და განაცდური ხელფასის ანაზღაურება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო კოლეგიის 28.12.05წ. განჩინებით ზ. ქ.-ის სარჩელი გადაეგზავნა უფლებამოსილ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 03.03.06წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სასკ-ის 32.4 მუხლის შესაბამისად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 28.11.05წ. ¹338/2-29 ბრძანება, მოპასუხეს დაევალა შრომის კანონთა კოდექსის და ,,საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის მოთხოვნათა დაცვით, საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შედეგად, ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციული აქტის გამოცემა გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში და მოსარჩელისთვის განაცდური ხელფასის ანაზღაურება ახალი ინდივიდუალურ სამართლებრივი აქტის გამოცემამდე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 03.03.06წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინიტსროს მიერ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 14.03.07წ. განჩინებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული კოლეგიის 13.03.06წ. გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 14.03.07წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელისთვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
01.06.07წ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ შუამდგომლობით მომართა საკასაციო სასამართლოს, რომლითაც უარი განაცხადა საკასაციო საჩივარზე და მოითხოვა საქმის წარმოების შეწყვეტა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ განიხილა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ და მიიჩნევს, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს და საკასაციო საჩივარზე საქმის წარმოება შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ წარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მიხედვით ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, რომლის შესაბამისად სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია დისპოზიციურობის პრინციპზე, რის შესაბამისადაც მხარე უფლებამოსილია თავისი შეხედულებისამებრ განკარგოს თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები. ამდენად, განმცხადებელმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა რა უარი საკასაციო საჩივარზე, გამოხატა ნება თავისი საპროცესო უფლების განსაკარგავად, უარი საკასაციო საჩივარზე არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობის მოთხოვნებს და უნდა დაკმაყოფილდეს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, საქმის წარმოება წყდება, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე. საკასაციო სასამართლო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მხარეებს განუმარტავს, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის შედეგად სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ დაიშვება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-3 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე, 273-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარზე შეწყდეს წარმოება. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.03.07წ. განჩინება;
3. განემარტოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომ საკასაციო საჩივარზე უარის შედეგად მხარეს ერთმევა შესაძლებლობა, კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.