ბს-524-500(კ-07) 19 ივნისი, 2007წ.
თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის
საქმეთა პალატამ
შემადგენლობით:
ლალი ლაზარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, შეამოწმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 5 აპრილის განჩინებაზე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2006 წლის 20 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სასარჩელო განცხადებით მიმართა ჯ. გ.-მ მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის მიმართ და სახელფასო დავალიანების _ 1793,37 ლარის ანაზღაურება მოითხოვა (ს.ფ. 1-2).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილებით ჯ. გ.-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტს მის სასარგებლოდ 1520,34 ლარის გადახდა დაეკისრა. კვების კომპენსაციის ანაზღაურებაზე მოსარჩელეს უარი ეთქვა უსაფუძვლობისა და ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.
საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის 2006 წლის 14.16მ01-2-15/28632 ცნობის თანახმად, ჯ. გ.-ის ხელზე მისაღები დავალიანება დაქვითვის გარეშე 1793,37 ლარს შეადგენდა, მათ შორის, წელთა ნამსახურებისათვის დანამატი, შვებულება და ულუფის კომპენსაცია.
საქალაქო სასამართლოს მითითებით, საბაჟო კოდექსის 168.1 მუხლის თანახმად, საბაჟო მოსამსახურის მიმართ სოციალური დაცვის გარანტიები მოწესრიგებულია “პოლიციის შესახებ” კანონით დადგენილი სოციალური დაცვის გარანტიების შესაბამისად. “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 37-ე მუხლის თანახმად, მოსამსახურეს უფლება აქვს, სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო, პრემია და სხვა დანამატები. პოლიციის შესახებ კანონის 31-ე მუხლის თანახმად კი პოლიციის თანამშრომელი პოლიციაში სამსახურისათვის იღებს ყოველთვიურ ხელფასს, რომელიც შეიცავს თანამდებობრივი და სპეციალური წოდებისათვის დადგენილ განაკვეთს, წელთა ნამსახურობის დანამატს, რაიონულ კოეფიციენტს, სადაც იგი დაწესებულია, დანამატს დასვენების, უქმე დღეებში მუშაობისათვის, სხვა გასამრჯელოს და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა დანამატებსა და კომპენსაციებს. აღნიშნული მუხლის თანახმად, სასამართლოს განმარტებით, კვების კომპენსაცია “პოლიციის შესახებ” კანონით გათვალისწინებული არ არის.
სასამართლოს მითითებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129.2 მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებისგან წარმოიშობა, სამი წელია და ამავე კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დენა იწყება იმ დღეს, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო მისი უფლების დარღვევის შესახებ. 131-ე მუხლის თანახმად კი, თუ მოთხოვნის წარმოშობა დამოკიდებულია კრედიტორის მოქმედებაზე, ხანდაზმულობა იწყება იმ დღიდან, როცა კრედიტორს შეეძლო განეხორციელებინა ეს მოქმედება. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მითითებით, კრედიტორს, ჯ. გ.-ს, რომლისთვისაც ცნობილი იყო, რომ საბაჟო დეპატამენტი არ უნაზღაურებდა 1998-2000 წლების კვების კომპენსაციას, ე.ი. დარღვეული იყო მისი უფლება, რადგან მას წარმოეშვა მოთხოვნის უფლება დეპარტამენტის მიმართ თანხის ანაზღაურების მოთხოვნით, შეეძლო მიემართა სასამართლოსათვის დეპარტამენტის წინააღმდეგ თანხის დაკისრების მოთხოვნით, რაც არ განუხორციელებია 2006 წლის ნოემბრამდე. ამდენად, სასამართლოს მოსაზრებით, მოსარჩელემ გაუშვა სამოქალაქო კოდექსის 129.2 მუხლით დადგენილი სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა კვების კომპენსაციის მოთხოვნაზე (ს.ფ. 21-23).
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით ჯ. გ.-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა შემდეგი მოტივებით:
აპელანტის მითითებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტმა სახელფასო დავალიანებები იმის გამო ვერ დაფარა, რომ ბიუჯეტში ეს თანხები რამდენჯერმე იქნა სეკვესტრირებული. ამასთან, 2006 წლის “სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” კანონის მე-6, მე-8 და მე-40 მუხლების შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავალიანების დასაფარავად გამოეყო 58778.5 მილიონი ლარი აქედან 3,0 მილიონი ლარი მიმართული უნდა იქნეს სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულებისათვის, რაც, აპელანტის მითითებით, იმას ნიშნავს, რომ აღნიშნული დავალიანებები უნდა გასცეს ფინანსთა სამინისტრომ. ამასთან, აღნიშნული საკითხი ანალოგიურად რეგულირდებოდა 2005 წლის “სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” კანონის 39.7 მუხლით (ს.ფ. 27-28)
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 5 აპრილის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და მიიღო არსებითად სწორი გადაწყვეტილება მოსარჩელისათვის კუთვნილი სახელფასო დავალიანების ანაზღაურების თაობაზე “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლის შესაბამისად.
აპელანტის მითითება, ბიუჯეტში თანხების სეკვესტრირებისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულებისათვის თანხის ფინანსთა სამინისტროსათვის გამოყოფის მოტივით ამ უკანასკნელისათვის დავალიანების თანხის ანაზღაურების დაკისრების თაობაზე, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა და აღნიშნა, რომ ხსენებული ნორმით მოწესრიგებულია კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებისათვის ფინანსური უზრუნველყოფის საკითხი, ხოლო მოცემულ შემთხვევაში დავის საგანია სახელფასო დავალიანების ანაზღაურება. ჯ. გ.-ი შრომით ურთიერთობაში იმყოფებოდა ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტთან და არა საკუთრივ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან. სამოქალაქო კოდექსის თანახმად, ვალდებულებითი ურთიერთობები წარმოიშობა სახელშეკრულებო, დელიქტური ან უსაფუძვლო გამდიდრებიდან წარმოშობილი სამართალურთიერთობებიდან რასაც, სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ჯ. გ.-სა და ფინანსთა სამინისტროს შორის ადგილი არ ჰქონია, შესაბამისად, უსაფუძვლოა აპელანტის მოსაზრება, რომ სახელფასო დავალიანებების გასტუმრება ფინანსთა სამინისტროს ევალება, ვინაიდან ფინანსთა სამინისტროს უფლება-მოვალეობანი საბიუჯეტო პროცესის მიმართ თავისთავად არ წარმოშობს მის ვალდებულებას აანაზღაუროს ჯ. გ.-ის დავალიანება (ს.ფ. 40-43).
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით ჯ. გ.-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის მითითებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტმა სახელფასო დავალიანებები იმის გამო ვერ დაფარა, რომ ბიუჯეტში ეს თანხები რამდენჯერმე იქნა სეკვესტრირებული. სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ხარჯზე შეუძლებელია იმ მიზეზით, რომ “სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” კანონის თანახმად, წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანების დასაფარავად თანხა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აქვს გამოყოფილი და შესაბამისი მუხლები შეტანილია როგორც წინა წლების, ისე 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში. შემოსავლების სამსახურისათვის გამოყოფილი ზღვრული ასიგნებანი კი გასულ წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისათვის გათვალისწინებულ თანხას არ მოიცავს (ს.ფ. 49-50).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ პირობებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის შედეგზე და განაპირობა არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც მოცემული კატეგორიის დავებზე სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 5 აპრილის განჩინებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.