Facebook Twitter

ბს-512-490(კ-08) 3 ივლისი, 2008 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

მარიამ ცისკაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 27 თებერვლის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2007 წლის 1 აგვისტოს მ. მ-მა, თ. მ-მა, ც. ბ-მა და ქ. კ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ.

სასარჩელო განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ მოსარჩელეები წლების მანძილზე მუშაობდნენ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში მედდის თანამდებობებზე. მ. მ-ი მუშაობდა 1995 წლიდან 2006 წლის 6 დეკემბრამდე და სამსახურიდან გათავისუფლდა “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 97-ე მუხლის საფუძველზე. იმავე საფუძვლით 2006 წლის 6 დეკემბერს სამსახურიდან გათავისუფლდნენ ც. ბ-ი და ქ. კ-ე, ხოლო თ. მ-ი საქართველოს თავდაცვის სამინისტროში მუშაობდა 1999 წლიდან და სამსახურიდან გათავისუფლდა პირადი განცხადების საფუძველზე 2001 წლის 31 ოქტომბერს. სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსარჩელეთა მიმართ გააჩნდა დავალიანება, მათ შორის, ხელფასის, კვებისა და ჯილდოს სახით გასაცემი თანხა, რაც დასტურდებოდა თითოეული მოსარჩელის სახელზე საქართველოს შეიარაღებული ძალების, ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსისა და ამავე დეპარტამენტის საფინანსო განყოფილების უფროსის მიერ 2007 წლის 3 ივლისს გაცემული ცნობებით. აღნიშნული ცნობებით მოსარჩელეთა მიმართ დავალიანება განისაზღვრებოდა ცალ-ცალკე, კერძოდ, მ. მ-ის სახელზე ირიცხებოდა ხელზე გასაცემი დავალიანება _ 1320,31 ლარი, მათ შორის, ხელფასის თანხა – 372,60 ლარი, კვების თანხა – 670,40 ლარი, ჯილდოს თანხა – 277,31 ლარი. თ. მ-ის სახელზე ირიცხებოდა ხელზე გასაცემი დავალიანება _ 686,20 ლარი, მათ შორის, ხელფასის თანხა – 246,28 ლარი, კვების თანხა – 367,26 ლარი, ჯილდოს თანხა – 72,66 ლარი. ც. ბ-ის სახელზე ირიცხებოდა ხელზე გასაცემი დავალიანება _ 496,20 ლარი, მათ შორის, ხელფასის თანხა – 77,29 ლარი, კვების თანხა – 141,60 ლარი, ჯილდოს თანხა – 277,31 ლარი. ქ. კ-ის სახელზე ირიცხებოდა ხელზე გასაცემი დავალიანება _ 1130,91 ლარი, მათ შორის, ხელფასის თანხა – 282,44 ლარი, კვების თანხა – 570,55 ლარი, ჯილდოს თანხა – 277,92 ლარი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეებმა მოითხოვეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მათ სასარგებლოდ მითითებული დავალიანებების გადახდა დაკისრებოდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მ. მ-ის, თ. მ-ის, ც. ბ-ისა და ქ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მ. მ-ის სასარგებლოდ _ 1320,31 ლარის, თ. მ-ის სასარგებლოდ _ 686,20 ლარის, ც. ბ-ის სასარგებლოდ _ 496,20 ლარის, ხოლო ქ. კ-ის სასარგებლოდ _ 1130,91 ლარის გადახდა დაეკისრა.

საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ. მ-ი, ც. ბ-ი და ქ. კ-ე 2006 წლის 6 დეკემბრამდე, ხოლო თ. მ-ი 2001 წლის 31 ოქტომბრამდე მსახურობდნენ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში. 1995-2002 წლებში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მ. მ-ის მიმართ დაუგროვდა ხელზე გასაცემი დავალიანება 1320,31 ლარის, თ. მ-ის მიმართ _ 686,20 ლარის, ც. ბ-ის მიმართ _ 496,20 ლარის, ქ. კ-ის მიმართ _ 1130,91 ლარის ოდენობით. აღნიშნული დადასტურებული იყო საქმეში არსებული საქართველოს შეიარაღებული ძალების, ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის 2007 წლის 3 ივლისის ¹3-11/4373, ¹3-11/4374, ¹3-11/4375, ¹3-11/4376 ცნობებითა და მოპასუხის განმარტებებით.

საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი აწესრიგებდა საჯარო სამსახურის განხორციელებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს. ამ კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოსამსახურეს უფლება ჰქონდა, სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიეღო შრომითი გასამრჯელო (ხელფასი). მოსამსახურის გასამრჯელო (ხელფასი) მოიცავდა თანამდებობრივ სარგოს, პრემიას, საჯარო სამსახურში წელთა ნამსახურობისათვის დაწესებულ და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ დანამატებს.

საქალაქო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია მოპასუხის განმარტება სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის თაობაზე და აღნიშნა, რომ ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის “ბ” ქვეპუნქტის თანახმად, მოსამსახურეს ჰქონდა უფლებები და გარანტიები მიეღო თანამდებობრივი ფუნქციების შესასრულებლად საჭირო ორგანიზაციულ-ტექნიკური საშუალებები და პირობები, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს კანონმდებლობით მოსამსახურეთათვის შეიძლება გათვალისწინებული იყო სხვა დამატებითი უფლებები და გარანტიები – ასეთი ხასიათის დამატებითი უფლებები და გარანტიები სამხედრო მოსამსახურეთათვის განსაზღვრულია სპეციალური ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმებით, კერძოდ, ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამხედრო მოსამსახურის სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიას იძლეოდა სახელმწიფო. სამხედრო სამსახურის განსაკუთრებული პირობების გათვალისწინებით, სამხედრო მოსამსახურის სხვა დამატებითი სოციალური დაცვის გარანტიები განისაზღვრებოდა საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობით. ამავე კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურე სრულ სახელმწიფო კმაყოფაზე იმყოფებოდა, ამასთან სამხედრო მოსამსახურეს სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულების, სანიმუშო დისციპლინისა და საბრძოლო მომზადებაში წარჩინებული მაჩვენებლებისათვის წლის განმავლობაში შეიძლებოდა მისცემოდა ფულადი ჯილდო და/ან მატერიალური დახმარება. აღნიშნული ნორმა იმპერატიული ხასიათის იყო. ამდენად, შრომითი გასამრჯელოს – ხელფასის, ფულადი ჯილდოს, მატერიალური დახმარებისა და სასურსათე ულუფის გაცემის ვალდებულება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კანონმდებლობის საფუძველზე ეკისრებოდა, ანუ იგი ადმინისტრაციული ორგანოს კანონისმიერი ვალდებულება იყო. ამდენად, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ ხსენებული სამართლებრივი ნორმა მოსარჩელეს ანიჭებდა შესაძლებლობას, სახელმწიფოსაგან მოეთხოვა მიუღებელი შრომითი გასამრჯელო _ ხელფასი, ფულადი ჯილდო, მატერიალური დახმარება და სასურსათე ულუფა, რადგან ამ მოთხოვნის უფლების რეალიზების შესაძლებლობა არ იყო შეზღუდული დროის კონკრეტული პერიოდით.

სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის სამწლიან ვადასთან დაკავშირებით, საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ აღნიშნული სამართლებრივი ინსტიტუტი შემოღებული იუო კერძო სამართლის საკანონმდებლო აქტით – საქართველოს სამოქალაქო კოდექსით და მოქმედებდა კერძო სამართლებრივი ურთიერთობების სფეროში, რასაც არ განეკუთვნებოდა მოსარჩელეებს _ მ. მ-ს, თ. მ-ს, ც. ბ-ს, ქ. კ-სა და ადმინისტრაციულ ორგანოს – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობა, კერძოდ, უდავო იყო, რომ მოსარჩელეები საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან შრომით-სამართლებრივ ურთიერთობაში იმყოფებოდნენ როგორც სამხედრო მოსამსახურეები და ეს ურთიერთობები რეგულირდებოდა საჯარო სამართლის საკანონმდებლო აქტებით _ ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” და ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონებით, აგრეთვე ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის ¹493 და საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის ¹609 ბრძანებულებებით დამტკიცებულ ,,სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ” დებულებით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით დადგენილი სამწლიანი ხანდაზმულობის ვადები შეეხებოდა ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნებს. მოსარჩელეებსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის დადებული არ ყოფილა რაიმე სახის ხელშეკრულება, მათ შორის ურთიერთობა რეგულირდებოდა საჯარო კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების – ბრძანებების მეშვეობით, ამიტომ განსახილველ სასარჩელო მოთხოვნაზე ვერ გავრცელდებოდა სახელშეკრულებო მოთხოვნათა ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა.

