¹ბს-505-482(კ-07) 30 ნოემბერი, 2007წ.
თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა
საკასაციო პალატა
შემადგენლობა:
ლალი ლაზარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) _ ი. ს.-ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 12 აპრილის განჩინება
დავის საგანი _ დავალიანების ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2006 წლის 20 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სასარჩელო განცხადებით მიმართა ი. ს.-მ მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისაგან სახელფასო და სანივთე ქონების კომპენსაციის დავალიანების ანაზღაურება 1276.47 ლარის ოდენობით.
მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლები მდგომარეობდა შემდეგში:
ი. ს.-ე 1995-1999 წლებში მუშაობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ¹... ნაწილში, ...-ის თანამდებობაზე. ჯანმრთელობის გაუარესების გამო იძულებული გახდა დაეტოვებინა დაკავებული თანამდებობა, რადგან ფაქტიურად შეუძლებელი ხდებოდა დაკისრებული მოვალეობის შესრულება. სამუშაოდან გათავისუფლების მომენტისათვის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მის მიმართ ერიცხებოდა 1276.47 ლარის ოდენობით დავალიანება ხელფასის და ფორმის ტანსაცმლის სახით, რაც აღიარებული იყო მოპასუხის მიერ, მაგრამ აღნიშნული თანხა დღემდე არ აუღია (ს.ფ. 1-2).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილებით ი. ს.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხე თავდაცვის სამინისტროს ი. ს.-ის სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო დავალიანების _ 226.27 ლარისა და სანივთე ქონების კომპენსაციის _ 1050.20 ლარის ანაზღაურება.
აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისას საქალაქო სასამართლომ იხელმძღვანელა შემდეგი მოსაზრებებით:
საქმეში წარდგენილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ¹... სამხედრო ნაწილის მეთაურის მ. ე.-ის, საფინანსო სამსახურის უფროსის ზ. მ.-ის მიერ გაცემული ცნობით და 2006 წლის 12 დეკემბრის ¹3680 ცნობით საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ი. ს.-ე მსახურობდა ¹... სამხედრო ნაწილში და 1998-1999 წლებში მიუღებელი ჰქონდა სახელფასო დავალიანება 1276.47 ლარის ოდენობით.
«საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსამსახურეს უფლება აქვს სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან განთავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო (ხელფასი). მოსამსახურის შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, პრემიას და კანონით გათვალისწინებულ დანამატებს.
სასამართლოს მოსაზრებით, ი. ს.-ის სასარჩელო მოთხოვნა სახელფასო დავალიანების 226.27 ლარის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნის ნაწილში საფუძვლიანი იყო, ვინაიდან მოსარჩელე სამსახურებრივ ურთიერთობაში იმყოფებოდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან და ამ უკანასკნელს ეკისრებოდა გათავისუფლებული მოსამსახურის მიმართ არსებული დავალიანების ანაზღაურება.
რაც შეეხებოდა მოსარჩელის მოთხოვნას სანივთე ქონების კომპენსაციის ანაზღაურების საკითხში, საქალაქო სასამართლომ ამასთან დაკავშირებით მიუთითა «სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ» საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-3 ნაწილზე. კანონის აღნიშნული ნორმის თანახმად, სამხედრო მოსამსახურეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმით, სახელმწიფოს ხარჯზე ეძლევა სასურსათო ულუფა და ფორმის ტანსაცმელი ან შესაბამისი ფულადი კომპენსაცია.
სასამართლოს მითითებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის თანახმად, საყოველთაოდ ცნობილ ფაქტს წარმოადგენდა ის გარემოება, რომ სამხედრო მოსამსახურე საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ვერ იმსახურებდა, თუ იგი თავის ნაწილში არ გამოცხადდებოდა სამხედრო ფორმით. მოსარჩელე კეთილსინდისიერად ასრულებდა თავის მოვალეობას, საკუთარი სახსრებით ყიდულობდა შესაბამის ნივთებს, აღნიშნული კი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს არ ათავისუფლებდა თავისი მოვალეობის შესრულებისაგან, თუნდაც დაგვიანებით.
მოპასუხე მხარის აპელირებას იმის თაობაზე, რომ სანივთე ქონების კომპენსაციის ანაზღაურების ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნა სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად ხანდაზმული იყო, საქალაქო სასამართლო არ დაეთანხმა, რადგან ამავე კოდექსის 137-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას.
