Facebook Twitter

ბს-508-486(კ-08) 31 ივლისი, 2008წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მარიამ ცისკაძე, ლევან მურუსიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი(მოპასუხე) _ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

მოწინააღმდეგე მხარე(მოსარჩელე)_ გ. დ-ა

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.01.08წ. გადაწყვეტილება

დავის საგანი _ სამივლინებო დღიური ხარჯების დავალიანების ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

02.03.05წ. გ. დ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ და მის სასარგებლოდ სამივლინებო დღიური ხარჯების დავალიანების _ 5425 აშშ დოლარის (ეროვნულ ვალუტაში _ 11332 ლარი) გადახდის მოპასუხისათვის დაკისრება მოითხოვა. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სამსახურის დროს სწავლობდა ქ. კიევში, უკრაინის ნაციონალურ აკადემიაში, დაუსწრებელ განყოფილებაზე, რომლის დამთავრების შემდეგ მსახურობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეროვნულ აკადემიაში. 1999, 2000 და 2002 წლებში, სწავლასთან დაკავშირებით, იგი იმყოფებოდა მივლინებაში ქ. კიევში, კერძოდ, 1999 წლის 29 ოქტომბრიდან 30 დეკემბრის ჩათვლით (63 დღე), 2000 წლის 21 სექტემბრიდან 10 ნოემბრის ჩათვლით (51 დღე), 2002 წლის 19 მარტიდან 24 ივნისის ჩათვლით (104 დღე), სულ _ 218 დღე. “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე და 39-ე მუხლების თანახმად, მოსამსახურეს ჰქონდა უცხოეთში გრძელვადიანი სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების უფლება, მაგრამ მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ მოსარჩელეს აღნიშნულ წლებში მივლინების მხოლოდ გზის და ბინის ქირის ხარჯები გადაუხადა, ხოლო სამივლინებო დღიური ხარჯები, რაც საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 4 აპრილის ¹220 ბრძანებულების ¹3 დანართის შესაბამისად, ერთ დღეზე შეადგენდა 25 აშშ დოლარს და რაც 218 დღეზე იყო 5425 აშშ დოლარი, მისთვის არ აუნაზღაურებიათ. მოსარჩელის მტკიცებით, მან არაერთხელ მიმართა მოპასუხეს თანხის მიღების მოთხოვნით, ხოლო საქართველოს თავდაცვის სამინისტრო თავისი პასუხით აღიარებდა მოსარჩელის მიმართ ვალს და ჰპირდებოდა მის გადახდას, მაგრამ დღემდე არ აქვს გადახდილი. მოსარჩელემ მიიჩნია, რომ მოპასუხის მიერ ვალის აღიარება უნდა ჩათვლილიყო საკმარის მტკიცებულებად.

თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 25.03.05წ. განჩინებით მოცემულ საქმეში მესამე პირად ჩაება საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 26.12.05წ. გადაწყვეტილებით გ. დ-ას სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა, მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსარჩელე გ. დ-ას სასარგებლოდ დაეკისრა სამივლინებო თანხის ანაზღაურება 5425 აშშ დოლარის ოდენობით, რაც ეროვნულ ვალუტაში შეადგენდა 11332 ლარს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 26.12.05წ. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 06.12.06წ. განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 26.12.05წ. გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 06.12.06წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 27.06.07წ. განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 06.12.06წ. განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.01.08წ. გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 26.12.05წ. გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, გ. დ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 5425 აშშ დოლარის სამივლინებო თანხის ანაზღაურება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.01.08წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 16.05.08წ. განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი. მხარეებს უფლება მიეცათ აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით.

17.07.08წ. გ. დ-ამ განცხადებით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას, რომლითაც უარი თქვა სასარჩელო მოთხოვნაზე და საქმის წარმოების შეწყვეტა მოითხოვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ განიხილა გ. დ-ას შუამდგომლობა საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ და მიიჩნევს, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ წარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მიხედვით ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, რომლის შესაბამისად სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია დისპოზიციურობის პრინციპზე, რის შესაბამისადაც მხარე უფლებამოსილია თავისი შეხედულებისამებრ განკარგოს თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები. მოსარჩელემ, ფიზიკურმა პირმა _ გ. დ-ამ განაცხადა რა უარი სარჩელზე, გამოხატა ნება თავისი საპროცესო უფლების განსაკარგავად, რაც სავალდებულოა სასამართლოსათვის.

სამოქალქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, საქმის წარმოება წყდება, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე. ასკ-ის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნა ვრცელდება ადმინისტრაციული ორგანოს და არა ფიზიკური პირის მიერ სარჩელზე უარის თქმის განცხადებაზე.

საკასაციო სასამართლო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მხარეებს განუმარტავს, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ დაიშვება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 და 272-ე მუხლის “გ” ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ. დ-ას განცხადება სარჩელზე უარის თქმისა და საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.01.08წ. გადაწყვეტილება, გ. დ-ასა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის არსებულ დავაზე საქმის წარმოება შეწყდეს;

3. მხარეებს განემარტოთ, რომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა სარჩელით იმავე დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ დაიშვება;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.