ბს-52-50(კ-07) 19 მარტი, 2007 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 01.11.06წ. გადაწყვეტილების გაუქმებაზე საქართველოს ეროვნული ბანკის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში სარჩელი აღძრეს გ. გ-მა და რ. გ-მ მოპასუხე - საქართველოს ეროვნული ბანკის მიმართ და მოითხოვეს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2005 წლის 30 სექტემბრის ¹164 ბრძანების 1-ლი და მე-7 ბრძანების მე-2 ნაწილის ბათილად ცნობა, იძულებით განაცდური ხელფასის ანაზღაურება სასამართლოს მიერ მოცემულ საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე და საქართველოს ეროვნული ბანკის საბანკო და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების ზედამხედველობის დეპარტამენტის ბანკების ინსპექტირების განყოფილების ... თანამდებობაზე აღდგენა.
მოსარჩელეთა განმარტებით, რ. გ-ე საქართველოს ეროვნულ ბანკში მუშაობდა 1997 წლის იანვრიდან, ხოლო გ. გ-ი - 1996 წლის დეკემბრიდან. მათი ყოველთვიური ხელფასი შეადგენდა 1150 ლარს. გ. გ-ი 05.09.05წ., ხოლო რ. გ-ე 31.08.05წ., ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 96-ე, 97-ე და 108-ე მუხლების შესაბამისად, გაფრთხილებულ იქნენ სამსახურიდან შესაძლო გათავისუფლების შესახებ. ორივე გაფრთხილების მიმართვაში გამოყენებული იყო იმ დროისათვის არარსებული თანამდებობები, კერძოდ საქართველოს ეროვნული ბანკის საბანკო და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების ზედამხედველობის დეპარტამენტის ბანკების ინსპექტირების განყოფილების ... თანამდებობები. 2005 წლის 30 სექტემბრამდე მოსარჩელეები მუშაობდნენ საქართველოს ეროვნული ბანკის საბანკო ზედამხედველობისა და რეგულირების სამმართველოს ბანკების ინსპექტირების განყოფილებაში მთავარი ეკონომისტების თანამდებობებზე. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მიერ 30.09.05წ. გამოცემულ იქნა ¹158 ბრძანება ,,საქართველოს ეროვნული ბანკის აპარატში სტრუქტურის რეორგანიზაციასთან დაკავშირებით ზედამხედველობის დეპარტამენტის შექმნის შესახებ", საიდანაც ირკვევა, რომ იგი შეიქმნა მხოლოდ აღნიშნული ბრძანების გამოცემის შემდგომ.
30.09.05წ. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მიერ გამოცემულ იქნა ¹164 და ¹167 ბრძანებები, რომლითაც რ. გ-ე 2005 წლის 3 ოქტომბრიდან, ხოლო გ. გ-ი 2005 წლის 6 ოქტომბრიდან გათავისუფლდნენ საბანკო და არა საბანკო სადეპოზიტო დაწესებულების ზედამხედველობის დეპარტამენტის ბანკების ინსპექტირების განყოფილების ... თანამდებობიდან.
მოსარჩელეთა მითითებით, გათავისუფლების შესახებ ბრძანებებიდან ჩანს, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მათ არ შესთავაზა სხვა თანამდებობაზე დანიშვნა, რასაც ითვალისწინებდა ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 97.2 მუხლი. აღნიშნული კანონის თანახმად, სახელმწიფო დაწესებულებას გათავისუფლებამდე მოხელისათვის უნდა შეეთავაზებინა სხვა თანამდებობა, წინააღმდეგ შემთხვევაში მას არ ჰქონდა უფლება, გამოეცა ბრძანება მათი გათავისუფლების შესახებ.
მოსარჩელეთა მოსაზრებით, გასაჩივრებული ბრძანებები წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის თანახმად, ,,ადმინისტრაციულ-სამართოებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა და გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები". ამავე კანონის თანახმად, არსებით დარღვევად ჩაითვლება კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. აღნიშნულიდან გამომდინარე, თუ მოპასუხე შეასრულებდა ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 97.2 მუხლის მოთხოვნებს, ადგილი არ ექნებოდა სადავო აქტების გამოცემას და მოსარჩელეებიც უკანონოდ არ იქნებოდნენ გათავისუფლებულნი დაკავებული თანამდებობიდან. ამასთან, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტები არ შეესაბამება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52.2 მუხლის მოთხოვნებს. მათში არ არის მითითებული ის ორგანო, რომელშიც შეიძლებოდა აქტების გასაჩივრება, მისი მისამართი და საჩივრის წარდგენის ვადა.
