Facebook Twitter

ბს-51-51(კ-08) 20 მაისი, 2008 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა – მხარეთა დასწრების გარეშე

კასატორი _ რ. ჩ-ე

მოწინააღმდეგე მხარე _ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო

მესამე პირი _ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო; საქართველოს სოფლის მეურნეობის სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახური

თავდაპირველი მოსარჩელეები _ მ. ს-ე, ვ. ჩ-ი, ა. ჩ-ე, ა. გ-ე, ა. გ-ე, ვ. გ-ი, მ. ჭ-ე, ე. კ-ი, მ. წ-ე, კ. კ-ი, ლ. დ-ი, ი. მ-ე, დ. გ-ი, მ. მ-ი, ი. ნ-ე

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილება

დავის საგანი _ სახელფასო, საკომპენსაციო და სხვა დავალიანებების ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2005 წლის 4 აპრილს მ. ს-ემ, ვ. ჩ-მა, ა. ჩ-ემ, ა. გ-ემ, ა. გ-ემ, ვ. გ-მა, მ. ჭ-ემ, ე. კ-მა, მ. წ-ემ, კ. კ-მა, ლ. დ-მა, ი. მ-ემ, დ. გ-მა, მ. მ-მა, ი. ნ-ემ და რ. ჩ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართეს ქ. თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე საქართველოს შს სამინისტროს საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოსა და მესამე პირის – სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს ვეტერინარიის დეპარტამენტის მიმართ სახელფასო, საკომპენსაციო და სხვა დავალიანებების დაკისრების თაობაზე.

მოსარჩელეები სასარჩელო განცხადებაში მიუთითებდნენ, რომ წლების განმავლობაში მუშაობდნენ შს სამინისტროს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მთავარი სამმართველოს ეპიზოტიებთან ბრძოლის სამმართველოში.

საქართველოს შს სამინისტროს ეპიზოდიებთან ბრძოლის სამმართველო, სამმხრივი ხელშეკრულების თანახმად, ფინანსდებოდა საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს ვეტერინარიის დეპარტამენტის მიერ და შს სამინისტროს ეპიზოტიასთან ბრძოლის სამმართველოს მათ მიმართ ერიცხებოდა დავალიანებები.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეები ითხოვდნენ მოპასუხე ორგანიზაციებს მათ სასარგებლოდ დაკისრებოდათ, კერძოდ: 1)მ. ს-თვის სახელმწიფო დავალიანების _ 1179,57 ლარის, საკომპენსაციო თანხის _ 392,40 ლარის, მივლინების ხარჯების _ 158,00 ლარის, სულ _ 1729,97 ლარის; 2) ვ. ჩ-თვის სახელფასო დავალიანების _ 2403,74 ლარის, მივლინების ხარჯების _ 558,00 ლარის, სულ _ 2661,74 ლარის; 3) ა. ჩ-თვის _ სახელფასო დავალიანების _ 1659 ლარის, მივლინების ხარჯების _ 69 ლარის, სულ _ 1728,09 ლარის; 4) ა. გ-თვის _ სახელფასო დავალიანების _ 1168,01 ლარის, საკომპენსაციო თანხის _ 376 ლარის, მივლინების ხარჯის _ 199 ლარის, სულ _ 1743 ლარის; 5) ა. გ-თვის _ სახელფასო დავალიანების _ 3026,75 ლარის; 6) ვ. გ-თვის _ სახელფასო დავალიანების _ 2275,19 ლარის, საკომპენსაციო თანხის _ 392,40 ლარის, სულ 2667,59 ლარის; 7) გ. ჭ-თვის _ სახელფასო დავალიანების _ 3372,89 ლარის, მივლინების ხარჯების _ 579,00 ლარის, ტრანსპორტის ხარჯის _ 4875,60 ლარის, სულ 8727,49 ლარის; 8) ვ. კ-თვის _ სახელფასო დავალიანების _ 1573,89 ლარის, მივლინების ხარჯის _ 391 ლარის; სულ _ 1964,89 ლარის; 9) მ. წ-თვის _ სახელფასო დავალიანების _ 1051,90 ლარის, საკომპენსაციო თანხის _ 147,15 ლარის, სულ _ 1199,05 ლარის; 10) კ. კ-თვის _ სახელფასო დავალიანების _ 3266,91 ლარის; 11) ლ. დ-თვის _ სახელფასო დავალიანების _ 351,60 ლარის; 12) ი. მ-თვის _ სახელფასო დავალიანების _ 2273,92 ლარის; 13) რ. ჩ-თვის _ სახელფასო დავალიანების _ 1804 ლარის, 14) რ. ნ-თვის _ სახელფასო დავალიანების _ 2302,96 ლარის, სამივლინებო ხარჯების _ 504 ლარის, სულ _ 2817 ლარის; 15) მ. მ-თვის _ სახელფასო დავალიანების _ 1102,13 ლარის, მივლინების ხარჯის _ 221 ლარის, სულ _ 1323 ლარის; 16) დ. გ-თვის _ სახელფასო დავალიანების _ 2069,86 ლარის ანაზღაურება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 2 ნოემბრის განჩინებით საქმეში მესამე პირად ასკ-ის 16.2 მუხლით ჩაება საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.

