Facebook Twitter

ბს-517-495(2კ-08) 10 ივლისი, 2008 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

მარიამ ცისკაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 23 იანვრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2005 წლის 24 მარტს ა. ტ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, 1995 წლიდან საბაჟო დეპარტამენტის სისტემაში მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე, ბოლო პერიოდში კი _ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 2 აგვისტოს ¹კ-126 ბრძანებით _ საბაჟო დეპარტამენტის რეგიონალური საბაჟო “...." საორგანიზაციო განყოფილების ..... თანამდებობაზე. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 5 იანვრის ¹კ-109 ბრძანებით მოსარჩელე გაათავისუფლეს დაკავებული თანამდებობიდან.

მოსარჩელის მტკიცებით, საბაჟო დეპარტამენტის სისტემაში განხორციელდა სტრუქტურული რეორგანიზაცია. “საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 96-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დაწესებულების რეორგანიზაცია არ ქმნიდა საფუძველს მოხელის გასათავისუფლებლად. რეორგანიზაციის დროს რეგიონალური საბაჟო “....", რომლის საშტატო რიცხოვნობა განისაზღვრებოდა 67 საშტატო ერთეულით, შეერწყა რეგიონალურ საბაჟო “.....", რომლის საშტატო რიცხოვნობა იყო 334 საშტატო ერთეული. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 2 დეკემბრის ¹775 ბრძანებით დამტკიცებული რეგიონალური საბაჟო “....." საშტატო რიცხოვნობა განისაზღვრა 431 საშტატო ერთეულით, ანუ რეგიონალური საბაჟო “....." საშტატო რიცხოვნობის 97 ერთეულით გაზრდა გამოწვეული იყო მასთან რეგიონალური საბაჟო “....." შერწყმის შედეგად საშტატო ერთეულების დამატებით. საორგანიზაციო განყოფილება, სადაც რეორგანიზაციამდე მუშაობდა მოსარჩელე, რეგიონალურ საბაჟო “...." განისაზღვრებოდა 9 საშტატო ერთეულით, ხოლო საშტატო ერთეულების დამატების შემდეგ განისაზღვრა 13 საშტატო ერთეულით. აღნიშნულიდან გამომდინარე, ადმინისტრაციას მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების ნაცვლად, უნდა გამოეცა ბრძანება მისი შესაბამის თანამდებობაზე გადაყვანის შესახებ.

მოსარჩელის განმარტებით, განხორციელებული სტრუქტურული რეორგანიზაციის დროს სამსახურიდან გაათავისუფლეს “საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 97-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ პუნქტში კი აღნიშნული იყო, რომ მოხელე შეიძლებოდა გაეთავისუფლებინათ სამსახურიდან დაწესებულების შტატით გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირებისას. ამდენად, მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ საკითხი მხოლოდ მაშინ უნდა განხილულიყო, თუ მისი ყოფილი სამსახურის შტატით გათვალისწინებული თანამდებობები შემცირდებოდა, რაც კონკრეტულ შემთხვევაში სახეზე არ ყოფილა.

მოსარჩელის მტკიცებით, საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლი არეგულირებდა სამუშაოზე დარჩენის უპირატეს უფლებას, რომლის მოთხოვნებსაც იგი სრულად აკმაყოფილებდა, ვინაიდან დანიშნული იყო თანამდებობაზე “საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტით _ განუსაზღვრელი ვადით, ასევე საბაჟო დეპარტამენტის საატესტაციო კომისიის 1996 წლის 25 ივლისის დასკვნით გაიარა ატესტაცია და მიიღო რეკომენდაცია _ “შეეფერება დაკავებულ თანამდებობას", აგრეთვე, გავლილი ჰქონდა კონკურსი, რის შემდეგაც დაინიშნა საერთო სექტორის უფროსის თანამდებობაზე. გარდა ამისა, საბაჟო დეპარტამენტის 1997 წლის 30 დეკემბრის ¹2256 ბრძანებით საბიუჯეტო შემოსავლების პროგნოზულ დავალებათა შესრულებაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანისათვის მოსარჩელე დაჯილდოებული იყო სიგელით, ხოლო საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს 2001 წლის 12 ნოემბრის ¹7-310 ბრძანებით გამოეცხადა მადლობა. 1978 წელს მოსარჩელემ დაამთავრა ლენინაკანის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი, 2002 წელს კი _ ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მესხეთის ფილიალის იურიდიული ფაკულტეტის სრული კურსი სამართალმცოდნეობის სპეციალობით. მოსარჩელეს მინიჭებული ჰქონდა საბაჟო სამსახურის სპეციალური წოდება და იყო ოჯახის ერთადერთი მარჩენალი. ადმინისტრაციას რომ განეხილა საკითხი, თუ ვის ენიჭებოდა სამსახურში დარჩენის უპირატესი უფლება, მოსარჩელის პიროვნების გათვალისწინებით, მიიღებდა სხვაგვარ გადაწყვეტილებას და არ გაათავისუფლებდა მას სამსახურიდან.

