ბს-525-503(კ-08) 3 ივლისი, 2008წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მარიამ ცისკაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ ი. შ-ე (მოსარჩელე)
დავის საგანი – სახელფასო დავალიანებისა და სანივთე ქონების კომპენსაციის ანაზღაურება
გასაჩივრებული სასამართლოს გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 26 მარტის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა _ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ი. შ-ემ 2007 წლის 12 ოქტომბერს სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ და მოითხოვა სახელფასო დავალიანების _ 1336.83 ლარისა და სანივთე ქონების კომპენსაციის _ 717.32 ლარის ანაზღაურება.
სარჩელის საფუძვლები მდგომარეობდა შემდეგში:
მოსარჩელე 1995 წლის 12 სექტემბრიდან მუშაობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ს/ნ 447664. მისი განმარტებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მისთვის ასანაზღაურებელი აქვს 1998-1999-2000 წლების სახელფასო დავალიანება 1336.83 ლარი, ხოლო სანივთე ქონების კომპენსაცია _ 717,32 ლარი. მან არაერთხელ მიმართა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თხოვნით, რათა მომხდარიყო აღნიშნული დავალიანების დაფარვა, რაზეც პასუხობდნენ, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მოკლებული იყო შესაძლებლობას, დაეკმაყოფილებინა მოსარჩელის მოთხოვნა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა; მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაეკისრა ი. შ-ის სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების _ 1336,83 ლარის გადახდა.
საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმეში წარმოდგენილი მასალებით, კერძოდ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ნაწილის 22662 მეთაურის მიერ გაცემული ცნობით დასტურდება, რომ მოსარჩელე ნამდვილად მუშაობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში და მის მიმართ 1998-1999-2000 წლების დავალიანება შეადგენს დარიცხულ 1627,90 ლარსა და ხელზე გასაცემ 1336,83 ლარს. მუშაობდა რა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში, მოსარჩელე იმყოფებოდა შრომით ურთიერთობაში ადმინისტრაციულ ორგანოსთან და ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის თანახმად, წარმოადგენს მოხელეს, ხოლო ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად – სამხედრო მოსამსახურეს. ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის ,,თ” ქვეპუნქტით, სამხედრო მოსამსახურეზე აღნიშნული კანონის მოთხოვნები ვრცელდება მხლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს კონსტიტუციით, სპეციალური კანონმდებლობით ან მათ საფუძველზე სხვა რამ არ არის დადგენილი. ამავე კანონის 37-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია, რომ მოსამსახურეს უფლება აქვს სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო (ხელფასი), რომელიც მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, პრემიას და კანონით გათვალისწინებულ დანამატებს, დანამატების გაცემა უნდა განხორციელდეს მხარჯავი დაწესებულებისათვის ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული ასიგნების ფარგლებში.
საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ ვერ გაიზიარებს მოპასუხე მხარის განმარტებას იმასთან დაკავშირებით, რომ სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია, რადგან ზემომითითებული კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, მოსამსახურეს აქვს უფლებები და გარანტიები, მიიღოს თანამდებობრივი ფუნქციების შესასრულებლად საჭირო ორგანიზაციულ-ტექნიკური საშუალებები და პირობები, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს კანონმდებლობით მოსამსახურეთათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს სხვა დამატებითი უფლებები და გარანტიები – ასეთი ხასიათის დამატებითი უფლებები და გარანტიები სამხედრო მოსამსახურეთათვის მოცემულია სპეციალური ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმებით. სახელდობრ, ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამხედრო მოსამსახურის სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიას იძლევა სახელმწიფო და სამხედრო სამსახურის განსაკუთრებული პირობების გათვალისწინებით, სამხედრო მოსამსახურის სხვა დამატებითი სოციალური დაცვის გარანტიები განისაზღვრება საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობით. ამავე კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად, სამხედრო