Facebook Twitter

¹ბს-507-484(კ-07) 19 სექტემბერი, 2007 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 11 აპრილის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2006 წლის 26 ივნისს თ. პ.-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაცულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიმართ ორი თვის გასასვლელი თანხისა და პრემიის ანაზღაურების თაობაზე.

მოსარჩელე სასარჩელო განცხადებაში მიუთითებდა, რომ მუშაობდა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროში ... დეპარტამენტის დასავლეთ საქართველოს რეგიონების ...-ის სამმართველოს ...-ად.

საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2004 წლის 11 ნოემბრის ¹01/03-01/523 ბრძანების შესაბამისად გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან შტატების შემცირებასთან დაკავშირებით.

მოსარჩელის განმარტებით, შრომის კანონთა კოდექსის 42.3 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა”, და ,,ბ” ქვეპუნქტების შესაბამისად, სამსახურიდან მისი გათავისუფლების შემდეგ ეკუთვნოდა 2 თვის გასასვლელი დახმარება, რაც შეადგენდა 700 ლარს, რის თაობაზეც რამდენჯერმე მიმართა მოპასუხე ორგანიზაციას, მაგრამ აღნიშნული თანხა Dდღემდე არ მიუღია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვდა მოპასუხე ორგანიზაციას მის სასარგებლოდ დაკისრებოდა ორი თვის გასასვლელი თანხის – 700 ლარისა და ასევე ნოემბრის თვეში გაცემული პრემიის მესამედი ნაწილის 233 ლარის ანაზღაურება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 3 ოქტომბრის გადაწყვეტილებით თ. პ.-ის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე - საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების გამო ორი თვის თანამდებობრივი სარგოს გადახდა.

საქალაქო სასამართლო გადაწყვეტილებაში მიუთითებდა, რომ ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 109-ე მუხლის შესაბამისად, დაწესებულების ლიკვიდაციის ან შტატების შემცირების გამო სამსახურიდან გათავისუფლებისას მოხელეს კომპენსაციის სახით ეძლეოდა ორი თვის თანამდებობრივი სარგო.

საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებათა და საქმიანობის წესის შესახებ” კანონის შესაბამისად, როგორც საბიუჯეტო დაწესებულება – ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ანგარიშვალდებულია საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივ გამოყენებაზე. ,,2004 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 პუნქტი ითვალისწინებდა 2004 წლის განმავლობაში, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულების და ორგანიზაციის მუშაკებზე პრემიების, დანამატების და დახმარების გაცემას ხარჯების ეკონომიური კლასიფიკაციის შესაბამისი მუხლით შრომის ანაზღაურების ხარჯებისათვის დამტკიცებული ასიგნების ფარგლებში.

,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლის თანახმად, მოხელეს უფლება ჰქონდა სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიეღო შრომითი გასამრჯელო, მათ შორის პრემია და სხვა დანამატები, რომელთა გაცემა უნდა განხორციელებულიყო მხარჯავი დაწესებულებისათვის ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული ასიგნების ფარგლებში. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს უფლება ჰქონდა ყოველწლიურად შრომის ანაზღაურების ფონდში წარმოქმნილი ეკონომიის ფარგლებში დადგენილი წესით საფინანსო წლის განმავლობაში დაეწესებინა სხვა დანამატები. საქალაქო სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელის მიერ ვერ იქნა წარდგენილი მტკიცებულება, რომ სამინისტროს შრომის ანაზღაურების ფონდში წარმოქმნილი ეკონომიის ფარგლებში დადგენილი წესით საფინანსო წლის განმავლობაში დაწესებული ჰქონდა დანამატი ხელფასზე, მათ შორის პრემია. ამასთან, საქალაქო სასამართლოს მოსაზრებით, მოსარჩელე გათავისუფლებულ იქნა 2004 წლის 11 ნოემბერს და ასეთის დაწესების შეთხვევაშიც 2004 წლის ნოემბერში გიორგობის თვის გასაცემი პრემია მის მიმართ არ გაიცემოდა.