მოსარჩელის განმარტებით, შტატების შემცირებაც რომ ყოფილიყო სახეზე, ადმინისტრაცია ვალდებული იყო, გაეთვალისწინებინა “საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 97-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნა _ შეეთავაზებინა მისთვის სხვა თანამდებობა, რაც არ გაუკეთებია. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტმა მოსარჩელის სამსახურიდან დათხოვნის დროს დაარღვიეს “საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 96-ე, 97-ე და 108-ე მუხლები, ასევე საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლი, რის გამოც გასაჩივრებული ბრძანება იყო უკანონო.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა: საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 5 იანვრის ¹კ-109 ბრძანების ბათილად ცნობა დაკავებული თანამდებობიდან მისი გათავისუფლების ნაწილში; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის რეგონალურ საბაჟო “.....” მისი ყოფილი თანამდებობის შესაბამის თანამდებობაზე დაუყოვნებლივ აღდგენა; იძულებითი განაცდურის ანაზღაურება სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან სამუშაოზე აღდგენის დღემდე; მუშაობის პერიოდში წარმოქმნილი სახელფასო დავალიანების ანაზღაურება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილებით ა. ტ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 5 იანვრის ¹კ-109 ბრძანება მოსარჩელის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაევალა, “საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონისა და საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა იმავე გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან ორი კვირის ვადაში; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაევალა ა. ტ-ის სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების _ 1167,53 ლარის ანაზღაურება; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაევალა ა. ტ-ის სასარგებლოდ განაცდური ხელფასის ანაზღაურება ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის _ 30 ლარის გადახდა.

საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ა. ტ-ი 1995 წლიდან მუშაობდა საბაჟო დეპარტამენტის სისტემაში სხვადასხვა თანამდებობაზე, 2004 წელს კი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დასკვნის საფუძველზე, დაინიშნა რეგიონალური საბაჟო “....." საორგანიზაციო განყოფილების უფროსის თანამდებობაზე, საიდანაც გათავისუფლდა საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 5 იანვრის ¹კ-109 ბრძანებით, “საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 97-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე. მოსარჩელე მუშაობდა საორგანიზაციო განყოფილების უფროსის თანამდებობაზე, რომელიც კვლავ დარჩა ახალ საშტატო განრიგშიც.

საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ “საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 96-ე მუხლისა და 97-ე მუხლის მე-2 პუნქტების გათვალისწინებით, დაუშვებელი იყო მოხელის სამსახურიდან გათავისუფლება, თუ იგი თანახმა იყო დანიშნულიყო სხვა თანამდებობაზე. ა. ტ-ის სხვა თანამდებობაზე დანიშვნის შეთავაზება არ მომხდარა. ადმინისტრაციას უნდა შეესწავლა და ემსჯელა, წარმოადგენდა თუ არა მოსარჩელე იმ კატეგორიას, რომელზეც ვრცელდებოდა სამსახურში უპირატესი დარჩენის უფლება, რის გამორკვევაც მოსარჩელესთან მიმართებაში სახეზე არ ყოფილა. მოპასუხე მხარეს არ წარმოუდგენია და საქმეში არ მოიპოვებოდა მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ სადავო ბრძანების გამოცემის დროს შესწავლილ იქნა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები. გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, არსებობდა მოსარჩელის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი. წარმოდგენილი მტკიცებულებების მიხედვით, მოსარჩელეს გავლილი ჰქონდა ატესტაცია და საკონკურსო-საატესტაციო კომისიისგან მიღებული ჰქონდა რეკომენდაცია _ “შეეფერება დაკავებულ თანამდებობას", იგი კონკურსის საფუძველზე დაინიშნა თანამდებობაზე, დაჯილდოებული იყო სიგელებით და გამოცხადებული ჰქონდა მადლობა სამსახურებრივ მოვალეობათა სანიმუშო შესრულებისა და კეთილსინდისიერი მუშაობისათვის, რის გამოც საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შეფასებისას ადმინისტრაციას აღნიშნული საკითხების ურთიერთშეჯერებისა და ანალიზის, სამუშაოზე დარჩენის უპირატესი უფლების ან მოსარჩელისათვის სხვა თანამდებობის შეთავაზების საფუძველზე, უნდა მიეღო გადაწყვეტილება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტმა, რომელთაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ასევე მოითხოვა დაკისრებული სახელმწიფო ბაჟისაგან გათავისუფლება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 19 დეკემბრის საოქმო განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტი შეიცვალა მისი უფლებამონაცვლე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 23 იანვრის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებები და დასკვნები საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სრულ შესაბამისობაში იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2005 წლის 6 დეკემბრის ¹ბს-1230-805(კ-05) გადაწყვეტილებასთან.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 23 იანვრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

