¹ბს-522-494(2კ-06) 24 იანვარი, 2007 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე
ნუგზარ სხირტლაძე
სხდომის მდივანი – გ. ილინა
კასატორები: 1. საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი (მესამე პირი)
წარმომადგენელი _ ლ. გ-ი
2. ქ. ხაშურის ¹9 სკოლის მასწავლებლები: თ. მ-ე, დ. რ-ი, ლ. ბ-ე, ვ. წ-ი (იგივე ვ. კ-ე), ლ. ტ-ი, მ. ძ-ე, ქ. კ-ი, ნ. ა-ე, ნ. ლ-ე, თ. ღ-ე, ლ. ა-ი, მ. ჩ-ი, ვ. მ-ი, ნ. ო-ი, გ. ა-ი და ლ. კ-ე (მოსარჩელეები)
მოპასუხეები სარჩელზე: 1. ხაშურის საგანმანათლებლო რესურსცენტრი (ხაშურის რაიონის განათლების განყოფილების უფლებამონაცვლე);
2. საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ხაშურის ფილიალი
წარმომადგენელი _ ნ. ბ-ე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილება
სარჩელის საგანი – ხელფასზე დამატებული წელთა ნამსახურობის პენსიის დანიშვნა და გაცემა; საპენსიო დანამატის მიუღებელი თანხის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2005 წლის 21 თებერვალს ქ. ხაშურის ¹.... საშუალო სკოლის მასწავლებლებმა _ თ. მ-ემ, დ. რ-მა, ლ. ბ-ემ, ვ. წ-მა (იგივე ვ. კ-ე), ლ. ტ-მა, მ. ძ-ემ, ქ. კ-მა, ნ. ა-ემ, ნ. ლ-ემ, თ. ღ-ემ, ლ. ა-მა, მ. ჩ-მა, ვ. მ-მა, ნ. ო-მა, გ. ა-მა და ლ. კ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართეს ხაშურის რაიონულ სასამართლოს ხაშურის რაიონის განათლების განყოფილების მიმართ.
მოსარჩელეებმა მიუთითეს, რომ გააჩნდათ მასწავლებლად მუშაობის 25 წლის სტაჟი და მოითხოვეს წელთა ნამსახურობის პენსიის _ ხელფასის განაკვეთის 50%-ის ოდენობით გაცემა, რომელიც მიეცემოდათ მუშაობის პერიოდში, აგრეთვე _ აღნიშნული საპენსიო დანამატის მიუღებელი თანხა იმ დროიდან, როდესაც კანონის მიხედვით უნდა მისცემოდათ მათ _ 41418,92 ლარი. მოსარჩელეებმა თავიანთი მოთხოვნა დააფუძნეს “განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-4 პუნქტზე, რომელშიც აღნიშნულია, რომ საპენსიო ასაკამდე 25 წლის პედაგოგიური მუშაობის სტაჟის პედაგოგს ენიშნება და ეძლევა წელთა ნამსახურობის პენსია ხელფასის განაკვეთის 50%-ის ოდენობით, რომელიც მას მიეცემა მუშაობის პერიოდში ან მისი შეწყვეტის შემდეგაც საპენსიო ასაკის მიღწევამდე.
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 23 მარტის საოქმო განჩინებით მოცემულ საქმეში მოპასუხეებად ჩაებნენ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ხაშურის რაიონული ფილიალი და ხაშურის რაიონის საფინანსო განყოფილება.
მოპასუხე საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ხაშურის რაიონულმა ფილიალმა ხაშურის რაიონულ სასამართლოში წარადგინა შესაგებელი, რომლითაც სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ საბჭოთა კანონმდებლობის შემდეგ საქართველოში საპენსიო უზრუნველყოფა წესრიგდებოდა საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 234-ე და 235-ე მუხლებით, წელთა ნამსახურობისა და შეღავათიანი პირობების გათვალისწინებით. 1997 წლის 12 ნოემბერს საქართველოს შრომის კანონთა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შემდეგ ამავე კოდექსის 234-ე და 235-ე მუხლებიდან ამოღებულ იქნა წელთა ნამსახურობითა და შეღავათიანი პირობებით პენსიის დანიშვნა. ამასთან, ერთიანი სახელმწიფო ფონდის საინსტრუქციო წერილების დაგზავნის შემდეგ ფონდის განყოფილებებს 1998 წლის 1 აპრილიდან წელთა ნამსახურობითა და შეღავათიანი პირობებით პენსიები აღარ დაუნიშნავთ.
