¹ბს-50-48(კ-07) 4 აპრილი, 2007 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე
ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა იმერეთის სამხარეო შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 30 ოქტომბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2005 წლის 5 დეკემბერს ი/მ “მ. ს-ემ” სარჩელი აღძრა წყალტუბოს რაიონულ სასამართლოში მოპასუხეების _ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და წყალტუბოს შს სამმართველოს მიმართ და მისთვის მიყენებული ზიანის _ 7827 ლარის ანაზღაურება მოითხოვა.
სასარჩელო განცხადებაში მითითებული იყო, რომ 2005 წლის 1 იანვარს წყალტუბოს შს სამმართველოსა და მოსარჩელეს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, მოსარჩელემ, როგორც მიმწოდებელმა, აიღო ვალდებულება, საწვავ-საცხები მასალებით მოემარაგებინა წყალტუბოს შს სამმართველო, რომელსაც, თავის მხრივ, უნდა გადაეხადა მოხმარებული საწვავის საფასური.
მოსარჩელის მტკიცებით, წყალტუბოს შს სამმართველო ზემოხსენებული ხელშეკრულების დადების დღიდან არაჯეროვნად ასრულებდა იმავე ხელშეკრულებით მასზე დაკისრებულ მოვალეობებს, რაც გამოიხატებოდა მოხმარებული ბენზინის საფასურის არასრულად გადახდაში, კერძოდ, მან 2005 წლის იანვარში არ გადაიხადა 1890 ლიტრი საწვავის, იმავე წლის თებერვალში _ 2415 ლიტრის, მარტში _ 2330 ლიტრის, ხოლო აპრილში _ 255 ლიტრი საწვავის საფასური, რაც დასტურდებოდა შესაბამისი ქვითრებით. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხე მხარეს სულ გადასახდელი ჰქონდა 7827 ლარი, საიდანაც 1045 ლარი იყო ვადაგასული და გაუქმებული ტალონების შესაბამისი 950 ლიტრი საწვავის საფასური.
წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2006 წლის 12 იანვრის განჩინებით წყალტუბოს შს სამმართველო შეიცვალა იმერეთის სამხარეო შს მთავარი სამმართველოთი.
წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2006 წლის 13 თებერვლის განჩინებით მოცემულ საქმეში მესამე პირად დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე ჩაება წყალტუბოს შს სამმართველოს ყოფილი უფროსი ნ. ქ-ა.
წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2006 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილებით ი/მ “მ. ს-ის” სარჩელი დაკმაყოფილდა; იმერეთის სამხარეო შინაგან საქმეთა მთავარ სამმართველოს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 7827 ლარის გადახდა.აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა იმერეთის სამხარეო შინაგან საქმეთა მთავარმა სამმართველომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით იმერეთის სამხარეო შს მთავარი სამმართველოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2006 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალების მიხედვით, დადგენილად მიიჩნია, რომ 2005 წლის 1 იანვარს წყალტუბოს შს სამმართველოს ყოფილ უფროს ნ. ქ-ასა და ი/მ ,,მ. ს-ეს” შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, ი/მ ,,მ. ს-ემ” აიღო ვალდებულება, წყალტუბოს შს სამმართველო მოემარაგებინა საჭირო საწვავ-საპოხი მასალებით, ხოლო, თავის მხრივ, აღნიშნულმა სამმართველომ აიღო ვალდებულება, დროულად გადაეხადა მოხმარებული საწვავის ღირებულება.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზე იყო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელი, მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, ხოლო იმავე კოდექსის 361-ე მუხლის მიხედვით, ყოველი შესრულება გულისხმობდა ვალდებულების არსებობას და ვალდებულება უნდა შესრულებულიყო ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ხსენებული სამართლებრივი ნორმები, მხარეთა შორის დადებულ ხელშეკრულებასთან ერთად, უდავოდ ადასტურებდა წყალტუბოს შს სამმართველოს მიერ მისთვის მიწოდებული პროდუქციის საფასურის გადახდის ვალდებულების არსებობას.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტ იმერეთის სამხარეო შს მთავარი სამმართველოს მტკიცება იმის თაობაზე, რომ წყალტუბოს შს სამმართველოს უფროსი ნ. ქ-ა ი/მ “მ. ს-ესთან” ხელშეკრულების დადების დროს მოქმედებდა, როგორც ფიზიკური პირი და არა, როგორც იმერეთის სამხარეო შს მთავარი სამმართველოს წარმომადგენელი.