მოსარჩელეთა მითითებით, მოპასუხემ მათი სამსახურიდან გათავისუფლებისას არ გაითვალისწინა საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლის მოთხოვნები, კერძოდ, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ვალდებული იყო მოხელეთა სამსახურიდან გათავისუფლებისას ყოველმხრივ გაეთვალისწინებინა მათი კვალიფიკაცია და მაღალი შრომის ნაყოფიერება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.11.05წ. გადაწყვეტილებით, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა მიჩნეული საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 30.09.05წ. ¹164 ბრძანების პირველი და ¹167 ბრძანების მე-2 ნაწილები, საქართველოს ეროვნულ ბანკს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებებისა და შეფასებების შემდეგ გამოეცა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
23.12.05წ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას შუამდგომლობით მიმართეს გ. გ-მა და რ. გ-მ, რომლებმაც მოითხოვეს დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანა და მისი დაუყოვნებლივ აღსრულება იმ მოტივით, რომ სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება ისე, რომ მათ მიერ წამოყენებულ მოთხოვნებზე, რაზედაც მათ წარადგინეს მტკიცებულებანი და მისცეს ახსნა-განმარტებები, გადაწყვეტილება არ გამოუტანია. მასში არაფერი იყო ნათქვამი მოსარჩელეთა მოთხოვნის - სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდური ხელფასის შესახებ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.11.05წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს ეროვნული ბანკისა და გ. გ-ისა და რ. გ-ის მიერ.
აპელანტმა საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელეთათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
აპელანტებმა _ გ. გ-მა და რ. გ-მ მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის სრულად გაუქმება, I პუნქტის ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 30.09.05წ. @¹164 ბრძანების პირველი და ¹167 ბრძანების მე-2 ნაწილების ბათილად ცნობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 21.03.06წ. განჩინებით მოსარჩელეთა კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; დაკმაყოფილებულ იქნა შუამდგომლობა იძულებით განაცდური ხელფასის ანაზღაურების საკითხში დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე; უარი ეთქვა მოსარჩელეთა წარმომადგენელს კერძო საჩივარში აღნიშნულ მოთხოვნაზე, კერძოდ, მოსარჩელეთა სამუშაოზე აღდგენასთან დაკავშირებით დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 21.03.06წ. გადაწყვეტილებით შუამდგომლობა დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, საქართველოს ეროვნულ ბანკს დაევალა რ. გ-ისა და გ. გ-ის იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურება ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 21.03.06წ. დამატებითი გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს ეროვნული ბანკის, რ. გ-ისა და გ. გ-ის მიერ.
რ. გ-მ და გ. გ-მა მოითხოვეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 21.03.06წ. დამატებითი გადაწყვეტილების ნაწილობრივი გაუქმება, კერძოდ, სამსახურში აღდგენის თაობაზე უარის თქმის ნაწილში.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 21.03.06წ. დამატებითი გადაწყვეტილების გაუქმება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 01.11.06წ. გადაწყვეტილებით საქართველოს ეროვნული ბანკის, რ. გ-ისა და გ. გ-ის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.11.05წ. გადაწყვეტილებისა და 21.03.06წ. დამატებითი გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რ. გ-ისა და გ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 30.09.05წ. ¹164 ბრძანების I და ¹167 ბრძანების მე-2 ნაწილები აღნიშნულ პირთა სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ, მოპასუხეს დაევალა საქართველოს ეროვნული ბანკის კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში, მოპასუხე საქართველოს ეროვნულ ბანკს დაევალა აუნაზღაუროს მოსარჩელეებს _ რ. გ-სა და გ. გ-ის განაცდური ხელფასი სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემამდე.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საქალაქო სასამართლომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ისე ცნო ბათილად საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2005 წლის 30 სექტემბრის ¹164 ბრძანების 1-ლი და ¹167 ბრძანების მე-2 ნაწილები და ისე დაავალა მოპასუხეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომ არ განუსაზღვრა დრო, რა ვადაშიც უნდა გამოცემულიყო იგი. ამასთან, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება არ იყო სრული, ვინაიდან მასში ასახვა ვერ ჰპოვა მოსარჩელეთა ერთ-ერთმა მოთხოვნამ - იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურების შესახებ, რამაც გამოიწვია საქალაქო სასამართლოს მხრიდან დამატებითი გადაწყვეტილებისა და განჩინებების მიღება, ხოლო აღნიშნულმა გასაჩივრებული გადაწყვეტილებების დასაბუთებაზე იქონია გავლენა.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა რ. გ-ისა და გ. გ-ის წარმომადგენლის მოსაზრება, რომ, ვინაიდან უშუალოდ იმ განყოფილებაში, სადაც მოსარჩელეები მუშაობდნენ, შტატები არ შემცირებულა შესაბამისად, არც შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლის გამოყენების საჭიროება არსებობდა და სასამართლოს პირდაპირ უნდა აღედგინა მოსარჩელეები დაკავებულ თანამდებობებზე.
სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის სისტემაში განხორციელებულ რეორგანიზაციას შედეგად მოყვა შტატების მნიშვნელოვანი შემცირება, ვინაიდან 2005 წლის 22 ივლისიდან ეროვნული ბანკის აპარატში რეორგანიზაციამდე შტატების რაოდენობა შეადგენდა 425 ერთეულს, ხოლო რეორგანიზაციის შემდეგ, - 2005 წლის 7 ოქტომბრიდან კი - 418 ერთეულს. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 07.10.05წ. ¹179 ბრძანებით გაუქმდა საბანკო და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების ზედამხედველობის დეპარტამენტი. აღნიშნულ დეპარტამენტში (65 საშტატო ერთეული) განხორციელებულ იქნა რეორგანიზაცია, რასაც თან სდევდა შტატების შემცირება, რადგან აღნიშნული სტრუქტურული ერთეულის ბაზაზე შეიქმნა საბანკო ზედამხედველობის დეპარტამენტი 58 საშტატო ერთეულით. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის მე-2.2 მუხლის ,,ე" ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო დაწესებულებას წარმოადგენს საქართველოს ეროვნული ბანკი და არა მისი რომელიმე განყოფილება. ამრიგად, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ საქართველოს ეროვნულ ბანკში რეორგანიზაციის შედეგად შტატები შემცირდა.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა ეროვნული ბანკის წარმომადგენელთა მოსაზრება, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტების გამოცემას წინ უძღოდა კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება და ეროვნული ბანკის მხრიდან არ მომხდარა შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევა.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საქმის მასალებით დგინდება, რომ რეორგანიზებულ დეპარტამენტში ... თანამდებობებზე, გარდა ყოფილი განყოფილების უფროსებისა და მათი მოადგილეებისა, აგრეთვე დაინიშნენ მოსარჩელეების რანგის მქონე (მთავარი ეკონომისტები) პირები, საქმის მასალებით არ დასტურდება ის გარემოებები, რომ ეროვნული ბანკის ადმინისტრაციის მხრიდან გასაჩივრებული ბრძანებების გამოცემამდე ჩატარდა ადმინისტრაციული წარმოება და, შესაბამისად, გათვალისწინებულ იქნა, შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლის მოთხოვნებიც. ამასთან, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ არ იქნა დაცული ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 97.2 მუხლის მოთხოვნა, რომლის შესაბამისადაც მოსარჩელეებისთვის უნდა შეეთავაზებინათ სხვა თანამდებობა. ხსენებულ მუხლში, როგორც საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 06.12.05წ. ¹ბს-1230-805(კ-05) გადაწყვეტილებით იქნა განმარტებული, მოიაზრება იგივე ან უფრო დაბალი რანგის თანამდებობა, ან სამუშაო ადგილი. ასეთ შეთავაზებას აუცილებლად უნდა ჰქონოდა ადგილი და მხოლოდ მოხელის მიერ მისი უარყოფის შემთხვევაში ჰქონდა საჯარო დაწესებულების ადმინისტრაციას უფლება გაეთავისუფლებინა იგი სამსახურიდან. ადმინისტრაციული ორგანოს აღნიშნული ვალდებულება ასევე დადგენილ იქნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 06.12.05წ ¹ბს-1230-805(კ-05) გადაწყვეტილებით, რომელიც ანალოგიურ დავას შეეხებოდა.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით სასამართლოს კომპეტენციას სცილდება იმ საკითხის გადაწყვეტა, თუ ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 97.2 მუხლის თანახმად, რა კონკრეტული თანამდებობები უნდა იქნეს შეთავაზებული მოსარჩელეებისთვის და გააჩნდა თუ არა მათ, სადავო ბრძანებების გამოცემის დროს მომუშავე სხვა მოხელეებთან შედარებით სამსახურში უპირატესი დარჩენის უფლება. შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლის თანახმად, აღნიშნული საკითხების გარკვევა ადმინისტრაციის დისკრეციულ უფლებას განეკუთვნება.