შესაგებლის ავტორის განმარტებით, კანონი ,,განათლების შესახებ” მიღებულ იქნა 1997 წლის 27 ივლისს, ხოლო საქართველოს შრომის კანონთა კოდექსში ცვლილებები შეტანილ იქნა 1998 წლის 12 ნოემბრის კანონით და აქედან გამომდინარე, ამ კანონით, როგორც უფრო გვიან ამოქმედებულით, ძალა დაკარგა “განათლების შესახებ” კანონის 43-ე მუხლის მე-4 პუნქტმა, რის გამოც მოსარჩელეთა მოთხოვნა განათლების შესახებ” კანონის 43-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე წელთა ნამსახურობის მიხედვით პენსიის დანიშვნის თაობაზე, იყო უსაფუძვლო.
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 11 აპრილის საოქმო განჩინებით მოცემული საქმიდან ხაშურის რაიონის საფინანსო განყოფილება, როგორც მოპასუხე მხარე, ამოირიცხა.
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილებით ხაშურის ¹.... სკოლის მასწავლებელთა სარჩელი დაკმაყოფილდა და საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ხაშურის რაიონულ ფილიალს მოსარჩელეთა სასარგებლოდ დაეკისრა წელთა ნამსახურობისათვის დაწესებული პენსიის, ხელფასის განაკვეთის 50%-ის ოდენობით, თითოეულზე ხელფასის შესაბამისად დანიშვნა და მოსარჩელეთათვის მანამდე მიუღებელი წელთა ნამსახურობისათვის დაწესებული პენსიის თანხის _ 41418,92 ლარის გადახდა, თითოეულ მასწავლებელზე სტაჟისა და ხელფასის კუთვნილების გაანგარიშებით. აღნიშნული გადაწყვეტილებით დადგინდა მისი აღსრულება ხსენებული თანხის ბიუჯეტში გათვალისწინების შესაბამისად.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ხაშურის რაიონულმა ფილიალმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ხსენებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანმა სახელმწიფო ფონდმაც, რომელმაც ასევე მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2005 წლის 14 ივლისის განჩინებით მოცემულ საქმეში ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე მესამე პირად ჩაება საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 7 თებერვლის საოქმო განჩინებით ხაშურის რაიონის განათლების განყოფილება შეიცვალა მისი უფლებამონაცვლე ხაშურის საგანმანათლებლო რესურსცენტრით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილებით საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ხაშურის ფილიალის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ხაშურის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილება და მოცემულ საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ხაშურის ¹9 საშუალო სკოლის მასწავლებლების: ვ. წ-ის, ნ. ო-ის, გ. ა-ის, თ. მ-ის, დ. რ-ის, ლ. ბ-ის, ლ. ტ-ის, მ. ძ-ის, ქ. კ-ის, ნ. ა-ის, ნ. ლ-ის, თ. ღ-ის, ლ. ა-ის, მ. ჩ-ის, ვ. მ-ისა და ლ. კ-ის სარჩელი მოპასუხე საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ხაშურის ფილიალის მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ხაშურის ფილიალს დაევალა მოსარჩელეთა სასარგებლოდ წელთა ნამსახურობისათვის დაწესებული პენსიის, ხელფასის განაკვეთის 50%-ის ოდენობით, დანიშვნა თითოეულზე ხელფასის განაკვეთის შესაბამისად, მათი სასამართლოში მიმართვის დღიდან; სარჩელის მოთხოვნა მანამდე მიუღებელი წელთა ნამსახურობისათვის დაწესებული პენსიის თანხის _ 41418,92 ლარის, თითოეულ მასწავლებელზე სტაჟისა და ხელფასის კუთვნილების გაანგარიშებით, საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ხაშურის ფილიალისთვის დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო პალატა დაეთანხმა ხაშურის რაიონულ სასამართლოს და დადგენილად ჩათვალა, რომ მოსარჩელეებს გააჩნდათ მასწავლებლად მუშაობის 25 წლის სტაჟი, რასაც არც მოწინააღმდეგე მხარე არ ხდიდა სადავოდ, ხოლო საქართველოს კონსტიტუციის მიღებასთან დაკავშირებით, გაუქმდა ყოფილი საბჭოთა კავშირის