მოსამსახურე სრულ სახელმწიფო კმაყოფაზე იმყოფება. ამასთან, სამხედრო მოსამსახურეს სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულების, სანიმუშო დისციპლინისა და საბრძოლო მომზადებაში წარჩინებული მაჩვენებლებისათვის წლის განმავლობაში შეიძლება მიეცეს ფულადი ჯილდო და/ან მატერიალური დახმარება აღნიშნული ნორმა იმპერატიული ხასიათისაა, ამდენად, შრომითი გასამრჯელოს – ხელფასის, ფულადი ჯილდოს, მატერიალური დახმარებისა და სასურსათე ულუფის გაცემის ვალდებულება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს აკისრია კანონმდებლობის საფუძველზე, ანუ იგი ადმინისტრაციული ორგანოს კანონისმიერი ვალდებულებაა, უფრო მეტიც, სამხედრო მოსამსახურეს მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილი ნორმის ფარგლებში უნდა მიეცეს ზემომითითებული დანამატები და ამ დანამატების გაცემა ხორციელდება ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში, სასამართლოს მიაჩნია, რომ ეს სამართლებრივი ნორმა მოსარჩელეს ანიჭებს შესაძლებლობას, მოითხოვოს სახელმწიფოსგან მიუღებელი შრომითი გასამრჯელო – ხელფასი, ფულადი ჯილდო, მატერიალური დახმარება და სასურსათე ულუფა, რადგან ამ მოთხოვნის უფლების რეალიზების შესაძლებლობა არ არის შეზღუდული დროის კონკრეტული პერიოდით. რაც შეეხება ხანდაზმულობის სამწლიან ვადას, აგერთვე პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულების გამო მოთხოვნის უფლებას, სასამართლომ მიუთითა, რომ ეს სამართლებრივი ინსტიტუტები შემოღებულია კერძო სამართლის საკანონმდებლო აქტით – საქართველოს სამოქალაქო კოდექსით, რომლის პირველი მუხლით განსაზღვრულია, რომ სამოქალაქო კოდექსით მოწესრიგებულია პირთა თანასწორობაზე დამყარებული კერძო ხასიათის ქონებრივი, საოჯახო და პირადი ურთიერთობები, ხოლო 129-ე მუხლი მოქმედებს კერძო სამართლებრივი ურთიერთობების სფეროში, აწესრიგებს სამოქალაქო სამართლებრივი სახელშეკრულებო მოთხოვნის უფლების ხანდაზმულობის ვადებს, რასაც ნამდვილად არ განეკუთვნება მოსარჩელე ი. შ-ესა და ადმინისტრაციულ ორგანოს – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობა; კერძოდ, უდავოა, რომ მოსარჩელე საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან შრომით-სამართლებრივ ურთიერთობაში იმყოფებოდა როგორც სამხედრო მოსამსახურე და ეს ურთიერთობები რეგულირდება საჯარო სამართლის საკანონმდებლო აქტებით - ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” და ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონებით, აგრეთვე ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის ¹493 ბრძანებულებით და ,,სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ” დებულებით, რომელიც დამტკიცებულია საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის ¹609 ბრძანებულების შესაბამისად. სახეზეა არა კერძოსამართლებრივი სახელშეკრულებო ურთიერთობიდან წარმოშობილი დავა, არამედ ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან გამომდინარე სამართალურთიერთობიდან წარმოშობილი დავა, მოსარჩელე ი. შ-ესა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის დადებული არ ყოფილა რაიმე სახის ხელშეკრულება, მათ შორის ურთიერთობა რეგულირდებოდა საჯარო კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების – ბრძანებების მეშვეობით, ამიტომ განსახილველ სასარჩელო მოთხოვნაზე ვერ გავრცელდება სახელშეკრულებო მოთხოვნათა ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა.
საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ ვერც მოპასუხის იმ არგუმენტს გაიზიარებდა, რომლითაც სარჩელი მოსარჩელის მიერ ხელფასის მოთხოვნის ნაწილში წარდგენილი უნდა ყოფილიყო „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 127.1 მუხლით დადგენილ ვადაში, იმ დღიდან, როდესაც ის გათავისუფლდა სამსახურიდან, ე.ი. გათავისუფლებიდან ერთი თვის ვადაში, მაგრამ სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნული კანონით მოწესრიგებულია საჯარო სამსახურის განხორციელებასთან დაკავშირებული ურთიერთობები, მოსამსახურის სამართლებრივი მდგომარეობა. სწორედ ამ კანონის 37-ე მუხლით დაეკისრა ადმინისტრაციულ ორგანოს ვალდებულება, გასცეს შრომითი გასამრჯელო მოსამსახურეზე, რათა შესრულებული სამუშაოსათვის მიიღოს ანაზღაურება, სწორედ ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად განისაზღვრა, რომ მოსამსახურეთა შრომითი გასამრჯელოს (ხელფასის) ფონდის ფორმირების წყაროა შესაბამისი ბიუჯეტი და საბიუჯეტო ასიგნებათა შემცირება არ შეიძლება იყოს მოსამსახურეთა შრომითი გასამრჯელოს დაფინანსების შემცირების საფუძველი.