მოცემულ შემთხვევაში საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ¹... სამხედრო ნაწილის მიერ გაცემული ¹3680 ცნობით აღიარა სამინისტროს სახელფასო დავალიანება მოსარჩელის მიმართ 1276.47 ლარის ოდენობით, მათ შორის ფულადი ანაზღაურება ფორმის ტანსაცმლის ნაცვლად 1050.20 ლარის ოდენობით.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საქალაქო სასამართლომ ი. ს.-ის სარჩელი, როგორც სახელფასო დავალიანების სახით 226.27 ლარის ანაზღაურებაზე, ასევე სანივთე ქონების კომპენსაციის სახით 1050.20 ლარის ანაზღაურებაზე საფუძვლიანად მიიჩნია და სარჩელი მოთხოვნათა ორივე ნაწილში დააკმაყოფილა (ს.ფ. 34-37).
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ. აპელანტმა მოითხოვა გადაწყვეტილების გასაჩივრებული ნაწილის გაუქმება, კერძოდ, სანივთე ქონების კომპენსაციის 1050.20 ლარის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი მოტივებით:
ი. ს.-ის სასარჩელო მოთხოვნა სანივთე ქონების კომპენსაციის ანაზღაურების თაობაზე სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის თანახმად ხანდაზმულია. ამასთან, მოსარჩელემ სასამართლოში არ წარადგინა მტკიცებულება სანივთე ქონების საკუთარი ხარჯებით შეძენისა და გამოყენების თაობაზე, არ იქნა გათვალისწინებული ის გარემოება, რომ სამხედრო მოსამსახურისთვის გათვალისწინებული იყო მხოლოდ სამსახურის პერიოდში აღნიშნული სახის კომპენსაციის ანაზღაურება, დათხოვნილ სამხედრო პირებზე სანივთე ქონება არ გაიცემოდა (ს.ფ. 43-44).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 12 აპრილის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის «გ» ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. ასევე სწორად განმარტა და მართებულად გამოიყენა «სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ» საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-3 ნაწილი, საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის ¹493 ბრძანებულების პირველი, მე-5 პუნქტები, სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლი. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ აპელანტის მოსაზრება მოთხოვნის დაუსაბუთებლობის და ხანდაზმულობის თაობაზე უსაფუძვლო იყო (ს.ფ. 65-68).
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
კასატორის განმარტებით, სამხედრო მოსამსახურე სრულ სახელმწიფო კმაყოფაზე იმყოფება და მას «სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ» საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სახელმწიფოს ხარჯზე, ეძლევა ფორმის ტანსაცმელი ან შესაბამისი ფულადი კომპენსაცია. ეს დათქმა მხოლოდ მოქმედ სამხედრო მოსამსახურეებს ეხება და არ შეიძლება გათვალისწინებულ იქნას ყოფილ სამხედრო პირებზე, რომელთაც არ ესაჭიროებათ ფორმის ტანსაცმელი, შესაბამისად მოთხოვნაც მათი მხრიდან უსაფუძვლოა.
«სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ» საქართველოს კანონი ფორმის ტანსაცმლის პირადი სახსრებით შეძენისა და გამოყენების დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენის ვალდებულებას არ ითვალისწინებს, რადგან ცალსახად, მოქმედ სამხედრო მოსამსახურეთათვის არც არის სავალდებულო სამსახურის პერიოდში ზემოხსენებული მტკიცებულებების წარდგენა. სამსახური სამხედრო პირებს ბიუჯეტისა და შესაძლებლობების ფარგლებში, თავად უზრუნველყოფს ფორმითა და აღჭურვილობით.
კასატორის მითითებით, სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ «საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ» საქართველოს კანონით სანივთე ქონების საკომპენსაციო თანხები კრედიტორულ დავალიანებად არ მიჩნეულა. შესაბამისად, სათანადო ასიგნებების არარსებობის პირობებში, დამტკიცებული ხარჯების გეგმიური პარამეტრების ზევით დაუშვებელია ხარჯების გაწევა (ს.ფ. 72-73).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 12 აპრილის განჩინება და საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, ი. ს.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო საჩივრის დავის საგანია სააპელაციო სასამართლოს განჩინების მართლზომიერება სანივთე ქონების კომპენსაციის ანაზღაურების შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების ნაწილში. სააპელაციო სასამართლოს განჩინება სახელფასო დავალიანების ანაზღაურების შესახებ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების ნაწილში მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში განჩინება კანონიერ ძალაშია შესული. ამდენად, საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანს წარმოადგენს მხოლოდ სანივთე ქონების კომპენსაციის დავალიანების ანაზღაურება.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება გამოტანილია საქმის გარემოებების არასწორი სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, რამაც გავლენა იქონია საქმის შედეგზე და რაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის «ე» ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია.
