Facebook Twitter

¹ბს-515-492(კ-07) 4 იანვარი, 2008 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე ნუგზარ სხირტლაძე(მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე

ლალი ლაზარაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა გ. ც-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

14.05.01წ. გ. ც-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურის მიმართ. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის 19.03.99წ. ¹83/3 ბრძანებით დაინიშნა საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურის ეკონომიკურ ურთიერთობათა და მატერიალური რესურსების სამმართველოს ქ. ... კულტურულ-კომერციული ცენტრის ..... მშენებლობის დარგში. ამავე ბრძანებით ქ. .... კულტურულ-კომერციული ცენტრის დირექტორს დაევალა გ. ც-ან შრომითი ხელშეკრულების დადება. 10.01.99წ. გ. ც-ესა და ხსენებული ცენტრის დირექტორს შორის დაიდო შრომითი კონტრაქტი 1999 წლის 31 დეკემბრამდე. კონტრაქტის 6.2 მუხლის თანახმად, თუკი კონტრაქტის ვადის გასვლისას რომელიმე მხარე არ მოითხოვდა მის შეწყვეტას, იგი გრძელდებოდა განუსაზღვრელი ვადით. კონტრაქტის 3.1 მუხლის თანახმად, გ. ც-ეს ყოველთვიური ხელფასის ოდენობად განესაზღვრა 1050 აშშ დოლარი, 3.3 მუხლის თანახმად, ხელფასი უნდა მიეღო ყოველთვიურად, კონტრაქტის 3.4 მუხლით დადგენილი იყო, რომ გ. ც-ეს კონტრაქტის შეწყვეტისას უნდა მიეღო გამოსასვლელი თანხა ერთი თვის ხელფასის ოდენობით. მოსარჩელის განცხადებით, 24.05.2000წ. დამქირავებელმა გ. ც-ეს ოფიციალურად აცნობა მასთან შრომითი კონტრაქტის შეწყვეტის შესახებ. გ. ც-ე შრომითი კონტრაქტით გათვალისწინებულ მოვალეობებს ასრულებდა 17 თვის განმავლობაში _ 1999 წლის იანვრიდან 2000 წლის მაისის ჩათვლით და, შესაბამისად, შრომის კანონთა კოდექსის მე-16, 75-ე, 94-ე და 96-ე მუხლების საფუძველზე, ხელფასის სახით უნდა მიეღო 17 850 აშშ დოლარი, აგრეთვე, ერთი თვის ხელფასი _ 1050 აშშ დოლარი გამოსასვლელი თანხის სახით, სულ _ 18 900 აშშ დოლარი, რაც მას არ მიუღია. მოსარჩელემ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 403-ე მუხლის პირველ ნაწილსა და 394-ე მუხლის პირველ ნაწილზე და განმარტა, რომ მოპასუხე საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურმა დაარღვია შრომის კანონმდებლობითა და შესაბამისი შრომითი ხელშეკრულებით მასზე დაკისრებული მოვალეობები _ არ გადაუხადა მას შესაბამისი შრომითი კონტრაქტით გათვალისწინებული ხელფასი და გამოსასვლელი დახმარება, რითაც მოსარჩელეს მიადგა მნიშვნელოვანი მატერიალური ზარალი. მოსარჩელემ მის სასარგებლოდ 17850 აშშ დოლარის ოდენობით სახელფასო დავალიანების, 1050 აშშ დოლარის ოდენობით გამოსასვლელი დახმარების, სულ კი _ 18 900 აშშ დოლარის, აგრეთვე, ყოველ ვადაგადაცილებულ თვეზე ძირითადი თანხის 2%-ის, სულ კი აღნიშნული თანხის 24%-ის _ 4 536 აშშ დოლარის მოპასუხისთვის დაკისრება მოითხოვა.

საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურმა არ ცნო გ. ც-ის სარჩელი და აღნიშნა, რომ საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახური არ იყო სათანადო მოპასუხე, ვინაიდან მოსკოვის კულტურულ-კომერციული ცენტრი ექვემდებარებოდა საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურის ეკონომიკურ ურთიერთობათა და მატერიალური რესურსების სამმართველოს და შესაბამისი შრომითი ხელშეკრულებაც გაფორმდა აღნიშნული სამმართველოს უფროსს, იგივე მოსკოვის კულტურულ-კომერციული ცენტრის დირექტორსა და გ. ც-ეს შორის. საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურის ეკონომიკურ ურთიერთობათა და მატერიალური რესურსების სამმართველო, რომელიც ფუნქციონირებდა საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურის მიერ დამტკიცებული დებულების საფუძველზე, აღნიშნული დებულების მიხედვით, სარგებლობდა იურიდიული პირის უფლებებით, მოქმედებდა სრული სამეურნეო ანგარიშისა და თვითდაფინანსების პრინციპებით, თავისი საქმიანობის შედეგად მიღებული შემოსავლების ხარჯზე აყალიბებდა სხვადასხვა ფონდს, მათ შორის, სახელფასო ფონდს, საიდანაც გასცემდა .... კულტურულ-კომერციული ცენტრის თანამშრომელთა ხელფასებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, შესაბამისი ხელშეკრულების პირობათა შეუსრულებლობის გამო, პრეტენზიების ერთადერთი ადრესატი შეიძლებოდა ყოფილიყო მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურის ეკონომიკურ ურთიერთობათა და მატერიალური რესურსების სამმართველო, რომლის სამართალმემკვიდრესაც წარმოადგენდა შპს “...”. შესაგებლის ავტორის განმარტებით, საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურის ეკონომიკურ ურთიერთობათა და მატერიალური რესურსების სამმართველოს უფროსს არ ჰქონდა უფლება, გაეგრძელებინა გ. ც-ან დადებული შრომითი კონტრაქტი განუსაზღვრელი ვადით, ვინაიდან აღნიშნული ხელშეკრულება დათარიღებული იყო 1999 წლის 10 იანვრით, ხოლო საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურის ეკონომიკურ ურთიერთობათა და მატერიალური რესურსების სამმართველოს ქ. .... კულტურულ-კომერციული ცენტრის დირექტორის მოადგილედ მშენებლობის დარგში გ. ც-ის დანიშვნის შესახებ ბრძანება გამოიცა 19.03.99წ., რომლის მიხედვითაც შრომითი კონტრაქტი უნდა გაფორმებულიყო 1999 წლის 19 მარტიდან იმავე წლის 20 აგვისტომდე. მოპასუხის აზრით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი გ. ც-ან დადებული შრომითი ხელშეკრულება 1999 წლის 19 მარტამდე და 1999 წლის 20 აგვისტოს შემდეგ მოქმედების ნაწილში. შპს “....” დირექტორის 13.07.01წ. ¹.... წერილიდან ირკვეოდა შემდეგი: 1998-1999 წლებში გ. ც-ე არ ყოფილა მივლინებული ქ. ..., მასთან დადებული კონტრაქტით გათვალისწინებულ სამუშაოთა შესასრულებლად და, შესაბამისად, არავითარი სამუშაო არ შეუსრულებია. საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 75-ე მუხლიდან გამომდინარე, მოსარჩელის მოთხოვნა იყო უსაფუძვლო, მით უმეტეს, რომ გასული იყო აღნიშნული კოდექსის 204-ე მუხლით გათვალისწინებული სასარჩელო ხანდაზმულობის სამთვიანი ვადა, ხოლო სახელფასო დავალიანებასთან ერთად ძირითადი თანხის პროცენტის მოთხოვნისას, მოსარჩელემ ვერ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლის პირველ პუნქტზე და თავისი სასარჩელო მოთხოვნები საერთოდ არასწორად დაასაბუთა სამოქალაქო კოდექსის 361-ე, 394-ე და 403-ე მუხლებზე მითითებით. შესაგებლის ავტორმა მოითხოვა საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურის, როგორც არასათანადო მოპასუხის, შეცვლა სათანადო მოპასუხით _ ეკონომიკურ ურთიერთობათა და მატერიალური რესურსების სამმართველოს სამართალმემკვიდრე შპს “...”, აგრეთვე, უსაფუძვლობისა და ხანდაზმულობის მოტივით, მოსარჩელისთვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 04.09.01წ. საოქმო განჩინებით მოცემულ საქმეში თანამოპასუხედ ჩაება შპს “...”, ხოლო საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახური ამავე საქმეში დარჩა მოპასუხედ.

საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურმა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოში წარადგინა შეგებებული სარჩელი, რომელშიც მიუთითა იმავე გარემოებებზე, რომლებიც მითითებული იყო მის მიერ წარმოდგენილ შესაგებელში და ითხოვა გ. ც-ან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების მე-6 მუხლის 6.1 და 6.2 პუნქტების ბათილად ცნობა.

თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 18.02.02წ. გადაწყვეტილებით გ. ც-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურის ეკონომიკურ ურთიერთობათა და მატერიალური რესურსების სამმართველოს სამართალმემკვიდრე შპს “....” მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო დავალიანების 18 900 აშშ დოლარისა და მისი პროცენტის _ 4536 აშშ დოლარის გადახდა ეროვნულ ვალუტაში შესაბამისი კურსით, აღნიშნული თანხებიდან 1999 წლის 19 მარტიდან იმავე წლის 20 აგვისტომდე პერიოდის ხუთი თვის ხელფასის თანხის _ 5 250 აშშ დოლარის შესაბამისი კურსით ეროვნული ვალუტაში მოსარჩელისთვის გადახდა შპს “...” და საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურს დაევალათ ერთობლივად, საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 18.02.02წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურმა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსთვის დაბრუნება მოითხოვა.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 28.05.03წ. განჩინებით საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 18.02.02წ. გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოში საქმის განხილვისას საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენელმა უარი თქვა შეგებებულ სარჩელზე.

თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 22.07.03წ. გადაწყვეტილებით გ. ც-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხე საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურს გ. ც-ის სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო დავალიანების _ 6300 აშშ დოლარისა და დანარიცხი პროცენტის _ 1411 აშშ დოლარის, სულ _ 7 711 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდა. გ. ც-ეს უარი ეთქვა სახელფასო 12600 აშშ დოლარისა და პროცენტის _ 3125 აშშ დოლარის გადახდაზე. საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურის შეგებებულ სარჩელზე წარმოება შეწყდა.

თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 22.07.03წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრა საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურმა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და მოსარჩელისთვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 22.07.03წ. გადაწყვეტილებაზე გ. ც-ემ თბილისის საოლქო სასამართლოში წარადგინა შეგებებული სააპელაციო საჩივარი და გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, მისი სარჩელის სრულად დაკმაყოფილება და საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურისთვის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 04.06.04წ. გადაწყვეტილებით საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გ. ც-ის შეგებებული სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 22.07.03წ. გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც გ. ც-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 04.06.04წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. ც-ემ და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სასარჩელო განცხადების დაკმაყოფილება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 26.11.04წ. განჩინებით გ. ც-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 04.06.04წ. გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილვევად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

საკასაციო პალატამ მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით არ დაასაბუთა, რატომ არ უნდა ჩაითვალოს დადებულად საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურის (ამჟამად საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურის სალიკვიდაციო კომისია) სახაზინო-ეკონომიკურ ურთიერთობათა და მატერიალური რესურსების დეპარტამენტის უფროს, საქართველოს კულტურულ-კომერციული ცენტრის დირექტორსა და მოსარჩელე გ. ც-ეს შორის 10.01.99წ. გაფორმებული კონტრაქტი. საკასაციო სასამართლოს განცხადებით, სააპელაციო სასამართლომ სრულყოფილად არ გამოიკვლია, ჰქონდა თუ არა ზ. კ-ს მინიჭებული აღნიშნული კონტრაქტის დადების უფლებამოსილება.

საკასაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახური (შემდგომში საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურის სალიკვიდაციო კომისია) თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოში შეტანილ შესაგებელში სადავოდ არ ხდიდა ზემოაღნიშნული კონტრაქტის გაფორმებისას ზ. კ-ის უფლებამოსილებას. პირველი და სააპელაციო ინსტანციების სასამართლოებში საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახური (ამჟამად საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურის სალიკვიდაციო კომისია) სადავოდ ხდიდა ხელფასის ოდენობას, მოპასუხის სათანადოობასა და სარჩელის მიღების კანონიერებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება იმის თაობაზე, რომ გ. ც-ე, ფაქტობრივად, დაშვებული არ იყო სამუშაოზე იმ პირის მიერ, ვისაც ამ სამუშაოზე მიღებისა და გათავისუფლების უფლება ჰქონდა. საკასაციო სასამართლოს აზრით, სააპელაციო სასამართლომ არ შეაფასა საქმეში დაცული რუსეთის ფედერაციაში საქართველოს კულტურულ-კომერციული ცენტრის დებულება, რომლის 4.4 და 4.5 პუნქტების თანახმად, აღნიშნული ცენტრის დირექტორი დამოუკიდებლად განსაზღვრავდა ცენტრის სტრუქტურას და ადგენდა მის საშტატო განრიგს. საკასაციო სასამართლოა აზრით, სააპელაციო პალატამ არ შეაფასა საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურის სახაზინო საწარმოს _ “ეკონომიკურ ურთიერთობათა და მატერიალური რესურსების სამმართველოს” დებულება და ზ. კ-ის მიერ რაიონულ სასამართლოში წარდგენილი განცხადება. საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სააპელაციო პალატამ არასრულყოფილად გამოიკვლია, შეასრულა თუ არა გ. ც-ემ 10.01.99წ. კონტრაქტის მე-2 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 01.12.05წ. განჩინებით საქართველოს სახემწიფო უზრუნველყოფის სამსახურის ლიკვიდაციის გამო საქმეში საქართველოს ფინანსთა სამინისტრო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის საფუძველზე ჩაება მესამე პირად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.12.05წ. განჩინებით, მოწინააღმდეგე მხარის, გ. ც-ის თანხმობით თავდაპირველი მოპასუხე საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურის სალიკვიდაციო კომისია შეიცვალა სათანადო მოპასუხით _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროთი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.03.07წ. გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შეგებებული სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 22.07.03წ. გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც დაკმაყოფილდა გ. ც-ის სარჩელი და მოპასუხე საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო დავალიანების და დანარიცხი პროცენტის, სულ 7 711 აშშ დოლარის გადახდა, ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, გ. ც-ის სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა, დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურის 1903.99წ. ¹83/3 ბრძანებით ქ. მოსკოვში, ... ქ. ¹42-ში მდებარე მშენებარე ობიექტის დამთავრებისა და ექსპლუატაციაში მიღების მიზნით ინიშნებოდა გ. ც-ე საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურის ეკონომიკურ ურთიერთობათა და მატერიალური რესურსების სამმართველოს ქ. .... კულტურულ-კომერციული ცენტრის დირექტორის მოადგილედ (მშენებლობის დარგში) დროებით 1999 წლის 19 მარტიდან 1999 წლის 20 აგვისტომდე და დაევალა ობიექტის დამთავრებისა და ექსპლუატაციაში მიღების საკითხების მოგვარება 1999 წლის 1 აგვისტომდე, რისთვისაც სათანადო კონტრაქტი უნდა გაეფორმებინა სამსახურის ეკონომიკურ ურთიერთობათა და მატერიალური რესურსების სამმართველოს უფროსთან.

