Facebook Twitter

ბს-507-485(კ-08) 3 ივლისი, 2008 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

მარიამ ცისკაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2007 წლის 29 აგვისტოს გ. კ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 1995 წლიდან 2003 წლამდე მსახურობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-საჰაერო ძალებში სხვადასხვა თანამდებობაზე. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-საჰაერო ძალების სარდლობისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ¹.... სამხედრო ნაწილის შესაბამისი ცნობების თანახმად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსარჩელის მიმართ 1998-2000 წლების სახელფასო და 2002-2003 წლების სანივთე ქონების საკომპენსაციო თანხის დავალიანება _ 2450 ლარი ერიცხებოდა, რომელიც მოსარჩელის არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, გაუცემელი იყო.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მის სასარგებლოდ 2450 ლარის გადახდა დაკისრებოდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილებით გ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გ. კ-ის სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების _ 1957,55 ლარისა და სანივთე ქონების კომპენსაციის _ 492,45 ლარის გადახდა დაეკისრა.

საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმეში წარმოდგენილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-საჰაერო ძალების სარდლობის 2005 წლის 26 აგვისტოს ¹180 ცნობით დადგენილი იყო, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსარჩელის მიმართ ერიცხეობოდა 1998-2000 წლების სახელფასო დავალიანება _ 1957,55 ლარის ოდენობით, რომელიც წლების მიხედვით მოიცავდა, როგორც ხელფასის თანხას, ისე ჯილდოს, კვების კომპენსაციასა და მატერიალურ დახმარებას. საქმეში წარმოდგენილი იყო ასევე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ¹.... სამხედრო ნაწილის 2005 წლის 18 აგვისტოს ¹395 ცნობა, რომლითაც გ. კ-ის გასაცემი 2002-2003 წლების სანივთე ქონების კომპენსაცია 492,45 ლარს შეადგენდა.

საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. კ-ე იმყოფებოდა შრომით ურთიერთობაში ადმინისტრაციულ ორგანოსთან _ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის თანახმად, საჯარო მოხელეს, ხოლო „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სამხედრო მოსამსახურეს წარმოადგენდა.

საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურეზე აღნიშნული კანონის მოთხოვნები ვრცელდებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს კონსტიტუციით, სპეციალური კანონმდებლობით ან მათ საფუძველზე სხვა რამ არ იყო დადგენილი. იმავე კანონის 51-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს კანონმდებლობით მოსამსახურეთათვის შეიძლება გათვალისწინებული ყოფილიყო სხვა დამატებითი უფლებები და გარანტიები, ხოლო ასეთი სახის ერთ-ერთი დამატებითი უფლება და გარანტია სამხედრო მოსამსახურეთათვის მოცემული იყო „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლში, რომლის თანახმად, მოსამსახურის შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) მოიცავდა ნამსახურობისათვის დაწესებულ და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა დანამატებს.

საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდებოდა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსარჩელის სასარგებლოდ ერიცხებოდა 1998-2000 წლების სახელფასო დავალიანება და 2002-2003 წლების სანივთე ქონების კომპენსაცია 2450 ლარის ოდენობით, რომელიც წლების მიხედვით მოიცავდა როგორც ხელფასის თანხას, ისე მატერიალური დახმარების, ჯილდოს, კვების კომპენსაციისა და სანივთე ქონების კომპენსაციის თანხას, რაც, საქალაქო სასამართლოს განმარტებით, სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საკმარის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენდა.

საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 96-ე მუხლზე, რომლის თანახმად, მუშას ან მოსამსახურეს, მისი დათხოვნისას, საწარმოსაგან, დაწესებულებისაგან, ორგანიზაციისაგან კუთვნილი მთელი თანხა ეძლეოდა დათხოვნის დღეს. თუ მუშაკი დათხოვნის დღეს არ მუშაობდა, მაშინ შესაბამისი თანხა გაცემული უნდა ყოფილიყო არა უგვიანეს შემდეგი დღისა დათხოვნილი მუშაკის მიერ ანგარიშსწორების შესახებ მოთხოვნის წარდგენიდან. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი და „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონი პირის გათავისუფლებისას საბოლოო ანგარიშსწორებისათვის განსხვავებულ წესებს არ ითვალისწინებდა, რის გამოც მოცემულ შემთხვევაში საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის ნორმები უნდა ყოფილიყო გამოყენებული.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილება საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სააპელაციო წესით გაასაჩივრა. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილება, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის მოსარჩელის სასარგებლოდ სანივთე ქონების კომპენსაციის _ 492,45 ლარის დაკისრების ნაწილში შეცვლილ იქნა და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც გ. კ-ის სარჩელი საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის სანივთე ქონების კომპენსაციის _ 492,45 ლარის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა; დანარჩენ ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქალაქო სასამართლომ სახელფასო დავალიანებისა (ჯილდოს, მატერიალური დახმარების) და კვების კომპენსაციის მოპასუხისათვის დაკისრების ნაწილში სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. ამდენად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ ხსენებულ ნაწილში სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს შეფასებები და დასკვნები საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით.

სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია აპელანტის მოსაზრება იმის შესახებ, რომ სარჩელი სახელფასო დავალიანებისა (ჯილდოს, მატერიალური დახმარების) და კვების კომპენსაციის მოპასუხისათვის დაკისრების ნაწილში ხანდაზმული იყო. საქმეში წარმოდგენილი იყო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს არაერთი წერილი, რომლითაც მოპასუხე აღიარებდა გ. კ-ის დავალიანების არსებობას.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წერილებს მხოლოდ ინფორმაციული ხასიათი ჰქონდა და იგი სამართლებრივ შედეგს არ იწვევდა.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოცემულ შემთხვევაში სახეზე იყო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევა, რომლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ვალდებული პირი მოვალეობას შეასრულებდა ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ, მას არ ჰქონდა უფლება, მოეთხოვა შესრულებულის დაბრუნება, თუნდაც მოვალეობის შესრულებისას მას არ სცოდნოდა, რომ ხანდაზმულობის ვადა გასული იყო, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, იგივე წესი გამოიყენებოდა ვალდებული პირის აღიარების შემთხვევაში.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი სანივთე ქონების კომპენსაციის ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილებულიყო და ამ ნაწილში საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა გაუქმებულიყო.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სანივთე ქონების კომპენსაციის მიმართ უნდა გავრცელებულიყო 3 წლიანი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა, რადგან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, იგი პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას წარმოადგენდა. მოცემულ შემთხვევაში, გ. კ-ის მიერ გაშვებულ იქნა 3-წლიანი ხანდაზმულობის ვადა, რადგან 2002-2003 წლებში წარმოშობილი დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნით მან სასამართლოს მიმართა 2007 წლის 29 აგვისტოს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილება საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ საკასაციო წესით გაასაჩივრა სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში. კასატორმა აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრებულ ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე მთლიანად უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის მტკიცებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება კი დაუსაბუთებელია. სააპელაციო სასამართლომ არასწორად იმსჯელა მისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ ხელფასის, კვების კომპენსაციის, მატერიალური დახმარებისა და ჯილდოს დაკისრების თაობაზე.

კასატორი მიუთითებს, რომ ხელფასის არსსა და მის შემადგენელ კომპონენტებზე მსჯელობისას გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო 1999-2000 წლებში მოქმედი სპეციალური კანონმდებლობის მოთხოვნები, ხოლო ამ კანონმდებლობაში განსხვავებული დებულებების არარსებობის შემთხვევაში, სადავო ურთიერთობა უნდა მოგვარებულიყო ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის ნორმებით, კერძოდ, ხსენებული კანონის 37-ე მუხლით (1998-2000 წლების რედაქცია) რომლის თანახმად, მოსამსახურის შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) მოიცავდა თანამდებობრივ სარგოს, პრემიას და კანონით გათვალისწინებულ დანამატებს. ამდენად, იმისათვის, რომ ამა თუ იმ ფინანსურ გასაცემელს მიეცეს ხელფასზე დანამატის სტატუსი და ჩაითვალოს ხელფასის შემადგენლ ელემენტად, საჭიროა, ამ ფულად გასაცემელს (ჯილდო, კვების კომპენსაცია, მატერიალური დახმარება) კანონმდებლობის მიხედვით ჰქონდეს დანამატის სტატუსი.

კასატორი აღნიშნავს, რომ, “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, დანამატის სტატუსი მინიჭებული ჰქონდა მხოლოდ ფულად თანხებს, რომელიც დაიანგარიშებოდა ნამსახური წლების მიხედვით. ამდენად, ჯილდო, მატერიალური დახმარება და კვების კომპენსაციის თანხები არ წარმოადგენდა ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ხელფასში შემავალ დანამატებს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი მიუთითებს, რომ სასარჩელო მოთხოვნა ჯილდოს, მატერიალური დახმარებისა და კვების კომპენსაციის ნაწილში ხანდაზმულია, რადგან ამგვარ მოთხოვნებზე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით დადგენილი სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა ვრცელდება.

კასატორი ასევე მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლი, 377-ე მუხლის პირველი ნაწილი, ასევე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლები. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, კერძოდ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წერილები, რომლებიც არ შეიძლება ჩაითვალოს ვალის აღიარებად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 13 მაისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2008 წლის 13 მაისის განჩინების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2008 წლის 3 ივლისამდე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.