ბს-506-483(კ-07) 18 ოქტომბერი, 2007 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე, (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ლალი ლაზარაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გ. ტ-ამ 27.05.05წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის მიმართ და მოპასუხის 28.04.05წ. ¹108-კ და 21.04.05წ. ¹99-კ ბრძანებების ბათილად ცნობა, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის რეგიონალური საბაჟო ,,....» საბაჟო-გამშვები პუნქტ ,,.....»-ს ..... თანამდებობაზე აღდგენა და სამსახურში იძულებით არყოფნის მთელი პერიოდის სახელფასო დავალიანების ანაზღაურება მოითხოვა.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ 2004 წლის აგვისტოდან მუშაობდა რეგიონალური საბაჟო ,,...» საბაჟო-გამშვები პუნქტ ,,.....» .... თანამდებობაზე და კანონის შესაბამისად პირნათლად ასრულებდა დაკისრებულ სამსახურებრივ მოვალეობას. 18.04.05წ. აღიძრა სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 332-ე მუხლის I ნაწილით საბაჟოს თანამშრომლების და მათ შორის, მოსარჩელის მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მოტივით. 25.04.05წ. მარნეულის რაიონული პროკურატურის მიერ მოსარჩელის მიმართ გამოტანილ იქნა დადგენილება ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის თაობაზე. აღნიშულ სისხლის სამართლის საქმეზე თავი დამნაშავედ არ ცნო არც ერთმა ბრალდებულმა და მარნეულის პროკურატურაში წარდგენილ იქნა შუამდგომლობა სისხლის სამართლებრივი დევნისა და წინასწარი გამოძიების შეწყვეტის შესახებ, სსსკ-ის 28-ე მუხლის I ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტის თანახმად. მოსარჩელემ ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ საქმეზე მიმდინარეობდა სისხლის სამართლის საპროცესო და არა ადმინისტრაციული წარმოება, რაც სათანადოდ ვერ გაიგო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტმა, რომელმაც 28.04.05წ. ¹108 -კ ბრძანებით არსებითად დაარღვია ყველა სამართლებრივი ნორმა. აღძრული სისხლის სამართლის საქმის მიმართ მოქმედებს სსსკ-ის ნორმები და ეჭვმიტანილის (სამუშაოდან) გადაყენება შესაძლებელია მხოლოდ პროცესის მწარმოებელი ორგანოს დასაბუთებული შუამდგომლობით და მოსამართლის ბრძანების საფუძველზე, რასაც ითვალისწინებს სსსკ-ის 183-ე და 189-ე მუხლები. საბაჟო დეპარტამენტმა უხეშად დაარღვია «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 99-ე მუხლის მე-3 ნაწილი, ვინაიდან იგი სისხლის სამართლებრივი საქმის წარმოებისას არ გამოიყენება. მოცემულ მომენტში ერთადერთი ნორმა, რომელიც საბაჟო დეპარტამენტს პირის სამუშაოდან გათავისუფლების უფლებამოსილებას ანიჭებდა, არის «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 103-ე მუხლი, რომელიც გამოიყენება გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლასთან დაკავშირებით. ამასთან, მოსარჩელემ მიუთითა, რომ კანონმდებელმა საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლით განსაზღვრა უდანაშაულობის პრეზუმციის არსი, ხოლო სსკ-მა დააწესა შესაბამისი შეზღუდვა თუ რა შემთხვევაში შეიძლება ბრალდებულის თანამდებობიდან (სამუშაოდან) გადაყენება და არა გათავისუფლება. ამავე დროს სსსკ-ის 183-ე მუხლის მე-2 ნაწილით თანამდებობიდან (სამუშაოდან) გადაყენებულ პირს უნარჩუნდება სახელმწიფო დახმარება. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ გასაჩივრებული ბრძანება აგებულია აბსურდულ მოტივებსა და არასწორად გამოყენებულ სამართლებრივ ნორმებზე, რასაც მოწმობს გათავისუფლების საფუძველზე მოხსენიებული მარნეულის პროკურატურის 20.04.05წ. ¹09/26-3/33 წერილი. მარნეულის პროკურატურის მიერ სსსკ-ის ნორმათა დაცვით არ იქნა წარდგენილი შუამდგომლობა მოსარჩელის სამუშაოდან გადაყენების თაობაზე, რის გამოც იგი არ გადააყენეს თანამდებობიდან მოსამართლის ბრძანებით სსსკ-ის ნორმათა მოთხოვნის საფუძველზე, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტი პროცესუალურად ამ უფლებას მოკლებულია. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის აზრით, მის მიმართ დაირღვა საქართველოს კონსტიტუციის 30-ე, მე-40, «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 91-ე, 99-ე, სსსკ-ის 183-ე და 189-ე მუხლების მოთხოვნები.