10.01.99წ. საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურის სახაზინო საწარმო ეკონომიკურ ურთიერთობათა და მატერიალურ რესურსების დეპარტამენტის უფროსს, საქართველოს კულტურულ კომერციულ ცენტრის დირექტორსა და გ. ც-ეს შორის დადებული იქნა კონტრაქტი. კონტრაქტის 1.1 მუხლის თანახმად, გ. ც-ე დაინიშნა ქ. მოსკოვში .... ქ. ¹42-ში მდებარე ¹1 და ¹4 შენობებში განთავსებულ საქართველოს კულტურულ-კომერციული ცენტრის დირექტორის მოადგილედ მშენებლობის დარგში. 2.1 პუნქტით გ. ც-ეს ევალებოდა ქ. მოსკოვში .... ქ. ¹42-ში მდებარე ¹1 და ¹4 შენობების მშენებარე კომპლექსის დამთავრებამდე და ძირითად ფონდებში ჩარიცხვამდე ,,....” მოსკოვის ფილიალისაგან დაუმთავრებელი მშენებლობის ძირითადი საშუალებების საექსპლოატაციოდ მიღება, საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურის სახაზინო საწარმო – ეკონომიკურ ურთიერთობათა და მატერიალურ რესურსების დეპარტამენტსა და საიჯარო ორგანიზაცია ,,...” შორის ქ. მოსკოვში .... ქ. ¹42-ში მდებარე ¹12 და ¹4 შენობების დამთავრებასა და ძირითადი საშუალებების ექსპლუატაციის ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულების გაფორმება, ქ. მოსკოვში .... ქ. 42-ში მდებარე ¹1 და ¹4 შენობების დამთავრებისა და ექსპლუატაციის უზრუნველსაყოფად საქართველოს საქმიანი წრეების ინტერესებისა და კაპიტალის მოზიდვა, შესაბამის ფართებზე მათი იჯარით განთავსება და გაფორმება, ქ. მოსკოვში .... ქ. ¹42-ში მდებარე ¹1 და ¹4 შენობებში განლაგებული ფიზიკური და იურიდიული პირების განთავსების კანონიერების დადგენა მათი ექსპლუატაციის დღიდან მათთან ანგარიშსწორების უზრუნველყოფა, მშენებარე კომპლექსის დამთავრება, სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების უზრუნველსაყოფად, ქ. მოსკოვში ... ქ. ¹42-ში მდებარე ¹1 და ¹4 შენობების გამონთავისუფლება, მშენებარე კომპლექსის დამთავრება, სათანადო წესით მიღების გაფორმება და ძირითად ფონდებში ჩარიცხვა, კონტრაქტის 2.2 პუნქტის მიხედვით, გ. ც-ის სამუშაო პირობები რეგულირდებოდა რუსეთის ფედერაციის მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე, ხოლო 3.1 პუნქტით მოვალეობის შესრულების უზრუნველსაყოფად გ. ც-ეს ენიშნებოდა თვიური ხელფასი 1050 აშშ დოლარი და საცხოვრებლის დასაქირავებლად თვეში 500 აშშ დოლარი. მისაღები თანხები გაიცემოდა რუსეთის ფედერაციის ვალუტაში, გაცემის დღეს არსებული მანეთის კურსის დაანგარიშებით ამერიკულ დოლართან და 3.3 პუნქტის თანახმად, ხელფასი გაიცემოდა ყოველთვიურად. ამასთანავე 3.4 პუნქტით კონტრაქტის გაწყვეტისას ან დამთავრებისას გათვალისწინებული იყო ერთი თვის ხელფასის გამოსასვლელი თანხა. ამ კონტრაქტის 5.1 პუნქტით კონტრაქტის მოქმედების ვადა განისაზღვრა 1999 წლის 10 იანვრიდან 1999 წლის 31 დეკემბრამდე, ხოლო 6.2 პუნქტით კონტრაქტის ვადის დამთავრებისას, თუ რომელიმე მხარე არ მოითხოვდა მის შეწყვეტას კონტრაქტის ვადა იყო განუსაზღვრელი და ასეთ შემთხვევაში დამქირავებელი ვალდებული იყო ეცონობებინა კონტრაქტის მეორე მხარისათვის კონტრაქტის შეწყვეტამდე ორი თვით ადრე. ამასთანავე 5.4.2 პუნქტის მიხედვით, კონტრაქტი შესაძლებელი იყო დარღვეულიყო დამქირავებლის მიერ დაქირავებულის არაკვალიფიციური მუშაობის შემთხვევაში. ხელშეკრულება ძალაში იყო ხელმოწერის დღიდან. საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურის 20.08.99წ. ¹83/16 ბრძანებით გათავისუფლდა გ. ც-ე 1999 წლის 20 აგვისტოდან საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურის ეკონომიკურ ურთიერთობათა და მატერიალური რესურსების სამმართველოს ქ. ... კულტურულ-კომერციული ცენტრის დირექტორის მოადგილის (მშენებლობის დარგში) თანამდებობიდან ,,საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 30 ,,ბ” მუხლის საფუძველზე ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადის გასვლის გამო.

