¹ბს-525-501(კ-07) 16 იანვარი, 2008 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე(თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ნინო ქადაგიძე, ლალი ლაზარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ მხარეთა დასწრების გარეშე
კასატორი(მოპასუხე) _ შპს “....”
მოწინააღმდეგე მხარე(მოსარჩელე) _ ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველო
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.02.07წ. განჩინება
დავის საგანი _ საიჯარო ხელშეკრულების გაუქმება, საიჯარო ქირის დაკისრება, ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
13.09.04წ. ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველომ სარჩელი აღძრა მოპასუხე შპს “....” წინააღმდეგ და 17.03.99წ. იჯარის ხელშეკრულების მოშლა, მოპასუხისათვის 2200 აშშ დოლარის ოდენობით საიჯარო ქირის, 222,8 აშშ დოლარის ოდენობით ჯარიმის დაკისრება და სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის საფუძველზე მოპასუხის მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა მოითხოვა. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 17.03.99წ. საიჯარო ხელშეკრულებით მოპასუხეს გადაეცა ქ. თბილისში, .... ქ. ¹68-ში მდებარე 100 კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართი. იჯარის ხელშეკრულება გაფორმდა 5 წლის ვადით. მოსარჩელის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მოიჯარისათვის ცნობილია მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები, იგი თავს არიდებს მათ შესრულებას, რაც გამოიხატება საიჯარო ქირის გადაუხდელობაში. 17.02.04წ., 26.03.04წ. და 30.03.04წ. მოპასუხეს გაეგზავნა გაფრთხილებები, მაგრამ შპს “....” ვალდებულება არ შეასრულა. სადავო საიჯარო ხელშეკრულებას გაუვიდა მოქმედების ვადა, მაგრამ მოპასუხე კვლავაც სარგებლობს სახელმწიფო ქონებით, რაც ნივთის დაყოვნების განმავლობაში დადგენილი ქირის მოთხოვნის საფუძველს ქმნიდა.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და აღნიშნა, რომ ადასტურებდა სადავო ხელშეკრულების არსებობას. იჯარის ხელშეკრულების დადების შემდეგ ვერ შეძლო იჯარით აღებული ფართის დანიშნულებისამებრ გამოყენება. აღნიშნული გარიგებით დიდი ზარალი მიადგა, ფართს ჩაუტარა სარემონტო სამუშაოები, მიუხედავად აღნიშნულისა, ფართი ვერ გამოიყენა სამეწარმეო საქმიანობისათვის, მიიჩნია, რომ ბეს სახით გადახდილი თანხა ჩაეთვალა ერთი წლის საიჯარო ქირაში. მოპასუხემ მიუთითა ხელშეკრულების 2.5 პუნქტზე, რომლის თანახმად, თუ მოიჯარე ხელშეკრულების 2.3 პუნქტით დადგენილი ვადის გასვლიდან ერთი თვის განმავლობაში არ გადაიხდის საიჯარო ქირას, საიჯარო ხელშეკრულება უქმდება და მოიჯარეს გადახდილი ბე, საიჯარო ქირა და გაწეული ხარჯები არ აუნაზღაურდება. მოპასუხის განმარტებით, ჯარიმა პირგასამტეხლოს ერთ-ერთი სახეა და სკ-ის 418.2 მუხლის მიხედვით, მოითხოვს წერილობით ფორმას. მხარეებს შორის წერილობითი შეთანხმება ჯარიმის თაობაზე არ ყოფილა. მოპასუხის განმარტებით, სასარჩელო მოთხოვნა სადავო თანხის დაკისრების ნაწილში სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე ხანდაზმული იყო.
ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 26.01.05წ. გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა, გაუქმდა 17.03.99წ. ხელშეკრულება, მოპასუხე შპს “....” დაეკისრა საიჯარო ქირის 2222,8 აშშ დოლარის ექვივალენტის ეროვნულ ვალუტაში გადახდა, მოპასუხეს დაევალა იჯარით აღებული ფართის მოსარჩელისათვის დაბრუნება. სასამართლომ აღნიშნა, რომ მოპასუხემ არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და არ გადაიხადა იჯარით აღებული არასაცხოვრებელი ფართის ქირა. სკ-ის 591-ე მუხლის მიხედვით, თუ მოიჯარე საიჯარო ურთიერთობის დამთავრების შემდეგ არ დააბრუნებს იჯარით აღებულ ქონებას, მაშინ მეიჯარეს შეუძლია მოითხოვოს დათქმული საიჯარო ქირის გადახდა ქონების დაბრუნების დაყოვნებისათვის. მოპასუხეს არ დაუფარავს საიჯარო დავალიანება. სასამართლომ მიუთითა, რომ სკ-ის 172-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება.
ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 26.01.05წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს “....”.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.02.07წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 26.01.05წ. გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატა არსებითად დაეთანხმა და გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილად მიჩნეულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს და მათ სამართლებრივ შეფასებებს. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს “....”. კასატორმა აღნიშნა, რომ სადავო ხელშეკრულების 2.5 პუნქტის თანახმად, თუ მოიჯარე ხელშეკრულების 2.3 პუნქტით დადგენილი ვადის გასვლიდან ერთი თვის განმავლობაში არ გადაიხდიდა საიჯარო ქირას, საიჯარო ხელშეკრულება გაუქმდებოდა და მოიჯარეს გადახდილი ბე, საიჯარო ქირა და გაწეული ხარჯები არ აუნაზღაურდებოდა. მოპასუხემ მხოლოდ 5 წლის გასვლის შემდეგ მიმართა შპს “....” საიჯარო ქირის ანაზღაურების მოთხოვნით. კასატორის აზრით, ხელშეკრულება, 2.5 მუხლით გათვალისწინებული ვითარების დადგომის შემდეგ, გაუქმებული იყო. კასატორის განცხადებით, მხარეთა შორის წერილობითი შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ არ არსებობდა. ამასთანავე, საიჯარო ქირის დაკისრების მოთხოვნა ხანდაზმული იყო. კასატორმა განსახილველ საქმეზე მიღებული ორივე ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 16.07.07წ. განჩინებით საკასაციო საჩივარი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული. მხარეებს განესაზღვრათ ვადა მოსაზრებების წარმოსადგენად. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 21.11.07წ. განჩინებით საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა მიჩნეული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს “....” საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ ხელშეკრულების 2.5 პუნქტით განსაზღვრული გარემოების დადგომის შემდეგ, მის მიერ საიჯარო ქირის გადაუხდელობის გამო 17.03.99წ. იჯარის ხელშეკრულება გაუქმებული იყო და მას დარჩენილი დროის საიჯარო ქირის გადახდა არ უნდა დაჰკისრებოდა. მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ შპს “....” სადავო ფართი ხელშეკრულების 2.5 პუნქტით გათვალისწინებული გარემოების დადგომის შემდეგ მეიჯარისათვის არ დაუბრუნებია, არ უცნობებია მისთვის ხელშეკრულებიდან გასვლის შესახებ. ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ერთ-ერთ სასარჩელო მოთხოვნას სადავო ფართის მოპასუხისაგან გამოთხოვა შეადგენს. ამდენად, შპს “....” 17.03.99წ. ხელშეკრულების მთელი ვადის განმავლობაში ფლობდა საიჯარო ქონებას, რაც მისთვის საიჯარო ქირის დაკისრების საკმარის საფუძველს ქმნის. სკ-ის 558-ე მუხლის, ხელშეკრულების მე-3 პუნქტის თანახმად, მოიჯარის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა უქმნიდა მეიჯარეს საიჯარო ხელშეკრულების ვადამდე გაუქმების მოთხოვნის უფლებას და არა ვალდებულებას. საიჯარო ქირის გადახდისაგან გათავისუფლების საფუძველს არ ქმნის ის გარემოება, რომ მოიჯარეს მოუწია დაუგეგმავი სარემონტო ხარჯების გაწევა, არ ეწეოდა სამეწარმეო საქმიანობას. საიჯარო ხელშეკრულება კონკურსის შედეგადაა დადებული, მოიჯარისათვის ცნობილი იყო, თუ რა ქონებას იბარებდა იჯარით, მას უარი არ უთქვია იჯარის ობიექტის ჩაბარებაზე, მისთვის ცნობილი იყო აგრეთვე 17.03.99წ. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, მათ შორის კონკურსით ნაკისრი და საიჯარო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარემონტო სამუშაოების ჩატარების ვალდებულება. ამდენად, მოსარჩელეს სრული უფლება ჰქონდა მოეთხოვა ხანდაზმულობის ვადის ფარგლებში განვლილი პერიოდისათვის საიჯარო ქირის რიცხული დავალიანების გადახდა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საიჯარო ქირის გადახდა წარმოადგენს პერიოდულად შესასრულებელ, ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია. 17.03.99წ. ხელშეკრულების 2.1 პუნქტის თანახმად, საიჯარო ქირის ოდენობა წელიწადში შეადგენდა 550 აშშ დოლარის ექვივალენტს ეროვნულ ვალუტაში. ამავე ხელშეკრულების 2.3 პუნქტის თანახმად, მოიჯარეს საიჯარო ქირა უნდა გადაეხადა ყოველ სამ თვეში ერთხელ თანაბარწილად, 137.5 აშშ დოლარის ოდენობით. მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ შპს “...” საიჯარო ქირა არ გადაუხდია და გააჩნია დავალიანება 2200 აშშ დოლარის ოდენობით. საიჯარო ქირის დაკისრების მოთხოვნით ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველომ სასარჩელო განცხადებით სასამართლოს მხოლოდ 13.09.04წ. მიმართა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მას უნდა აუნაზღაურდეს საიჯარო ქირა სარჩელის აღძვრიდან (13.09.04წ.) 3 წლიანი ხანდაზმულობის ვადის ფარგლებში, კერძოდ, 2001 წლის 13 სექტემბრიდან ხელშეკრულების ვადის გასვლამდე, 2004 წლის 17 მარტამდე, ამდენად, მოსარჩელეს უნდა აუნაზღაურდეს 2 წლისა და 6 თვის საიჯარო ქირა, რაც განსახილველ შემთხვევაში შეადგენს 550+550+275=1375 აშშ დოლარს. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასარჩელო განცხადებაში სკ-ის 567-ე მუხლზე მითითების მიუხედავად მოსარჩელე მოითხოვდა მოპასუხისათვის ქირის გადახდის დავალებას მხოლოდ ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლამდე(ხელშეკრულების მიხედვით მოიჯარის მიერ კონკურსში მონაწილეობისათვის შეტანილი ბე ეთვლებოდა საიჯარო ქირის პირველი წლის გადასახადში, ამდენად, დავალიანების თანხა 2000 წლის 17 მარტიდან საიჯარო ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლამდე შეადგენდა 2200 აშშ დოლარს). საიჯარო ქირის გადახდის დავალიანების გარდა მოსარჩელე მოითხოვდა აგრეთვე მოპასუხისათვის ჯარიმის თანხის _ 222,8 აშშ დოლარის გადახდას, მთლიანობაში 2422,8 აშშ დოლარის გადახდას. კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 26.01.05წ. გადაწყვეტილებით, რომელიც უცვლელად დარჩა სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილების მიუხედავად მოსარჩელის – ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს სასარგებლოდ შპს “...” არ დაკისრებია საჯარიმო თანხა 222,8 აშშ დოლარი, რომელიც მოსარჩელის წარმომადგენლის განცხადებით არის “სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფორმებით მართვის(გადაცემის) წესის შესახებ” დებულების მე-10.3 მუხლით გათვალისწინებული საკონკურსო პირობების შეუსრულებლობის გამო ჯარიმას, რომლის ოდენობა განისაზღვრება კონკურსის შედეგად გადაცემული ქონების ღირებულების 10%-ით(ს.ფ.23). რაც შეეხება საიჯარო ქირის დავალიანებას, 2200 აშშ დოლარის ნაცვლად მოპასუხეს შეცდომით დაეკისრა 2222,8 (ორიათას ორასოცდაორი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა. მოსარჩელეს არ გაუსაჩივრებია პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების ის ნაწილი, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მისი მოთხოვნა მოპასუხისათვის ჯარიმის თანხის 222,8 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში. ამდენად, საკასაციო პალატა ვერ იქონიებს მსჯელობას საჯარიმო თანხის დაკისრების შესახებ მოსარჩელის მოთხოვნის მართლზომიერებაზე. საქმის მასალებით დასტურდება, რომ მხარეთა შორის საიჯარო ხელშეკრულება დადებული იყო განუსაზღვრელი ვადით, საიჯარო ხელშეკრულებას მოქმედების ვადა 17.03.04წ. ამოიწურა, სკ-ის 172-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება. სააპელაციო პალატის 14.02.07წ. განჩინების მთლიანად გაუქმების მოთხოვნის მიუხედავად, კასატორი საერთოდ არ უთითებს, თუ რის გამო უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება არასაცხოვრებელი ფართიდან შპს “...” გამოსახლების ნაწოილში. ამ ნაწილში საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელია.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კასატორი არ უთითებს გადაწყვეტილების მისაღებად მნიშვნელობის მქონე რაიმე ფაქტობრივ გარემოებაზე, რომელიც არ იქნა დადგენილი ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ, შესაბამისად, არ არსებობს სკ-ის 412-ე მუხლის საფუძველზე საქმის სააპელაციო სასამართლოსათვის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნების საფუძველი. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულად, რის გამო სსკ-ის 411-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო პალატა უფლებამოსილია მიიღოს საქმეზე ახალი გადაწყვეტილება.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოწინააღმდეგე მხარეს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად უნდა დაეკისროს შპს “....” სასარგებლოდ კასატორის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (202ლ.) ნაწილი დაკმაყოფილებული საკასაციო მოთხოვნის პროპორციულად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს ,,....” საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.02.07წ. განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც შპს “....” საიჯარო ქირის სახით მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2222, 8 აშშ დოლარის გადახდა. ამ ნაწილში მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
2. შპს “....” საიჯარო ქირის სახით ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს სასარგებლოდ დაეკისროს 1375 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა. დანარჩენ ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.02.07წ. განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს შპს “...” სასარგებლოდ დაეკისროს 84 ლარის გადახდა;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.