2005 წლის 28 ნოემბერს მოსარჩელეებმა: მ. ს-ემ, ვ. ჩ-მა, ა. ჩ-ემ, ა. გ-ემ, ა. გ-ემ, ვ. გ-მა, მ. ჭ-ემ, ე. კ-მა, მ. წ-ემ, კ. კ-მა, ლ. დ-მა, ი. მ-ემ, დ. გ-მა, მ. მ-მა, ი. ნ-ემ და რ. ჩ-ემ დაზუსტებული სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების: საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და მესამე პირის – საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს ვეტერინარიის დეპარტამენტის მიმართ, რომლითაც მოითხოვეს თავდაპირველ სარჩელში მითითებული სახელფასო და საკომპენსაციო თანხების დავალიანებების მოპასუხებისათვის დაკისრება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 11 მაისის გადაწყვეტილებით მ. ს-ის, ვ. ჩ-ის, ა. ჩ-ის, ა. გ-ის, ა. გ-ის, ვ. გ-ის, მ. ჭ-ის, ე. კ-ის, მ. წ-ის, კ. კ-ის, ლ. დ-ის, ი. მ-ის, დ. გ-ის, მ. მ-ის, ი. ნ-ისა და რ. ჩ-ის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მოსარჩელეთა სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო დავალიანების, კერძოდ: 1) მ. ს-თვის – 573,64 ლარის; 2) ვ. ჩ-თვის _ 1031,75 ლარის; 3) ა. ჩ-თვის – 889,74 ლარის; 4) ა. გ-თვის _ 559,1 ლარის; 5) ა. გ-თვის – 1364,34 ლარის; 6) ვ. გ-თვის – 1105,28 ლარის; 7) გ. ჭ-თვის – 776,72 ლარის; 8) ე. კ-თვის – 776,72 ლარის; 9) მ. წ-თვის – 413,55 ლარის; 10) კ. კ-თვის – 1662,36 ლარის; 12) ი. მ-თვის – 1192,81 ლარის; 13) რ. ჩ-თვის – 694,27 ლარის, 14) რ. ნ-თვის – 1091,01 ლარის; 15) მ. მ-თვის – 475,26 ლარის; 16) დ. გ-თვის – 1577,69 ლარის ანაზღაურება; ხოლო სასარჩელო განცხადება კვების კომპენსაციის, წელთა ნამსახურობის დანამატისა და სამივლინებო ხარჯების ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა ხანდაზმულობისა და უსაფუძვლობის მოტივით.