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ.

აპელანტი სააპელაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე” 2003 წლის 31 დეკემბრის საქართველოს კანონში პირდაპირ არის მითითებული, რომ: ,,2005 წლის 1 იანვრამდე სამსახურიდან გათავისუფლებულ საჯარო მოსამსახურეებზე კუთვნილი თანხის (გარდა ამ კანონით განსაზღვრული კომპენსაციისა) გაცემა განხორციელდეს წინა წლებში წარმოქმნილი საბიუჯეტო დავალიანების დაფარვის წესის შესაბამისად”, ანუ 2005 წლის 1 იანვრამდე გათავისუფლებულ პირებზე გაიცემოდა კუთვნილი თანხები, გარდა კომპენსაციებისა, აპელანტის მოსაზრებით, ბუნებრივია ფინანსთა სამინისტრო ამ თანხებს ვერ გაითვალისწინებდა სახელმწიფო ბიუჯეტში, ვინაიდან იმავე კანონის 137-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 109-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების მოქმედება (რომელიც ითვალისწინებს შტატების შემცირების ან ლიკვიდაციის დროს გათავისუფლებული მოხელისათვის ორი თვის კომპენსაციის გაცემას) შეჩერებულ იქნა 2005 წლის 1 იანვრამდე. რაც ნიშნავს იმას, რომ 2005 წლის 1 იანვრამდე გათავისუფლებული მოხელების მიმართ ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 109-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტები არ მოქმედებს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტის განმარტებით, საქალაქო სასამართლომ არასწორად განმარტა სამინისტროს წერილი და ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე” 2003 წლის 31 დეკემბრის საქართველოს კანონი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი ითხოვდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 3 ოქტომბრის გადაწყვეტილების სამინისტროსათვს კომპენსაციის დაკისრების ნაწილში გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებზე უარის თქმას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 11 აპრილის განჩინებით საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 3 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლო განჩინებაში მიუთითებდა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფატქობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ.

სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლო მიიჩნია აპელანტის მოსაზრება, იმის თაობაზე, რომ პროცესუალური მოწინააღმდეგის სამსახურიდან დათხოვნის დროისათვის შეჩერებული იყო ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 109.1 მუხლის მოქმედება, ვინაიდან, სააპელაციო პალატის განმარტებით, თავისთავად მუხლის შეჩერება არ ნიშნავს იმას, რომ იგი საერთოდ გაუქმებულია. სამართლებრივი ნორმის შეჩერების შედეგად დროებით (და არა სამუდამოდ) ჩერდება იმ უფლების რეალიზაცია (მოცემულ შემთხვევაში 2 თვის თანამდებობრივი საგოს ანაზღაურება), რომელიც აღნიშნული სამართლებრივი ნორმით იყო გათვალისწინებული, ხოლო მისი ამოქმედების შემდეგ ვალდებულება კომპენსაციის გაცემის შესახებ უნდა შესრულდეს.

მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ.

კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 11 აპრილის განჩინების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

კასატორი სკასაციო საჩივარს ძირითადად აფუძნებდა იმავე გარემოებებზე, რაზეც მიუთითებდა სააპელაციო საჩივარში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 18 ივნისის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2007 წლის 18 ივნისის განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით.

მხარეებს მითითებულ ვადაში საკასაციო სასამართლოში თავიანთი მოსაზრებები არ წარმოუდგენიათ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო გასაჩივრებულ განჩინებას, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარს, შეამოწმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მოცემულ საქმესთან მიმართებაში და მიაჩნია, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან და სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა პროცესუალური დარღვევის გარეშე.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე (კონკრეტულთან ერთად) სახელმძღვანელოსა და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც აღნიშნულ საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განსახილველად დაშვებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. უარი ეთქვას საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვებაზე;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.