კანონმდებლობა და აღნიშნული მოხდა მანამ, ვიდრე მიღებული იქნებოდა საქართველოს კანონი ,,განათლების შესახებ” და ასევე, ვიდრე ცვლილება იქნებოდა შეტანილი საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 234-ე და 235-ე მუხლებში. ცვლილების შეტანამდე ხსენებული კოდექსის 234-ე მუხლი განსაზღვრავდა მუშების, მოსამსახურეებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის საპენსიო უზრუნველყოფის საკითხს, ხოლო 235-ე მუხლი _ მოხუცებულობის პენსიის დანიშვნის საკითხს ასაკისა და სტაჟის მიხედვით, ანუ აღნიშნულით დასტურდებოდა, რომ საქართველოში საპენსიო უზრუნველყოფა ცალკეული საკანონმდებლო აქტებით რეგულირდებოდა, რადგანაც ცალკე საკანონმდებლო აქტი, რაც დააწესებდა პენსიის დანიშვნის წესს, არ არსებობდა. სწორედ ერთ-ერთ ასეთ აქტს წარმოადგენდა ,,განათლების შესახებ” საქართველოს კანონი, რომლის 43-ე მუხლის მე-4 პუნქტი არეგულირებდა აღნიშნულ საკითხს. ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 30-ე მუხლის ,,ბ” პუნქტის თანახმად, ნორმატიული აქტის პროექტს უნდა დართოდა პროექტი სხვა ნორმატიულ აქტებში იმ ცვლილებებისა ან/და დამატებების შეტანის შესახებ, რასაც გამოიწვევდა წარდგენილი პროექტის მიღება, აგრეთვე _ პროექტი შესაბამის კანონში იმ დამატებათა შეტანის შესახებ, რომლებითაც განისაზღვრებოდა ნორმატიული აქტის ნორმათა დარღვევისათვის დადგენილი პასუხისმგებლობა. აქედან გამომდინარე, ვინაიდან “საქართველოს შრომის კანონთა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ” საქართველოს კანონს არ ერთოდა მისგან გამომდინარე ,,განათლების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა ან/და დამატებების შესახებ კანონპროექტი, ,,განათლების შესახებ” საქართველოს კანონში “საქართველოს შრომის კანონთა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შესახებ” საქართველოს კანონით ცვლილებები და დამატებები ვერ განხორციელდებოდა.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ” პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევას, რომლის თანახმად, ნორმატიული აქტი ან მისი ნაწილი ძალას კარგავდა იმ შემთხვევაში, თუ მიღებული იყო ნორმატიული აქტი, რომელიც მას ძალადაკარგულად აცხადებდა, ვინაიდან საქართველოს შრომის კანონთა კოდექსში ცვლილებების შეტანისას, ცვლილება არ შესულა ,,განათლების შესახებ” კანონის ზემოაღნიშნულ ნორმაში. იმას, რომ 2005 წლის 23 დეკემბრამდე ,,განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-4 პუნქტი არ იყო გაუქმებული, ადასტურებდა საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის 2006 წლის 28 თებერვლის წერილი, რომლის თანახმად, ზემოთ მითითებული კანონის შესაბამისად, 25 წლის პედაგოგიური მუშაობისათვის პედაგოგებს საპენსიო ასაკის მიღწევამდე ენიშნებოდათ პენსია წელთა ნამსახურობისას ხელფასის განაკვეთის თანამდებობრივი სარგოს 50%-ის ოდენობით, ამასთან, პენსიის მიღება მათ შეეძლოთ მუშაობის პერიოდში ან მისი შეწყვეტის შემდეგ, საპენსიო ასაკის მიღწევამდე და ამასთან ერთად, ხსენებულ წერილში განმარტებული იყო, რომ აღნიშნული კანონის 43-ე მუხლის მე-4 პუნქტის მოქმედება გაუქმდა 2005 წლის 23 დეკემბრის კანონით.
საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის საინსტრუქციო წერილებთან მიმართებაში სააპელაციო პალატა დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას და ჩათვალა, რომ ისინი არ წარმოადგენდა ნორმატიულ აქტებს და ,,განათლების შესახებ” საქართველოს კანონი იერარქიით უფრო მაღლა იდგა, ვიდრე ხსენებული წერილები, ამასთან, არც ერთ ნორმატიულ აქტს არ ჰქონდა გამოცხადებული ძალადაკარგულად ,,განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლი ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 29-ე მუხლის შესაბამისად.