საქალაქო სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 1341-ე მუხლის თანახმად, დადგენილია და შესაბამისად აღიარებული, რომ 2005 წლის 1 იანვრამდე გათავისუფლებული საჯარო მოხელეების მიმართ არსებობს საბიუჯეტო დავალიანებები და კუთვნილი თანხის გაცემა უნდა განხორციელდეს წინა წლებში წარმოქმნილი საბიუჯეტო დავალიანებების დაფარვის წესის შესაბამისად, ხოლო 2006 წლის 29 დეკემბერს მიღებულ იქნა „საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის მე-9 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ასევე აღიარებს წინა წლებში წარმოქმნილ ფაქტობრივ დავალიანებებს და სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ დაწესებულებებსა და ორგანიზაციებს შესაძლებლობა მიეცათ, ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით გამოიყენონ ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის შესაბამისი მუხლით დამტკიცებული ასიგნებები არსებული დავალიანებების დასაფარავად, შესაბამისად, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან, რომელიც წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ დაწესებულებას და რომლისთვისაც კარგადაა ცნობილი და შესაბამისად, დადასტურებული მოსარჩელის მიმართ არსებული სახელფასო დავალიანების არსებობა, მის ანაზღაურებაზე უარი არსებული სახელმწიფო პოლიტიკის საწინააღმდეგო და შესაბამისად, კანონშეუსაბამოა.
საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ ვერ გაიზიარებს მოპასუხის მოსაზრებას, რომ საქმეში წარმოდგენილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 22662 სამხედრო ნაწილის მეთაურის ცნობა და 2007 წლის 14 სექტემბრის ¹3/2816 წერილი არის მხოლოდ საინფორმაციო ხასიათის, რადგან აღნიშნული წერილით დადასტურებულია, რომ მოსარჩელის მიმართ გასაცემი დავალიანება შეადგენს 1627.90 ლარს, რაც სხვა არაფერია თუ არა იმის აღიარება და დადასტურება, რომ მოსარჩელის მიმართ თავდაცვის სამინისტროს აქვს გაუცემელი სახელფასო დავალიანება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.
თბილისის საპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 26 მარტის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ი. შ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაეკისრა ი. შ-ის სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების _ 668,34 ლარის ანაზღაურება; ი. შ-ეს უარი ეთქვა კვების კომპენსაციის _ 668,49 ლარის ანაზღაურებაზე.
სააპელაციო პალატის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისას დარღვეულ იქნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მოთხოვნები, კერძოდ, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა; გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა; არასწორად განმარტა კანონი, რის გამოც გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის "ე" პუნქტის მიხედვით, გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის "ა" ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საქმეში არსებული წერილობითი მტკიცებულებების საფუძველზე დადგენილია და მხარეთა მიერ სადავოდ არ გამხდარა, რომ ი. შ-ე 1995 წლის 12 სექტემბრიდან მუშაობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში და წარმოადგენდა საჯარო მოხელეს (სამხედრო მოსამსახურეს). სამინისტროს გააჩნია 1998-1999-2000 წლების დავალიანება მოსარჩელის სასარგებლოდ, კერძოდ, ეს დავალიანება, ს.ფ. 4-ზე არსებული ცნობის მიხედვით, შეადგენს 1336,83 ლარს, საიდანაც სახელფასო დავალიანება _ 668,34 ლარი, ხოლო კვების კომპენსაციის _ 668,49 ლარია.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ს.ფ. 3-ზე მოთავსებული თავდაცვის სამინისტროს წერილობითი პასუხი ი. შ-ის განცხადებაზე, წარმოადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-9 მუხლით დეფინირებულ ადმინისტრაციული ორგანოს დაპირებას. კონკრეტულ შემთხვევაში, ეს დაპირება ეხება სახელფასო დავალიანების ანაზღაურებას.
"საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მოსამსახურეს უფლება აქვს, სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო (ხელფასი). მოსამსახურის შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, პრემიას და კანონით გათვალისწინებულ დანამატებს.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ვერ გაიზიარებს საქალაქო სასამართლოს მსჯელობას იმის შესახებ, რომ კვების თანხა წარმოადგენს ხელფასის კომპონენტს და აღნიშნავს, რომ "სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ" საქართველოს კანონის (2007 წლის 11 მაისამდე მოქმედი რედაქცია) მე-12 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურე იმყოფება სრულ სახელმწიფო კმაყოფაზე. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სამხედრო მოსამსახურეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმით, სახელმწიფოს ხარჯზე ეძლევა სასურსათო ულუფა და ფორმის ტანსაცმელი ან შესაბამისი ფულადი კომპენსაცია. ამდენად, სასურსათო ულუფა და სანივთე ქონება წარმოადგენს სამხედრო მოსამსახურის უზრუნველყოფის სახეებს და ამავდროულად, პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას, რომლის ანაზღაურებაც მოწესრიგებულია არა "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონით, არამედ "სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ" საქართველოს კანონით, რომელიც სამხედრო მოსამსახურეთა სოციალური საკითხების რეგულირების სპეციალურ ნორმას წარმოადგენს. მართალია, სამხედრო მოსამსახურეს სამხედრო სამსახურის პერიოდში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმით სახელმწიფოს ხარჯზე ეძლეოდა სასურსათო ულუფა და ფორმის ტანსაცმელი ან შესაბამისი ფულადი კომპენსაცია შრომით გასამრჯელოსთან (ხელფასთან) ერთად, მაგრამ იგი არ წარმოადგენდა "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 37-ე მუხლით განსაზღვრულ ხელფასის კომპონენტს.
სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქმეში დაცული დოკუმენტი _ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ¹22662 სამხედრო ნაწილის ცნობა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ ვალის აღიარების ფაქტს არ ადასტურებს. აღნიშნული ცნობა საინფორმაციო ხასიათისაა და იგი ადასტურებს არა მოპასუხის მიერ დავალიანების აღიარებას, არამედ ფაქტს იმის შესახებ, თუ რა თანხა ერგებოდა მოსარჩელეს. ვალის აღიარებად კი სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2007 წლის 14 სექტემბრის ¹9/2816 წერილი, რომლითაც თავდაცვის სამინისტრო ი. შ-ეს მიუღებელი ხელფასის ანაზღაურებას დაჰპირდა საქართველოს ბიუჯეტიდან დამატებით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.
"საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის გარდამავალი ნორმის შემცველი 1341-ე მუხლის (ანგარიშსწორების წესი სამსახურიდან გათავისუფლებისას) თანახმად, 2005 წლის 1 იანვრამდე სამსახურიდან გათავისუფლებულ საჯარო მოსამსახურეებზე კუთვნილი თანხის (გარდა ამ კანონით განსაზღვრული კომპენსაციისა) გაცემა უნდა განხორციელდეს წინა წლებში წარმოქმნილი საბიუჯეტო დავალიანების დაფარვის წესის შესაბამისად. მითითებული ნორმით რეგლამენტირებულია საჯარო მოსამსახურეებზე წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანების ანაზღაურება, მაგრამ იგი არ ეხება საჯარო მოსამსახურისათვის კომპენსაციის ანაზღაურებას ამ მუხლით დადგენილი წესით.
სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ხელფასი თავისი სამართლებრივი ბუნებით განსხვავდება სოციალური უზრუნველყოფის ისეთი სახისაგან, რომელიც არის სასურსათო ულუფის (კვების) კომპენსაცია, რომელიც კანონმდებლის მიერ სხვა სამართლებრივ რეჟიმშია მოქცეული და "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 1341-ე მუხლით რეგულირებულ სფეროს არ განეკუთვნება. შესაბამისად, მის მიმართ, როგორც სოციალური უზრუნველყოფის პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულების მიმართ, გამოყენებული უნდა იქნეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა, რაც ათვლილ უნდა იქნეს სასამართლოში სარჩელის წარდგენის თარიღიდან უკუსვლით, მიუხედავად იმისა, თუ როდის იქნა დათხოვნილი პირი სამხედრო სამსახურიდან.
