¹ბს-510-484 (კ-06) 5 აპრილი, 2007წ.
თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის
საქმეთა პალატამ
შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე),
ლალი ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნუგზარ სხირტლაძე
სხდომის მდივანი _ ლანა ჭანტურია
კასატორი _ ლ. ქ-ა, წარმომადგენელი ნ. ხ-ლი
მოწინააღმდეგე მხარე _ შპს “....”, წარმომადგენელი გ. შ-ა; საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამტრედიის სამმართველო, წარმომადგენელი ს. კ-ე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 16 მაისის განჩინება
დავის საგანი _ მესაკუთრედ ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2003 წლის 18 აგვისტოს შპს “...” სასარჩელო განცხადებით მიმართა სამტრედიის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე სამტრედიის მიწის მართვის სამმართველოს, მესამე პირის – სამტრედიის ზონალური საგადასახადო ინსპექციის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხის 1999 წლის 24 მაისის ¹.... საკადასტრო რუკისა და 1999 წლის 24 მაისს მიწის “უძრავი ქონების” ¹.... სარეგისტრაციო მოწმობის ნამდვილობის აღიარება, მოპასუხის მიერ საჯარო რეესტრში გაკეთებულ ჩანაწერზე, რომლის მიხედვით ქ. სამტრედიაში, .... ქ. ¹6-ში მდებარე საკოლმეურნეო ბაზრის ტერიტორიაზე არსებული შენობა-ნაგებობების და ამ შენობა-ნაგებობების მიერ დაკავებული მთლიანი 13580 კვ.მ ფართის მესაკუთრე არის შპს “....,” უტყუარობისა და სისრულის პრეზუმციის გავრცელება და მათი სწორად მიჩნევა.
მოსარჩელის განმარტებით, 1996 წლის 12 ნოემბერს მასა და სამტრედიის რაიონის გამგეობას შორის დაიდო საიჯარო ხელშეკრულება, რასაც დაეთანხმა მაშინდელი საქართველოს ქონების მართვის სამინისტროს სამტრედიის ქონების მართვის სამმართველო და შპს “....” ათწლიანი იჯარა-გამოსყიდვის უფლებით გადასცა ყოფილი საკოლმეურნეო ბაზარი, მის ტერიტორიულ საზღვრებში განთავსებული სავაჭრო ობიექტებით. შპს “....” კეთილსინდისიერად ასრულებდა საიჯარო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს. 1999 წლის 24 მაისს მათ სახელზე გაიცა საკადასტრო რუკა ¹...., რომელშიც შპს “ა.....” საკუთრებაში დაფიქსირდა მთელი საკოლმეურნეო ბაზრის და ამ ბაზრის ტერიტორიაზე განლაგებული სავაჭრო ობიექტების მიერ დაკავებული უძრავი ქონება _ 13580 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და იმავე ფართიზე 1999 წლის 24 მაისის ¹69/99 განცხადების საფუძველზე გაიცა ¹.... მიწის სარეგისტრაციო მოწმობა, რომლის მიხედვით ქ. სამტრედიაში, ..... ქ. .¹6-ში არსებული შენობა-ნაგებობები და ამ შენობა-ნაგებობების მიერ დაკავებული 13580 კვ.მ მიწის ნაკვეთი არის შპს “....” საკუთრება. 1998 წლის დეკემბრიდან შპს “.....” ¹.... სარეგისტრაციო მოწმობის საფუძველზე სამტრედიის ზონალურ საგადასახადო ინსპექციაში მითითებული ფართის გადასახადის გადამხდელად დაფიქსირდა და 1998-2002 წლებში გადაიხადა გადასახადები (ს.ფ. 2-4).
აღნიშნულ სარჩელზე შესაგებელი წარადგინეს მ. ნ-მ, ე. ტ-მა, მ. ს-ემ, ლ. ჩ-მა და ა. ს-ამ და აღნიშნეს, რომ მათ საკოლმეურნეო ბაზრის ტერიტორიაზე მდებარე ¹.., ¹..., ¹...., ¹...., ¹.... მაღაზიები შეისყიდეს 1993-1995 წლებში საკუთრების უფლებით, შპს “....” არ წარმოუდგენია საჯარო რეესტრში გასაფორმებლად საჭირო დოკუმენტაცია და საკადასტრო რუკა არ შეესაბამებოდა სინამდვილეს. შესაგებლის ავტორებმა მოითხოვეს საქმეში მესამე პირად ჩაბმა (ს.ფ. 25).