სააპელაციო პალატამ მიუთითა საქმეში წარმოდგენილ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის გენერალური დირექტორის მოადგილის წერილზე ამავე ფონდის სტრუქტურული ერთეულების, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ფილიალების დირექტორებისა და ფილიალების უფროსების სახელზე, რომლის მიხედვითაც, ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ” და “სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონების 2006 წლის 1 იანვრიდან ამოქმედებასთან დაკავშირებით, იმ მომუშავე პენსიონრებს, რომელთაც ეძლეოდათ პენსიები არსებული კანონმდებლობის საფუძველზე მუშაობის პერიოდში, ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ” კანონის თანახმად, 2006 წლის იანვრიდან შეუწყდებოდათ პენსიის დარიცხვა-გაცემა, გარდა არასაბიუჯეტო და სამეცნიერო-საგანმანათლებლო სფეროში დასაქმებულებისა, რითაც დასტურდებოდა, რომ აღნიშნული სახეობის პენსიის გაცემა არ იყო გაუქმებული და ცვლილებაც, რომელიც შევიდა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ კანონმდებლობაში, არ ვრცელდებოდა სამეცნიერო-საგანმანათლებლო სფეროში დასაქმებულ პირებზე, რომელთაც მიეკუთვნებოდნენ მოსარჩელეები.
სააპელაციო პალატა არ დაეთანხმა ხაშურის რაიონული სასამართლოს მოსაზრებას საპენსიო დანამატის მიუღებელი თანხების მოსარჩელეების სასარგებლოდ, თითოეულზე იმ რაოდენობით, რაც სარჩელში წარმოდგენილი დაანგარიშების ცნობაში იყო აღნიშნული, რაც საერთო ჯამში შეადგენდა 41418,92 ლარს, მოპასუხისათვის დაკისრების თაობაზე, ვინაიდან აღნიშნული თანხის მისაღებად აუცილებელ პირობას წარმოადგენდა საპენსიო დანამატის დანიშვნა, ხოლო ვერც საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით და ვერც მოსარჩელეთა განმარტებით, ვერ დასტურდებოდა მოსარჩელეების მიმართ აღნიშნული დანამატის დანიშვნის ფაქტი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს თ. მ-ემ, ლ. ბ-ემ, ვ. წ-მა, ლ. ტ-მა და სხვებმა (სულ 16 ფიზიკური პირი), რომელთაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მათი მოთხოვნა 41418,92 ლარის ანაზღაურების თაობაზე და სარჩელის ამ ნაწილშიც დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანმა სახელმწიფო ფონდმაც, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე მთლიანად უარის თქმა.
კასატორების _ თ. მ-ის, ლ. ბ-ის, ვ. წ-ის, ლ. ტ-ისა და სხვების (სულ 16 ფიზიკური პირი) განმარტებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტის, რომლითაც სარჩელის მოთხოვნა მანამდე მიუღებელი წელთა ნამსახურობისათვის დაწესებული პენსიის თანხის _ 41418,92 ლარის, თითოეულ მასწავლებელზე სტაჟის გათვალისწინებით და ხელფასის კუთვნილების გაანგარიშებით, საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ხაშურის ფილიალისთვის დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდა, დასაბუთება არ არის ასახული ამავე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში, რომელშიც მითითებულია გაუგებარ საპენსიო დანამატზე, რაც მათ სასარჩელო მოთხოვნას არ წარმოადგენდა, რის გამოც გასაჩივრებული გადაწყვეტილება საკმაოდ დაუსაბუთებელია და დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ შეუძლებელია ამ გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება.
კასატორები _ თ. მ-ე, ლ. ბ-ე, ვ. წ-ი, ლ. ტ-ი და სხვები (სულ 16 ფიზიკური პირი) მიუთითებენ, რომ სააპელაციო პალატამ საქმის განხილვისას დაარღვია ინკვიზიციურობის პრინციპი და საქმე ყოველმხრივ არ გამოიკვლია _ ყურადღება არ გაამახვილა იმაზე, თუ რა წარმოადგენდა მიუღებელი წელთა ნამსახურობისათვის დაწესებული პენსიის თანხის _ 41418,92 ლარის მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს, ხოლო აღნიშნული თანხა არის ის თანხა, რომელიც მათ უნდა მიეღოთ იმ დღიდან, როდესაც კანონის მიხედვით უნდა დანიშნოდათ იგი, რომ არა მოპასუხე სოცფონდის მიერ უფლებამოსილების განუხორციელებლობა, მათთვის მიყენებული ზიანი კი ექვემდებარება ანაზღაურებას საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-208-ე მუხლების შესაბამისად, რომლებიც არ გამოიყენა სააპელაციო პალატამ და უკანონოდ არ დააკმაყოფილა მათი მოთხოვნა 41418,92 ლარის ანაზღაურების თაობაზე _ დაარღვია ხსენებული კოდექსის იმპერატიული მოთხოვნები.