საქალაქო სასამართლო გადაწყვეტილებაში მიუთითებდა, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო არის აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანო, რომელიც დებულების თანახმად ახორციელებს სახელმწიფო მმართველობას საფინანსო საბიუჯეტო, საგადასახადო და საბაჟო სფეროში, უზრუნველყოფს საბიუჯეტო კანონმდებლობის დაცვასა და შესრულებაზე კონტროლს. თავისი ფუნქციების განხორციელებისას ფინანსთა სამინისტრო წარმოადგენს სახელმწიფოს. სამინისტროს ფუნქციაა საქართველოს კონსტიტუციისა და მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე ქვეყნის საფინანსო სისტემის მართვისა და საფინანსო საბიუჯეტო პოლიტიკის რეგულირების ღონისძიების გატარება, ცენტრალური ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი საბიუჯეტო ორგანიზაციების ვალდებულებათა რეგისტრაცია დადგენილი წესის მიხედვით; საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ რეგისტრირებული საბიუჯეტო ვალდებულების დამოწმების შესაბამისად გადახდა დადგენილი წესის მიხედვით; უკან დასაბრუნებელ სახელმწიფო შემოსულობათა დაბრუნების პროცესის მართვა, აღრიცხვა და ანგარიშგება და სხვა ფუნქციების განხორციელება. მოპასუხეების განმარტებით, ფინანსთა სამინისტროს მიერ გადმორიცხული თანხები მოსარჩელეთა დავალიანების დასაფარად, უკან გადაერიცხა ფინანსთა სამინისტროს, რადგან საქართველოს შს სამინისტროს არ გააჩნდა სპეცანგარიშები გადარიცხული თანხების ჩასარიცხად, ამდენად, საქალაქო სასამართლოს მოსაზრებით, ამჟამად მოსარჩელეთა სახელფასო დავალიანების გაცემაზე ვალდებულება ეკისრება ფინანსთა სამინისტროს.

“პოლიციის შესახებ” კანონის 31-ე მუხლის თანახმად, პოლიციის თანამშრომელი სამსახურისათვის იღებს ხელფასს, რომელიც შეიცავს თანამდებობრივ სარგოს და სპეციალური წოდებისათვის დადგენილ განაკვეთს. პოლიციელს, გარდა ხელფასისა, შეუძლია მიიღოს ნამსახურობის დანამატი და სხვა დანამატები. ამდენად, ხელფასის ცნებაში არ იგულისხმება კვების კომპენსაცია, წელთა ნამსახურობის დანამატი და სხვა დანამატები.

საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელეთა მოთხოვნა მოპასუხისათვის ხელფასის გარდა სხვადასხვა დანამატების, მათ შორის მივლინებისა და სხვა საკომპენსაციო დანამატების, დაკისრების თაობაზე და განმარტა, რომ სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია. იმავე კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დენა იწყება იმ დღეს, როდესაც წარმოიშვა მოთხოვნის უფლება. მოთხოვნის უფლება წარმოიშობა იმ დღეს, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო მისი უფლების დარღვევის შესახებ. სამოქალაქო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, თუ მოთხოვნის წარმოშობა დამოკიდებულია კრედიტორის მოქმედებაზე, ხანდაზმულობა იწყება იმ დღიდან, როცა კრედიტორს შეეძლო განეხორციელებინა ეს მოქმედება. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეებმა სასამართლოს მიმართეს 2005 წელს, სსკ-ის 129-ე მუხლის მეორე ნაწილით დადგენილი სამწლიანი ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდგომ.

ამასთან, საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ მოსარჩელეებმა მიმართეს მოპასუხეებს 2002-2003 წლების კვების კომპენსაციისა და სხვა დანამატების გაცემის მოთხოვნით და მოპასუხეებმა უარი განაცხადეს მის გაცემაზე. ამდენად, მოსარჩელეებს უნდა აუნაზღაურდეთ მხოლოდ 1999-2003 წლების სახელფასო დავალიანება. “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 37-ე მუხლის თანახმად, ამ კანონის მე-9 მუხლის საფუძველზე, მოსამსახურეს უფლება აქვს, სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო (ხელფასი). 14.2 მუხლის თანახმად, საჯარო სამსახურთან დაკავშირებული ის ურთიერთობები, რაც ამ კანონით არ წესრიგდება, რეგულირდება შესაბამისი ნორმებით, შრომის კანონთა კოდექსის 96-ე მუხლის მიხედვით, მიუღებელ ხელფასზე ხანდაზმულობის ვადები არ ვრცელდება, ვინაიდან მუშას ან მოსამსახურეს მისი დათხოვნისას კუთვნილი თანხა ეძლევა მთლიანად.

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს რ. ნ-ემ და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ.

