¹ბს-506-480(კ-06) 10 იანვარი, 2007წ.
თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემადგენლობით:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე),
ლალი ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე შეამოწმა ბ. ს-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 13 აპრილის განჩინებაზე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2004 წლის 14 სექტემბერს ბ. ს-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს ზესტაფონის მიწის მართვის სამმართველოს მიმართ და მოითხოვა 15.11.1994წ. ¹.... მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტის ყალბად აღიარება და შესაბამისი ცვლილებების განხორციელება.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 1994 წლის 15 ნოემბერს ზესტაფონის საპროექტო ორგანიზაციის მიერ (ამჟამად მიწის მართვის სამმართველო) გაიცა მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების ¹.... აქტი, სოფელ .... მცხოვრებ თ. ს-ზე და როგორც საპრივატიზაციო ნაკვეთის, ისე მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტის მონაცემები არასწორად იქნა წარმოდგენილი. აქედან გამომდინარე, არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი (ს.ფ. 2, 10).
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 9 ივნისის განჩინებებით მოპასუხე შეიცვალა იუსტიციის სამინისტროს ეროვნული სააგენტოთი, ასევე ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილით საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა თ. ს-ე (ს.ფ. 30-32).
2005 წლის 18 ივლისს ბ. ს-ემ დააზუსტა სარჩელი, მოითხოვა თ. ს-ის სახელზე გაცემული 2002 წლის 31 იანვრის მიწის ნაკვეთის ¹.... მიღება-ჩაბარების აქტის ბათილად ცნობა სახნავი მიწის ნაკვეთის ნაწილში, კერძოდ, 4400 კვ.მ ნაკვეთიდან 1200 კვ.მ-ის ამორიცხვა, ამის ხარჯზე მისი საკარმიდამო მიწის ნაკვეთის შევსება, სოფელ .... საკრებულოსთვის და ზესტაფონის სარეგისტრაციო სამსახურისთვის კომისიის გამოყოფისა და თ. ს-ის საკარმიდამო ნაკვეთის ხელახალი აზომვის დავალება (ს.ფ. 76-77).
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 5 აგვისტოს საოქმო განჩინებით მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზესტაფონის სარეგისტრაციო სამსახური შეიცვალა სათანადო მოპასუხით თ. ს-ით, ხოლო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზესტაფონის სარეგისტრაციო სამსახური საქმეში ჩაბმულ იქნა მესამე პირად, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად (ს.ფ. 96-97).
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ბ. ს-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა (ს.ფ. 111-112).
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბ. ს-ემ, მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება და მისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება (ს.ფ. 114-116).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 23 მარტის განჩინებით საქმეში მოპასუხედ ჩაბმულ იქნა სოფელ .... საკრებულო (ს.ფ. 143-144).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 13 აპრილის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ბ. ს-ის სააპელაციო საჩივარი და უცვლელად დარჩა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ბ. ს-ე არის 1987 წელს სოფელში დაბრუნებული მეორე კატეგორიის კომლი, ხოლო თ. ს-ე _ სოფელში მუდმივად მცხოვრები სოფლის მეურნეობაში დასაქმებული პირველი კატეგორიის კომლი. მხარეთა შორის მიწის ნაკვეთის თაობაზე წამოჭრილი დავა 2001-2002 წლებში განიხილა სხვადასხვა ინსტანციის სასამართლომ, რა დროსაც დადგინდა, რომ თ. ს-ეს ზღვრულ ნორმამდე 0,8 ჰა მიწის ნაკვეთი კანონიერად ჰქონდა გამოყოფილი და ზედმეტი მიწა მას არ გააჩნდა. 2002 წლის 23 იანვარს თ. ს-ემ ნ. ს-ან შეიძინა მის მოსაზღვრედ მდებარე 0,18 ჰა მიწის ნაკვეთი, რის საფუძველზეც ზესტაფონის რაიონის სოფელ .... საკრებულოს მიერ 2002 წლის 31 იანვარს გაიცა მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების სახელმწიფო აქტი ¹..... იგივე ნომრით იყო გაცემული თ. ს-ეზე 1994 წლის 15 ნოემბერს მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი. ამასთან, ახალ აქტში გასწორდა გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომა _ 1994 წლის 15 ნოემბრით დათარიღებულ ¹.... აქტში რიგით მე-3 ნომრად დაფიქსირებული იყო ყანა 3420 ჰა-ს ოდენობით, ხოლო 2002 წლის 31 იანვრით დათარიღებული იმავე აქტის მე-3 ნორმად მითითებული იყო 4400 ჰა ყანა. აღნიშნული საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზესტაფონის სარეგისტრაციო სამსახურის წარმომადგენელმა იმით ახსნა, რომ თავის დროზე შეცდომით იყო დაფიქსირებული მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტში სადავო ნაკვეთის ზომები და 2002 წლის 31 იანვარს ზუსტი აზომვის შედეგად მოხდა დაშვებული შეცდომის გამოსწორება. სააპელაციო სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ აქტში ზუსტი ფართობის შეტანის შედეგად არ დარღვეულა ის ზღვრული ნორმა, რაც საკუთრების უფლებით ეკუთვნოდა თ. ს-ეს. სააპელაციო სასამართლომ გარდა უსაფუძვლობისა, სარჩელი ხანდაზმულადაც მიიჩნია (ს.ფ. 163-166).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 13 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ბ. ს-ემ, რომელმაც შემდეგი საფუძვლით მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება:
კასატორმა აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლომ უხეშად დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მოთხოვნა მტკიცებულებათა ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოკვლევის შედეგად დასკვნების გაკეთების შესახებ. საქმეში არსებული 1994 წლის 15 ნოემბერს გაცემული ¹.... აქტიდან ნათლად ჩანს, რომ თ. ს-ის რიგით მე-3 საყანე მიწის ნაკვეთის ზომები სხვადასხვაა, ნაცვლად 3420 კვ.მ-ისა დაფიქსირებულია 4400 კვ.მ, რაც დარღვევაა. ასევე საქმეში არსებული დილიკაურის საკრებულოს მიერ გაცემული არაერთი ცნობით დგინდება, რომ მიწის რეფორმის შემდეგ თ. ს-ეს მიწის ნაკვეთი არ გამოყოფია, ვინაიდან 1999 წლიდან “სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ საქართველოს კანონის ამოქმედების თაობაზე” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ 1998 წლის 20 მარტის ¹171 საქართველოს კანონით სოფლის საკრებულოს არ ჰქონდა უფლება დამატებით გაეცა მიწის ნაკვეთები. საქმის მასალებში კი არ მოიპოვება რაიმე მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ 2002 წლის 31 იანვარს მოხდა სადავო მიწის ნაკვეთის აზომვა და დაგინდა მისი ზუსტი ზომები. თ. ს-ეზე ახალი აქტის გაცემა მოხდა იმიტომ, რომ თ. ს-ემ ნ. ს-ან შეიძინა ახალი მიწის ნაკვეთი სხვა ტერიტორიაზე რიგით ¹5, ამას კი ¹3 საყანე ნაკვეთთან არანაირი შეხება არა აქვს. კასატორმა მიიჩნია, რომ ასევე არასწორი იყო სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა სარჩელის ხანდაზმულობის თაობაზე (ს.ფ. 175-177).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ბ. ს-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ არის დასაშვები შემდეგ გარემოებათა გამო:
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ პირობებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის შედეგზე და განაპირობა არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საქართველოს კონტროლის პალატის საკასაციო საჩივარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ბ. ს-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.