საქალაქო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია მოპასუხის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მოსარჩელეთა მიერ სარჩელი წარდგენილი უნდა ყოფილიყო ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 127-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ ვადაში, იმ დღიდან, როდესაც ისინი გათავისუფლდნენ სამსახურიდან. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნული კანონით მოწესრიგებული იყო საჯარო სამსახურის განხორციელებასთან დაკავშირებული ურთიერთობები, მოსამსახურის სამართლებრივი მდგომარეობა, სწორედ ამ კანონის 37-ე მუხლით დაეკისრა ადმინისტრაციულ ორგანოს ვალდებულება, გაეცა შრომითი გასამრჯელო მოსამსახურეებზე, რათა შესრულებული სამუშაოსათვის მიეღოთ ანაზღაურება, სწორედ ამავე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად განისაზღვრა, რომ მოსამსახურეთა შრომითი გასამრჯელოს (ხელფასის) ფონდის ფორმირების წყარო იყო შესაბამისი ბიუჯეტი და საბიუჯეტო ასიგნებათა შემცირება არ შეიძლებოდა ყოფილიყო მოსამსახურეთა შრომითი გასამრჯელოს დაფინანსების შემცირების საფუძველი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სააპელაციო წესით გაასაჩივრა. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 27 თებერვლის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. ამდენად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-2 მუხლის ,,გ” ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს შეფასებები და დასკვნები საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით.

სააპელაციო სასამართლომ დამატებით მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ უსაფუძვლო იყო აპელანტის მოსაზრება, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების, ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის 2007 წლის 3 ივლისის ¹3-11/4373, ¹3-11/4374, ¹3-11/4375, ¹3-11/4376 ცნობებს მხოლოდ ინფორმაციული ხასიათი ჰქონდა და სამართლებრივ შედეგს არ იწვევდა. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საჯარო ინფორმაციის გაცემას მაშინ ექნებოდა ადგილი, თუ რომელიმე მესამე პირზე გაცემული იქნებოდა ინფორმაცია, თუ რა ოდენობის დავალიანება გააჩნდა ზოგადად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილ პირთა მიმართ. მოცემულ შემთხვევაში კი დავალიანების არსებობის შესახებ ინფორმაცია გაიცა უშუალოდ დაინტერესებულ პირებზე _ ქ. კ-ზე, ც. ბ-ზე, მ. და თ. მ-ებზე, რაც სხვა არაფერი იყო თუ არა ვალის აღიარება.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზე იყო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევა, რომლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ვალდებულმა პირმა მოვალეობა შეასრულა ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ, მას არ ჰქონდა უფლება მოეთხოვა შესრულებულის დაბრუნება, თუნდაც მოვალეობის შესრულებისას მას არ სცოდნოდა, რომ ხანდაზმულობის ვადა გასული იყო, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით კი, იგივე წესი გამოიყენებოდა ვალდებული პირის აღიარების შემთხვევაში.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 27 თებერვლის განჩინება საქართველოს თავდაცის სამინისტრომ საკასაციო წესით გაასაჩივრა. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, ხოლო გასაჩივრებული განჩინება დაუსაბუთებელია.

კასატორის განმარტებით, სასარჩელო მოთხოვნა ხელფასის, კვების კომპენსაციისა და ჯილდოს ნაწილში ხანდაზმულია, რადგან ამგვარ მოთხოვნებზე ვრცელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით დადგენილი სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა, თუმცა სააპელაციო სასამართლომ კანონის ხსენებული ნორმა არ გამოიყენა.