აპელანტი რ. ნ-ე სააპელაციო საჩივრით ითხოვდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 11 მაისის გადაწყვეტილების, სასარჩელო განცხადების დაუკმაყოფილებლობის ნაწილში, გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მისთვის სახელფასო დავალიანების ნაცვლად 1901 ლარისა და სამივლინებო თანხის – 504 ლარის ოდენობით ანაზღაურებას.

მეორე აპელანტი – საქართველოს ფინანსთა სამინისტრო სააპელაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ საქალაქო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანისას არ იქნა გათვალისწინებული ის გარემოება, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო არ წარმოადგენს სათანადო მოპასუხეს, ვინაიდან მოსარჩელეები მუშაობდნენ შს სამინისტროს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მთავარი სამმართველოს ეპიზოტიებთან ბრძოლის სამმართველოში, რომელიც სამმხრივი ხელშეკრულების თანახმად, ფინანსდებოდა საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს ვეტერინაარის დეპარტამენტის მიერ და ამდენად, მოპასუხედ ჩამბული უნდა ყოფილიყო ის ორგანო, რომელთანაც შრომით ურთიერთობაში იმყოფებოდნენ მოსარჩელეები. შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, როგორც არასათანადო მოპასუხე, უნდა შეცვლილიყო სათანადო მოპასუხით.

აპელანტის განმარტებით, საქალაქო სასამართლომ არასწორად გამოიყენა ,,საჯარო სამსახურის შესხებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლი, აგრეთვე საქართველოს Dშრომის კანონთა კოდექსის” 96-ე მუხლი, ვინაიდან აღნიშნული ნორმები არ არეგულირებს სამსახურიდან გათავისუფლებულ საჯარო მოსამსახურეებზე კუთვნილი თანხის გაცემის წესს. აღნიშნული საკითხი რეგულირებულია სპეციალური ნორმით ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 1341-ე მუხლით, რომლის შესაბამისად, 2005 წლის 1 იანვრამდე სამსახურიდან გათავისუფლებულ საჯარო მოსამსახურეებზე კუთვნილი თანხის (გარდა ამ კანონით განსაზღვრული კომპენსაციისა) გაცემა უნდა განხორციელდეს წინა წლებში წარმოქმნილი საბიუჯეტო დავალიანების დაფარვის წესის შესაბამისად”, ანუ ,,საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონით.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი ითხოვდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 11 მაისის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელეებისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილებით საქმეში ვეტერინარიის დეპარტამენტის უფლებამონაცვლედ ჩაება საქართველოს სოფლის მეურნეობის სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახური.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილებით რ. ნ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 11 მაისის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით მ. ს-ის, ვ. ჩ-ის, ა. ჩ-ის, ა. გ-ის, ა. გ-ის, ვ. გ-ის, მ. ჭ-ის, ე. კ-ის, მ. წ-ის, კ. კ-ის, ლ. დ-ის, ი. მ-ის, დ. გ-ის, მ. მ-ის, ი. ნ-ისა და რ. ჩ-ის სასარჩელო განცხადება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ სახელფასო დავალიანების ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებაში მიუთითებდა, რომ მოსარჩელეები შრომით ურთიერთობაში იმყოფებოდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, წარმოადგენდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი სამმართველოს თანამშრომლებს და შესაბამისად, მათ მიმართ სახელფასო დავალიანების გადახდისათვის უფლებამოსილ პირს წარმოადგენდა შინაგან საქმეთა სამინისტრო. ის გარემოება, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ეპიზოტიასთან ბრძოლის სამმართველო სამმხრივი ხელშეკრულების თანახმად, ფინანსდებოდა საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს ვეტერინარიის დეპარტამენტიის მიერ, რომლის უფლებამონაცვლეა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახური, წარმოადგენს ამ უკანასკნელთა შორის სახელშეკრულებო დავის საგანს და გავლენას არ ახდენს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოვალეობაზე, გასცეს თანამშრომელთა კუთვნილი შრომის საზღაური.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოსამსახურის მიმართ წარმოქმნილი დავალიანების დაკისრება საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის, არ გამომდინარეობს საქართველოს შრომის კანონმდებლობიდან. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ძირითადი ფუნქცია არის ზოგადი, როგორიცაა: ქვეყნის საფინანსო სისტემის მართვა, საფინანსო საბიუჯეტო პოლიტიკის რეგულირება, ბიუჯეტის დაფინანსებზე მყოფი ორგანიზაციების ვალდებულებათა რეგისტრაცია და სხვა, ამიტომ არის უმართებულო აღნიშნული სამინისტროსათვის კონკრეტულად განსაზღვრული დავალიანების ანაზღაურების დაკისრება.

