Facebook Twitter

ბს-519-497(კ-08) 16 ივლისი, 2008 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2005 წლის 23 მარტს სს ,,......” სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხე აქციზების გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის მიმართ და მოითხოვა აქციზის გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის 2005 წლის 10 მარტის ¹28/717 საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობა და 2004 წლის 6 იანვრის სერია აა-99 ¹218679 ანგარიშ-ფაქტურის შესაბამისი დღგ-ის ჩათვლის აღდგენა.

მოსარჩელე მიუთითებდა, რომ 2005 წლის 10 მარტს აქციზის გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციიდან მიიღო საგადასახადო მოთხოვნა ¹28/717, რომლითაც ერიცხებოდა დავალიანება 3980 ლარის ოდენობით. აღნიშნული დავალიანება წარმოიშვა მოპასუხის მიერ სერია აა-99 ¹218679 ანგარიშფაქტურით (დღგ-ის თანხით 3980 ლარი) განხორციელებული ჩათვლების შეჩერებით. რაც შეეხება თვითონ დასაბეგრ ოპერაციას, მოსარჩელის მითითებით, სს ,,.....’’ მიერ შეძენილი იქნა ღვინომასალა სს ,,....”, რაზეც 2004 წლის 6 იანვარს გამოწერილ იქნა მკაცრი აღრიცხვის ანგარიშ-ფაქტურა სერია აა-99 ¹218679.

მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გასაჩივრებული საგადასახადო მოთხოვნა წარმოადგენს ადმინისტრაციულ აქტს, რომელიც უნდა გამოიცეს ნორმატიული აქტის საფუძველზე და მოქმედებს ადმინისტრაციული აქტის გამოცემის მომენტში. მოსარჩელის მითითებით, დამატებული ღირებულების გადასახადი არის არაპირდაპირი გადასახადი, რომელსაც იხდის მომხმარებელი ამ გადასახადით გაზრდილი ფასით საქონლის შეძენისას. ე.ი. საქონლის შემძენი დღგ-ს თანხას უხდის საქონლის მიმწოდებელს. ამ შემთხვევაში, მოსარჩელის აღნიშვნით, მან თანხა გადაუხადა სს ,,....”, ხოლო სხვა პროცედურა კანონმდებლობით დადგენილი არ არის. ამდენად, მოსარჩელის მიერ შესრულებულია დღგ-ის გადახდის ვალდებულება, რაც შეეხება დღგ-ის თანხის ბიუჯეტში შეტანის ვალდებულებას, იგი ეკისრება საქონლის მომწოდებელს – სს ,,.....”. მოპასუხის მიერ გამოცემული ადმინისტრაციული აქტი არ შეესაბამება მისი გამოცემის მომენტში მოქმედ კანონმდებლობას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვდა აქციზის გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის 2005 წლის 10 მარტის ¹28/717 საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობას და 2004 წლის 6 იანვრის სერია აა-99 ¹218679 ანგარიშ-ფაქტურის შესაბამისი დღგ-ის ჩათვლის აღდგენას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილებით სს ,,.....’’ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა სს ,,.....’’, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 19 დეკემბრის საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა სს ,,....”.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილებით სს ,,....’ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სს ,,....’’ სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის აქციზის გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის 2005 წლის 10 მარტის ¹28/717 საგადასახადო მოთხოვნა; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს დაევალა აღუდგინოს სს ,,.....” დღგ-ს ჩათვლები სერია აა-99 ¹218679 ანგარიშ-ფაქტურაზე – თანხით 3980 ლარი.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 15 მაისის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2008 წლის 15 მაისის განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი.

2008 წლის 27 მაისს სს ,,....’’ მოსაზრებით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა იმ მოტივით, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო გასაჩივრებულ განჩინებას, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარს, შეამოწმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მოცემულ საქმესთან მიმართებაში და მიაჩნია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან და ამდენად, სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა პროცესუალური დარღვევის გარეშე.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე (კონკრეტულთან ერთად) სახელმძღვანელოსა და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც აღნიშნულ საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განსახილველად დაშვებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. უარი ეთქვას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვებაზე;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.