Facebook Twitter

ბს-513-490(კ-07) 2 ოქტომბერი, 2007 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 3 აპრილის განჩინებაზე.

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

2006 წლის 2 მაისს ნ. რ-ემ სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის მიმართ და მოითხოვა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის შესაბამისად, ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის 11 აპრილის ¹05/172 ბრძანების ბათილად ცნობა და მოპასუხის დავალდებულება ნ. რ-ის შესაგებლის დაკმაყოფილებისა და ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის 20 მარტის ¹232 საგადასახადო მოთხოვნის გაუქმების შესახებ ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემის თაობაზე (იხ. ს.ფ. 1-3).

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილებით ნ. რ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის 11 აპრილის ¹05/172 ბრძანება და მოპასუხეს დაევალა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებების ხელახალი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემა (იხ. ს.ფ. 29-30).

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციამ და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 34-35).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 3 აპრილის განჩინებით ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილება (იხ. ს.ფ. 77-80).

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციამ და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 3 აპრილის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 86-89).

საკასაციო სასამართლოს 2007 წლის 28 ივნისის განჩინებით ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად და მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღე საკასაციო საჩივრის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებულ დასაშვებობის პირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად (იხ. ს.ფ. 106-107).

საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით მოსაზრება წარმოადგინა ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციამ და მოითხოვა საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა შემდეგი მოტივით:

მოსაზრების ავტორის მითითებით, საკასაციო საჩივარი დასაშვებია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის «ა» და «გ» ქვეპუნქტების შესაბამისად, რადგან საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, კერძოდ, სააპელაციო სასამართლოს განჩინების ერთადერთ სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს საგადასახადო კოდექსის მე-5 მუხლზე მითითება. მოსაზრების ავტორის მითითებით, აღნიშნული ნორმის არასწორი ინტერპრეტაციის შედეგად საქმეზე უკანონო გადაწყვეტილება იქნა მიღებული, ვინაიდან საგადასახადო კოდექსის მე-5 მუხლი ზღუდავს საგადასახადო ორგანოს გადასახადის გადამხდელის მიმართ 6 წელზე მეტი ხნის საგადასახადო პერიოდზე განახორციელოს დარიცხვა, ხოლო საქმის მასალებისა და საშემოსავლო გადასახადის პირადი ბარათის გადასინჯვის შედეგად დგინდება, რომ ნ. რ-ის მიმართ დავალიანება წარმოიშვა 1998 წელს, დავალიანების ძირითადი თანხა არ შეცვლილა და ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის მხრიდან საგადასახადო კოდექსის მე-5 მუხლი არ დარღვეულა.

მოსაზრების ავტორმა მიიჩნია, რომ აღნიშნული ნორმის სწორად განმარტებას არსებითი მნიშვნელობა აქვს ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, რაც წარმოადგენს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის უპირობო საფუძველს.

მოსაზრების ავტორის მითითებით, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, რადგან სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგებზე, კერძოდ, სააპელაციო სასამართლოს არ მიუთითებია საგადასახადო კოდექსის (2005 წლის 1 იანვრამდე მოქმედი რედაქცია) 237-ე მუხლი, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს შეუძლია დაარიცხოს, ან გადასინჯოს გადასახადის დარიცხული თანხის დარიცხვა საგადასახადო პერიოდის დამთავრებიდან 6 წლის განმავლობაში. ამდენად, მოსაზრების ავტორის მითითებთ, სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი (იხ. ს.ფ. 113-116).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც იგი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნობას ექვემდებარება თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლოს 2005 წლის 28 ივნისის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივარი; მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად (იხ. ს.ფ. 106-107).

კასატორის _ ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის წარმომადგენლის მიერ საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი მოსაზრებები არ შეიცავს დასაბუთებას, თუ რამდენად დასაშვებია საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლით განსაზღვრული დასაშვებობის წინაპირობების გათვალისწინებით, ასევე არ შეიცავს დასაბუთებას რაში მდგომარეობს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების უკანონობა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ, საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება _ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარდგენისა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის დასაბუთების ვალდებულება აკისრია თავად კასატორს, რომლის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს მითითება, თუ რომელ საფუძველზე დაყრდნობით მოითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.

მოცემულ შემთხვევაში კასატორის _ ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის მიერ არ იქნა სრულყოფილად რეალიზებული მისი საპროცესო უფლება, კერძოდ, ვერ იქნა უზრუნველყოფილი მითითება იმ საფუძვლებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნებოდა მიჩნეული.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 34.3, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.