შპს არგოს სარჩელზე შესაგებლები წარადგინეს ასევე ლ. ჩ-მა ვ. შ-ემ ლ. ყ-ემ და ლ. ქ-ამ (ს.ფ. 61-67; 91-95).
ლ. ქ-ამ მოითხოვა შპს “...” სარჩელზე უარის თქმა, საჯარო რეესტრში არსებული ჩანაწერებიდან სწორად და უტყუარად ქ. სამტრედიაში, .... ქ. ¹6-ში მდებარე ¹.... ფარდულისა და ქვეშ არსებული მიწის მესაკუთრედ მისი საკუთრების შესახებ ჩანაწერის მიჩნევა.
ლ. ქ-ას მითითებით, მოსარჩელის მოთხოვნები პირდაპირ ეხება მის საკუთრებაში არსებულ ¹..... ფარდულს და ლახავს მისი, როგორც მესაკუთრის უფლებებს, უფრო მეტიც, სასამართლოში სარჩელის შემოტანისთანავე შპს “არგ....ოს” ადმინისტრაციამ განუცხადა, რომ ფარდული მათი საკუთრებაა და მისი დანგრევა სურთ. შესაგებლის ავტორის აზრით, უსაფუძვლოა შპს “...” მოთხოვნა მის ტერიტორიაზე განთავსებული ყველა ობიექტისა და ამ ობიექტების ქვეშ არსებული მიწის ფართის საკუთრებაში დაკანონების შესახებ. ისევე, როგორც სხვა ობიექტების მესაკუთრეები, ლ. ქ-ც ითვლება ¹.... ფარდულისა და მის ქვეშ არსებული მიწის მესაკუთრედ. ფარდული მან პრივატიზაციის შედეგად სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს სამტრედიის რაიონული განყოფილებისაგან 1993 წლის 2 დეკემბერს შეისყიდა, მათ შორის გაფორმდა “სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის შედეგად საკუთრების უფლების გადაცემის შესახებ” ¹44 ხელშეკრულება და მიღება-ჩაბარების ¹1 აქტი, აქვს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა ¹..., რის საფუძველზეც 1993 წლიდან ფლობს და განკარგავს როგორც საკუთარს, შესაბამისად, ¹... ფარდული და მის ქვეშ არსებული 6.4 კვ.მ მიწა ვერ გადაეცემოდა საკუთრებაში სხვას (ს.ფ. 122-123).
2004 წლის 10 დეკემბერს შპს “....” სამტრედიის რაიონულ სასამართლოს წარუდგინა შუამდგომლობა მოსამართლის აცილების თაობაზე, რაც ამავე სასამართლოს 2005 წლის 21 მარტის განჩინებით დაკმაყოფილდა და საქმე განსახილველად გადაეცა ვანის რაიონულ სასამართლოს (ს.ფ. 129-130; 137; 140).
2005 წლის 30 ნოემბერს შპს “....” დაზუსტებული სასარჩელო განცხადებით მიმართა ვანის რაიონულ სასამართლოს, უარი თქვა თავდაპირველ სარჩელზე და მოითხოვა ¹13 ფარდულის მესაკუთრედ შპს “.....” ცნობა, ასევე, ლ. ქ-ის 2004 წლის ნოემბრიდან 2005 წლის ნოემბრამდე გადაუხდელი იჯარის ქირის _ 336 ლარის – დაკისრება.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ უნდა გაირკვეს, შპს “....” ტერიტორიაზე მდებარე ¹.... ფარდული, რომელიც ლ. ქ-ას გადაცემული აქვს იჯარის უფლებით, ვის საკუთრებაშია. აღნიშნული ფარდული თავიდანვე იყო და ამჟამადაც ირიცხება შპს “....” ბალანსზე, რომელიც იჯარით ჰქონდა აღებული ქალაქვაჭრობას, იგი 1996 წლის ნოემბრის თვეში შეტანილ იქნა შპს “....” გადაცემულ საპრივატიზებო ობიექტთა ნუსხაში. 1997 წლიდან საზოგადოებამ ფარდული იჯარით ლ. ქ-ას გადასცა, რომელიც 2004 წლის ოქტომბრის თვის ჩათვლით იხდიდა საიჯარო ქირას. ამდენად, ლ. ქ-ას კონკურსის წესით ნაყიდი ჰქონდა ¹.... ფარდულზე იჯარის უფლება, რაზედაც ქონების მართვის სამტრედიის სამმართველოს მიერ გაიცა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა, რომლითაც მას მიენიჭა უპირატესი უფლება, ქონების მართვის რაიონული სამმართველოს თანხმობის შემთხვევაში გამოესყიდა აღნიშნული ფარდული ქონების გაზრდილ ღირებულებასა და მის მიერ იჯარის უფლების მოპოვებაში გადახდილ თანხას შორის სხვაობის დაფარვის შემდეგ, რის შედეგადაც მასზე კანონიერად გაიცემოდა ქონების მართვის სამმართველოს მიერ საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა, რაც არ მომხდარა (ს.ფ. 189-191).