ამასთან, სააპელაციო სასამართლოს მითითებით, სააპელაციო პალატის სხდომაზე სასამართლომ რამდენჯერმე შესთავაზა აპელანტს არასათანადო მოპასუხის სათანადო მოპასუხით შეცვლა, რაზედაც ამ უკანასკნელმა უარი განაცხადა.

მითითებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა რ. ჩ-ემ.

კასატორი საკასაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ სასამართლომ დავის გადაწყვეტისას არ გამოიყენა საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლი, რომლის შესაბამისადაც, მხარეები თავად განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონ იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის თაობაზე და თავიდანვე უთითებენ მოპასუხე მხარეს. Mმის მიერ სარჩელის შეტანისას განისაზღვრა როგორც დავის საგანი, ისე მოპასუხე მხარეც, კერძოდ, მოპასუხედ დასახელებულ იქნა როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომლის თანამშრომელსაც ის წარმოადგენდა, ასევე საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრო, რომლის საქვეუწყებო დაწესებულებასაც წარმოადგენს ვეტერინარიის დეპარტამენტის სამართალმემკვიდრე – სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახური, რომლისგანაც ფინანსდებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ეპიზოტიასთან ბრძოლის სამმართველო სამმხრივი ხელშეკრულების საფუძველზე და საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, რომელიც ,,სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად ახდენს სახელმწიფო უწყებების დაფინანსებას.

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლი, რომლითაც მოსარჩელეს ეძლევა შესაძლებლობა, მოპასუხის არასწორად ჩართვის შემთხვევაში, შეცვალოს იგი სათანადო მოპასუხით.

ამასთან, კასატორის განმარტებით, საქმეში არ მოიპოვება არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ მან პოზიცია შეიცვალა და თანახმა იყო მოპასუხედ საქმეში ყოფილიყო მხოლოდ ფინანსთა სამინისტრო.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო განცხადების დაკმაყოფილებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ რ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი ექვემდებარება ნაწილობრივ დაკმაყოფილებას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 26 მარტის განჩინებით, რ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი დაშვებულ იქნა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის “გ” პუნქტის საფუძველზე, როგორც პროცესუალური კასაცია, კერძოდ, კასატორი მიიჩნევს, რომ საქმე სააპელაციო სასამართლოს მიერ განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლომ კასატორის პრეტენზიის საფუძველზე შეამოწმა სააპელაციო სასამართლოს მხრიდან საპროცესო ნორმების გამოყენების კანონიერება და თვლის, რომ სახეზეა სამოქალაქო საპროცესო ნორმების არსებითი დარღვევა, რაც, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, უნდა იქცეს წინამდებარე გადაწყვეტილების კასატორის მოთხოვნის ნაწილში გაუქმების საფუძვლად.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს საქმის მასალებს და აღნიშნავს შემდეგს: თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 11 მაისის გადაწყვეტილებით მოსარჩელეების მ. ს-ის, ვ. ჩ-ის, ა. ჩ-ის, ა. გ-ის, ს. გ-ის, ვ. გ-ის, მ. ჭ-ის, ე. კ-ის, მ. წ-ის, კ. კ-ის, ლ. დ-ის, ი. მ-ის, დ. გ-ის, მ. მ-ის, რ. ნ-ისა და რ. ჩ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაეკისრა ზემოაღნიშნულ პირთა სახელფასო დავალიანების ანაზღაურება.

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ფიზიკური პირის _ რ. ნ-ის მიერ.