კასატორი აღნიშნავს, რომ “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლის თანახმად, საქართველოს შრომის კანონმდებლობა მოხელეებსა და დამხმარე მოსამსახურეებზე ვრცელდება ამ კანონით განსაზღვრულ თავისებურებათა გათვალისწინებით. საჯარო სამსახურთან დაკავშირებული ის ურთიერთობა, რაც ამ კანონით არ წესრიგდება, რეგულირდება შესაბამისი კანონმდებლობით. Kკასატორის მითითებით, უდავოა, რომ შრომითი ურთიერთობების მოწესრიგებისას გამოიყენებოდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმები. ამდენად, კანონიერად მიიჩნია საჯარო შრომითი-სახელშეკრულებო ურთიერთობისას წარმოშობილი დავის დროს გამოყენებულიყო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლი.

Kკასატორის განმარტებით, მოსარჩელეებსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის არსებული ურთიერთობა სახელშეკრულებო ურთიერთობა იყო იმ მარტივი გარემოებიდან გამომდინარე, რომ მოსარჩელეების განცხადება, ნების გამოვლენა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში სამსახურის დაწყების შესახებ (ოფერტი) და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თანხმობა (აქცეფტი _ ბრძანების სახით), მასთან შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ, ასევე ამ ორ სუბიექტს შორის ურთიერთობის და მათი უფლება-მოვალეობების განმსაზღვრელი სამართლებრივი აქტები ერთობლიობაში წარმოადგენდა მოსარჩელეებსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის ფაქტობრივი საჯარო შრომითი-სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობის ფაქტს და ამის დასადასტურებლად არ იყო საჭირო ერთიანი, გარკვეულ სისტემაში მოყვანილი ან გარკვეული ფორმის მქონე დოკუმენტის – ხელშეკრულების არსებობა.

Kკასატორი მიუთითებს, რომ მოსარჩელეთა მიერ მოთხოვნილი თანხა შეადგენდა ხელფასს (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგო), ჯილდოსა და კვების კომპენსაციას. ამასთან, ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურეებზე ამ კანონის მოქმედება ვრცელდებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს კონსტიტუციით, სპეციალური კანონმდებლობით ან მათ საფუძველზე სხვა რამ არ იყო დადგენილი. ამდენად, ხელფასის არსსა და მის შემადგენელ კომპონენტებზე მსჯელობისას უპირატესად გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნები, ხოლო აღნიშნულ კანონში განსხვავებული დებულებების არარსებობის შემთხვევაში, სადავო ურთიერთობა უნდა მოწესრიგებულიყო ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის ნორმებით. ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლის თანახმად, მოსამსახურის შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) მოიცავდა თანამდებობრივ სარგოს, პრემიას და კანონით გათვალისწინებულ დანამატებს. ამდენად, იმისათვის, რომ ამა თუ იმ ფინანსურ გასაცემელს მიეცეს ხელფასზე დანამატის სტატუსი და ჩაითვალოს ხელფასის შემადგენელ ელემენტად, საჭიროა, ამ ფულად გასაცემელს (ჯილდო, კვების კომპენსაცია, მატერიალური დახმარება) კანონმდებლობის მიხედვით ჰქონდეს დანამატის სტატუსი. “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, დანამატის სტატუსი მინიჭებული ჰქონდა მხოლოდ ფულად თანხებს, რომელიც გამოიანგარიშებოდა ნამსახური წლების მიხედვით. რაც შეეხება ჯილდოს, კვების კომპენსაციასა და მატერიალურ დახმარებას, ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებიდან გამომდინარე, მათ დანამატის სტატუსი არ ჰქონდათ მინიჭებული. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი მიიჩნევს, რომ კვების კომპენსაცია, ჯილდო და მატერიალური დახმარების თანხები არ წარმოადგენს ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ხელფასში შემავალ დანამატებს და ისინი ხელფასისაგან დამოუკიდებელ ფულად გასაცემელს წარმოადგენს. ამდენად, ხელფასსა და დასახელებულ ფულად გასაცემლებზე ვრცელდებოდა ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 127-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა, ხოლო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 326-ე მუხლიდან გამომდინარე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი 3 წლიანი ხანდაზმულობის ვადა.

კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის განხილვისას დაარღვია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლები, ასევე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლი და 377-ე მუხლის პირველი ნაწილი. სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსაზრება იმის თაობაზე, რომ საქმეში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მიერ 2007 წლის 3 ივლისს გაცემული შესაბამისი ცნობები ვერ ჩაითვლებოდა მოპასუხის მხრიდან ვალის აღიარებად. აღნიშნული ცნობები ინფორმაციული ხასიათის იყო და გაცემული იყო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ინფორმაციის თავისუფლების ფარგლებში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 13 მაისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2008 წლის 13 მაისის განჩინების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2008 წლის 3 ივლისამდე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მ. მ-ის, თ. მ-ის, ც. ბ-ისა და ქ. კ-ის ხელფასისა და ჯილდოს თანხების ანაზღაურების ნაწილში არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი მ. მ-ის, თ. მ-ის, ც. ბ-ისა და ქ. კ-ის ხელფასისა და ჯილდოს თანხების ანაზღაურების ნაწილში არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ ამ ნაწილში საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რაც არსებითად იმოქმედებდა საქმის განხილვის შედეგზე და განაპირობებდა ამავე ნაწილში არასწორი განჩინების მიღებას. კასატორი საკასაციო საჩივარში ამ ნაწილში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო საჩივარი დასახელებულ ნაწილში არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ამ ნაწილში არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

ამასთან, საკასაციო საჩივრის ამავე ნაწილში განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო ასევე მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მ. მ-ის კვების კომპენსაციის _ 670,40 ლარის, თ. მ-ის კვების კომპენსაციის _ 367,26 ლარის, ც. ბ-ის კვების კომპენსაციის _ 141,60 ლარისა და ქ. კ-ის კვების კომპენსაციის _ 570,55 ლარის ანაზღაურების ნაწილში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მიჩნეულ უნდა იქნეს დასაშვებად შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ ნაწილში არსებობს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძველი, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს განჩინება ამავე ნაწილში განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მ. მ-ის კვების კომპენსაციის _ 670,40 ლარის, თ. მ-ის კვების კომპენსაციის _ 367,26 ლარის, ც. ბ-ის კვების კომპენსაციის _ 141,60 ლარისა და ქ. კ-ის კვების კომპენსაციის _ 570,55 ლარის ანაზღაურების ნაწილში განსახილველად უნდა იქნეს დაშვებული და განხილულ იქნეს 2008 წლის 24 ივლისს, მხარეთა დასწრების გარეშე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მ. მ-ის, თ. მ-ის, ც. ბ-ისა და ქ. კ-ის ხელფასისა და ჯილდოს ანაზღაურების ნაწილში მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 27 თებერვლის განჩინება, რომლითაც უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება მ. მ-ის, თ. მ-ის, ც. ბ-ისა და ქ. კ-ის ხელფასისა და ჯილდოს თანხების ანაზღაურების ნაწილში;

3. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მ. მ-ის კვების კომპენსაციის _ 670,40 ლარის, თ. მ-ის კვების კომპენსაციის _ 367,26 ლარის, ც. ბ-ის კვების კომპენსაციის _ 141,60 ლარისა და ქ. კ-ის კვების კომპენსაციის _ 570,55 ლარის ანაზღაურების ნაწილში მიჩნეულ იქნეს დასაშვებად;

4. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შუამდგომლობა საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;

5. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაშვებულ ნაწილში განხილულ იქნეს 2008 წლის 24 ივლისს, მხარეთა დასწრების გარეშე;

6. მოწინააღმდეგე მხარეებს საკასაციო საჩივარზე დაშვებულ ნაწილში წერილობითი პასუხის გასაცემად მიეცეთ 10 დღის ვადა ამ განჩინების ჩაბარებიდან;

7. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.