სააპელაციო პალატამ საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურის 19.03.99წ. ¹83/3 ბრძანების საფუძველზე დადასტურებულად მიიჩნია ის ფაქტი, რომ გ. ც-ემ იცოდა განსაზღვრული სამუშაოს შესრულების მიზნით თანამდებობაზე დროებით დანიშვნის შესახებ. შრომის ვადიანი ხელშეკრულება საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურს ან/და საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურის სახაზინო საწარმო ეკონომიკურ ურთიერთობათა და მატერიალურ რესურსების სამმართველოს საქართველოს კულტურულ კომერციულ ცენტრსა და გ. ც-ეს შორის საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურის 19.03.99წ. ¹83/3 ბრძანების საფუძველზე არ გაფორმებულა. აღნიშნული ბრძანებით გ. ც-ის ხელფასის ოდენობა არ განსაზღვრულა. მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურის 19.03.99წ. ¹.... და 20.08.99წ. ¹... ბრძანებები და ის გარემოება, რომ მასთან კონტრაქტი გაფორმებული იყო სხვა ვადით, 1999 წლის 10 იანვრიდან ამავე წლის 31 დეკემბრამდე და არა ზემოაღნიშნული ბრძანებებით გათვალისწინებული ვადით, 1999 წლის 19 მარტიდან 1999 წლის 20 აგვისტომდე. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ კონტრაქტი, რომლითაც გ. ც-ის შრომის ანაზღაურება განისაზღვრა 1050 ლარის ოდენობით, დადებული იქნა მასსა და საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურის სახაზინო საწარმო ეკონომიკურ ურთიერთობათა და მატერიალურ რესურსების დეპარტამენტის უფროსს, საქართველოს კულტურულ-კომერციულ ცენტრის დირექტორს შორის 10.01.99წ. და მისი საფუძველი ვერ იქნებოდა 19.03.99წ. ¹.... ბრძანება, ხოლო აღნიშნული ბრძანებით განსაზღვრული კონტრაქტი სამსახურის ეკონომიკურ ურთიერთობათა და მატერიალური რესურსების სამმართველოს უფროსსა და გ. ც-ეს შორის 1999 წლის 19 მარტიდან 1999 წლის 20 აგვისტომდე ვადით არ გაფორმებულა. სააპელაციო სასამართლოს განცხადებით, საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურის ეკონომიკურ ურთიერთობათა და მატერიალური რესურსების სამმართველოს უფროსს ზ. კ-ს გ. ც-ან შრომითი ხელშეკრულების დადების უფელებამოსილება გააჩნდა. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ გ. ც-ე შრომით ურთიერთობაში იმყოფებოდა საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურის სახაზინო საწარმო ეკონომიკურ ურთიერთობათა და მატერიალურ რესურსების დეპარტამენტის(სამმართველოს) საქართველოს კულტურულ კომერციულ ცენტრთან, რომელსაც ეკისრებოდა მისი სახელფასო დავალიანების ანაზღაურება. სააპელაციო პალატის განცხადებით, გ. ცი-ის მიერ ვერ იქნა დადასტურებული, რომ მის მიერ შესრულებული იქნა 10.01.99წ. დადებული კონტრაქტის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებები. სააპელაციო პალატის აზრით, 19.03.99წ. ¹83.3 ბრძანების გამოცემამდე და 10.01.99წ. კონტრაქტის გაფორმებამდე გ. ც-ის, როგორც საიჯარო საწარმო “...” .... ფილიალის დირექტორის საქმიანობა არ უნდა ჩათვლილიყო სადავო ხელშეკრულების მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ვალდებულებათა შესრულებად.

