¹ბს-526-498(კ-06) 14 თებერვალი, 2007 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე
ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ქუთაისის ფილიალი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ მ. ა-ი (მოსარჩელე)
მოპასუხეები სარჩელში _ 1. სს “ქ-ი”; 2. ......... სტომატოლოგიური პოლიკლინიკა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 19 მაისის განჩინება
სარჩელის საგანი _ საპენსიო დავალიანების ანაზღაურება; კანონით გათვალისწინებული შეღავათების გავრცელება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2005 წლის 9 აგვისტოს მ. ა-მა სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების _ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ქუთაისის ფილიალის, სს “ქ-ისა” და ....... სტომატოლოგიური პოლიკლინიკის მიმართ და, როგორც პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლს, მიუღებელი პენსიის _ 315 ლარის ანაზღაურება და კანონით გათვალისწინებული შეღავათების გაცემა მოითხოვა.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ იყო პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებული ოჯახის წევრი, რის გამოც 2004 წლის 10 ივნისს განცხადებით მიმართა საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ქუთაისის ფილიალს და წარუდგინა სრულყოფილი დოკუმენტაცია პენსიის დანიშვნის მოთხოვნით. მოსარჩელეს შრომის წიგნაკში გაუკეთდა ჩანაწერი პენსიის 2004 წლის 10 ივნისიდან დანიშვნის შესახებ, სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ქუთაისის ფილიალის უფროსის განმარტებით კი, რეპრესირებულის პენსიას მოსარჩელე მიიღებდა 2005 წლის 1 იანვრიდან.
მოსარჩელის განმარტებით, “საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის თანახმად, პენსია ინიშნებოდა განცხადებით მიმართვის დღიდან. მოსარჩელეს რეპრესიის მსხვერპლად აღიარების შესახებ დოკუმენტაცია წარდგენილი ჰქონდა 2004 წლის 10 ივნისს. ამდენად, მოსარჩელემ უკანონოდ მიიჩნია ფონდის ხელმძღვანელობის მითითება გადიდებული პენსიის 2005 წლის 1 იანვრიდან დანიშვნის თაობაზე და საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ქუთაისის ფილიალისათვის, 2004 წლის 10 ივნისიდან იმავე წლის დეკემბრის ჩათვლით, შვიდი თვის გაუცემელი პენსიის _ 315 ლარის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.
მოსარჩელემ ასევე აღნიშნა, რომ მას “საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის საფუძველზე მთელი რიგი სოციალური დაცვის გარანტიები ეკუთვნოდა. აღნიშნული გარანტიების მისაღებად, მან განცხადებით მიმართა სს “ქ-ს” და ........... სტომატოლოგიურ პოლიკლინიკას, რაზეც უარი მიიღო.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლის მიუღებელი პენსიის _ 315 ლარის ანაზღაურება და კანონით გათვალისწინებული შეღავათების გაცემა მოითხოვა.
მოპასუხე საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ქუთაისის ფილიალმა სარჩელი არ ცნო და შესაგებელში აღნიშნა, რომ “საქართველოს 2004 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” კანონის თანახმად, გარდაცვლილ პოლიტრეპრესირებულთა შვილებს, რომლებმაც საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ფილიალს მიმართეს 2004 წლის 1 ივნისამდე, გადიდებული პენსია ენიშნებოდათ მიმართვის რიცხვის გათვალისწინებით, ხოლო 1 ივნისის შემდეგ რეგისტრირებულ პირებს პენსია გადაუანგარიშდებოდათ 2005 წლის 1 იანვრიდან.
საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში განხილვისას მოსარჩელემ შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა სს “ქ-ისა” და ........ სტომატოლოგიური პოლიკლინიკის მიმართ კანონით გათვალისწინებული შეღავათების გაცემის ნაწილში, ხოლო საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ქუთაისის ფილიალისთვის გაუცემელი პენსიის _ 315 ლარის ანაზღაურების დაკისრების თაობაზე მოთხოვნას მხარი დაუჭირა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მ. ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ქუთაისის ფილიალს მ. ა-თვის 2004 წლის 10 ივნისიდან რეპრესირებულის შვილის პენსიის დანიშვნა დაეკისრა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ქუთაისის ფილიალმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
აპელანტის განმარტებით, მ. ა-ს პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლის პენსია სწორად ჰქონდა დანიშნული, ვინაიდან “საქართველოს 2004 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” კანონის მე-12 მუხლის თანახმად, გარდაცვლილ პოლიტრეპრესირებულთა შვილებს, რომლებმაც საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდს მიმართეს 2004 წლის 1 ივნისამდე, გადიდებული პენსია ენიშნებოდათ მიმართვის რიცხვის გათვალისწინებით, ხოლო 2004 წლის 1 ივნისის შემდეგ შეტანილ განცხადებებს ითვალისწინებდა “საქართველოს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” კანონი. მითითებული კანონის მე-12 მუხლით კი აღნიშნული კატეგორიის პენსიონერთათვის პენსიის მომატება 2005 წლის 1 იანვრიდან იყო გათვალისწინებული.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 19 მაისის განჩინებით საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ქუთაისის ფილიალის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ. ა-მა პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლის პენსიის დასანიშნად საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ქუთაისის ფილიალს 2004 წლის 10 ივნისს მიმართა, რის შედეგადაც მოსარჩელეს პენსია დაენიშნა 2004 წლის 10 ივნისს, რომლის გადაანგარიშებაც 2005 წლის იანვრიდან მოხდებოდა.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, “საქართველოს 2004 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტით განისაზღვრა 2004 წლის 1 ივნისამდე რეგისტრირებულ პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებულ პირთა და მათი შრომისუუნარო შვილთა პენსიის ოდენობა ომის ინვალიდებისთვის დადგენილი პენსიის ოდენობით _ 45 ლარით. “საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის თანახმად კი, პენსია ინიშნებოდა განცხადებით მიმართვის დღიდან.