კასატორების _ თ. მ-ის, ლ. ბ-ის, ვ. წ-ის, ლ. ტ-ისა და სხვების (სულ 16 ფიზიკური პირი) განმარტებით, მიუღებელი წელთა ნამსახურობისათვის დაწესებული პენსიის თანხა _ 41418,92 ლარი წარმოადგენს იმ ზიანს, რომელიც მათ მიაყენათ სოცფონდმა მასწავლებლებისათვის სათანადო ინფორმაციის მიუცემლობით ამ სახის პენსიით სარგებლობის უფლების შესახებ, რაც ევალებოდა საქართველოს რესპუბლიკის მთAვრობის 1991 წლის ¹241 დადგენილებით დამტკიცებული შესაბამისი დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის “ბ” ქვეპუნქტით, საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 7 მაისის ¹181 ბრძანებულებით დამტკიცებული შესაბამისი დებულების მე-9 მუხლის “თ” ქვეპუნქტით, საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 31 დეკემბრის ¹558 ბრძანებულებით დამტკიცებული შესაბამისი დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის “ვ” ქვეპუნქტით, ხოლო ის ფაქტი, რომ სოცფონდმა არ მოახდინა ზემოაღნიშნულის თაობაზე მოსახლეობის ინფორმირება, დასტურდება საქმეში არსებული მეთოდური წერილებით, რომელთა მიხედვითაც, მასწავლებელთა წელთა ნამსახურობის პენსია თითქოს გაუქმდა 1997 წლის 12 ნოემბრიდან.
კასატორი _ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატამ დაარღვია “ნორმატიული აქტების შესახებ” კანონის ნორმები უპირატესი იურიდიული ძალის შესახებ _ საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის XVII თავის ნორმების ნაცვლად, გამოიყენა “განათლების შესახებ” კანონის 43-ე მუხლის მე-4 პუნქტი, კერძოდ, 1997 წლის 27 ივნისს მიღებული “განათლების შესახებ” კანონით განსაზღვრული პირობების არსებობისას, გათვალისწინებულ იქნა პედაგოგთათვის წელთა ნამსახურობის პენსიის დანიშვნა, შრომის კანონთა კოდექსის XVII თავის იმჟამად მოქმედი რედაქცია კი, რომელიც განსაზღვრავდა მუშებისა და მოსამსახურეების პენსიის სახეებს, ითვალისწინებდა მათი გარკვეული კატეგორიისათვის წელთა ნამსახურობის პენსიის დანიშვნას, თუმცა შრომის კანონთა კოდექსში 1997 წლის 12 დეკემბერს შეტანილი ცვლილებით, წელთა ნამსახურობის პენსია, როგორც პენსიის სახე, გაუქმდა.
კასატორის _ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის განმარტებით, სააპელაციო პალატამ საერთოდ არ იმსჯელა “ნორმატიული აქტების შესახებ” კანონის 25-ე და 26-ე მუხლებზე, რომელთა თანახმად, ერთი და იმავე სახის ნორმატიულ აქტებს შორის წინააღმდეგობის არსებობისას სახელმწიფო ორგანო ან თანამდებობის პირი ვალდებული იყო გამოეყენებინა უფრო გვიან მიღებული ნორმატიული აქტი, ხოლო თვითონ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდმა იხელმძღვანელა უფრო გვიან გამოცემული კანონით (ცვლილებები საქართველოს შრომის კანონთა კოდექსში) და შეაჩერა პედაგოგებისათვის წელთა ნამსახურობის პენსიის დანიშვნა “განათლების შესახებ” კანონის შესაბამისად. კასატორის _ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის მტკიცებით, სააპელაციო პალატამ ცალსახად უკანონო გადაწყვეტილება მიიღო, რადგან საქართველოში არც ერთ პედაგოგს არა აქვს დანიშნული წელთა ნამსახურობის პენსია.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 25 ივლისის განჩინებებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული თ. მ-ის, ლ. ბ-ის, ვ. წ-ის, ლ. ტ-ისა და სხვების (სულ 16 ფიზიკური პირი), აგრეთვე, საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის საკასაციო საჩივრები; მხარეებს მიეცათ უფლება, 2006 წლის 25 ივლისის განჩინებების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივრები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით; ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2006 წლის 25 ოქტომბრამდე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 25 ოქტომბრის განჩინებით, თ. მ-ის, ლ. ბ-ის, ვ. წ-ის, ლ. ტ-ისა და სხვების (სულ 16 ფიზიკური პირი), აგრეთვე, საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნა დასაშვებად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და მათი განხილვა მხარეთა დასწრებით დაინიშნა 2007 წლის 17 იანვარს, 11.00 საათზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობის შესწავლის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდისა და ფიზიკური პირების _ ვ. წ-ისა და სხვათა საკასაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ,,განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-4 პუნქტი ითვალისწინებდა წელთა ნამსახურობის პენსიას, კერძოდ, დასახელებული პუნქტის მიხედვით, 25 წლის პედაგოგიური მუშაობისათვის პედაგოგს ენიშნებოდა და ეძლეოდა წელთა ნამსახურობის პენსია ხელფასის განაკვეთის (სარგოს) 50%-ის ოდენობით, რომელიც მას მიეცემოდა მუშაობის პერიოდში ან მისი შეწყვეტის შემდეგაც საპენსიო ასაკის მიღწევამდე.
საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ხაშურის ფილიალის მოსაზრებით, საბჭოთა კანონმდებლობის შემდეგ საქართველოში საპენსიო უზრუნველყოფა წესრიგდებოდა საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 234-ე და 235-ე მუხლებით, წელთა ნამსახურობისა და შეღავათიანი პირობების გათვალისწინებით, ხოლო 1997 წლის 12 ნოემბერს საქართველოს შრომის კანონთა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შემდეგ ამავე კოდექსის 234-ე და 235-ე მუხლებიდან ამოღებულ იქნა წელთა ნამსახურობითა და შეღავათიანი პირობებით პენსიის დანიშვნა, რის გამოც საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ფილიალებს 1998 წლის 1 აპრილიდან წელთა ნამსახურობის პენსიები აღარ დაუნიშნავთ, რასაც საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს და განმარტავს, რომ “საქართველოს შრომის კანონთა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ” საქართველოს 1997 წლის 12 ნოემბრის კანონის მიღებას არ მოჰყოლია ,,განათლების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა, რის გამოც ,,განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-4 პუნქტი აღნიშნულის შემდეგაც დარჩა იმავე რედაქციით, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის 2006 წლის 16 იანვრის ¹5/4-10/13 წერილით. ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს იმ გარემოებაზეც, რომ “განათლების შესახებ” საქართველოს კანონი მასწავლებელთათვის სპეციალურ კანონს წარმოადგენს.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მართალია, “განათლების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე” საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის კანონით “განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით და დასახელებულ პუნქტში აღარ არის მითითებული წელთა ნამსახურობის პენსიაზე, მაგრამ აღნიშნული გარემოება გავლენას ვერ მოახდენს იმ პირთა საპენსიო უზრუნველყოფაზე, ვინც კანონით დადგენილი წესით გამოხატა ნება და მოითხოვა წელთა ნამსახურობის პენსიის დანიშვნა ზემოთ მითითებული პუნქტის ძველი რედაქციის მოქმედების პერიოდში.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს პარლამენტმა 2005 წლის 23 დეკემბერს მიიღო “სახელმწიფო პენსიის შესახებ” ახალი კანონი, რომელიც ამოქმედდა 2006 წლის 1 იანვრიდან და არეგულირებს სახელმწიფო პენსიასთან დაკავშირებულ საკითხებს. აღნიშნული კანონის 23-ე მუხლი ითვალისწინებს იმ პენსიონერთა უფლებებს, რომლებიც არ არიან გათვალისწინებული ამ კანონით, კერძოდ, მასში პირდაპირ არის ჩაწერილი, რომ სხვა საფუძვლით პენსიის მიმღებ პირებს უგრძელდებათ დანიშნული პენსიის მიღება პენსიის გაცემის შეწყვეტის საფუძვლების წარმოშობამდე, რომლებიც გამომდინარეობს ამ კანონის ამოქმედებამდე მოქმედი საპენსიო კანონმდებლობიდან.