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინებით სრულად იზიარებს საქალაქო სასამართლოს დასკვნას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ¹... სამხედრო ნაწილის მეთაურის მ. ე.-ისა და საფინანსო სამსახურის უფროსის ზ. მ.-ის ცნობისა და 2006 წლის 12 დეკემბრის ცნობის, როგორც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ ვალდებულების აღიარების დამადასტურებელ დოკუმენტებად შეფასებისა და სადავო სამართლებრივი ურთიერთობისადმი სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლის შეფარდების თაობაზე. სააპელაციო სასამართლოს ამ მოსაზრებას საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება.
,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ" საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურე იმყოფება სრულ სახელმწიფო კმაყოფაზე. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმით სახელმწიფოს ხარჯზე ეძლევა სასურსათო ულუფა და ფორმის ტანსაცმელი ან შესაბამასი ფულადი კომპენსაცია. აღნიშნულ ნორმათა საფუძველზე კასატორი ვალდებული იყო მოსარჩელისათვის აენაზღაურებინა სანივთე ქონების ღირებულება. ამასთან, მითითებული ვალდებულება წარმოადგენდა პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას და მის მიმართ უნდა გავრცელდეს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით განსაზღვრული ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა.
დადგენილია, რომ მოსარჩელის დავალიანება წარმოშობილია 1998-1999 წლებში. სარჩელი აღნიშნული დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნით აღძრულია 2006 წლის ნოემბერში _ დავალიანების წარმოშობიდან თითქმის 7 წლის გასვლის შემდეგ, როდესაც პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულების შესრულების მოთხოვნისათვის სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით განსაზღვრული სამწლიანი ვადა უკვე გასული იყო. აქედან გამომდინარე, მოცემული ურთიერთობის მიმართ ვერ გამოიყენება სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლი, რომელიც ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტის საკითხს არეგულირებს, რამდენადაც ხანდაზმულობის ვადა შეიძლება შეწყდეს მხოლოდ მის გასვლამდე, მისი დენის განმავლობაში.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში არც სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევას აქვს ადგილი, რაც ხანდაზმულობის ვადის დენის ხელახლა დაწყების საფუძველია. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ზემოაღნიშნული წერილები, თავისი შინაარსის გათვალისწინებით, ვერ განიხილება ვალდებული პირის აღიარებად და ამდენად, ხანდაზმულობის ვადის დენის ხელახლა დაწყების საფუძვლად. იმისათვის, რომ ადმინისტრაციის მიერ გაცემული დოკუმენტი განხილულ იქნეს, როგორც ადმინისტრაციის მიერ ვალდებულების აღიარება, საკმარისი არ არის, რომ აღნიშნულ დოკუმენტში დაფიქსირებული იყოს პირის მიმართ ადმინისტრაცული ორგანოს არსებული დავალიანების ოდენობა. მასში გამოხატული უნდა იყოს ადმინისტრაციული ორგანოს ნება, მიცემული უნდა იყოს დაპირება, რომ სამომავლოდ ადმინისტრაციული ორგანო აანაზღაურებს დავალიანებას. მოცემულ შემთხვევაში საქმეში არსებულ ცნობებში მოცემულია მხოლოდ ფაქტის კონსტატაცია, თუ რამდენს შეადგენს მოსარჩელის დავალიანება. აღნიშნული ცნობები არ შეიცავს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაპირებას, რომ აღნიშნული თანხები მოსარჩელეს აუნაზღაურდება, რის გამოც ეს ცნობები შეიძლება მხოლოდ ინფორმაციული ხასიათის მტკიცებულებად იქნეს განხილული.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ი. ს.-ს სარჩელი აღძრული აქვს ხანდაზმულობის ვადის გაშვების შემდეგ, რის გამოც სარჩელი არ ექვემდებარება დაკმაყოფილებას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 12 აპრილის განჩინება და საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ი. ს.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
4. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.