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 06.04.2000წ. დადგენილების საფუძველზე შპს “....” წარმოადგენს სახაზინო საწარმო “ეკონომიკურ ურთიერთობათა და მატერიალური რესურსების სამმართველოს” სამართალმემკვიდრეს. საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურის 27.09.99წ. ¹82/50 ბრძანებით ლიკვიდირებული იქნა სახაზინო საწარმოები, ძალადაკარგულად ჩაითვალა საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის 1998წ. ¹82/44 ბრძანება “ქ. მოსკოვში ... ქ. ¹42-ში მდებარე საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურისათვის გადაცემული ¹1 და ¹4 შენობების გამოყენების ორგანიზაციულ ღონისძიებათა შესახებ.” დადგინდა ასევე კულტურულ-კომერციული ცენტრის “...” სადამფუძნებლო დოკუმენტების მომზადება და რუსეთის ფედერაციაში დადგენილი წესით მისი რეგისტრაცია. საქართველოს პრეზიდენტის 16.07.01წ. ¹283 ბრძანებულებით შეიქმნა საჯარო სამართლის იურიდიული პირი ქ. მოსკოვში საქართველოს კულტურის ცენტრი “....” და კანონმდებლობით დადგენილი წესით უზუფრუქტის ხელშეკრულებით გადაეცა მოსკოვში .... ქ. ¹42 ში მდებარე ¹1 შენობა. აღნიშნული ბრძანებულების თანახმად, ეს უკანასკნელი არ წარმოადგენს სახაზინო საწარმო “ეკონომიკურ ურთიერთობათა და მატერიალური რესურსების სამმართველოს” საქართველოს კულტურული კომერციული ცენტრის სამართალმემკვიდრეს. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქმეში დაცული კონტრაქტის მიხედვით, კონტრაქტის პირობებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების შემთხვევაში სახელფასო დავალიანების ანაზღაურების ვალდებულება უნდა დაკისრებოდა შპს “...”, როგორც ლიკვიდირებული სახაზინო საწარმო “ეკონომიკურ ურთიერთობათა და მატერიალური რესურსების სამმართველოს” სამართალმემკვიდრეს და არა საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურს. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 10.07.03წ. სხდომაზე მოსარჩელემ განმარტა, რომ შპს “....” არ არის მოპასუხე და მოხსნა მოთხოვნა მის მიმართ(ს.ფ. 2021), რითაც ფაქტიურად შპს “....” ჩათვალა არასათანადო მოპასუხედ და უარი განაცხადა მის მისმართ მოთხოვნის განხილვაზე. სასამართლოს არ უმსჯელია შპს “....” მიმართ არსებულ მოთხოვნაზე, ასეთი მოთხოვნის არარსებობის გამო. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სააპელაციო პალატაში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 09.06.05წ. ¹04-02-02-15/55/11922 და 06.07.06წ. ¹08-01/6692 წერილების მიხედვით, სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურის სალიკვიდაციო კომისიის მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროში წარდგენილი სალიკვიდაციო დოკუმენტაციის და სალიკვიდაციო ბალანსის მიხედვით ამ სამსახურს სახელფასო დავალიანება არ გააჩნდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.03.07წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. ც-ემ. კასატორის აზრით, სააპელაციო პალატამ არასწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და უგულებელყო სამოქალაქო პროცესის ფუნდამენტალური პრინციპი _ შეჯიბრებითობა. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ გ. ც-ის მიერ არ იქნა დადასტურებული სადავო ხელშეკრულების მე-2 პუნქტით დადგენილი ვალდებულებების შესრულება. სააპელაციო პალატამ მტკიცების ტვირთი დააკისრა მოწინააღმდეგე მხარეს, გ. ც-ეს. კასატორი თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება. კონტრაქტის საგანს წარმოადგენდა გ. ც-ის დანიშვა დირექტორის მოადგილედ მშენებლობის დარგში. კასატორის განმარტებით, ცენტრის საშტატო განრიგით გ. ც-ე დაინიშნა ცენტრის დირექტორის მოადგილის ერთ-ერთ თანამდებობაზე მშენებლობის დარგში. სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად დაენიშნა ხელფასი, რომელიც შედის ცენტრის აპარატის ხარჯებში. მისი საქმიანობის ინდივიდუალურად შეფასება, როგორც ვალდებულების შესრულება ცენტრსა და გ. ც-ეს შორის, კასატორის აზრით, არაკანონიერია. კონტრაქტის მე-2 პუნქტით დასახელებული სამუშაოს შესრულება ითვალისწინებს ცენტრის კოლექტივის და მასთან ერთობლივად ორი ან მეტი ორგანიზაციის მუშაობას. იგი ურთულესი, შრომატევადი და ხანგრძლივი პროცესი იყო, სადაც შესრულების ვადა არ იყო განსაზღვრული. კასატორის განმარტებით, არ ჩატარებულა სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურზე აღრიცხული ობიექტის ბალანსის აუდიტი, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს დასკვნა იმის შესახებ, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროში წარდგენილი სალიკვიდაციო დოკუმენტაციის და სალიკვიდაციო ბალანსის მიხედვით ამ სამსახურს სახელფასო დავალიანება არ გააჩნია, უსაფუძვლოა. კასატორი აღნიშნავს, რომ მან კეთილსინდისიერად შეასრულა სამსახურებრივი ვალდებულებები. 24.05.2000წ. ¹00011-გ/100 წერილით სამსახური არ უარყოფს, რომ მას ხელფასი ეკუთვნის და ეს ხელფასი სხვამ უნდა გადაუხადოს. ქ. მოსკოვის ცენტრალური და რაიონის ბიუროს ტექნიკური ინსპექციის 29.11.05წ. ცნობით, ქ. მოსკოვში, .... ქ. ¹42-ში მდებარე კომპლექსის ¹1 ნაგებობის მაექსპლუატირებელი ორგანიზაცია და მფლობელი არის საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახური. კასატორის ინფორმაციით, მფლობელი არ შეცვლილა. კასატორმა მიუთითა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.12.05წ. განჩინებით საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურის უფლებამონაცვლედ დაინიშნა საქართველოს ფინანსთა სამინისტრო და ვინაიდან სამსახური ფინანსდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ, მას უნდა დაევალოს კასატორისათვის სახელფასო დავალიანების ანაზღაურება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ გ. ც-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც გ. ც-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ. ც-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.