აღნიშნულზე შესაგებელი წარადგინა ლ. ქ-ამ, რომელმაც მოითხოვა ¹.... ფარდულზე შპს “...” მესაკუთრედ ცნობისა და მისთვის საიჯარო ქირის დაკისრების ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და ¹44 ხელშეკრულების დადებულად ცნობა.
ლ. ქ-ას მითითებით, მასა და სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს სამტრედიის რაიონის განყოფილებას შორის 1993 წლის 6 ოქტომბერს ნოტარიულად გაფორმებული სახელმწიფო ქონების პრივატიზების შედეგად საკუთრების უფლების გადაცემის შესახებ ¹44 ხელშეკრულებით დადასტურებულია, რომ ¹... ფარდულის სარეალიზაციო ღირებულება 120 000 კუპონს შეადგენდა, რაც სრულად იქნა დაფარული და შედგა მიღება-ჩაბარების აქტი. ¹44 ხელშეკრულება შედგენილია შესაბამის პერიოდში მოქმედი “საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზების შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის კანონისა და საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1992 წლის მაისის ¹612 დადგენილებით დამტკიცებული “სახელმწიფო ქონების კონკურსით გაყიდვის შესახებ” დებულების საფუძველზე. პრივატიზება მოხდა 1993 წელს, მაშინ როცა იჯარის უფლებით სახელმწიფო ქონების გაყიდვის კანონმდებლობა არ იყო გამოცემული. აღნიშნული დებულება ითვალისწინებდა სახელმწიფო ქონების მხოლოდ გაყიდვას და არცერთ შემთხვევაში “იჯარის უფლების” გადაცემას, რაც უადგილოდ იქნა მითითებული ხელშეკრულებაში და საკუთრების დამადასტურებელ მოწმობაში, რაც ეწინააღმდეგება ხელშეკრულებაში მითითებული დებულების ყველა პუნქტს.
1993 წლის 24 მაისის “იჯარის შესახებ” კანონის მე-5 მუხლის თანახმად, საიჯარო ხელშეკრულებით უნდა განსაზღვრულიყო ქონების ღირებულება და შედგენილობა, ქონებით სარგებლობის წესი, მხარეთა უფლება-მოვალეობები და სხვა. ¹44 ხელშეკრულებაში კი მითითებული არ ყოფილა იჯარის ვადა, საიჯარო ქირის ოდენობა და გადახდის წესი, მხარეთა უფლება-მოვალეობები და სხვა. შესაბამისად, იგი არის ყიდვა-გაყიდვის და არა იჯარის ხელშეკრულება. აღნიშნულს, ლ. ქ-ას მითითებით, ადასტურებს ¹... მოწმობაც, რომელშიც “იჯარის უფლება” არასწორადაა მითითებული. “იჯარის შესახებ” კანონის მე-10 მუხლის თანახმად, მხოლოდ ქონების ღირებულების გადახდის დოკუმენტის წარდგენის შემდეგ იყო უფლებამოსილი სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო ან მისი ტერიტორიული ორგანო, გაეცა საკუთრების უფლების დამადასტურებელი მოწმობა ხელშეკრულებასა და მიღება-ჩაბარების აქტთან ერთად. ყველა ზემოაღნიშნული დოკუმენტი, ლ. ქ-ას მიერ წარდგენილ იქნა და იგი გახდა ¹... ფარდულის მესაკუთრე 1993 წელს. მას შემდეგ ფლობდა ფარდულს, როგორც საკუთარს და არანაირ საიჯარო ქირას არ იხდიდა.