ამასთან, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორების _ თ. მ-ის, ლ. ბ-ის, ვ. წ-ის, ლ. ტ-ისა და სხვების (სულ 16 ფიზიკური პირი) მოსაზრებას, რომ მიუღებელი წელთა ნამსახურობისათვის დაწესებული პენსიის თანხა _ 41418,92 ლარი არის ის თანხა, რომელიც მათ უნდა მიეღოთ იმ დღიდან, როდესაც კანონის მიხედვით უნდა დანიშნოდათ იგი, რომ არა მოპასუხე საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის მიერ უფლებამოსილების განუხორციელებლობა. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ აღნიშნული თანხის სრულად მოთხოვნის ნაწილში დასახელებულ კასატორთა სარჩელი არის უსაფუძვლო. ამასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ პირმა პენსიის დასანიშნად განცხადებით უნდა მიმართოს შესაბამის ორგანოს, ანუ თვითონ გამოხატოს ნება პენსიის მიღებაზე. მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ მოსარჩელეებმა ხსენებული კანონის მიღებისთანავე მიმართეს შესაბამის ორგანოს წელთა ნამსახურობის პენსიის დანიშვნის მოთხოვნით. საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს, რომ მოქმედი კანონმდებლობა, გარდა ზოგიერთი გამნაკლისებისა, არ ითვალისწინებს პენსიის დანიშვნასა და გაცემას უკუსვლით _ წინანდელი თარიღით, ანუ შესაბამისი ორგანოსათვის მიმართვამდე პერიოდისათვის.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ იმ საკითხის გადასაწყვეტად, თუ როდიდან უნდა მიეცეთ მოსარჩელეებს წელთა ნამსახურობის პენსია, არსებითი და გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ ოფიციალურად შესაბამისი ორგანოსაგან როდის მოითხოვეს მათ აღნიშნული პენსიის დანიშვნა, ანუ როდის გამოხატეს ნება ხსენებული პენსიის მიღებაზე. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოსარჩელეებს, კერძოდ, თ. მ-ეს, ლ. ტ-ს, მ. ძ-ეს, ქ. კ-ს, ნ. ა-ეს, ნ. ლ-ეს, თ. ღ-ეს, ლ. ა-ს, მ. ჩ-ს, ვ. მ-ს, ნ. ო-ს, გ. ა-სა და ლ. კ-ეს უნდა დაენიშნოთ და მიეცეთ წელთა ნამსახურობის პენსია თითოეულზე ხელფასის განაკვეთის (სარგოს) 50%-ის ოდენობით 2004 წლის 19 ნოემბრიდან საპენსიო ასაკის მიღწევამდე, ვინაიდან საკასაციო სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მათ წელთა ნამსახურობის პენსიის დანიშვნის მოთხოვნით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიმართეს 2004 წლის 19 ნოემბერს, ანუ სწორედ მაშინ გამოხატეს ნება ხსენებული პენსიის დანიშვნაზე. აღნიშნულზე მიუთითებს საქმეში წარმოდგენილი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2004 წლის 2 დეკემბრის ¹01-13-20-1/6289 პასუხიც (ს.ფ. 4).
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-12 მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, ნებისმიერ პირს აქვს უფლება მიმართოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ უკანასკნელის უფლებამოსილებას მიკუთვნებული იმ საკითხის გადასაწყვეტად, რომელიც უშუალოდ და პირდაპირ ეხება პირის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს. აღნიშნული კოდექსის მე-80 მუხლის პირველი და მე-5 ნაწილების მიხედვით, თუ განცხადებით მოთხოვნილი საკითხის გადაწყვეტა მიეკუთვნება სხვა ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილებას, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია არა უგვიანეს 5 დღისა გადაუგზავნოს განცხადება და მასზე დართული საბუთები უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს, ხოლო განცხადების წარდგენისათვის კანონმდებლობით დადგენილი ვადა დაცულად ჩაითვლება იმ შემთხვევაშიც, თუ პირმა კანონით დადგენილ ვადაში განცხადება წარადგინა არაუფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ თუ პირმა არ იცოდა ზუსტად კონკრეტულ საკითხზე კომპეტენტური ორგანოს თაობაზე და შესაბამისი განცხადებით მიმართა არაუფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს, აღნიშნული მიმართვა, იურიდიული თვალსაზრისით, ჩაითვლება უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოსათვის მიმართვად არაუფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოსთვის მიმართვის დღიდან.
საკასაციო სასამართლო ეთანხმება საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ხაშურის ფილიალის წარმომადგენლის მიერ საკასაციო სასამართლოს 2007 წლის 17 იანვრის სხდომაზე გაკეთებულ განმარტებას, რომ პენსია არ არის ვალდებულება, არამედ იგი არის პენსიონერის უფლება, რომლის რეალიზაციაც მან უნდა მოახდინოს შესაბამის ორგანოში განცხადების შეტანით, მოსარჩელეებს კი 1997 წელს საპენსიო ფონდისთვის არ მიუმართავთ.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის წარმომადგენელმა საკასაციო სასამართლოს 2007 წლის 17 იანვრის სხდომაზე განმარტა, რომ დ. რ-ს (დაბადებული ..... წ.), ლ. ბ-ეს (დაბადებული ..... წ.), ვ. წ-ს (დაბადებული ..... წ.), მ. ძ-ეს (დაბადებული .... წ.) და ვ. მ-ს (დაბადებული ..... წ.) შესაბამისი ორგანოსადმი მიმართვამდე შეუსრულდათ საპენსიო ასაკი და ამ შემთხვევაში მათ არ უნდა დაენიშნოთ წელთა ნამსახურობის პენსია.
