Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

ბს-508-485(კ-07) 2 ნოემბერი, 2007 წელი

მიღების ადგილი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე, მომხსენებელი _ ნათია წკეპლაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა დ. ყ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 18 აპრილის განჩინებაზე.

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

საკასაციო სასამართლოში 2007 წლის 28 მაისს შემოვიდა ადმინისტრაციული საქმე ¹ბს-508-485(კ-07) დ. ყ-ას საკასაციო საჩივრით განსახილველად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 18 აპრილის განჩინებაზე.

საკასაციო სასამართლოს 2007 წლის 30 მაისის განჩინებით დ. ყ-ას საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნა ხარვეზზე შემდეგი საფუძვლით: საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის “ე” ქვეპუნქტის მოთხოვნებს, კერძოდ, კასატორი საკასაციო საჩივარში არ უთითებდა, სააპელაციო სასამართლოს განჩინების გასაჩივრების საფუძვლებს (კასაციის მიზეზს). აღნიშნული ხარვეზის გამოსასწორებლად კასატორს განესაზღვრა ვადა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღე /იხ. ს.ფ. 173-174/.

ხარვეზის შევსების მიზნით, დასაბუთებული საკასაციო საჩივარი წარმოადგინა კასატორმა დ. ყ-ამ (იხ. ს.ფ. 182-184).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო რა საქმის მასალებს, მიაჩნია, რომ დ. ყ-ას საკასაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ, საპროცესო მოვალეობები. ერთ-ერთი ძირითადი უფლება სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა, შეიცავს საპროცესო ვალდებულებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების (განჩინების) თაობაზე დასაბუთებული საჩივრის წარდგენისა.

მოცემულ შემთხვევაში, კასატორს საკასაციო სასამართლოს 2007 წლის 30 მაისის განჩინებაში მითითებული ხარვეზის შესავსებად სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნის შესაბამისად, განუსაზღვრა გონივრული ვადა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია ვადები ამა თუ იმ მოქმედების შესრულებისათვის, როგორც სასამართლოსათვის, ასევე მხარეთათვის, ამასთან, დადგენილია სასამართლოს მიერ მხარეთათვის განსაზღვრულ საპროცესო ვადაში საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის შედეგები, კერძოდ: თუ მხარემ სასამართლოს მიერ დანიშნულ საპროცესო ვადაში არ შეასრულა საპროცესო მოქმედება, იგი კარგავს ამ მოქმედების შესრულების შესაძლებლობას.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59.1. მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო.

კონკრეტულ შემთხვევაში, ხარვეზის მითითების შესახებ საკასაციო სასამართლოს 2007 წლის 30 მაისის განჩინება ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 13.2. და სსსკ-ის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, კასატორს დ. ყ-ას და მის წარმომადგენელს მ. დ-ეს გაეგზავნათ 31 მაისს. საფოსტო გზავნილების ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათის თანახმად, დ. ყ-ას წარმომადგენელს საკასაციო სასამართლოს 2007 წლის 30 მაისის განჩინება ჩაჰბარდა 2007 წლის 4 ივნისს, ხოლო დ. ყ-თვის განჩინების ჩაბარების შესახებ შეტყობინებაზე ჩაბარების თარიღი არ იქნა მითითებული (იხ. ს.ფ. 178-179), რის გამოც საკასაციო სასამართლოს 2007 წლის 30 მაისის განჩინება ხარვეზის მითითების შესახებ კასატორს ს. ყ-ას გაეგზავნა განმეორებით 2007 წლის 2 ივლისს (იხ. ს.ფ. 180). საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათის თანახმად, დ. ყ-ას განმეორებით გაგზავნილი განჩინების ასლი ჩაჰბარდა 2007 წლის 10 ივლისს (იხ. ს.ფ. 181). შესაბამისად, კასატორს ხარვეზის შევსების ვადა სსსკ-ის 61.3 მუხლის შესაბამისად, ამოიწურა 2007 წლის 20 ივლისს, ხოლო კასატორის წარმომადგენლის მ. დ-ის მიერ დასაბუთებული საკასაციო საჩივარი, კონვერზე დასმული საფოსტო განყოფილების შტამპის თანახმად, საფოსტო განყოფილებაში შეტანილ იქნა 2007 წლის 23 ივლისს, სასამართლოს მიერ განსაზღვრული საპროცესო ვადის დარღვევით (იხ. ს.ფ. 186, 188).

საქართველოს ფოსტის 2007 წლის 29 ოქტომბრის ¹15-21/1125 მომართვით საკასაციო სასამართლოს ეცნობა, რომ დ. ყ-ას წარმომადგენლის მიერ დასაბუთებული საკასაციო საჩივარი ქუთაისის ფოსტას ჩაბარდა 2007 წლის 24 ივლისს (იხ. ს.ფ. 191).

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დ. ყ-ას საკასაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად, სსსკ-ის 396.3. მუხლის შესაბამისად, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო, რამდენადაც სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის პროცესუალური წინაპირობა.

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელ რა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 390-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დ. ყ-ას საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნეს განუხილველად;

2. წინამდებარე განჩინება გადაეგზავნოს მხარეებს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.