ლ. ქ-ას მითითებით, სამტრედიის ქონების მართვის სამმართველომ ორჯერ გაასხვისა ¹... ფარდული, რომელიც 1993 წელს ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებით საკუთრებაში გადაეცა მას, ხოლო 1996 წელს _ იჯარით შპს “.....” ¹... ფარდული, თანახმად ¹44 ხელშეკრულებისა, მიღება-ჩაბარების აქტისა, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობისა და მაღაზიის ტექნიკური პასპორტისა, უკვე 11 წელია ლ. ქ-ას საკუთრებაა და იგი მას უნდა დაუკანონდეს და არა შპს “...”. ამასთან, 1996 წელს შპს “...” ცნობილი იყო ყველა აღნიშნული დოკუმენტის არსებობისა და ობიექტის გასხვისების შესახებ და მას 2005 წლამდე სადავოდ არ გაუხდია ¹.... ფარდული, რითაც გაუშვა მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა (ს.ფ. 199-200).
ვანის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილებით შპს “....” სარჩელი დაკმაყოფილდა. იგი ცნობილ იქნა ¹... ფარდულის მესაკუთრედ და ლ. ქ-ას დაეკისრა იჯარის ქირა 336 ლარის ოდენობით.
პირველი ინსტანციის სასამართლომ გადაწყვეტილება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებსა და სამართლებრივ საფუძვლებს დააფუძნა:
დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ 1993 წლის 2 დეკემბერს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს სამტრედიის რაიონულმა განყოფილებამ 1993 წლის 30 სექტემბრის კომისიის სხდომის საფუძველზე ლ. ქ-ას გადასცა სამტრედიის ქალაქვაჭრობის ¹... ფარდული იჯარის უფლებით. შპს “...” დირექტორს საკუთრებაში გადაეცა სამტრედიის მუნიციპალური აგრარული ბაზარი (იჯარა-გამოსყიდვით) კომისიის 1996 წლის 2 ნოემბრის ¹3 სხდომის ოქმის, 1996 წლის 12 ნოემბრის საიჯარო ხელშეკრულებისა და 1996 წლის 18 ნოემბრის მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე.
სასამართლოს მითითებით, შპს “...” და მოპასუხე ლ. ქ-ას შორის 1997 წლიდან ადგილი ჰქონდა საიჯარო ხელშეკრულებას და 2004 წლის ოქტომბრის ჩათვლით მოპასუხე იხდიდა საიჯარო ქირას, რაც დასტურდებოდა მოპასუხის ძმის _ ზ. ქ-ას ჩვენების საფუძველზე. ვინაიდან ლ. ქ-ა, როგორც ინვალიდი, თბილისში მკურნალობის გამო ფარდულში ტოვებდა ზ. ქ-ას, ხელშეკრულება გაფორმდა ამ უკანასკნელთან და იგი იხდიდა საიჯარო ქირას. სასამართლოს მითითებით, “სახელმწიფო ქონების იჯარით გადაცემის წესის თაობაზე დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პარლამენტის დადგენილებით, “იჯარის შესახებ” კანონის ამოქმედებამდე ქონების გამოსყიდვის უფლებით დადებულ ყველა კანონიერ საიჯარო ხელშეკრულებას აფორმებდა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო ან მისი ტერიტორიული ორგანო, რომელიც ხდებოდა მოიჯარის უფლება-მოვალეობათა უფლებამონაცვლე. ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომელთაც არასაცხოვრებელ ფართზე იჯარის უფლება აღრებული ჰქონდათ აუქციონის ან კონკურსის წესით, შეეძლოთ, უშუალოდ გამოესყიდათ აღნიშნული ფართი სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსთან ან მის უფლებამოსილ ტერიტორიულ ორგანოსთან შეთანხმებით, ქონების გაზრდილ თვითღირებულებასა და გადახდილ თანხას შორის სხვაობის დაფარვის შემდეგ. სასამართლოს განმარტებით, სადავო შემთხვევაში მოპასუხის მიერ აღნიშნული უფლებამოსილება ობიექტის გამოსყიდვის თაობაზე განხორციელებული არ ყოფილა და სადავო ფარდულის გამოსყიდვა კანონით დადგენილი საფუძვლით არ მომხდარა. მოპასუხის მიერ საიჯარო ქირის გადახდა კი ადასტურებდა, რომ იგი ¹.. ფარდულის მესაკუთრედ თავს არ მიიჩნევდა. ამასთან, სასამართლოს მითითებით, წარმოდგენილი ვერ იქნა მტკიცებულებები იმის თაობაზე, რომ ლ. ქ-ა საიჯარო ქირას არ იხდიდა (ს.ფ. 227-229).
