ბს-514-491(კ-07) 19 ივნისი, 2007წ.
თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის
საქმეთა პალატამ
შემადგენლობით:
ლალი ლაზარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, შეამოწმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 5 აპრილის განჩინებაზე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2006 წლის 31 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სასარჩელო განცხადებით მიმართა ვ. ლ.-მ მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის მიმართ და სახელფასო დავალიანების _ 2339,35 ლარის ანაზღაურება მოითხოვა (ს.ფ. 2-3).
საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში განხილვისას მოსარჩელემ სარჩელის მოთხოვნა დააზუსტა და საბოლოოდ მოითხოვა 2262,85 ლარის ანაზღაურება (ს.ფ. 27).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილებით ვ. ლ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტს მის სასარგებლოდ 2262,85 ლარის ანაზღაურება დაეკისრა.
საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილება დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 18 აპრილის ¹78-კ ბრძანების საფუძველზე მოსარჩელე აღდგენილ იქნა სამსახურში და ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის ადმინისტრაციის ...-ის განყოფილების ...-ის თანამდებობაზე დაინიშნა, საიდანაც 2005 წლის 2 ივნისს გათავისუფლდა. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის 2006 წლის 3 აგვისტოს ¹01-2-19/17122 წერილის თანახმად, აფხაზეთის საბაჟო სამმართველოში მუშაობის პერიოდში მოსარჩელის სასარგებლოდ რიცხული 1998, 1999, 2000 და 2003 წლების საბიუჯეტო დავალიანება შეადგენდა სულ 2339,35 ლარს, ხოლო კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების გამოკლებით _ 2262,85 ლარს.
საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლის თანახმად, მოსამსახურეს უფლება აქვს, სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო. ამავე კანონის მე-14 მუხლის თანახმად, საქართველოს შრომის კანონმდებლობა მოხელეებზე ვრცელდება აღნიშნული კანონით განასზღვრულ თავისებურებათა გათვალისწინებით და საჯარო სამსახურთან დაკავშირებული ის ურთიერთობა, რაც აღნიშნული კანონით არ არ წესრიგდება, რეგულირდება შესაბამისი კანონმდებლობით. შრომის კანონთა კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, რომელიც მოსარჩელის სამსახურიდან დათხოვნისას მოქმედებდა, მოსამსახურეს მისი დათხოვნისას დაწესებულებისგან კუთვნილი მთელი თანხა ეძლეოვა დათხოვნის დღეს, ხოლო თუ მუშაკი დათხოვნის დღეს არ მუშაობდა, მაშინ არა უგვიანეს შემდეგი დღისა დათხოვნილი მუშაკის მიერ ანგარიშსწორების შესახებ მოთხოვნის წარდგენიდან. ამდენად, ვ. ლ.-ს სახელფასო დავალიანების მოთხოვნის უფლება მაშინ წარმოეშვა, როდესაც იგი პირველად იქნა განთავისუფლებული სამსახურიდან, ანუ 2004 წლის 2 აგვისტოს. ამასთან, სასამართლოს მითითებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის შესაბამისად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოებების არსებობის ან არარსებობის დადასტურება, რომელზეც მეორე მხარე თავის მოთხოვნას თუ შესაგებელს ამყარებს, სასამართლოს შეუძლია საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და გადაწყვეტილებას საფუძვლად დაუდოს. მოპასუხემ დაადასტურა დავალიანების არსებობა, რითაც, ფაქტობრივად, აღიარა მოთხოვნის არსებობა (ს.ფ. 30-32).
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით ვ. ლ.-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა შემდეგი მოტივებით:
აპელანტის მითითებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტმა სახელფასო დავალიანებები იმის გამო ვერ დაფარა, რომ ბიუჯეტში ეს თანხები რამდენჯერმე იქნა სეკვესტრირებული. ამასთან, 2006 წლის “სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” კანონის მე-6, მე-8 და მე-40 მუხლების შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავალიანების დასაფარავად გამოეყო 58778.5 მილიონი ლარი, აქედან 3,0 მილიონი ლარი _ სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულებისათვის, რაც, აპელანტის მითითებით, იმას ნიშნავს, რომ აღნიშნული დავალიანებები უნდა გასცეს ფინანსთა სამინისტრომ. ამასთან, აღნიშნული საკითხი ანალოგიურად რეგულირდებოდა 2005 წლის “სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” კანონის 39.7 მუხლით (ს.ფ. 36-37)
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 5 აპრილის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. მართებულად გამოიყენა “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 და 37-ე, შრომის კანონთა კოდექსის 96-ე და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლები.
აპელანტის მითითება ბიუჯეტში თანხების სეკვესტრირებისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულებისათვის თანხის ფინანსთა სამინისტროსათვის გამოყოფის მოტივით ამ უკანასკნელისათვის დავალიანების თანხის ანაზღაურების დაკისრების თაობაზე სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა და აღნიშნა, რომ ხსენებული ნორმით მოწესრიგებულია კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებისათვის ფინანსური უზრუნველყოფის საკითხი, ხოლო მოცემულ შემთხვევაში დავის საგანია სახელფასო დავალიანების ანაზღაურება. ვ. ლ.-ე შრომით ურთიერთობაში იმყოფებოდა ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტთან და არა საკუთრივ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან. სამოქალაქო კოდექსის თანახმად, ვალდებულებითი ურთიერთობები წარმოიშობა სახელშეკრულებო, დელიქტური ან უსაფუძვლო გამდიდრებიდან წარმოშობილი სამართალურთიერთობებიდან. ვ. ლ.-სა და ფინანსთა სამინისტროს შორის ზემოაღნიშნულს ადგილი არ ჰქონია, შესაბამისად, აპელანტის მოსაზრება, რომ სახელფასო დავალიანებების გასტუმრება ფინანსთა სამინისტროს ევალება, უსაფუძვლოა, ვინაიდან ფინანსთა სამინისტროს უფლება-მოვალეობანი საბიუჯეტო პროცესის მიმართ თავისთავად არ წარმოშობს მის ვალდებულებას აანაზღაუროს ვ. ლ.-ის დავალიანება (ს.ფ. 50-53).
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით ვ. ლ.-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის მითითებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტმა სახელფასო დავალიანებები იმის გამო ვერ დაფარა, რომ ბიუჯეტში ეს თანხები რამდენჯერმე იქნა სეკვესტრირებული. სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ხარჯზე შეუძლებელია იმ მიზეზით, რომ “სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” კანონის თანახმად, წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანების დასაფარავად თანხა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აქვს გამოყოფილი და შესაბამისი მუხლები შეტანილია როგორც წინა წლების, ისე _ 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში. შემოსავლების სამსახურისათვის გამოყოფილი ზღვრული ასიგნებანი კი გასულ წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისათვის გათვალისწინებულ თანხას არ მოიცავს (ს.ფ. 49-50).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ პირობებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის შედეგზე და განაპირობა არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც მოცემული კატეგორიის დავებზე სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 5 აპრილის განჩინებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.