საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
ბს-517-494(კ-07) 7 ივნისი, 2007 წელი
ქ. თბილისი
მიღების ადგილი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა
კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობით:
თავმჯდომარე (მომხსენებელი) _ ნათია წკეპლაძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა შპს “გ”-ს საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 15 მარტის განჩინებაზე.
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საკასაციო სასამართლოში 2007 წლის 28 მაისს შემოვიდა ადმინისტრაციული საქმე ¹ბს-517-494(კ-07) შპს “გ”-ს საკასაციო საჩივრით განსახილველად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 15 მარტის განჩინებაზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო რა საქმის მასალებს, მიაჩნია, რომ შპს “გ”-ს საკასაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია ვადები ამა თუ იმ მოქმედების შესრულებისათვის, როგორც სასამართლოსათვის, ასევე მხარეთათვის, ამასთან, დადგენილია სასამართლოს მიერ მხარეთათვის განსაზღვრულ საპროცესო ვადაში საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის შედეგები, კერძოდ: თუ მხარემ სასამართლოს მიერ დანიშნულ საპროცესო ვადაში არ შეასრულა საპროცესო მოქმედება, იგი კარგავს ამ მოქმედების შესრულების შესაძლებლობას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59.1. მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო.
კონკრეტულ შემთხვევაში, კასატორ “გ”-ს თბილისის საააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 15 მარტის გასაჩივრებული განჩინება ჩაბარდა 2007 წლის 5 აპრილს /ი.ხ ს.ფ 644/, ხოლო მის მიერ საკასაციო საჩივარი შეტანილ იქნა 2007 წლის 7 მაისს. შამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლით დადგენილია საკასაციო საჩივრის შეტანის ვადა. აღნიშნულ ვადაა 1 თვე მხარისთვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან და მისი აღდგენა არ შეიძლება. საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოცემულ შემთხვევაში კასატორის მიერ გაშვებულ იქნა ამ საპროცესო მოქმედებისათვის განსაზღვრული კანონისმიერი ვადა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ, საპროცესო მოვალეობები. ერთ-ერთი ძირითადი უფლება სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა, შეიცავს საპროცესო ვალდებულებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების (განჩინების) ვადაში წარდგენისა. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ კასატორი შპს “გ” საქმეში მონაწილეობას ღებულობდა წარმომადგენლის ჯამლეტ მერებაშვილთან ერთად. თუმცა, საკასაციო სასამართლოში მათ მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი უფლებამოსილების დამადასტურებელი მინდობილობა და საკასაციო საჩივარზეც შპს_ს დირექტორის _ პ. გ.-ის ხელმოწერა აღინიშნება. შაკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში საპროცესო ვადის ათვლა დაიწყება მხარის, ამ შემთხვევაში კი შპს “გ”-სათვის გზავნილის ჩაბარების მომენტიდან, შესაბამისად, 2007 წლის 5 აპრილიდან.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს “გ”-ს საკასაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად, სსსკ-ის 397.1. მუხლის შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით განსაზღვრულ ვადაში განჩინების არ გასაჩივრების გამო, რამდენადაც სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის პროცესუალური წინაპირობა.
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელ რა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 397.1, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს “გ”-ს საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.