შესაბამისად, მოსარჩელის ამ მოთხოვნის მიმართ უნდა გავრცელდეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით განსაზღვრული ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა. ამავე კოდექსის 137-ე მუხლის შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადა წყდება ვალდებული პირის მიერ უფლებამოსილი პირის წინაშე ვალის აღიარებით, რასაც მოცემულ სადავო შემთხვევაში აპელანტის მხრიდან ადგილი არ ჰქონია. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქალაქო სასამართლოს არ გააჩნდა სამართლებრივი საფუძვლები მოთხოვნის ამ ნაწილში (კვების კომპენსაციის 668,49 ლარის ანაზღაურება) სარჩელის დასაკმაყოფილებლად.
რაც შეხება საქართველოს თავდაცვის სამინისტროზე ი. შ-ის სასარგებლოდ რიცხულ სახელფასო დავალიანებას, რომელშიც იგულისხმება ხელფასი, ჯილდო და მატერიალური დახმარება (კონკრეტულ შემთხვევაში ეს დავალიანება ჯამში შეადგენს 668,34 ლარს), იგი ექვემდებარება ანაზღაურებას მოპასუხის მხრიდან იმ ფაქტობრივი და სამართლებრივი წანამძღვრებიდან გამომდინარე, რაც ზემოთ იქნა აღნიშნული.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 26 მარტის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად იმსჯელა მოსარჩელის სასარგებლოდ ხელფასის, მატერიალური დახმარებისა და ჯილდოს დაკმაყოფილების ნაწილში და არასწორად განმარტა კანონი. "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის მე-11.2."თ" მუხლით, სამხედრო მოსამსახურეზე აღნიშნული კანონის მოქმედება ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს კონსტიტუციით, სპეციალური კანონმდებლობით ან მათ საფუძველზე სხვა რამ არ არის დადგენილი. ამდენად, ხელფასის არსსა და მის შემადგენელ კომპონენტებზე მსჯელობისას უპირატესად გათვალისწინებული უნდა იქნეს 1998-2000 წლებში მოქმედი "სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ" კანონის მოთხოვნები, ხოლო ამ კანონმდებლობაში განსხვავებული დებულებების არარსებობის შემთხვევაში, სადავო ურთიერთობა უნდა მოგვარდეს "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის დებულებებით, კერძოდ, მისი 37-ე მუხლით (1998-2000 წლების რედაქციით), მოსამსახურის შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, პრემიას და კანონით გათვალისწინებულ დანამატებს. იმისათვის, რომ ამა თუ იმ ფინანსურ გასაცემელს მიეცეს ხელფასზე დანამატის სტატუსი და ჩაითვალოს ხელფასის შემადგენელ ელემენტად, საჭიროა ამ ფულად გასაცემელს (ჯილდო, მატერიალური დამხარება) კანონმდებლობის მიხედვით ჰქონდეს "დანამატის" სტატუსი. კასატორი აღნიშნავს, რომ "სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ" საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მეორე პუნქტით (2000 წლამდე რედაქცია) სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულების, სანიმუშო დისციპლინისა და საბრძოლო მომზადებაში წარჩინებული მაჩვენებლებისათვის სამხედრო მოსამსახურეს წლის განმავლობაში შეიძლება მიეცეს ფულადი ჯილდო და/ან მატერიალური დახმარება. როგორც "სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ" საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მეოთხე პუნქტიდან ირკვევა, "დანამატის" სტატუსი მინიჭებული აქვს მხოლოდ ფულად თანხებს, რომელიც დაიანგარიშება ნამსახური წლების მიხედვით. რაც შეეხება ჯილდოსა და მატერიალურ დახმარებას, "სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ" საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მეორე და მესამე პუნქტებიდან გამომდინარე, "დანამატის" სტატუსი არ აქვს მინიჭებული. კასატორი თვლის, რომ ჯილდოს და მატერიალური დახმარების თანხები არ წარმოადგენს "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 37.1 მუხლით გათვალისწინებულ ხელფასში შემავალ დანამატს და ის ხელფასისაგან დამოუკიდებელ ფულად გასაცემელს წარმოადგენს. კასატორი განმარტავს, რომ სასარჩელო მოთხოვნა ჯილდოს და მატერიალური დახმარების ნაწილში ხანდაზმულია, რადგან ამგვარ მოთხოვნებზე ვრცელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით დადგენილი სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა. დადგენილი და უდავო ფაქტია, რომ შრომითი ურთიერთობების მოწესრიგებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმები. აქედან გამომდინარე, კასატორი მიიჩნევს, რომ სრულიად კანონიერია საჯარო შრომითი სახელშეკრულებო ურთიერთობისას წარმოშობილი დავის დროს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის გამოყენება. კასატორის განმარტებით, რასაკვირველია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი კერძო სამართლებრივი ურთიერთობის მარეგულირებელი ძირითადი საკანონმდებლო აქტია, მაგრამ მისი ნორმები ხშირ შემთხვევაში იმ ურთიერთობების მარეგულირებელ ნორმებადაც გვევლინება, რომლებიც თავისი შინაარსით წარმოადგენს ადმინისტრაციულ (საჯარო) ურთიერთობებს. კასატორის მოსაზრებით, უნდა განისაზღვროს, მოსარჩელესა და თავდაცვის სამინისტროს შორის არსებული ურთიერთობა წარმოადგენდა თუ არა სახელშეკრულებო ურთიერთობას. რასაკვირველია, ეს ურთიერთობა სახელშეკრულებო ურთიერთობა იყო იმ მარტივი გარემოებიდან გამომდინარე, რომ მოსარჩელის განცხადება – ნების გამოვლენა – თავდაცვის სამინისტროს სისტემაში სამსახურის დაწყების შესახებ (ოფერტი) და სამინისტროს თანხმობა (აქცეფტი-ბრძანების სახით), მასთან შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ, ასევე ამ ორ სუბიექტს შორის ურთიერთობის და მათი უფლება-მოვალეობების განმსაზღვრელი სამართლებრივი აქტები ერთობლიობაში წარმოადგენს მოსარჩელესა და სამინისტროს შორის ფაქტობრივი საჯარო შრომითი სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობის ფაქტს და ამის დასადასტურებლად სრულიად არ არის საჭირო ერთიანი, გარკვეულ სისტემაში მოყვანილი ან გარკვეული ფორმის მქონე დოკუმენტის – ხელშეკრულების არსებობა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის მიხედვით, როგორც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით გათვალისწინებული სამწლიანი ხანდაზმულობის, ისე ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 127-ე მუხლით გათვალისწინებული ერთთვიანი ხანდაზმულობის ვადის ათვლა დაიწყო იმ დღიდან, როდესაც მოსარჩელეს უნდა მიეღო თითოეული თვის ან პერიოდის ჯილდო ან მატერიალური დახმარება გაცემისათვის დაწესებული დღის მეორე დღიდან. სარჩელი სასამართლოში შეტანილია 2007 წლის 12 ოქტომბერს, ამდენად, სარჩელის შეტანის დროს მოსარჩელეს გაშვებული ჰქონდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით გათვალისწინებული როგორც სამწლიანი ხანდაზმულობის, ისე ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 127-ე მუხლით გათვალისწინებული ერთთვიანი ხანდაზმულობის ვადები.
სასამართლომ დაარღვია საპროცესო ნორმა (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393.3 მუხლი), საქართველოს სამოქალაქო საპროცესო ოდექსის 105-ე, 377.1 მუხლები, ასევე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლები. სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებანი – საქართველოს შეიარაღებული ძალების ჯარების ს/ნ 22662-ის მირ გაცემული ცნობა, რომელიც არ ითვლება ვალის აღიარებად, რადგან მასში არ არის მითითებული მოპასუხის მხრიდან ხელფასის, მატერიალური დახმარების და ჯილდოს დავალიანებად აღიარებისა და მისი გადახდის დაპირებაზე, არამედ მას მხოლოდ ინფორმაციული ხასიათი აქვს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ არის დასაშვები, შემდეგ გარემოებათა გამო:
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ პირობებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთმითითებული საფუძვლით.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის განხილვის შედეგზე და განაპირობა არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს მიჩნეული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 26 მარტის გადაწყვეტილებაზე;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.