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ. ქ-ამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და ¹.... ფარდულის მესაკუთრედ მისი ცნობა.
აპელანტის მითითებით, 1993 წლამდე მისი მშობლები, შემდეგ კი თავად მუშაობდა ¹... ფარდულში გამყიდველად და, ფაქტობრივად, 40 წელის განმავლობაში სარგებლობდნენ სადავო ქონებით. 1993 წლის 6 ოქტომბერს სახელმწიფო ქონების პრივატიზების შედეგად საკუთრების უფლების გადაცემის შესახებ ¹44 ხელშეკრულებითა და 1993 წლის 2 დეკემბრის მიღება-ჩაბარების აქტით საკუთრებაში გადაეცა ¹... ფარდული, გაიცა საკუთრების დამადასტურებელი ¹... საკუთრების მოწმობა, გადაიხადა 120 000 კუპონი და მას შემდეგ ფლობს ფარდულს, როგორც საკუთარს, ისე რომ არ გადაუხდია რაიმე თანხა მისი იჯარით გამოსყიდვისათვის. შესაბამისად, არც არსებობს რაიმე დოკუმენტი, რომელიც მის მიერ იჯარის თანხის გადახდის ფაქტს დაადასტურებდა, უფრო მეტიც, აპელანტის აზრით, იმ შემთხვევაში, თუკი იგი გადაიხდიდა იჯარას, მოახდენდა კიდეც გამოსყიდვას, მაგრამ აღნიშნულისათვის არ მიუმართავს, რადგან გამყიდველი ფარდულს მის საკუთრებად ცნობდა. მოსარჩელეს არ წარმოუდგენია არანაირი ხელშეკრულება, რომლითაც 1997 წლიდან იჯარის არსებობა დადასტურდებოდა, მან წარმოადგინა მხოლოდ 2000 წლის ხელშეკრულება, დადებული ზ. ქ-ან, რომელსაც უფლება არ ჰქონდა ლ. ქ-ას მაგივრად დაედო ხელშეკრულება.
აპელანტის მითითებით, სასამართლომ ყურადღება არ მიაქცია იმ გარემოებას, რომ მასა და ქონების მართვის სამმართველოს შორის ხელშეკრულების დადების დროისათვის მოქმედებდა “საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზების შესახებ” კანონი, იჯარის უფლებით სახელმწიფო ქონების გაყიდვის შესახებ კანონმდებლობა საერთოდ არ იყო გამოცემული, ასეთი კანონი მხოლოდ 1994 წელს გამოიცა (ს.ფ. 233-237).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 16 მაისის განჩინებით ლ. ქ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ვანის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 16 იანვრის განჩინება დარჩა უცვლელად.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს რესპუბლიკის ქონების მართვის სამინისტროს სამტრედიის რაიონული განყოფილების 1993 წლის 31 აგვისტოს გაზეთ “სამტრედიის მაცნეში” გამოქვეყნებული ინფორმაციით, 30 სექტემბერს დღის 11 საათზე, ქონების მართვის რაიონულ განყოფილებაში, .... ქ. ¹15-ში ჩატარდებოდა კონკურსი იჯარის უფლებით ქალაქვაჭრობის რეგიონული ობიექტების გასხვისების მიზნით. აღნიშნული ობიექტების ჩამონათვალში შედიოდა სადავო ქონება, რომელზეც იჯარის უფლება მოიპოვა ლ. ქ-ამ. აღნიშნულს ადასტურებდა 1993 წლის 6 ოქტომბრის ¹44 ხელშეკრულება, 2 დეკემბრის ობიექტის მიღება-ჩაბარების ¹1 აქტი და სახელმწიფო ქონების მართვის განყოფილების მიერ ლ. ქ-ზე გაცემული საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა, რომელშიც მითითებული იყო, რომ მას საკოლმეურნეო ბაზარში ქალაქვაჭრობის ¹... ფარდული იჯარის უფლებით გადაეცა. საკუთრების ¹41-778 მოწმობის საფუძველზე სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შპს “...” დირექტორს საკუთრებაში გადაეცა სამტრედიის მუნიციპალური აგრარული ბაზარი (იჯარა-გამოსყიდვით), რომლის საფუძველი იყო 1996 წლის 11 ნოემბრის სხდომის ¹3 ოქმი, 1996 წლის 18 ნოემბრის საიჯარო ხელშეკრულება და 1996 წლის 18 ნოემბრის მიღება-ჩაბარების აქტი.