აღნიშნულის გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ. ა-ს პენსია ეკუთვნოდა 2004 წლის 10 ივნისიდან, რაც 2005 წლის 1 იანვრამდე 315 ლარს შეადგენდა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 19 მაისის განჩინება საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ქუთაისის ფილიალმა საკასაციო წესით გაასაჩივრა და გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, “საქართველოს 2004 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლი ითვალისწინებდა პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლთა შვილებისათვის პენსიის დანიშვნის ვადებს, კერძოდ, აღნიშნულ მუხლში მითითებული იყო, რომ, თუ პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებული პირი განცხადებას ყველა საჭირო დოკუმენტთან ერთად წარადგენდა 2004 წლის 1 ივნისამდე, მას პენსია ენიშნებოდა განცხადების შეტანის თარიღის გათვალისწინებით, ხოლო 2004 წლის 1 ივნისის შემდეგ შეტანილ განცხადებებს ითვალისწინებდა “საქართველოს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონი.
კასატორი მიუთითებს, რომ “საქართველოს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლი ითვალისწინებდა მოცემული კატეგორიის პენსიონერთათვის პენსიის მომატებას 2005 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 21 სექტემბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ქუთაისის ფილიალის საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2006 წლის 21 სექტემბრის განჩინების ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით; ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2006 წლის 29 ნოემბრამდე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 29 ნოემბრის განჩინებით საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ქუთაისის ფილიალის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტის შესაბამისად და მისი განხილვა დაინიშნა 2007 წლის 31 იანვარს, 12.00 საათზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ქუთაისის ფილიალის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვინაიდან კასატორის მიერ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), საკასაციო სასამართლოსთვის სავალდებულოა სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: მ. ა-მა, რომელიც არის პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლის შრომისუუნარო შვილი, 2004 წლის 10 ივნისს განცხადებით მიმართა საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ქუთაისის ფილიალს და პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლის პენსიის დანიშვნა მოითხოვა. მოსარჩელეს რეპრესირებულის პენსიის დანიშვნაზე სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ქუთაისის ფილიალმა უარი განუცხადა იმ მოტივით, რომ “საქართველოს 2004 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონი 2004 წლის 1 ივნისის შემდეგ რეგისტრირებული პირებისათვის გადაანგარიშებული პენსიის მიღებას ამ ბიუჯეტით არ ითვალისწინებდა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ “საქართველოს 2004 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტით განისაზღვრა 2004 წლის განმავლობაში 2004 წლის 1 ივნისამდე რეგისტრირებულ პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებულ პირთა და მათ შრომისუუნარო შვილთა პენსიის ოდენობა ომის ინვალიდებისთვის დადგენილი პენსიის ოდენობით _ 45 ლარით. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული არ ნიშნავს იმას, რომ 2004 წლის 1 ივნისის შემდეგ რეგისტრირებულ პირებს საერთოდ არ უნდა მიეღოთ პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლის პენსია.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს “საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლზე, რომელიც შეეხება პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლის სოციალური დაცვის გარანტიებს, კერძოდ, ხსენებული მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების მიხედვით, პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებულ პირს მიეცემა ყოველთვიური პენსია, რომლის ოდენობას და გაცემის წესს ადგენს კანონი, ხოლო ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული სოციალური დაცვის გარანტიების უზრუნველყოფა ხდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ 2005 წლის 23 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა მიიღო ახალი კანონი “სახელმწიფო პენსიის შესახებ”, რომელიც ამოქმედდა 2006 წლის 1 იანვრიდან. აღნიშნული კანონის მე-20 მუხლის თანახმადაც, პენსიის დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ, ვინაიდან პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლის შრომისუუნარო შვილის პენსია ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, თუ მ. ა-ი ვერ მიიღებს პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლის პენსიის სარჩელით მოთხოვნილ თანხას საქართველოს 2004 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან, მან აღნიშნული თანხა უნდა მიიღოს საქართველოს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან, რომლის მე-6 მუხლით რეგლამენტირებული იყო სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელების ჩამონათვალი, მათ შორის, სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელები ღონისძიების ჭრილში, ხოლო ხსენებულ გადასახდელებში მოხსენიებული იყო საპენსიო უზრუნველყოფის ღონისძიებები (კოდი 1205), დანარჩენი პენსიები (კოდი 120503) და დავალიანების დაფარვა (კოდი 121104), ამასთან, საპენსიო უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის დამტკიცებული თანხა შეადგენდა 348783,8 ათას ლარს, დანარჩენი პენსიებისთვის _ 306383,8 ათას ლარს, ხოლო დავალიანების დაფარვისათვის _ 700 ათას ლარს, რომელიც “საქართველოს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე” საქართველოს 2005 წლის 8 აპრილის კანონით გაიზარდა 1485 ათას ლარამდე, რაც შემდგომშიც უცვლელად დარჩა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ქუთაისის ფილიალის საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა, რის გამოც იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს გასაჩივრებული განჩინება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ქუთაისის ფილიალის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 19 მაისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.