¹ბს-503-480(კ-07) 12 სექტემბერი, 2007 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 14 მარტის გადაწყვეტილებაზე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2005 წლის 4 თებერვალს გ. ყ.-მ სარჩელით მიმართა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის მიმართ სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურების თაობაზე.
მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ იგი მუშაობდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის აფხაზეთის ა/რ საგადასახადო ინსპექციაში ...-ად. 2004 წლის 8 ოქტომბერს ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის აფხაზეთის ა/რ საგადასახადო ინსპექციის შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 3 სექტემბრის ¹579 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის ¹663 ბრძანების საფუძველზე აფხაზეთის ა/რ საგადასახადო ინსპექციაში განხორციელებული რეორგანიზაციისა და შტატების შემცირების გამო, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2005 წლის 6 იანვრის ¹12-პ ბრძანებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 96-ე, 97-ე და 108-ე მუხლების შესაბამისად, გათავისუფლებულ იქნა დაკავებული თანამდებობიდან.
მოსარჩელემ მიიჩნია, რომ ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს თანამშრომელი წარმოადგენს საჯარო მოსამსახურეს, რის გამოც მასზე უნდა გავრცელდეს ზემოაღნიშნული კანონის ნორმები. მითითებული კანონის 96-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დაწესებულების რეორგანიზაცია არ ქმნის საფუძველს მოხელის გასათავისუფლებლად. ხოლო, როდესაც დაწესებულების რეორგანიზაციას თან სდევს შტატების შემცირება, მოხელე შეიძლება გათავისუფლდეს სამსახურიდან ამავე კანონის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი მოხელე არ შეიძლება გაათავისუფლონ, თუ იგი თანახმაა დაინიშნოს სხვა თანამდებობაზე. მოსარჩელის განმარტებით, მისთვის მოპასუხეს გათავისუფლების დროს სხვა თანამდებობა არ შეუთავაზებია და არც ის გაუთვალისწინებია, რომ იგი ხასიათდება პროფესიონალ და კეთილსინდისიერ თანამშრომლად, არის იძულებით გადაადგილებული პირი, აქვს მძიმე ოჯახური მდგომარეობა და ოჯახში არ ჰყავს დამოუკიდებელი შემოსავლის მქონე სხვა პირი, რითაც, მოსარჩელის აღნიშვნით, მოპასუხის მხრიდან დარღვეულია საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლის მოთხოვნები, ასევე ,,იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-5.2 მუხლის მოთხოვნები, რის გამოც მოსარჩელემ მიიჩნია, რომ მისი სამსახურიდან გათავისუფლება უკანონო იყო და მოითხოვა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2005 წლის 6 იანვრის ¹12-პ ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და იძულებით განაცდური ხელფასისა და პრემიის ანაზღაურება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 13 დეკემბრის სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2005 წლის 6 იანვრის ¹12-პ ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და იძულებით განაცდური ხელფასის ანაზღაურება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილებით გ. ყ.-ს სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2005 წლის 6 იანვრის ¹12-პ ბრძანება გ. ყ.-ს თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ; გ. ყ.-ა აღდგენილ იქნა აფხაზეთის ა/რ საგადასახადო ინსპექციის ...-ის შესაბამის თანამდებობაზე; მოპასუხეს გ. ყ.-ს სასარგებლოდ დაეკისრა სამსახურში იძულებით არყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში (2005 წლის 6 იანვრიდან) განაცდური ხელფასის ანაზღაურება.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 14 მარტის გადაწყვეტილებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; გ. ყ.-ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2005 წლის 6 იანვრის ¹12-პ ბრძანება მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტს დაევალა კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და საქმის გარემოებათა ყოველმხრივი გამოკვლევის შემდეგ, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გ. ყ.-ს სამსახურებრივ საკითხთან დაკავშირებით; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტს დაევალა აუნაზღაუროს მოსარჩელეს განაცდური ხელფასი სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ “საჯარო სამსახურის შესახებ" კანონი არ ითვალისწინებს ტოლფასი თანამდებობის ცნებას, ხოლო შრომის კანონთა კოდექსის 109-ე მუხლი კი მიუთითებს ტოლფას თანამდებობაზე აღდგენას, მაგრამ იგი შეეხება მხოლოდ არჩევითი თანამდებობის მქონე პირებს, რომელთაც ამოეწურათ ვადა და მათი უწინდელი თანამდებობა (სამუშაო) აღარ არსებობს.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი.