საკასაციო სასამართლო ნაწილობრივ იზიარებს კასატორ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის წარმომადგენლის ზემოხსენებულ განმარტებას. მოცემული საქმის მასალებით, კერძოდ, წარმოდგენილი სასარჩელო განცხადებით უდავოდ დასტურდება, რომ ვ. წ-ი (იგივე ვ. კ-ე) დაბადებულია .... წლის 26 მარტს და ..... წლის 19 ნოემბრისათვის უკვე იყო 60 წელზე (ქალის საპენსიო ასაკი) მეტი ხნის, კერძოდ, 63 წლის, დ. რ-ი დაბადებულია .... წლის 26 თებერვალს და .... წლის 19 ნოემბრისათვის უკვე იყო 65 წლის, ლ. ბ-ე დაბადებულია ..... წლის 28 დეკემბერს და .... წლის 19 ნოემბრისათვის უკვე იყო 66 წლის. რაც შეეხება მ. ძ-ეს, იგი დაბადებულია .... წლის 4 სექტემბერს და .... წლის 19 ნოემბრისათვის ჯერ არ იყო 60 წლის, ხოლო ვ. მ-ი დაბადებულია .... წლის 14 იანვარს და ..... წლის 19 ნოემბრისათვის ჯერ არ იყო 65 წლის (მამაკაცის საპენსიო ასაკი). აღნიშნულიდან გამომდინარე, ზემოთ დასახელებული კონკრეტული მოსარჩელეების _ ვ. წ-ის (იგივე ვ. კ-ე), დ. რ-ისა და ლ. ბ-ის სარჩელი უსაფუძვლოა, ხოლო მ. ძ-ისა და ვ. მ-ის, ისევე, როგორც დანარჩენი 11 მოსარჩელის სარჩელი 2004 წლის 19 ნოემბრიდან საპენსიო ასაკის მიღწევამდე წელთა ნამსახურობის პენსიის დანიშვნისა და გაცემის ნაწილში არის საფუძვლიანი.
გარდა ამისა, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეში წარმოდგენილია მოპასუხე ხაშურის საგანმანათლებლო რესურსცენტრის განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოსადმი, რომლითაც მან ცნო სარჩელი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდისა და ფიზიკური პირების _ ვ. წ-ისა და სხვათა საკასაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ფიზიკური პირების: თ. მ-ის, ლ. ტ-ის, მ. ძ-ის, ქ. კ-ის, ნ. ა-ის, ნ. ლ-ის, თ. ღ-ის, ლ. ა-ის, მ. ჩ-ის, ვ. მ-ის, ნ. ო-ის, გ. ა-ისა და ლ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდება ნაწილობრივ და საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ხაშურის ფილიალს დაევალება ამ პირთა სასარგებლოდ წელთა ნამსახურობის პენსიის დანიშვნა და გაცემა თითოეულზე ხელფასის განაკვეთის (სარგოს) 50%-ის ოდენობით 2004 წლის 19 ნოემბრიდან საპენსიო ასაკის მიღწევამდე, ზემოაღნიშნულ პირთა სარჩელი დანარჩენ ნაწილში კი არ დაკმაყოფილდება, ასევე, ფიზიკური პირების: დ. რ-ის, ლ. ბ-ისა და ვ. წ-ის (იგივე ვ. კ-ე) სარჩელი არ დაკმაყოფილდება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდისა და ფიზიკური პირების _ ვ. წ-ისა და სხვათა საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2.. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ფიზიკური პირების: თ. მ-ის, ლ. ტ-ის, მ. ძ-ის, ქ. კ-ის, ნ. ა-ის, ნ. ლ-ის, თ. ღ-ის, ლ. ა-ის, მ. ჩ-ის, ვ. მ-ის, ნ. ო-ის, გ. ა-ისა და ლ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ხაშურის ფილიალს დაევალოს ამ პირთა სასარგებლოდ წელთა ნამსახურობის პენსიის დანიშვნა და გაცემა თითოეულზე ხელფასის განაკვეთის (სარგოს) 50%-ის ოდენობით 2004 წლის 19 ნოემბრიდან საპენსიო ასაკის მიღწევამდე;
4. ზემოაღნიშნულ პირთა სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;
5. ფიზიკური პირების: დ. რ-ის, ლ. ბ-ისა და ვ. წ-ის (იგივე ვ. კუჭაძე) სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
6. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.