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 06.12.05წ. ¹ბს-1230-805(კ-05) გადაწყვეტილებით დადგენილი პრაქტიკის თანახმად, მოსარჩელეებს _ რ. გ-სა და გ. გ-ს უნდა აუნაზღაურდეთ სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემამდე იძულებითი განაცდური ხელფასი, რადგან ამ უკანასკნელის გაცემის შეწყვეტის საფუძველი შეიძლება იყოს მხოლოდ მუშაკის გათავისუფლება სამსახურიდან, ხოლო მოსარჩელეთა გათავისუფლების ბრძანებები ამ ეტაპზე ბათილად არის ცნობილი და ხელფასის გაუცემლობის საფუძველი არ არსებობს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 01.11.06წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
კასატორის მითითებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში აღნიშნულია, რომ ეროვნული ბანკის მიერ დარღვეულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 და 96.2 მუხლები, ვინაიდან ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება, მათ შორის, გამოსცეს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევა _ შეფასების გარეშე. კასატორის განმარტებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის (მტკიცების ტვირთი) შესაბამისად: ,,თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი", ხოლო ,,საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 74-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილია, რომ: ,,ეროვნული ბანკის ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტის სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში, მტკიცების ტვირთი ეკისრება მოსარჩელეს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად". მოსარჩელეების მხრიდან სასამართლოში ვერ იქნა წარმოდგენილი ვერც ერთი სახის მტკიცებულება იმისა, რომ ეროვნული ბანკის მიერ მათთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისას არ იქნა გათვალისწინებული საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლის მოთხოვნები. აღნიშნულს ადასტურებს ის გარემოებაც, რომ სასამართლომ გაურკვევლად მიიჩნია ფაქტი, მოსარჩელეებთან შედარებით თუ რა უპირატესი უფლება გააჩნდათ იმ პირებს, რომლებიც დაინიშნენ უფროსი ეკონომისტის თანამდებობებზე.
კასატორთა მითითებით, ,საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლის 1-ლი ნაწილი ადგენს ერთდროულად ორ წინაპირობას იმ პირთათვის, ვისაც სამუშაოზე დარჩენის უპირატესი უფლება ენიჭება. ეს წინაპირობებია: უფრო მაღალი კვალიფიკაცია და უფრო მაღალი შრომის ნაყოფიერება, რაც წარმოადგენს ორგანიზაციის ადმინისტრაციის შეფასების საგანს. მოსარჩელეთა თანამდებობიდან გათავისუფლების დროს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ჩატარებულ იქნა ადმინისტრაციული წარმოება და სრულად იქნა გათვალისწინებული შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლის მოთხოვნები, შესაბამისად შტატების შემცირებისას სამუშაოზე დარჩენის უპირატესი უფლება მიენიჭათ იმ მუშაკებს, რომლებიც ეროვნული ბანკის ადმინისტრაციის შეფასებით გამოირჩეოდნენ უფრო მაღალი შრომის ნაყოფიერებით და გააჩნდათ უფრო მაღალი კვალიფიკაცია. ამასთან, საფუძველს მოკლებულია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში აღნიშნული ფაქტი, რომ ეროვნულ ბანკს არ წარუდგენია წერილობითი მტკიცებულებები და აღნიშნულიდან გამომდინარე, არ დასტურდება რომ ეროვნული ბანკის მხრიდან ადგილი ჰქონდა ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებას, ვინაიდან სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები მიღებულ იქნა მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი არ ითვალისწინებს ადმინისტრაციული აქტის გამოცემამდე წერილობითი დოკუმენტის შექმნის ვალდებულებას.