სააპელაციო სასამართლომ მხოლოდ ნაწილობრივ გაიზიარა სააპელაციო საჩივარი, მაგრამ არ დაეთანხმა იმ მოსაზრებას, რომ წარმოდგენილი სარჩელი უსაფუძვლოა.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სადავო ბრძანების გამოცემისას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დარღვეულ იქნა კანონის მთელი რიგი მოთხოვნები, გარდა საქალაქო სასამართლოს მიერ მითითებული “საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 97.2 მუხლისა, რომლის შესაბამისადაც ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა შეეთავაზებინა მოსარჩელისათვის სხვა თანამდებობა, საგადასახადო დეპარტამენტის მიერ ასევე არ იყო დაცული შრომის კანონთა კოდექსის 36.2 მუხლის “ა" პუნქტი, რომლის მიხედვითაც მას უნდა ჩაეტარებინა ადმინისტრაციული წარმოება და დაედგინა, თუ რომელი მოხელეები სარგებლობდნენ სამსახურში უპირატესი დარჩენის უფლებით.
ამრიგად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საგადასახადო დეპარტამენტის მიერ დარღვეულ იქნა ასევე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 და 96.2 მუხლები, ვინაიდან ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არ აქვს კანონმდებლობის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება, მათ შორის, გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევა-შეფასების გარეშე.
სააპელაციო სასამართლომ ამავე დროს აღნიშნა, რომ მის კომპეტენციას სცილდებოდა იმ საკითხის გადაწყვეტა, თუ “საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 97.2 მუხლის თანახმად, რა კონკრეტული თანამდებობა უნდა იქნეს შეთავაზებული მოსარჩელისათვის და გააჩნდა თუ არა მას, სადავო ბრძანებების გამოცემის დროს მომუშავე სხვა მოხელეებთან შედარებით, სამსახურში უპირატესი დარჩენის უფლება, თანახმად შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლისა. აღნიშნული საკითხების გარკვევა, სააპელაციო სასამართლოს მითითებით, განეკუთვნება ადმინისტრაციის დისკრეციულ უფლებას, რის გამოც, იმავე სასამართლოს გადაწყვეტილებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის თანახმად, სადავო საკითხების გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2005 წლის 6 იანვრის ¹12-პ ბრძანება, ხოლო საგადასახადო დეპარტამენტს დაევალა სასამართლო გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში, ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება და საქმის ყოველმხრივ სრულად და ობიექტურად გამოკვლევის შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა _ გ. ყ.-ს სამსახურებრივ საკითხებთან დაკავშირებით.
სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2005 წლის 6 დეკემბრის ¹ბს-1230-805(კ-05) გადაწყვეტილებით დადგენილი პრაქტიკის თანახმად, მიიჩნია, რომ მოსარჩელეს უნდა ანაზღაურებოდა სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე იძულებითი განაცდური ხელფასი, ვინაიდან ხელფასის გაუცემლობის საფუძველი აღარ არსებობდა. “საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის 37.1 მუხლის თანახმად, ამ კანონის მე-9 მუხლის საფუძველზე მოსამსახურეს უფლება აქვს, სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე, მიიღოს შრომითი გასამრჯელო.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
კასატორი მიუთითებდა, რომ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 8 ოქტომბრის ¹663 ბრძანებით აფხაზეთის საგადასახადო სისტემაში განხორციელდა რეორგანიზაცია შტატების შემცირებით, რის საფუძველზეც ადრე მოქმედმა აფხაზეთის საგადასახადო სტრუქტურამ შეწყვიტა ფუნქციონირება და შეიქმნა საგადასახადო დეპარტამენტის აფხაზეთის საგადასახადო ინსპექცია 5 საშტატო ერთეულით. შესაბამისად, კასატორის აღნიშვნით, ტოლფას თანამდებობაზე მოსარჩელის აღდგენის შესახებ გადაწყვეტილება ფაქტობრივად საფუძველს მოკლებულია, მით უმეტეს, რომ არ არსებობს ვაკანტური საშტატო ერთეული და ამასთანავე, არ არის განსაზღვრული ის ზარალი რომელიც შეიძლება მიადგეს მეორე მხარეს მოსარჩელის დაუყოვნებლივ სამუშაოზე აღდგენის გამო.
კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ მიღებული გადაწყვეტილებით იგნორირება გაუკეთა იმ ფაქტს, რომ რეორგანიზაცია განხორციელდა როგორც შტატების შემცირებით, ასევე ფუნქციონალურადაც, კერძოდ, აფხაზეთის საგადასახადო ინსპექცია შეიქმნა 5 საშტატო ერთეულით, შესაბამისად გაუქმებულ იქნა ის საშტატო ერთეული, სადაც გ. ყ.-ა მუშაობდა. გარდა აღნიშნულისა, შეიცვალა აფხაზეთის საგადასახადო ინსპექციის ფუნქციონალური დატვირთვა, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 31 დეკემბრის ¹889 ბრძანებით განისაზღვრა აფხაზეთის საგადასახადო ინსპექციაში გადასახადის გადამხდელად აღრიცხვაზე აყვანილთა კონტიგენტი. მას დაექვემდებარა მხოლოდ ის გადამხდელები, რომლებიც დაფინანსებულია აფხაზეთის ბიუჯეტიდან ან შექმნილი არიან სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით, დანარჩენი გადამხდელები კი გადანაწილნენ ტერიტორიულ საგადასახადო ინსპექციებში.
კასატორის მითითებით, შტატების შემცირებისას, არ არსებობს ვაკანტური თანამდებობა, რომელიც შეიძლება შეეთავაზოს იმ მოხელეს, რომლის შტატიც გაუქმებულია. მით უმეტეს, რომ საქმეში არსებული საშტატო განრიგით, დადგენილია, რომ აფხაზეთის საგადასახადო ინსპექციის საშტატო ერთეული განსაზღვრულია მხოლოდ ხუთი ერთეულით. გარდა ამისა, კასატორის აღნიშვნით, სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლის ძირითადი პრინციპი, რომ ერთიანი შრომის ნაყოფიერებისა და კვალიფიკაციის პირობებში, შეიძლება გამოყენებულ იქნეს ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნები, სამსახურში უპირატესი დარჩენის უფლების შესახებ.
კასატორი ასევე აღნიშნავდა, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით, ბათილად იქნა ცნობილი საგადასახადო დეპარტამენტის 2005 წლის 6 იანვრის ¹12-პ ბრძანება და საგადასახადო დეპარტამენტს დაევალა წინამდებარე გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გ. ყ.-ს სამსახურებრივ საკითხთან დაკავშირებით, რითაც, კასატორის აზრით, დაირღვა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პრინციპები და გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე დაევალათ გადაწყვეტილების აღსრულება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 14 მარტის გადაწყვეტილების გაუქმებასა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარს, შეამოწმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მოცემულ საქმესთან მიმართებაში და მიაჩნია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, რის გამოც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან და ამდენად, სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა პროცესუალური დარღვევის გარეშე.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე (კონკრეტულთან ერთად) სახელმძღვანელოსა და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც აღნიშნულ საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განსახილველად დაშვებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. უარი ეთქვას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვებაზე;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.