სასამართლოს მითითებით, შპს “...” და ლ. ქ-ას შორის 1997 წლიდან 2004 წლის ოქტომბრის ჩათვლით არსებობდა საიჯარო სახელშეკრულებო ურთიერთობა, რაც დასტურდებოდა საქმეში არსებული საიჯარო ხელშეკრულებითა და ზ. ქ-ას განმარტებით, რომლის თანახმად მისი დის _ ლ. ქ-ას თბილისში ყოფნის დროს სადავო ფართში დის დავალებით თავად რჩებოდა და საიჯარო ხელშეკრულებებიც პერიოდულად ფორმდებოდა მასთან, ასევე, იგი იხდიდა იჯარის ქირასაც.
სასამართლოს მითითებით, საჯარო რეესტრის ეროვნული საგენტოს სამტრედიის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2005 წლის 11 აგვისტოს ¹174 წერილის თანახმად, შპს “...” ტერიტორიაზე მიწის მასაკუთრედ ლ. ქ-ა რეგისტრირებული არ არის. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე კი ლ. ქ-ას მტკიცება, რომ იგი სადავო ფართის მესაკუთრეა, სასამართლოს აზრით, უსაფუძვლოა, რადგან მას სადავო ქონებაზე მოპოვებული ჰქონდა იჯარის უფლება, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183.1 მუხლის თანახმად კი უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია სანოტარო წესით დამოწმებული საბუთი და შემძენის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, სახელმწიფო ქონების შეძენა ხდება კონკურსის, აუქციონის და იჯარა-გამოსყიდვის წესით. ლ. ქ-ას არ გააჩნია იმის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ მან სადავო ქონება შეიძინა აღნიშნული წესით და ჰქონდა საკუთრების მოწმობა. შპს “...” კი, სასამართლოს მითითებით, ჰქონდა როგორც 13580 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო მიწის საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა, ასევე აღნიშნული მიწის ნაკვეთზე განთავსებული ქონებისა, რომელშიც სადავო ¹.... ფარდულიც შედიოდა (ს.ფ. 274-280).
აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ლ. ქ-ამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება, 1993 წლის 6 ოქტომბრის ¹... მოწმობის, 1993 წლის 6 ოქტომბრის ¹44 ხელშეკრულებისა და 1993 წლის 2 დეკემბრის ¹.... ფარდულის მიღება-ჩაბარების ¹1 აქტის კანონიერად ცნობა.
კასატორის მითითებით, საქმის მასალებიდან გამომდინარე, უტყუარად დასტურდება, რომ 1993 წლის 6 ოქტომბერს ჩატარებული კონკურსის შედეგად გაფორმებული ¹44 ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ლ. ქ-ას საკუთრებაში გადაეცა ქ. სამტრედიის ქალაქვაჭრობის, ამჟამად შპს “....” ტერიტორიაზე არსებული ¹13 ფარდული, რასაც ადასტურებს საქმეში არსებული 1993 წლის 6 ოქტომბრის საკუთრების დამადასტურებელი ¹.... მოწმობა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული საგენტოს ცნობა, რომ ქ. სამტრედიაში .... ქ. ¹6-ში განთავსებული შპს “....” ტერიტორიაზე მდებარე ¹.... ფარდულის მესაკუთრედ მითითებულია ლ. ქ-ა.
კასატორის აზრით, სააპელაციო პალატამ არ გაითვალისწინა საქმეში არსებული სამტრედიის რაიონის გამგებლის 2005 წლის 14 ივლისის ¹628 განმარტებითი წერილი, რომლითაც დასტურდება, რომ ლ. ქ-ა ყველა ნორმის დაცვით არის ¹.... ფარდულის მესაკუთრე. ასევე არ გაითვალისწინა, რომ სადავო ობიექტი კასატორის მიერ პრივატიზებულ იქნა საქართველოს რესპუბლიკაში იმ დროს მოქმედი “საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზების შესახებ” 1991 წლის 9 აგვისტოს კანონის შესაბამისად, რომლის მე-9 მუხლის თანახმად, პრივატიზება ხორციელდებოდა საწარმოთა შესყიდვით კონკურსის ან აუქციონის წესით და არა იჯარის ფორმით პრივატიზების საფუძველზე. ამავე კანონის მე-4 მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზების განმახორციელებელი ორგანო სახელმწიფო ქონების მართვის კომიტეტი იყო. ამდენად, სამტრედიის ქონების მართვის სამმართველო წარმოადგენდა დასახელებული სადავო ობიექტის პრივატიზების ჩატარებაზე უფლებამოსილ ორგანოს.