კასატორის განმარტებით, გასაჩივრებული განჩინება კანონმდებლობის დარღვევით არის გამოტანილი და უნდა გაუქმდეს. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 2 დეკემბრის ¹775 ბრძანების საფუძველზე მოხდა რეგიონალური საბაჟოების _ “....", “....." და “....." შერწყმა, რის შედეგადაც განხორციელდა შტატების შემცირება და არა შტატების გაზრდა. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის რეგიონალურ საბაჟო “....." განხორციელდა რეორგანიზაცია და შტატებით გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირება, რაც “საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 97-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველია. სასამართლომ არასწორად გამოიყენა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლი და შესაბამისად, არასწორად დაადგინა, რომ ადმინისტრაციას არ შეუსწავლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები. ადმინისტრაციამ შტატების შემცირებისას შეაფასა მუშაკების კვალიფიკაცია, პრაქტიკული უნარ-ჩვევები ყოველდღიური სამსახურებრივი საქმიანობის განხორციელების მიხედვით, რის საფუძველზეც სამსახურიდან გათავისუფლდნენ უფრო დაბალი კვალიფიკაციის მქონე პირები. ამ შემთხვევაში კანონმდებლობა დაწესებულების ადმინისტრაციას არ ავალდებულებს, დოკუმენტურად მიუთითოს აღნიშნულზე.

კასატორის მტკიცებით, სასამართლომ არასწორად გამოიყენა “საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 97-ე მუხლი და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლი, რადგან “საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 97-ე მუხლის მე-2 პუნქტში იგულისხმებოდა მხოლოდ ვაკანტური თანამდებობის შეთავაზების ვალდებულება, რაც ვაკანტური თანამდებობის არარსებობის შემთხვევაში ვერ მოხერხდებოდა. სასამართლომ არ გამოიყენა “საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 127-ე მუხლი და არასწორად მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა არ იყო ხანდაზმული. ა. ტ-ი სამსახურიდან გაათავისუფლეს 2005 წლის 5 იანვარს, ხოლო მან სარჩელი სასამართლოში წარადგინა 2005 წლის 24 მარტს. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს უნდა მიეთითებინა იმ არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებებზე, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ადმინისტრაციული ორგანო მიიღებდა განსხვავებულ გადაწყვეტილებას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შეიძლება გამოცხადდეს ბათილად მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებითად არის დარღვეული მისი გამოცემის პროცედურები, თუმცა კანონის არსებითი დარღვევა მხოლოდ მაშინ ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაბათილების საფუძვლად, როდესაც ამ დარღვევის არარსებობის შემთხვევაში მიღებული იქნებოდა განსხვავებული გადაწყვეტილება. კონკრეტულ შემთხვევაში კი, ა. ტ-ის სხვა თანამდებობის შეთავაზების პირობებშიც მიღებული იქნებოდა გადაწყვეტილება მისი თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. ამდენად, არამართებულია საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 5 იანვრის ¹კ-109 ბრძანების ბათილად ცნობა. გარდა ამისა, უსაფუძვლოა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის განაცდური ხელფასის დაკისრება, რადგანაც არ არსებობს გასაჩივრებული ბრძანების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 23 იანვრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ასევე საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

კასატორი საქართველოს ფინანსთა სამინისტრო იმავე გარემოებებზე მიუთითებს, რაზეც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური საკასაციო საჩივარში აღნიშნავს და დამატებით განმარტავს, რომ სასამართლომ არასწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები მოსარჩელის კვალიფიკაციის შეფასების შესახებ, არასწორად განმარტა საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლი, ასევე არ გამოიყენა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლი და “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე და 23-ე მუხლები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 13 მაისის განჩინებებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრები; მხარეებს მიეცათ უფლება, 2008 წლის 13 მაისის განჩინებების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივრები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2008 წლის 10 ივლისამდე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

ამასთან, საკასაციო საჩივრების განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 23 იანვრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.