საკასაციო სასამართლო ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ რ. მ-ის მიერ გადაწყვეტილება გასაჩივრდა მხოლოდ მის ნაწილში, მას არ გააჩნდა უფლებამოსილება, პროცესზე წარმოედგინა დანარჩენი მოსარჩელეები.

სააპელაციო სასამართლოს მხრიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრის სრულად დაკმაყოფილების ძირითად მოტივად იქცა ის გარემოება, რომ სახელფასო დავალიანების ანაზღაურება ევალებოდა საქართველოს შს სამინისტროს, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტრო წინამდებარე დავაში წარმოადგენდა არასათანადო მოპასუხეს, ხოლო მხარემ (მოსარჩელემ) უარი განაცხადა არასათანადო მოპასუხის სათანადოდ შეცვლაზე.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 86-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, სარჩელი შეიძლება წარდგენილ იქნეს ერთად რამდენიმე მოსარჩელის მიერ ან რამდენიმე მოპასუხის მიმართ, თუ: სარჩელის საგანს წარმოადგენს საერთო უფლება; სასარჩელო მოთხოვნები გამომდინარეობს ერთი და იმავე საფუძვლებიდან და სასარჩელო მოთხოვნები ერთგვაროვანია, მიუხედავად იმისა, ერთგვაროვანია თუ არა საფუძველი და საგანი.

' წინამდებარე შემთხვევაში მოსარჩელეთა მოთხოვნები გამომდინარეობს ერთი და იმავე საფუძვლებიდან, რის შედეგადაც სახეზეა თანამონაწილეობა პროცესში, კერძოდ, ადგილი აქვს ფაკულტატურ თანამონაწილეობას, რა შემთხვევაშიც თითოეული თანამონაწილე პროცესზე გამოდის დამოუკიდებლად, რაც ნიშნავს იმას, რომ ერთ-ერთი თანამონაწილის მიერ ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შესრულებამ თუ შეუსრულებლობამ არ შეიძლება რაიმე ზიანი მიაყენოს სხვა თანამონაწილეებს ან ზეგავლენა მოახდინოს მათ უფლებებზე.

მითითებული მოთხოვნების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს დაუშვებლად მიაჩნია რ. მ-ის მხრიდან არასათანადო მოპასუხის სათანადო მოპასუხით შეცვლაზე გაცხადებულმა უარმა დანარჩენი თანამოპასუხეების მიმართ დააყენოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლით განსაზღვრული შედეგი.

ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ კასატორ რ. ჩ-ზე ვერ გავრცელდება ის სამართლებრივი შედეგი, რაც მოჰყვა რ. მ-ის საპროცესო მოქმედებას, რა თვალსაზრისითაც, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს კასატორის არგუმენტაციას და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მხრიდან სახეზეა ისეთი საპროცესო ხასიათის დარღვევა, რამაც აშკარა გავლენა იქონია კასატორის უფლებებზე.

ამასთან, საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნებს, რომლის შესაბამისადაც საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში და აღნიშნავს, გამომდინარე იქიდან, რომ საკასაციო სასამართლო ვერ გასცდება კასაციის ფარგლებს, ის არ არის უფლებამოსილი, გადაწყვეტილება გააუქმოს დანარჩენ მოსარჩელეთათვის სარჩელის დაუკმაყოფილებლობის ნაწილში და გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას აუქმებს მხოლოდ რ. ჩ-ის ნაწილში.

აქვე, საკასაციო სასამართლო საჭიროდ მიიჩნევს სააპელაციო სასამართლომ ყურადღება მიაქციოს საქმეში (ს.ფ. 105) განთავსებულ დაზუსტებულ სასარჩელო მოთხოვნას, სადაც მოპასუხეებად დასახელებული არიან საქართველოს ფინანსთა სამინისტრო და საქართველოს შს სამინისტრო და თვლის, რომ საქმის ხელახლა არსებითად განხილვისას სააპელაციო სასამართლომ უნდა გამოარკვიოს, არის თუ არა სახეზე სარჩელზე უარის თქმის, გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში წარმოდგენილი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის II ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. რ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილება რ. ჩ-ის სარჩელის დაუკმაყოფილებლობის ნაწილში და საქმე ამ ნაწილში ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.