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 23.12.05წ. გადაწყვეტილებით მოსარჩელე გ. ტ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის 28.02.05წ. ¹108-კ ბრძანება და დაევალა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 23.12.05წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტმა და გ. ტ-ამ, რომლებმაც აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვეს: მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილება, ხოლო მოპასუხემ მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.03.07წ. განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტისა და გ. ტ-ას სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 23.12.05წ. გადაწყვეტილება და გ. ტ-ას სარჩელი ხელახლა განხილვის მიზნით დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის ,,ე1» ქვეპუნქტის თანახმად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. ამავე კოდექსის 385-ე მუხლის ,,ა» ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად თუ არსებობს 394-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევა. მოსარჩელეს ჰქონდა სამი მოთხოვნა: 1) საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის 28.04.05წ. ¹108-კ ბრძანების ბათილად ცნობა; 2) საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის 21.04.05წ. ¹99-კ ბრძანების ბათილად ცნობა; 3) სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება. აღნიშული მოთხოვნებიდან საქალაქო სასამართლომ იმსჯელა მხოლოდ პირველ მოთხოვნაზე, რამაც ასახვა ჰპოვა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში, ხოლო დანარჩენმა მოთხოვნებმა ასახვა ვერ პოვეს სასამართლო გადაწყვეტილების ვერც სამოტივაციო და ვერც სარეზოლუციო ნაწილში.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება იმდენად არასრულია, რომ შეუძლებელია მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება, რის გამოც მიიჩნია, რომ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრები ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილებულიყო და საქმე ხელახლა განხილვის მიზნით დაბრუნებოდა იმავე სასამართლოს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.03.07წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა, რომელმაც აღნიშნული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.
კასატორმა განჩინების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე მიუთითა: თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ გადაწყვეტილება გამოიტანა საქმის ფაქტობრივი გარემოებების შესწავლის გარეშე, გადაწყვეტილების გამოტანისას დარღვეულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მეორე პუნქტისა და 394-ე მუხლის ,,ე» ქვეპუნქტის მოთხოვნები, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა. სასამართლომ არ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლი და არ შეამოწმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ფაქტობრივი თვალსაზრისით. სასამართლომ არ გამოიყენა ამავე კოდექსის 385-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი. სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლი, რადგან პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ამ მუხლში მითითებულ არც ერთ პირობას არ აკმაყოფილებს. საქალაქო სასამართლომ ადმინისტრაციული საპროცესო კროდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად ცნო საბაჟო დეპარტამენტის 28.04.05წ ¹108-კ ბრძანება მოსარჩელის გათავისუფლების შესახებ და საბაჟო დეპარტამენტს დააევალა ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემა. კასატორის აზრით, რადგან სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, იგი ვერ იმსჯელებდა მოსარჩელის დანარჩენ მოთხოვნებზე (სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება). ამგვარად, კასატორს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება არ არის იმდენად არასრული, რომ სააპელაციო სასამართლოსათვის შეუძლებელი გამხდარიყო მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება. სააპელაციო სასამართლოს მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილების გაუქმების შემდეგ, საქმის ხელახალი განხილვის მიზნით, იმავე სასამართლოში დაბრუნებით, კასატორის აზრით, ადგილი აქვს საქმის განხილვის ხელოვნური გაჭიანურების მცდელობას. აღნიშნული საქმის წარმოება სასამართლოში მიმდინარეობს 2005 წლიდან და სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის კვლავ პირველი ინსტანციის სასამათლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნება მოკლებულია კანონიერ საფუძველს. ამასთან, კასატორმა აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 07.06.07წ. განჩინებაზე, საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით 26.06.07წ. მოსაზრება წარმოადგინა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა და აღნიშნა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ა» ქვეპუნქტის შესაბამისად საკასაციო საჩივარი დასაშვებად უნდა იქნეს ცნობილი, ვინაიდან კასატორის მოსაზერებით აღნიშნული კატეგორიის დავებზე არ არის ჩამოყალიბებული სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.