კასატორის მითითებით, გარდა იმისა, რომ განჩინებაში არასწორად აღნიშნა, თითქოს ლ. ქ-სა და შპს “...” შორის საიჯარო ხელშეკრულება დაიდო 1997 წლიდან 2004 წლის ოქტომბრის ჩათვლით (მაშინ როდესაც იგი 2001 წლიდანაა დადებული), სააპელაციო სასამართლომ ასევე არ გაითვალისწინა, რომ ე.წ. “საიჯარო ხელშეკრულება,” ფაქტიურად, მოპასუხე მხარის მოტყუებისა და შეცდომაში შეყვანის შედეგად იყო დადებული. უფრო მეტიც, ე.წ. “საიჯარო ხელშეკრულებაში” მხარეთა მიერ წარმოდგენილია არა ლ. ქ-ა, როგორც ¹... ფარდულის (განკარგვის ნაწილში) უფლებამოსილი პირი, არამედ მისი ძმა _ ზ. ქ-ა, რომელსაც, თავის მხრივ, არანაირი სამართლებრივი უფლება არ ჰქონდა სადავო ობიექტთან მიმართებაში რაიმე ხელშეკრულების დადებაზე.
კასატორის განმარტებით, მან სააპელაციო სასამართლოში წარადგინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2000 წლის 18 თებერვლის ¹3კ-380 განჩინება, სადაც სადავო საგანს წარმოადგენდა ანალოგიური ფარდული, განთავსებული შპს “...” ტერიტორიაზე, ხოლო მეორე მხარედ წარმოდგენილი იყო მოქალაქ ნ. ე-ა, რომლის სარჩელი დაკმაყოფილდა იმავე საფუძვლებით, რასაც კასატორი ითხოვს (ს.ფ.285-287).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. ქ-ას საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 16 მაისის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს:
საქართველოს რესპუბლიკის ქონების მართვის სამინისტროს სამტრედიის რაიონული განყოფილების მიერ 1993 წლის 31 აგვისტოს გაზეთ “სამტრედიის მაცნეში” გამოქვეყნდა ინფორმაცია 30 სექტემბერს ქონების მართვის რაიონულ განყოფილებაში იჯარის უფლებით ქალაქვაჭრობის რეგიონული ობიექტების კონკურსის წესით გაცემის შესახებ. აღნიშნული ობიექტების ჩამონათვალში შედიოდა სადავო ქონება _ ¹... მაღაზია, რომელზეც კონკურსის შედეგად იჯარის უფლება მოიპოვა ლ. ქ-ამ. აღნიშნულზე გაფორმდა 1993 წლის 6 ოქტომბრის ¹44 ხელშეკრულება, 2 დეკემბრის მიღება-ჩაბარების ¹1 აქტი, სადაც მიეთითა, რომ ლ. ქ-ას საკოლმეურნეო ბაზარში ქალაქვაჭრობის ¹... ფარდული გადაეცა იჯარის უფლებით. ლ. ქ-ზე ასევე გაიცა ქალაქვაჭრობის ¹13 ფარდულზე იჯარის უფლების საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა;
აღნიშნულის შემდგომ შპს “...” და ლ. ქ-ას ძმას შორის სადავო ფარდულზე არსებობდა საიჯარო სახელშეკრულებო ურთიერთობა, რომელიც სადავო ფართში რჩებოდა და საიჯარო ხელშეკრულებებიც პერიოდულად ფორმდებოდა მასთან, ასევე, იგი იხდიდა იჯარის ქირასაც;
სადავო ¹.... მაღაზიისა და შესაბამისი მიწის მასაკუთრედ საჯარო რეესტრში ლ. ქ-ა რეგისტრირებული არ არის;
შპს “....” საკუთრებაში გადაეცა სამტრედიის მუნიციპალური აგრარული ბაზარი (იჯარა-გამოსყიდვით), რომლის საფუძველი იყო 1996 წლის 11 ნოემბრის სხდომის ¹3 ოქმი, 1996 წლის 18 ნოემბრის საიჯარო ხელშეკრულება და 1996 წლის 18 ნოემბრის მიღება-ჩაბარების აქტი. შპს “...” აქვს როგორც 13580 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო მიწის, ასევე აღნიშნული მიწის ნაკვეთზე განთავსებული ქონების საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა, რომელშიც შპს “....” გადაცემული ობიექტების ნუსხის თანახმად, სადავო ¹.... მაღაზიაც შედიოდა.