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ დადგენილი იყო და მხარეთა დავას არ იწვევდა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ წყალტუბოს შს სამმართველო წარმოადგენდა იმერეთის სამხარეო შს მთავარი სამმართველოს ერთ-ერთ განყოფილებას (დანაყოფს), ხოლო ხელშეკრულებით დადასტურებული იყო ის ფაქტი, რომ პოლიციის პოლკოვნიკი ნ. ქ-ია ხელშეკრულების მხარედ გამოდიოდა, როგორც წყალტუბოს შს სამმართველოს უფროსი და არა, როგორც ფიზიკური პირი.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში გადამწყვეტი იყო დადგენილიყო, რეალურად მოხდა თუ არა ხელშეკრულების ერთი მხარის მიერ თავისი ნაკისრი ვალდებულების შესრულება, ხოლო თუ წყალტუბოს შს სამმართველოს ყოფილმა უფროსმა ნ. ქ-ამ არ შეათანხმა ხელშეკრულება მოპასუხე იმერეთის სამხარეო შს მთავარ სამმართველოსთან, აღნიშნული გარემოება არ წარმოადგენდა მოპასუხის მხრიდან ვალდებულების შესრულებაზე უარის თქმის საფუძველს, მით უმეტეს, რომ მოსარჩელე არ იყო ვალდებული შეემოწმებინა ხელშეკრულების მეორე მხარის უფლებამოსილება, როდესაც ხელშეკრულებას წყალტუბოს შს სამმართველოს უფროსი აწერდა ხელს, რის გამოც აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება არ შეიძლებოდა სარჩელზე უარის თქმის საფუძვლად ყოფილიყო მიჩნეული.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 30 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა იმერეთის სამხარეო შინაგან საქმეთა მთავარმა სამმართველომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი მიუთითებს, რომ ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, სამინისტროს ტერიტორიული ორგანო საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში წარმოადგენს სამინისტროს, ხოლო იმავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს მმართველობის სფერო, უფლება-მოვალეობები და საქმიანობის ძირითადი მიმართულებები განისაზღვრება ტერიტორიული ორგანოს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი. ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგან საქმეთა სამხარეო მთავარი სამმართველოს (სამმართველოს) დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2004 წლის 26 აგვისტოს ¹465 ბრძანების მე-6 მუხლი განსაზღვრავს, რომ მთავარ სამმართველოს აქვს ბეჭედი, ბლანკი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით, სახელწოდების აღნიშვნით, აგრეთვე, დამოუკიდებელი ბალანსი და სახაზინო ანგარიში.
კასატორის მტკიცებით, აღნიშნულიდან გამომდინარე, მხოლოდ შს სამინისტროს ტერიტორიული ორგანო, მოცემულ შემთხვევაში კი, იმერეთის სამხარეო შს მთავარი სამმართველო და მისი ხელმძღვანელობა იყო უფლებამოსილი გაეფორმებინა რაიმე სახის ხელშეკრულება მესამე პირთან, თუ ამის აუცილებლობა, ტერიტორიული ორგანოს სტრუქტურული დანაყოფის საქმიანობიდან გამომდინარე, წარმოიშობოდა, რადგან ზემოხსენებული დებულების მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ვ" ქვეპუნქტის მიხედვით, მთავარი სამმართველოს უფროსი დამოუკიდებლად განკარგავს მთავარი სამმართველოსათვის გამოყოფილ თანხებს დამტკიცებული ხარჯთაღრიცხვის მიხედვით.
კასატორის განმარტებით, რაც შეეხება წყალტუბოს შს სამმართველოს ყოფილ უფროსს _ ნ. ქ-ას, იგი უფლებამოსილი იქნებოდა დაედო ზემოთ მითითებული ხელშეკრულება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სათანადო მინდობილობა ექნებოდა გაფორმებული იმერეთის სამხარეო შს მთავარი სამმართველოდან.
კასატორის მტკიცებით, აღნიშნულიდან გამომდინარე, წყალტუბოს შს სამმართველოს ყოფილი უფროსის _ ნ. ქ-ას უფლებამოსილება კანონიდან არ გამომდინარეობდა, ხოლო შესაბამისი მინდობილობა ნ. ქ-აზე იმერეთის სამხარეო შს მთავარი სამმართველოდან გაცემული არ ყოფილა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 1 თებერვლის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული იმერეთის სამხარეო შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2007 წლის 1 თებერვლის განჩინების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით; ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2007 წლის 4 აპრილამდე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ იმერეთის სამხარეო შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების შემდეგ საფუძვლებს: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის განხილვის შედეგზე და განაპირობა არასწორი განჩინების მიღება. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. იმერეთის სამხარეო შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 30 ოქტომბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.