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებულია, რომ ,,საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2005 წლის 30 სექტემბრის ¹164 ბრძანების 1-ლი ნაწილი და ¹167 ბრძანების მე-2 ნაწილი აღნიშნულ პირთა სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ მიღებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის გარეშე და შრომის კანონთა კოდექსის ნორმათა დარღვევით, რის გამოც გასაჩივრებული ბრძანებები უკანონოა, რაც მათი ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენს". ამასთან, აღნიშნულია, რომ სააპელაციო სასამართლოს კომპეტენციას სცილდება იმ საკითხის გადაწყვეტა, ,,გააჩნდა თუ არა მათ სადავო ბრძანებების გამოცემის დროს მომუშავე სხვა მოხელეებთან შედარებით სამსახურში უპირატესი დარჩენის უფლება, თანახმად შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლისა". გაუგებარია, რა მტკიცებულებებსა და გარემოებებს დაეყრნო სასამართლო, როდესაც დადგენილად მიიჩნია შრომის კანონთა კოდექსის ნორმათა დარღვევა, თუ მისივე განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს კომპეტენციას სცილდება შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლის შესაბამისად საკითხის დადგენა, თუ ვის გააჩნდა სხვა მოხელეებთან შედარებით სამსახურში უპირატესი დარჩენის უფლება. ზემოაღნიშნულის საფუძველზე ფაქტობრივად დასტურდება ის გარემოება, რომ სასამართლოს მიერ არ ყოფილა დადგენილი, დარღვეულ იქნა თუ არა ეროვნული ბანკის მიერ შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლის მოთხოვნები.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით,Y ,,საქართველოს ეროვნული ბანკის ადმინისტრაციის მხრიდან დაცული არ იქნა საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის 97.2 მუხლის მოთხოვნა, რომლის შესაბამისადაც მოსარჩელეებისათვის უნდა შეეთავაზებინათ სხვა თანამდებობა". ამასთან, გადაწყვეტილებაში მითითებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2005 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება, სადაც განმარტებულია, რომ ,,შეთავაზება აუცილებლად უნდა მოხდეს და მხოლოდ ამის შემდეგ აქვს ადმინისტრაციას უფლება, მიიღოს გადაწყვეტილება მუშაკის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ". კასატორის მოსაზრებით, მითითებული გადაწყვეტილება არასწორად იქნა გაგებული და გამოყენებული კონკრეტულ შემთხვევაში, ვინაიდან ამ ნორმით განსაზღვრული ვალდებულება - მოხელისთვის სხვა თანამდებობის შეთავაზება, ადმინისტრაციას შეიძლება გაუჩნდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას გააჩნია მოხელისათვის შესათავაზებელი სხვა თანამდებობა. კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელეთა სამსახურიდან გათავისუფლება განხორციელდა შტატების შემცირების გამო, რაც ფაქტობრივად გამორიცხავს სხვა თანამდებობის შეთავაზების შესაძლებლობას ასეთი თანამდებობის არარსებობის გამო. ამასთან,
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებულია, რომ: ,,აღნიშნული საკითხების გარკვევა ადმინისტრაციის დისკრეციულ უფლებას განეკუთვნება, რის გამოც ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის თანახმად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ეროვნული ბანკის სადაო ბრძანებები და მოპასუხეს დაევალოს სასამართლო გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში ახალი ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. კასატორის განმარტებით, საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის შესაბამისად, სასამართლო ასეთ გადაწყვეტილებას იღებს არა იმ შემთხვევაში, როდესაც საკითხი განეკუთვნება ადმინისტრაციის დასკრეციულ უფლებას, არამედ ,,თუ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი". სასამართლო გადაწყვეტილებაში არ არის აღნიშნული და დასაბუთებული თუ მხარის რა გადაუდებელი კანონიერი ინტერესი არსებობდა ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ პირობებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის შედეგზე და განაპირობა არასწორი განჩინების გამოტანა. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს ეროვნული ბანკის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.