საკასაციო სასამართლო ეთანხმება კასატორს ზემოაღნიშნული 1993 წლის 6 ოქტომბრის ¹44 ხელშეკრულების, 2 დეკემბრის მიღება-ჩაბარების ¹1 აქტისა და ¹.... ფარდულის იჯარის უფლების საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ნამდვილობასთან დაკავშირებით. აღნიშნული დოკუმენტების კანონიერება არც არის სადავო. სადავოა მხოლოდ ის გარემოება, თუ რა უფლება აქვს აღნიშნული დოკუმენტების საფუძველზე კასატორს სადავო ფართზე _ საკუთრების უფლება თუ იჯარის უფლება.
აღნიშნულ დოკუმენტებში ყველგან საუბარია ლ. ქ-ის იჯარის უფლების მინიჭებაზე. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183.1 მუხლის თანახმად, უძრავი ნივთზე საკუთრების შესაძენად აუცილებელია სანოტარო წესით დამოწმებული საბუთი და შემძენის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში, რასაც ლ. ქ-ას შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.
მიუხედავად იმისა, რომ ლ. ქ-ამ აღნიშნულ ქონებაზე იჯარის უფლება მოიპოვა 1993 წელს, ე.ი. მანამდე, ვიდრე ამავე ქონებაზე შპს “...” 1996 წელს გააფორმებდა იჯარა გამოსყიდვის ხელშეკრულებას, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ლ. ქ-ას დღეისათვის არა აქვს სადავო ფართზე უკეთესი უფლება, ვიდრე შპს “....”. შპს “...” აქვს მიწის საკუთრებისა და მასზე განთავსებული ქონების დამადასტურებელი მოწმობა, ლ. ქ-ას კი, საქმის მასალების თანახმად, დღემდე არ მიუმართავს სახელმწიფო ქონების პრივატიზების ორგანოსათვის და არ მოუთხოვია სადავო ობიექტი საკუთრების მოწმობის გაცემა, არც სადავო ქონების საკუთრებაში რეგისტრაციის მოთხოვნით მიუმართავს საჯარო რეესტრის სამსახურისათვის.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის განმარტებას იმასთან დაკავშირებით, რომ ლ. ქ-ას 1993 წლის 6 ოქტომბრის ¹44 ხელშეკრულების, 2 დეკემბრის მიღება-ჩაბარების ¹1 აქტისა და იჯარის უფლების საკუთრების მოწმობის საფუძველზე სინამდვილეში საკუთრებაში აქვს გადაცემული სადავო ფარდული, სიტყვები “იჯარის უფლებით” ამ დოკუმენტებში არასწორადაა ჩაწერილი და ადგილი აქვს მექანიკურ შეცდომას. ზემოაღნიშნულ დოკუმენტებში საუბარია ლ. ქ-ას საკუთრებაში მხოლოდ იჯარის უფლების არსებობაზე, ხოლო თუკი ლ. ქ-ას მიაჩნდა, რომ ამ შემთხვევაში შეცდომას ჰქონდა ადგილი, მას შეეძლო მიემართა სახელმწიფო ქონების მართვის ადგილობრივი ორგანოსათვის და მოეთხოვა ზემოაღნიშნული შეცდომის გასწორება, რაც საქმის მასალების თანახმად, მას არ განუხორციელებია. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ ლ. ქ-ას სადავო ქონებაზე მოპოვებული აქვს იჯარის და არა საკუთრების უფლება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს გასაჩივრებული განჩინება.
რამდენადაც ლ. ქ-ას საკასაციო საჩივარი შეტანილია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლში 2006 წლის 13 ივლისის საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებამდე, მას სახელმწიფო ბაჟის სახით უნდა დაეკისროს 50 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ლ. ქ-ას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 16 მაისის განჩინება;
3. ლ. ქ-ას დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 50 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.